გაუქმდა და მიღებულია ახალი გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ას-1378-2025
4 თებერვალი, 2026 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ.ქ–ია (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შ.ს–ი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, თანხის დაკისრება (ძირითადი სარჩელით), ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა (შეგებებული სარჩელით)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შ.ს–მა სარჩელი აღძრა ნ.ქ–იას მიმართ და მოითხოვა:
1.1. მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნეს უძრავი ქონება, მდებარე ქ.თბილისი, ........., ს/კ ......... (შემდეგში სადავო უძრავი ქონება) და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მოსარჩელეს;
1.2. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 230 816 ლარის ოდენობით და, ასევე, გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 4 500 ლარის გადახდა.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. მოსარჩელემ 2016 წლის 20 ოქტომბერს მოპასუხისგან შეიძინა უძრავი ქონება, სადაც, მხარეთა შეთანხმებით, ამ უკანასკნელს 2 წლის განმავლობაში უნდა ეცხოვრა. თუმცა, მოპასუხემ დაარღვია აღნიშნული პირობა და დღემდე აგრძელებს ქონების უკანონო ფლობას. შესაბამისად, იგი 2018 წლის 1 იანვრიდან არამართლზომიერად ფლობს სადავო ნივთს, რითაც მოსარჩელეს მატერიალურ ზიანს აყენებს. კერძოდ, 2018 წლიდან 2022 წლის ოქტომბრამდე (დაზუსტებული სარჩელის წარდგენამდე) მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 230 816 ლარი. ამასთან, მოსარჩელის პოზიციით, 2022 წლის ოქტომბრიდან გადაწყვეტილების ფაქტობრივ აღსრულებამდე, მოპასუხეს ზიანის საკომპენსაციოდ ყოველთვიურად უნდა დაეკისროს 4 500 ლარის გადახდა.
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხე მხარემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება მოჩვენებითია, რადგან ქონების მოსარჩელის სახელზე გადაფორმების მიზანს წარმოადგენდა სს „თ.ბ–დან“ სესხის მიღება. ამასთან, მხარეთა შორის ქირავნობის სამართალურთიერთობა არ არსებობდა. მოპასუხის განმარტებით, ქონება მისი საკუთრებაა, რომელიც თავისი სახსრებით გაარემონტა.
4. შეგებებული სარჩელის ავტორის პოზიცია:
4.1. მოპასუხემ მოსარჩელის მიმართ წარადგინა შეგებებული სარჩელი და მოითხოვა 2016 წლის 20 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და სადავო ქონების მესაკუთრედ აღრიცხვა.
შეგებებული სარჩელის მიხედვით, სადავო უძრავი ქონება მოპასუხემ შეიძინა 2016 წლის 24 მაისს. ბინა მდებარეობდა საერთო ეზოში, რომელიც რამდენიმე მესაკუთრის თანასაკუთრებაა, თუმცა, მოგვიანებით განხორციელდა საცხოვრებელი ფართების გამიჯვნა და მოპასუხის ინდივიდუალურ საკუთრებად აღირიცხა სადავო ქონება. ბინა სარემონტო იყო და ვინაიდან მოპასუხესა და მისი ოჯახის წევრებს არ ჰყოფნიდათ თანხა ბინის გასარემონტებლად, გადაწყვიტეს ბანკიდან აეღოთ სესხი. ამისათვის, მოპასუხის სიძემ მიმართა მოსარჩელეს და სთხოვა სესხის აღებაში დახმარება. კერძოდ, მოპასუხის განმარტებით, თუ სადავო ბინა მოსარჩელის საკუთრებაში აღირიცხებოდა, სესხის გაცემა გამარტივდებოდა. აქედან გამომდინარე, მოპასუხეს მისმა სიძემ სთხოვა მინდობილობის გაცემა, რათა ბინა იპოთეკით დაეტვირთა და ბანკიდან სესხი მიეღო. ამ მიზნით, მოპასუხემ გასცა მინდობილობა, თუმცა რწმუნებულმა, მასთან შეუთანხმებლად, ბინა საკუთრებაში გაუფორმა მოსარჩელეს. მოპასუხის მოსაზრებით, ნასყიდობის ხელშეკრულება მოჩვენებითია და მისი დადება ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს - მიეღო ბინის სარემონტო სესხი. ამ ფაქტს, მოპასუხის მოსაზრებით, ისიც ადასტურებს, რომ მეორე დღესვე, 2016 წლის 21 ოქტომბერს, სს „თ.ბ–მა“ მოსარჩელეზე გასცა სესხი სადავო ფართში სარემონტო სამუშაოების ჩატარების მიზნით. შესაბამისად, სადავო გარიგება მოჩვენებითი გარიგებაა, რაც იმითაც დასტურდება, რომ ბინაში დღემდე ცხოვრობს მოპასუხის ოჯახი და კრედიტსაც მოპასუხე იხდიდა სარჩელის აღძვრამდე. მოპასუხე ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზეც, რომ სესხის თავდებია მოპასუხის სიძე, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ უკანასკნელს, მოსარჩელის მსგავსად, გააჩნია სესხის გადახდის ვალდებულება. მოპასუხის განმარტებით, სადავო გარიგების მოჩვენებითობა დასტურდება იმ გარემოებითაც, რომ მოპასუხის სიძე და მოსარჩელე არიან ახლო მეგობრები და ბიზნეს პარტნიორები. ამასთან, მოსარჩელე წლების მანძილზე იკავებდა მოპასუხის სიძის საკუთრებაში არსებულ „ნეო კლინიკაში“ ფართს საიჯარო ქირის გადახდის გარეშე. გარდა ამისა, ბინის ნასყიდობის თანხა - 40 000 ლარი, შეუსაბამოა საბაზრო ღირებულებასთან. ეს გარემოებები ადასტურებს ზემოხსენებულ პირებს შორის ნდობის არსებობას, რამაც განაპირობა სადავო ბინის ფიქტიურად გადაფორმება მოსარჩელის სახელზე.
5. შეგებებული სარჩელით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მან სადავო ქონება შეიძინა 40 000 ლარად, რაც ამ ქონების შესაძენად მოპასუხის მიერ გადახდილ 50 000 ლართან მიახლოებული თანხაა. თუ იპოთეკური სესხი, მოპასუხის ოჯახის მიერაა აღებული, მაშინ სესხი სრულად მოპასუხეს უნდა დაეფარა. მოსარჩელის განმარტებით, მითითება, რომ თითქოს მოპასუხის სიძე იხდიდა სესხის თანხას, არასწორია. კერძოდ, ამ უკანასკნელს მხოლოდ 11 თვის გადახდა აქვს განხორციელებული და ისიც განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ რეალურად ეს თანხა სხვა ვალდებულების სანაცვლოდ იყო გადახდილი. ზემოაღნიშნული გარემოებები, მოსარჩელის მოსაზრებით, მოწმობს რომ მოჩვენებით გარიგებას არ ჰქონია ადგილი. რეალურად, ბინა მოსარჩელემ იყიდა და აღნიშნულის სანაცვლოდ, გადაიხადა შეთანხმებული ფასი. ამის შემდეგ კი, აიღო იპოთეკური სესხი რემონტისთვის. ამასთან, მოსარჩელემ გაითვალისწინა მოპასუხის თხოვნა, დროებით ეცხოვრა სადავო ფართში, თუმცა ეს უკანასკნელი დღესაც, მისი თანხმობის გარეშე, აგრძელებს ქონების უკანონო ფლობას.
6. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
6.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა სადავო უძრავი ქონება და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელს; არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა თანხის დაკისრების თაობაზე; შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
7. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
7.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით, ნ.ქ–იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; შ.ს–ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილების 1.2 და მე-5 პუნქტები და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შ.ს–ის სარჩელი ზიანის ანაზღაურების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ნ.ქ–იას შ.ს–ის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად 4500 ლარის გადახდა, 2022 წლის 20 ოქტომბრიდან (სარჩელის აღძვრიდან) თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.1 პუნქტის აღსრულებამდე; ნ.ქ–იას შ.ს–ის სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ სარჩელსა და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 3299.20 ლარის ანაზღაურება; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
7.2. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ძირითადი სასარჩელო მოთხოვნა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ზიანის ანაზღაურებაა. ამ მოთხოვნების სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 168-ე (მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას), 170.1 (მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას), 172.1 (მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება), 982.1 (პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს, მისი თანხმობის გარეშე, განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლები. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ქონების მესაკუთრეა, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან. დადგენილია ისიც, რომ მოპასუხე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მფლობელს, რომელსაც მფლობელობაზე მესაკუთრის თანხმობა არ გააჩნია. აღნიშნული გარემოებების დადგენის შემდეგ, მტკიცების ტვირთი მოპასუხის მხარეს ინაცვლებს, რომელმაც საპასუხოდ უნდა ამტკიცოს, რომ სადავო ნივთის მართლზომიერად ფლობის უფლება აქვს.
7.3. პალატის მითითებით, მოპასუხემ თავის დაცვის საპროცესო საშუალებად, შესაგებელთან ერთად, შეგებებული სარჩელიც წარადგინა და მიუთითა გარიგების მოჩვენებით ხასიათზე, სადავო გახადა მოსარჩელის საკუთრების უფლების წარმომშობი გარიგების - ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობა.
7.4. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 56-ე მუხლზე, რომლის თანახმად, აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით გარიგების სადავოობის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი აწევს იმ პირს, რომელიც ითხოვს გარიგების ბათილობას. ამასთან, თუნდაც მოსარჩელე უთითებდეს გარიგების მეორე მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე მოქმედებდა კეთილსინდისიერად. ამ გარემოების გაქარწყლების ვალდებულება მოსარჩელეს ევალება (შდრ. იხ. სუსგ-ები: №ას-862-812-2015, 11.11.2015წ.; №ას-1760-2018, 14.02.2022წ.).
7.5. პალატამ იმსჯელა სამოქალაქო სამართალში მოქმედ შეჯიბრებითობის პრინციპზე, მიუთითა მტკიცების ტვირთის სტანდარტებზე და განმარტა, რომ შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ ვერ შეძლო კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზება სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად და სასამართლოსთვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა ნასყიდობის ხელშეკრულების მოჩვენებითობა და შესაბამისად, სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება.
7.6. პალატის მოსაზრებით, შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს (მეორე აპელანტს) ევალებოდა ცხადი სურათი შეექმნა იმ ფაქტების ლოგიკურად თანმიმდევრული განვითარებისა, რაც სსკ-ის 56.1 მუხლის წინაპირობებს შეესაბამება. პალატამ მიიჩნია, რომ შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები სადავო გარიგების მოჩვენებითად მიჩნევისათვის არ იყო დამაჯარებელი და დასაბუთებული. გარიგების მოჩვენებითად მიჩნევისათვის, დადასტურებული უნდა იყოს, რომ ორივე მხარე აღნიშნული მიზნით მოქმედებს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მოპასუხესთან ერთობლივად, საერთო მიზნითა და განზრახვით მოქმედების ფაქტი. პალატის განსჯით, მხარეებს შორის არსებობდა ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ნამდვილი ნება, რაც განხორციელდა კიდეც და მოსარჩელე საჯარო რეესტრში აღირიცხა უძრავი ქონების მესაკუთრედ. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნა, რომ მოსარჩელის ვინდიკაციური სარჩელი მართებულად დაკმაყოფილდა.
7.7. რაც შეეხება ძირითადი სარჩელით მოსარჩელის (პირველი აპელანტის) პრეტენზიას მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში, სააპელაციო პალატამ ეს პრეტენზია ნაწილობრივ გაიზიარა და მიუთითა სსკ-ის 982-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი. სააპელაციო პალატის განმარტებით, იმ ვითარებაში, როდესაც მხარეები სამართლებრივ ურთიერთობაში არმყოფი პირები არიან და მოპასუხე ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ფლობს მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ქონებას, მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლების კონკურენცია კონდიქციური ვალდებულების სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს, კერძოდ კი, ხელყოფის კონდიქციის ნორმების შესაბამისად. სასამართლოსთვის უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გამოყენებას (მითითებას) სუბსიდიური ხასიათი გააჩნია, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეთა შორის არ უნდა არსებობდეს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სახელშეკრულებო საფუძველი. განცდილი ზიანის, ანუ დაზოგილი სიმდიდრის (გამდიდრების) ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს ანუ კრედიტორს. ზიანის ანაზღაურება, ანუ გამდიდრების გათანაბრება, უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას მოჰყვეს დარღვეული ქონებრივი ბალანსის აღდგენა (შდრ. იხ. სუსგ საქმე Nას-307-291-2011, 24.10.2011წ.).
7.8. პალატის განსჯით, დადგენილია, რომ შპს „უ.ქ.ე–ის“ 2022 წლის 12 ოქტომბრის №22/10-12-15 შეფასების (დასკვნის) მიხედვით, სადავო ქონების ქირავნობის ჯამური საბაზრო ღირებულება 2018 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდში შეადგენს 230 816 ლარს, ხოლო 2022 წლის 12 ოქტომბრისათვის სადავო უძრავი ქონების ქირავნობის საშუალო თვიური საბაზრო ღირებულებაა 4500 ლარი. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე, ძირითადი სარჩელით მოსარჩელე ითხოვს, როგორც სარჩელის აღძვრამდე მიყენებულ ზიანს - 230 816 ლარს, ასევე, სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 4500 ლარის გადახდის დაკისრებას მოპასუხისათვის. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მოპასუხის გამოსახლებისა და ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელით მოსარჩელემ სასამართლოს მიმართა 2022 წლის 20 ოქტომბერს. ასევე, დადგენილია, რომ მოპასუხემ სადავო ბინაში ცხოვრება დაიწყო მოსარჩელის თანხმობით, 2016 წლიდან. საქმის მასალებით არ დასტურდება და ვერც მოსარჩელე უთითებს ისეთ მტკიცებულებაზე, რომელიც დაადასტურებდა მის მიერ მოპასუხისათვის პრეტენზიის წარდგენას სარჩელის აღძვრამდე. შესაბამისად, უნდა მივიჩნიოთ, რომ სარჩელის აღძვრამდე - 2022 წლის 20 ოქტომბრამდე, მოპასუხე, მესაკუთრის თანხმობით ფლობდა უძრავ ნივთს. ეს გარემოება გამორიცხავს ამ პერიოდში სადავო ქონების ფლობის გამო მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების შესაძლებლობას. რაც შეეხება სარჩელის შეტანის შემდეგ პერიოდს, პალატამ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში მოთხოვნა დასაბუთებულია, რადგან სარჩელის შეტანით მოპასუხეს წარედგინა დასაბუთებული პრეტენზია სადავო ქონების გათავისუფლების თაობაზე, მოპასუხე კი ვერ ამტკიცებს, რომ ამ ქონების ფლობის უფლება გააჩნია. ამრიგად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხეს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება უნდა დაკისრებოდა მესაკუთრის პრეტენზიის წარდგენის მომენტიდან, ანუ სარჩელის აღძვრის მომენტიდან, უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
7.9. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა ნ.ქ–იამ.
8. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
8.1. კასატორის განმარტებით, სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 102-ე, 104-ე, 105-ე, და 107-ე მუხლის მოთხოვნები, არასრულყოფილად შეაფასა არსებითი სახის სხვა ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები არ გამომდინარეობს საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებებიდან და ეწინააღმდეგება მათ. არსებითი სახის ფაქტობრივი გარემოებების არასწორად ან არასრულყოფილად დადგენა, გარდაუვალ შედეგად იწვევს დავის საგნის მიმართ არასწორი სამართლებრივი შეფასების მიცემას, რაც თავის მხრივ უკანონოდ აქცევს სასამართლოს გადაწყვეტილებას, მისი იურიდიულად დაუსაბუთებლობის გამო.
8.2. ნასყიდობის ხელშეკრულების დადების მიზანს არ წარმოადგენდა შ.ს–ისთვის საკუთრების უფლების გადაცემა, არამედ, რეალურად აღნიშნული გარიგების დადების მიზანს წარმოადგენდა ნ.ქ–იას საკუთრების ფიქტიურად შ.ს–ის სახელზე გადაფორმება, დაბალ პროცენტში სესხის აღების მიზნით, რომელიც უნდა მოხმარებოდა ნ.ქ–იას ქონების რემონტს და აღნიშნულ სესხს სრულად ფარავდა ის და მისი ოჯახის წევრები. შესაბამისად, შ.ს–ი არ გამხდარა უძრავი ქონების ნამდვილი მესაკუთრე, კეთილსინდისიერი შეძენის შედეგად. რაც მიუთითებს მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე. ყოველი ტრანზაქცია მესაკუთრის ნების არარსებობის პირობებშია განხორციელებული, მასში მონაწილე ყოველი პირი წარმოადგენს ურთიერთდაკავშირებულს და მათთვის ცნობილი იყო უფლების ნაკლის არსებობა. მოჩვენებითი გარიგებით გათვალისწინებული ხელშეკრულების საგანი დარჩა კვლავ ნ.ქ–იასთან. თუმცა გაუგებარია, რა სამართლებრივ საფუძველზე დარჩა ნივთი კასატორთან ფაქტობრივ მფლობელობაში და რა მიზნით. შესაფასებელია მოპასუხეთა ინტერესი ქონების დაუფლების არარსებობასთან მიმართებით.
8.3. ხელშეკრულების დადებისას მხარეთა რეალურ მიზანს წარმოადგენდა ქონების სანდო ადამიანზე ფორმალური აღრიცხვა. ქონება ისევ რჩებოდა მისი თავდაპირველი მესაკუთრის რეალურ საკუთრებაში. ხელშეკრულების დადების მიზანს წარმოადგენდა საბანკო კრედიტის აღება. გამსხვისებელს, რომელიც უნდა იყოს მესაკუთრე ან პირი, რომელიც მოქმედებს მესაკუთრის სახელით, შესაბამისი უფლებამოსილების საფუძველზე, მისი თანხმობით, უნდა გააჩნდეს განზრახვა, გადასცეს საკუთრება შემძენს, ხოლო შემძენს - განზრახვა, გახდეს მესაკუთრე. მსჯელობა მასზე, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებით, როგორც მოჩვენებითი გარიგებით, ფიქციად იქნა გამოყენებული ამ ტიპის ხელშეკრულების შერჩევა წინასწარ განზრახული მიზნებით, დადასტურებულია, რაც სსკ-ის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მისი ბათილად ცნობის და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია. შ.ს–მა ვერ მოიპოვა სადავო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში, საფუძვლიანია.
8.4. სადავო უძრავი ქონება ნ.ქ–იამ შეიძინა 2016 წლის 24 მაისს, ბინა იყო საერთო ეზოში, წარმოადგენდა რამდენიმე პირის თანასაკუთრებას, შემდგომში მოხდა საცხოვრებელი ფართების გამიჯვნა და ინდივიდუალურ საკუთრებად აღრიცხვა ბინის მესაკუთრეების მიერ. ნ.ქ–იას საკუთრებად აღირიცხა N......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, საცხოვრებელ ფართთან ერთად. ფართი იყო სარემონტო და ვინაიდან, შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს და მის ოჯახის წევრებს არ ჰყოფნიდათ თანხა სარემონტოდ, გადაწყვიტეს ბანკიდან აეღოთ სესხი დაბალ პროცენტში. გ.გ–ას შ.ს–მა შესთავაზა, დახმარება სესხის აღებაში, ვინაიდან ჰქონდა კარგი საბანკო ისტორია. ბანკის თანამშრომელმა განუმარტა მათ, რომ ვინაიდან, სესხი იყო მიზნობრივი, სარემონტო სამუშაოების დასაფინანსებლად, სადავო ბინა საკუთრების უფლებით უნდა აღრიცხულიყო შ.ს–ზე. ნ.ქ–იასგან გაცემული იქნა მინდობილობა, გ.გ–ას სახელზე ბინის იპოთეკით დატვირთვის მიზნით. გ.გ–ამ, როგორც ნ.ქ–იას წარმომადგენელმა, სადავო ფართი გადაუფორმა შ.ს–ს. აღნიშნული გარიგება არის ფიქტიური და მისი დადება ემსახურებოდა ბანკიდან სესხის აღებას, ამას მოწმობს ის გარემოებაც, რომ სესხი გაიცა სადავო ფართის სარემონტო სამუშაოების მიზნობრიობით და მისი განკარგვა განხორციელდა კიდეც ამ მიზნის შესასრულებლად. შ.ს–მა სესხის თანხის გადახდა დაიწყო მხოლოდ მას შემდეგ, რაც გაუჩნდა სურვილი, უძრავი ქონების ხელში ჩაგდების. ამის შემდეგ გ.გ–ას სესხის თანხა არ გადაუხდია, ვინაიდან მესამე პირი ფაქტობრივად ვერ შეძლებს სხვისი სავალო ვალდებულებების ბანკის წინაშე დაფარვას, მსესხებლის ნების საწინააღმდეგოდ. გ.გ–ამ სარჩელის აღძვრის შემდგომ შეწყვიტა სესხის დაფარვა. ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ ბოლო საბანკო ჩარიცხვა მის მიერ შესრულებულია 2022 წლის 26 აპრილს სარჩელის აღძვრამდე შვიდი დღით ადრე. მნიშვნელოვანია ასევე მოწმეთა ჩვენებები, რომლებმაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ნ.ქ–ია არ გადასულა საცხოვრებლად ახალ შეძენილ ქონებაში და ის ფაქტიც, რომ ფაქტობრივად ახალი სახლი აშენდა ძველის ნაცვლად. მოწმე უთუთებს, რომ რემონტი დაიწყეს გ.გ–ამ და მისმა მეუღლემ, ასევე მათ წამოიწყეს ფართების გამიჯვნისა და ინდივიდუალური საკუთრების რეგისტრაცია.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, ხოლო 2025 წლის 30 დეკემბრის განჩინებით დასაშვებად იქნა ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
10. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
11. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის გამოყენება ან/და განმარტება.
12. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა დაადგინოს, რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს (იხ. სუსგ საქმე №ას-1529-1443-2012, 9 დეკემბერი, 2013 წელი; დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმე №ას-664-635-2016, 2 მარტი, 2017 წელი, §187).
13. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა, საქმეზე გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნას შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აგებულია რა დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე, პირის დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა ამავე პირის ნებაზეა დამოკიდებული. მხარეები სამოქალაქო სამართალწარმოებაში თვითონვე განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ (სსკ-ის მე-3-4-ე მუხლები), რაც კანონის მოთხოვნათა დაცვით (ამავე კოდექსის 178-ე მუხლი) უნდა აისახოს მხარეთა მიერ სასამართლოში წარდგენილ სარჩელში (სუსგ N ას-1163-2018, 08.02.2019 წ.; Nას-495-2020, 23.10.2020 წ).
14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება (სუსგ. №ას-362-2021, 25.06.2021წ; №ას-661-2021, 20.04.2022წ; №ას-311-2022, 01.11.2022).
15. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება, უმეტესწილად, დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას (სუსგ №ას-811-2021. 07.10.2021; №ას-705-2022 03.11.2022წ.).
16. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის (სუსგ. №ას-274-2021 07 ივლისი, 2021 წელი. №ას-647-2022, 21 ივნისი 2023 წელი).
17. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი - მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ. 64).
18. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია, თუ რამდენად კანონიერია მოთხოვნა, ნასყიდობის ხელშეკრულების, როგორც მოჩვენებითი გარიგების, ბათილად ცნობის თაობაზე. კასატორის (შეგებებული სარჩელით მოსარჩელის) ინტერესს წარმოადგენს აღიარებითი სარჩელის წარდგენის გზით, სადავო ქონება აღირიცხოს კვლავ მის საკუთრებაში, რაც შ.ს–ის (ძირითადი სარჩელით მოსარჩელე) ვინდიკაციურ სარჩელს გამოაცლის სამართლებრივ საფუძველს.
19. შეგებებულ სარჩელში და საკასაციო საჩივარში ნ.ქ–ია (შეგებებული სარჩელით მოსარჩელე, კასატორი) უთითებს 2016 წლის 20 ოქტომბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების მოჩვენებით ხასიათზე და შესაბამისად მოითხოვს სადავო გარიგების ბათილად ცნობას და გასხვისებული უძრავი ქონების საკუთრებაში დაბრუნებას. კასატორის მტკიცებით, ნასყიდობის ხელშეკრულების დადების მიზანს არ წარმოადგენდა შ.ს–ისთვის უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემა, არამედ რეალურად აღნიშნული გარიგების დადების მიზანი იყო, ნ.ქ–იას საკუთრების ფიქტიურად, შ.ს–ის სახელზე გადაფორმება დაბალ პროცენტში სესხის აღების მიზნით, რომელიც უნდა მოხმარებოდა ნ.ქ–იას ქონების რემონტს. შ.ს–ი არ გამხდარა უძრავი ქონების ნამდვილი მესაკუთრე.
20. აღნიშნულის საპირისპიროდ, შ.ს–ი უარყოფს გარიგების მოჩვენებით ხასიათს და დაუსაბუთებლად მიიჩნევს მოთხოვნას გარიგების ბათილად ცნობის და შეძენილი უძრავი ქონების უკან დაბრუნებასთან მიმართებით.
21. მხარეთა შეპირისპირებული პოზიციების გათვალისწინებით, წინამდებარე დავის ფარგლებში, საკასაციო პალატის მხრიდან უპირველესად შესაფასებელია 2016 წლის 20 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში მხარეთა მიერ ნამდვილი ნების გამოვლენა, უძრავი ქონების გასხვისებასთან მიმართებით. რამდენადაც სწორედ, ნამდვილი ნების გამოვლენას უკავშირდება გარიგების დადება და შესაბამისი სამართლებრივი შედეგების წარმოშობა (სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ).
22. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ მოჩვენებითი გარიგების არსებობის შემთხვევაში არ არსებობს გამოვლენის გარეგანი დათქმა. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდნენ ნების ნაკლს. მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქტიურ გარიგებასა და ნების მიმღები ადრესატის თანხმობას შორის. სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). განსახილველი ნორმით იგულისხმება ის შემთხვევა, როდესაც, როგორც ნების გამომვლენი, ასევე მისი მიმღები მოქმედებენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა „ურთიერთშეთანხმება“, „გარიგება“ მოჩვენებით ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში ორივეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას არ მოჰყვება იურიდიული შედეგი. სასამართლო პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ ძირითადად მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ). ამრიგად, იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას. ამ მხრივ მეტად დიდი მნიშვნელობა გააჩნია პრეზუმფციებისა და მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრას. მითითებული გარემოებების დადასტურება ეკისრება პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას, რადგან თუნდაც მოსარჩელე უთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რისი გაქარწყლებაც მოსარჩელეს ევალება. მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგება იდება ნათესავებს (მაგალითად, მამა-შვილს შორის) ან სხვა ოჯახის წევრებს შორის, უნდა ვივარაუდოთ, რომ ოჯახის წევრებისათვის ცნობილია არსებული ვალდებულებების თაობაზე და, ასევე მათი ოჯახის წევრის მიერ ქონებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების თაობაზე (იხ. სუსგ-ებები: №ას-571-879-09, 30.04.2010; №ას-1836-1809-2011, 30.03.2012; №ას-1836-1809-2011, 22.03.2012; №ას-124-119-2012, 15.03.2012; № ას-1439-1357-2012, 1 ივლისი, 2013 წელი; №ას-976-908-2017, 22 იანვარი 2018 წელი; №ას-366-2019, 17 მაისი 2019 წელი; №ას-603-562-2017, 10 ივლისი 2019 წელი; №ას-1483-2020, 19 მარტი 2021 წელი).
23. სსკ-ის 56-ე მუხლი აწესრიგებს ნების ნაკლის საფუძველზე დადებული გარიგების ორ შემთხვევას - მოჩვენებით და თვალთმაქცურ გარიგებებს. ორივე შემთხვევაში საუბარია სიმულაციასა და სიმულაციის განსხვავებულ მეთოდებზე (ლ. ჭანტურია, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, თბილისი, 2017, მუხ. 56, ველი 1). მოჩვენებითია გარიგება, თუკი ნების გამომვლენი და ნების მიმღები თანხმდებიან იმაზე, რომ მათ მიერ გამოვლენილ ნებას არ მიეცეს მსვლელობა, ე.ი გარეგნულად კი გამოხატავენ ნებას, იქცევიან ისე, თითქოს ნამდვილად სურდეთ ამ გარეგნულად გამოხატულის მიღწევა, სინამდვილეში კი არც ფიქრობენ ამ შედეგის დადგომაზე (ლ. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, თბილისი, 2011, გვ. 361). თვალთმაქცური გარიგება წარმოადგენს მოჩვენებითი გარიგების ნაირსახეობას და განსხვავდება იმით, რომ გარიგების მონაწილეებს რეალურად მისი განხორციელება სურთ (ლ. ჭანტურია, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, თბილისი, 2017, მუხ. 56, ველი 17). მოჩვენებითი გარიგების მიზანი, როგორც წესი, მესამე პირის მოტყუებაა. ეს მესამე პირი შეიძლება იყოს როგორც კრედიტორი, ისე სახელმწიფოც. სასამართლო პრაქტიკაც ადასტურებს, რომ ძირითადად მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან, (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ.). სავალდებულო არ არის მოჩვენებითი გარიგების მიზანი ყოველთვის იყოს მესამე პირის მოტყუება. მოჩვენებით გარიგებად მიჩნევისათვის გადამწყვეტია ფაქტი, რომ მხარეებს არა აქვთ გარიგებაში მითითებული შედეგის დადგომის განზრახვა, მაგალითად, ხელშეკრულებაში მითითებული ფასის გადახდა.
24. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომლის თანახმადაც გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭა მოპასუხის მიერ სხვადასხვა საპროცესო ეტაპზე გაკეთებული განმარტებების თანმიმდევრულობას. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოჩვენებითი გარიგების არსებობის შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ მხარის განმარტებების ფორმალურ თანმიმდევრულობას. მოჩვენებითი გარიგების არსებობა, როგორც წესი, სწორედ არაპირდაპირი მტკიცებულებებისა და მხარეთა ქცევის ერთობლივი შეფასების საფუძველზე დგინდება, რის გამოც ყურადღება უნდა გამახვილდეს არა ცალკეულ განმარტებებში არსებულ შესაძლო უზუსტობებზე, არამედ იმ ობიექტურ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც ასახავს გარიგების რეალურ მიზანსა და შინაარსს. ამ თვალსაზრისით, უმთავრესი მნიშვნელობა ენიჭება არა იმას, თუ ვისი ინტერესების დაკმაყოფილებას ემსახურებოდა მიღებული საკრედიტო რესურსი, არამედ იმას, შეესაბამებოდა თუ არა გარეგნულად გამოხატული ნება მხარეთა ნამდვილ ნებას ნასყიდობის ხელშეკრულების დადებასთან მიმართებით.
25. საგულისხმოა, რომ კასატორი (შეგებებული სარჩელის ავტორი) გარიგების მოჩვენებითობას რამდენიმე გარემოებას აფუძნებს. კერძოდ, ნ.ქ–ია განმარტავს, რომ სადავო უძრავი ქონება შეიძინა 2016 წლის 24 მაისს, ბინა იყო საერთო ეზოში, წარმოადგენდა რამდენიმე პირის თანასაკუთრებას, შემდგომში ბინის მესაკუთრეების მიერ მოხდა საცხოვრებელი ფართების გამიჯვნა და ინდივიდუალურ საკუთრებად აღრიცხვა. ნ.ქ–იას საკუთრებად აღირიცხა N......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, საცხოვრებელ ფართთან ერთად. მისი კუთვნილი სადავო ფართი იყო სარემონტო და ვინაიდან შ.ს–ს, რომელიც მისი სიძის მეგობარი და საქმიანი პარტნიორი იყო, ჰქონდა კარგი საკრედიტო ისტორია, მისივე სიძის გადაწყვეტილებით, ბინა ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადაუფორმა მას. შესაბამისად, სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების ერთადერთ მიზანს წარმოადგენდა ბანკიდან სარემონტო სესხის მიღება. ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების მეორე დღესვე ბანკმა შ.ს–ზე გასცა იპოთეკური სესხი, რაც პირდაპირ მიუთითებს ბინის გადაფორმების მიზანზე.
26. საქმეზე დადგენილად არის ცნობილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:
26.1. 24.05.2016 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ქ. თბილისში, .........-ში მდებარე უძრავი ქონება 50 000 ლარად შეიძინა ნ.ქ–იამ;
26.2. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქონება თავდაპირველად თანასაკუთრების უფლებით დარეგისტრირდა ნ.ქ–იას, დ.მ–ისა და ლ.მ–ის სახელზე, საკადასტრო კოდით: №............ (ნაკვეთის წინა ნომერი: ............);
26.3. 05.10.2016 წელს ნ.ქ–იამ გასცა ქონების მართვისა და განკარგვის უფლებამოსილების შესახებ მინდობილობა თავისი წარმომადგენლის (ამავდროულად სიძის) - გ.გ–ას სახელზე;
26.4. აღნიშნული მინდობილობისა და გ.გ–ას განცხადების საფუძველზე, საჯარო რეესტრში 07.10.2016 წელს (მინდობილობის გაცემიდან 2 დღეში) განხორციელდა ქონების გამიჯვნა, რის შემდეგაც უძრავ ქონებაზე (ახალი საკადასტრო კოდით: №.........) დარეგისტრირდა ნ.ქ–იას ინდივიდუალური საკუთრების უფლება;
26.5. იმავე მინდობილობის საფუძველზე, 20.10.2016 წელს (ქონების გამიჯვნიდან დახლოებით 13 დღის შემდეგ), შ.ს–სა (მყიდველი) და ნ.ქ–იას წარმომადგენელ გ.გ–ას შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც სადავო ქონება გაიყიდა 40 000 ლარად, ხოლო საფასური სრულად იქნა გადახდილი. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, ქონება (ქ. თბილისი, .........., ს/კ №.........) საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა შ.ს–ის საკუთრებად;
26.6. მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია გარემოება, რომ მოპასუხის სიძე, რომელიც მოქმედებდა როგორც წარმომადგენელი, და შ.ს–ი იყვნენ მეგობრები და საქმიანი პარტნიორები;
26.7. 21.10.2016 წელს (ქონების გადაფორმებიდან 1 დღეში) სს „თ.ბ–სა“ და შ.ს–ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №2276073-8584414 და სესხის თანხა განისაზღვრა 40 000 აშშ დოლარით. იმავე დღეს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება №1231231175683, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება (ქ. თბილისი, ........., ს/კ №.........);
26.8. აღნიშნული სესხის თავდებს, 2017 წლის 17 მარტის №1231231394820 თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოადგენდა გ.გ–ა, ხოლო სესხის მიზანს წარმოადგენდა იპოთეკით დატვირთული სადავო ბინის რემონტი;
26.9. 2017 წლის 25 მაისს, სს „თ.ბ–ს“ და შ.ს–ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულება №2276073-8954294, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი - 85 000 აშშ დოლარი. ხელშეკრულების 2.6 პუნქტის თანახმად, კრედიტის მიზანს ამჯერადაც წარმოადგენდა სარემონტო სამუშაოების ფინანსირება და სს „თ.ბ–ს“ ზემოხსენებული იპოთეკური სესხის დაფარვა. სესხი გაიცა 3 ტრანშად: I ტრანში - 70 000 აშშ დოლარი, II ტრანში - 10 000 აშშ დოლარი და III ტრანში - 5 000 აშშ დოლარი. ამავე ხელშეკრულების დამატებითი პირობების 1.1.4 პუნქტის შესაბამისად, II და III ტრანშის გაცემამდე უნდა ჩატარებულიყო სარემონტო სამუშაოების მონიტორინგი;
26.10. 2017 წლის 3 ნოემბერს სს „თ.ბ–ს“ და შ.ს–ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის შესახებ №2276073-9302941 ხელშეკრულება, რომლითაც დაფარულ იქნა №2276073-8954294 საკრედიტო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა. სესხის მოცულობა განისაზღვრა 111 000 აშშ დოლარით. 2017 წლის 03 ნოემბერს ასევე შედგა შეთანხმება დამატებითი პირობების შესახებ და განისაზღვრა, რომ სესხის გაცემის დღეს უნდა დაფარულიყო მსესხებლის იპოთეკური სესხი №2276073-8954294. საბოლოოდ, 2018 წლის 31 აგვისტოს სს „თ.ბ–სა“ და შ.ს–ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №2276073-10059214 და კრედიტის სახით მსესხებელზე გაიცა 103 000 ევრო, 4379 დღით. კრედიტი გაიცა ტრანშებად და სესხის მიზანს წარმოადგენდა იპოთეკური სესხის რეფინანსირება. სესხზე თანდართული გრაფიკის თანახმად, ყოველთვიური გადასახადი 26.03.2019 წლიდან 26.08.3030 წლის ჩათვლით საშუალოდ 1 000 ევროს შეადგენს;
26.11. სს „თ.ბ–სა“ და მოსარჩელეს შორის დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ფარგლებში, დაახლოებით 11 000 ევროს ოდენობის გადახდა განხორციელებულია მოპასუხის სიძის მიერ;
26.12. სრულიად დაუდასტურებელია ის გარემოება, რომ მოპასუხის სიძის მიერ სესხის 11-ჯერადი დაფარვა მოსარჩელესთან არსებული რაიმე სხვა ვალდებულების შესრულებას ემსახურებოდა.
27. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოჩვენებითი გარიგების ბუნებიდან გამომდინარე, მისი არსებობა იშვიათად დასტურდება პირდაპირი მტკიცებულებებით. როგორც წესი, გარიგების დადების მომენტში მხარეთა ინტერესები თანხვედრაშია და ორივე მათგანი თანხმდება ისეთი სამართლებრივი სურათის შექმნაზე, რომელიც მესამე პირებში გარიგების ნამდვილობის შთაბეჭდილებას წარმოშობს. ასეთ ვითარებაში მხარეები, ბუნებრივია, არ არიან დაინტერესებულნი თავიანთი რეალური ნების ამსახველი დოკუმენტების შექმნით ან ისეთი მტკიცებულებების არსებობით, რომლებიც შემდგომში გარიგების მოჩვენებითი ხასიათის დადასტურებას უზრუნველყოფდა. ამასთან, დროის გასვლასთან ერთად შესაძლოა შეიცვალოს მხარეთა პირადი, ოჯახური თუ ფინანსური ინტერესები, განვითარდეს ახალი გარემოებები და წარმოიშვას კონფლიქტი იმ პირებს შორის, რომლებიც თავდაპირველად საერთო მიზნის მისაღწევად მოქმედებდნენ. მსგავს შემთხვევაში პირი, რომელიც ფორმალურად მესაკუთრის სტატუსს ატარებს, შესაძლოა უკვე აღარ იყოს დაინტერესებული თავდაპირველი შეთანხმების შესრულებით და შეეცადოს გარეგნულად შექმნილი სამართლებრივი მდგომარეობის შენარჩუნებას. სწორედ ამიტომ, მრავალი წლის შემდეგ წარმოშობილ დავაში მოჩვენებითი გარიგების დადასტურება ხშირად ობიექტურად ვერ დაეფუძნება პირდაპირ მტკიცებულებებს, აღნიშნულის გათვალისწინებით, მოჩვენებითი გარიგების არსებობის შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება არა ერთ კონკრეტულ მტკიცებულებას, არამედ საქმის ყველა გარემოების ერთობლივ შეფასებას.
28. საკასაციო პალატა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შეფასებისას ყურადღებას ამახვილებს შეგებებული სარჩელის ავტორის მითითებაზე, რომლის მიხედვითაც სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების მიზანს არ წარმოადგენდა თავდაპირველი მოსარჩელისათვის საკუთრების უფლების რეალური გადაცემა. მისი განმარტებით, გარიგების რეალური მიზანი იყო ნ.ქ–იას საკუთრების ფორმალურად, ფიქტიურად გადაფორმება შ.ს–ის სახელზე, რათა ქონება გამოყენებულიყო საბანკო კრედიტის მიღებისა და შემდგომი სარემონტო სამუშაოების დაფინანსების მიზნით.
29. სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სადავო ქონება რეალურად არ გამოსულა გამყიდველის - ნ.ქ–იას ოჯახის ფაქტობრივი მფლობელობიდან. საქმეში არსებული მტკიცებულებები და მოწმეთა ჩვენებები ადასტურებს, რომ ქონებაზე ფაქტობრივი ბატონობა და სარგებლობა ნასყიდობის შემდეგაც რჩებოდა ქ–ას ოჯახის ხელში.
30. სადავო ნასყიდობის ფასის 40 000 ლარად განსაზღვრა, მაშინ როდესაც ნ.ქ–იამ იგივე ქონება 2016 წლის მაისში 50 000 ლარად შეიძინა, წარმოადგენს დამატებით შეფასების საგანს. სარჩელი არ ეფუძნება ისეთ ობიექტურ გარემოებებს, რომლებიც ქონების ღირებულების შემცირებას გაამართლებდა, რაც სხვა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან ერთობლიობაში გასათვალისწინებელია გარიგების რეალური შინაარსის შეფასებისას.
31. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია სახელშეკრულებო თავისუფლებისა და კერძო ავტონომიის ფარგლებში, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი, თუმცა იმ შემთხვევში, როდესაც ამ ხელშეკრულების სუბიექტი გარიგების მოჩვენებით ხასიათზე მიუთითებს, გარიგების ბათილობისათვის საკმარისი საფუძველი არ არის მხოლოდ გარიგებით განსაზღვრულ შესრულებასა და ამ შესრულებისათვის გათვალისწინებულ ანაზღაურებას შორის აშკარა შეუსაბამობის დადგენა, თუმცა საქმეში არსებულ სხვა გარემოებებთან და მტკიცებულებებთან ურთიერთშეჯერების შედეგად ნასყიდობის ფასის აშკარა შეუსაბამობა, გარკვეულ შთაბეჭდილებას ქმნის მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების ნამდვილობაზე. აღნიშნული შესაბამისობაშია, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განმარტებასთან, რომლის მიხედვით, საბაზრო ღირებულებასთან ნასყიდობის ფასის შეუსაბამობის დადასტურება, მხოლოდ ეს გარემოება, ცალკე აღებული, მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლენის პირობებში, საქმეში არსებულ სხვა გარემოებებთან და მტკიცებულებებთან ურთიერთშეჯერების გარეშე, სადავო გარიგების ბათილობის კანონიერი საფუძველი ვერ გახდება (იხ., სუს-ს დიდი პალატის გადაწყვეტილება №ას-664-635-2016, 2 მარტი, 2017 წელი).
32. სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, მიუხედავად მისი ზოგადი მართებულობისა ნასყიდობის ფასთან მიმართებით, მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დამატებით შეფასებას საჭიროებს. როგორც უკვე აღინიშნა, მართალია, მხოლოდ ნასყიდობის ფასისა და ქონების საბაზრო ღირებულების შესაძლო შეუსაბამობა, თავისთავად, არ წარმოადგენს გარიგების ბათილობის საკმარის საფუძველს, თუმცა მოცემულ შემთხვევაში საკითხი არ შემოიფარგლება მხოლოდ ორი ნასყიდობის ფასის ერთმანეთთან შედარებით. კერძოდ, საქმეში არსებული მასალებით დგინდება და ამაზე მხარეებიც არ დავობენ, რომ სადავო ქონების შეძენიდან მომდევნო დღესვე, აღნიშნული ქონების უზრუნველყოფით, სს „თ.ბ–მა“ მოსარჩელეზე - დ.გ–ას თავდებობით უზრუნველყოფამდე, 40 000 აშშ დოლარის ოდენობის სესხი განსაზღვრა, რაც ცხადია, პირდაპირ არ ადასტურებს ქონების საბაზრო ღირებულებას, თუმცა წარმოადგენს ფაქტობრივ გარემოებას, რომელიც გარკვეულ წარმოდგენას ქმნის საკრედიტო დაწესებულების მიერ ქონების ღირებულებისა და უზრუნველყოფის საკმარისობის შეფასების თვალსაზრისით. ამიტომ, მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ მოპასუხეს ექსპერტიზის დასკვნა არ წარმოუდგენია, არ გამორიცხავს სასამართლოს ვალდებულებას, ერთობლიობაში შეაფასოს საქმეში არსებული ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელიც სადავო გარიგების რეალურ შინაარსზე შეიძლება მიუთითებდეს. ამ თვალსაზრისით, ნასყიდობის ფასის ოდენობა, ქონების შეძენისა და შემდგომი გასხვისების მოკლე დროითი პერიოდი, აგრეთვე ქონების საფუძველზე განსაზღვრული საკრედიტო რესურსის მოცულობა, სხვა გარემოებებთან ერთად, მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს წარმოადგენს დავის გადასაწყვეტად.
33. როგორც დადგენილია, 2016 წლის 21 ოქტომბერს სს „თ.ბ–მა“ მოსარჩელის სახელზე განსაზღვრა 40 000 აშშ დოლარის ოდენობის საბანკო კრედიტი სადავო ქონებაში სარემონტო სამუშაოების დაფინანსების მიზნით. იმავე დღეს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება და ქონება დაიტვირთა იპოთეკით. ერთი შეხედვით, აღნიშნული საკრედიტო ურთიერთობა არ არის უცხო საყოფაცხოვრებო პრაქტიკისათვის და შესაძლოა ქმნიდეს ჩვეულებრივ სამოქალაქო ურთიერთობებში მესაკუთრისათვის დამახასიათებელ ქცევას. მაგრამ, საყურადღებოა ის გარემოება, რომ მოცემულ შემთხვევაში, საკრედიტო ურთიერთობაში სესხის თავდებად განისაზღვრა ნ.ქ–იას სიძე (გ.გ–ა), რაც ქმნის საფუძველს ვარაუდისთვის მისი მხრიდან აღნიშნული ფინანსური პასუხისმგებლობის აღების რეალური საფუძვლის არსებობის შესახებ, ვინაიდან იგი სესხის პირდაპირი ბენეფიციარი არ იყო. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ მსესხებელსა და თავდებს შორის არსებული ურთიერთობის გათვალისწინებით, აღნიშნული გარემოება თავისთავად შესაძლოა არ იყოს უჩვეულო ან არასტანდარტული სამოქალაქო პრაქტიკისათვის. თუმცა მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ სესხის საწყისი დაახლოებით 11 გადახდა განხორციელდა სწორედ გ.გ–ას მიერ, რაც მიუთითებს, რომ მისი მონაწილეობა არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ ფორმალური თავდებობით. აღნიშნულ გარემოებათა ერთობლიობა დამატებით ქმნის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ გ.გ–ა რეალურად იყო ჩართული საკრედიტო ურთიერთობაში და მას გააჩნდა უშუალო ფინანსური ინტერესი როგორც სადავო ქონების, ისე აღნიშნული საკრედიტო ვალდებულების მიმართ.
34. სააპელაციო სასამართლომ სათანადო მტკიცებულებების გარეშე გაიზიარა მოსარჩელის განმარტება, რომ გ.გ–ას მიერ განხორციელებული გადახდები მის მიმართ არსებული ვალის დაფარვას ემსახურებოდა. ის გარემოება, რომ გ.გ–ას მართლაც ჰქონდა გარკვეული ვალდებულება მოსარჩელის მიმართ, ასეთი ვალდებულების არსებობის შემთხვევაშიც კი, თავისთავად არ ადასტურებს, რომ სადავო გადახდები სწორედ ამ ვალდებულების შესრულების ფარგლებში განხორციელდა. საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რომელიც აღნიშნულ გარემოებებს ერთმანეთთან დააკავშირებდა და ერთმნიშვნელოვნად დაადასტურებდა მას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მითითებული დასკვნა არ ეფუძნება დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ემყარება ვარაუდს და არა მტკიცებულებით დადასტურებულ გარემოებებს.
35. პალატა ასევე ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომლის თანახმადაც მოპასუხის განმარტება სადავო ქონების მოსარჩელის სახელზე გადაფორმების აუცილებლობის შესახებ დაუსაბუთებელი და არასარწმუნოა. მართალია, სამოქალაქო კოდექსი არ გამორიცხავს იმგვარ სამართლებრივ შესაძლებლობას, როდესაც იპოთეკის საგნის მესაკუთრე და ძირითადი ვალდებულების პირადი მოვალე სხვადასხვა პირები არიან, თუმცა აღნიშნული გარემოება თავისთავად არ ადასტურებს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ბანკი თანახმა იქნებოდა სესხის გაცემაზე იმავე პირობებით და იმავე მიზნით. აღსანიშნავია, რომ განსახილველ შემთხვევაში საუბარია არა ჩვეულებრივ სამომხმარებლო ან არამიზნობრივ კრედიტზე, არამედ ისეთ საკრედიტო პროდუქტზე, რომლის მიზანს წარმოადგენდა სწორედ იპოთეკის საგნის სარემონტო სამუშაოების დაფინანსება. დადგენილია, რომ კრედიტის ხელშეკრულებებში სესხის მიზნად მითითებული იყო სადავო უძრავი ქონების სარემონტო სამუშაოების ფინანსირება, ხოლო თანხის ნაწილი გაიცემოდა ტრანშების სახით და მისი ათვისება დამოკიდებული იყო სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის მონიტორინგზე. ასეთ პირობებში, სრულიად ლოგიკურია ვარაუდი, რომ საკრედიტო ურთიერთობის სტრუქტურა მორგებული ყოფილიყო იმ მოცემულობაზე, რომლის ფარგლებშიც მსესხებელი იმავდროულად წარმოადგენდა იმ ქონების მესაკუთრეს, რომლის გაუმჯობესებისა და ღირებულების ზრდის მიზნითაც გაიცემოდა კრედიტი. საბანკო საკრედიტო დავებთან დაკავშირებული პრაქტიკის გათვალისწინებით, უცხო არ არის, რომ კონკრეტული საკრედიტო სესხის გაცემა დაკავშირებულია მსესხებლის ინდივიდუალურ მახასიათებლებთან, მათ შორის მის სტატუსთან, გადახდისუნარიანობასთან, საკრედიტო ისტორიასა და სხვა შესაბამის გარემოებებთან. ამიტომ, მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ კანონმდებლობა ზოგადად უშვებს მესამე პირის ქონებით სხვისი ვალდებულების უზრუნველყოფას, არ იძლევა საფუძველს დასკვნისათვის, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ქონების გადაფორმებას არ შეიძლებოდა კავშირი ჰქონოდა ბანკის საკრედიტო მოთხოვნებთან ან შერჩეული საკრედიტო პროდუქტის თავისებურებებთან. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს დასკვნა ეფუძნება ზოგად სამართლებრივ შესაძლებლობას და არა კონკრეტული საკრედიტო ურთიერთობის პირობების შეფასებას, რაც ვერ იქნება გაზიარებული.
36. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობისა და სადავო გარიგების დადების წინაპირობების შეფასების მიზნით, საქმის პირველი ინსტანციით განხილვის ეტაპზე, დაიკითხნენ მოწმეები, რომლებიც ცხოვრობენ იგივე მისამართზე (თბილისი, პანკისი ქუჩა N16). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოწმის ჩვენებაც, როგორც ერთ-ერთი მტკიცებულება, უნდა შეფასდეს ყველა იმ ობიექტური და სუბიექტური ფაქტორით, რაც ამ მტკიცებულებების იურიდიულ ბუნებას ახლავს, მათ შორისაა მოწმის, როგორც სუბიექტის დამოუკიდებლობა მხარეთა შორის სადავო ფაქტებისა და მოვლენების მიმართ. სწორედ ამ კრიტერიუმებით განისაზღვრება ჩვენებაში გადმოცემული ფაქტების იურიდიული სანდოობა (იხ. სუსგ საქმე Nას-548-511-2017, 31 ივლისი, 2017 წელი).
37. სხდომაზე მოწმის სახით გამოკითხული პირები საუბრობენ გ.გ–ას მიერ სადავო უძრავი ქონების შეძენის თაობაზე (იხ. 2023 წლის 13 მაისის სხდომის ოქმი, ტომი II, ს.ფ. 367-422). სახელდობრ, მოწმე ლ.მ–მა და ლ.ქ–ძემ განმარტეს, რომ მათთვის ცნობილი იყო ის ფაქტი, რომ 2016 წელს ბინა იყიდეს გ.გ–ამ და მისმა მეუღლემ ნ.ს–ვამ, რომლებიც დღემდე ცხოვრობენ აღნიშნულ ფართში. ბინის ყიდვის შემდეგ, მყიდველი მაშინვე არ გადასულა, ვინაიდან ბინა საცხოვრებლად იყო უვარგისი. გ.გ–ამ მალევე დაიწყო საერთო საკუთრებაში არსებული ფართების გამიჯვნა, რაზეც თანხმობის მისაცემად მოწმეები წაიყვანა იუსტიციის სახლში. გამიჯვნის დროს მათთვის ცნობილი გახდა, რომ მესაკუთრე იყო ნ.ქ–ია. საუბრისას გ.გ–ამ ახსენა, რომ აპირებდა სარემონტო სამუშაოების დაწყებას. თითქმის სრულად განხორციელდა სადავო სახლის დემონტაჟი და ფაქტობრივად ახალი სახლი აშენდა. ამჟამად, სახლი დამთავრებული და კეთილმოწყობილია. მასში ცხოვრობს გ.გ–ა ოჯახით. მოწმე ლ.მ–ის განმარტებით, თბილისის მერიის სამსახურის თანამშრომლებმა მშენებარე სახლის მინაზე გააკრეს ფურცელი, საიდანაც მისთვის გახდა ცნობილი, რომ ბინის მესაკუთრე იყო შ.ს–ი. შენობაზე გაკრული ფურცელი კი გ.გ–ამ მოხსნა და წაიღო. მშენებლობის დაწყების პირველ ეტაპზე ერთად მიდიოდნენ გ.გ–ა და შ.ს–ი. მოწმე ლ.ქ–ძის განმარტებით, რემონტის დროს მუშებს ხანდახან ზედამხედველობას უწევდა ასევე გ.გ–ას და - ნ.გ–ია. შ.ს–ი დაახლოებით სამჯერ იყო მისული რემონტის დროს, ხოლო რაც შეეხება მის ოჯახს, მოწმეები განმარტავენ, რომ არასდროს უნახავთ ისინი სადავო სახლში.
38. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ წინამდებარე საქმეში დაკითხული მოწმეთა ჩვენებების სარწმუნოობის შეფასება სასამართლომ განახორციელა მათი შინაარსის სრულყოფილი შესწავლა-ანალიზის და არა მოწმეთა მიერ მითითებული მხოლოდ კონკრეტული გარემოებების შეფასების საფუძველზე.
39. მოწმეთა ჩვენებების შეფასების თვალსაზრისით, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს შ.ს–ის მიერ ძირითად სარჩელში და ასევე, შეგებებული სარჩელის უარსაყოფად განვითარებულ განმარტებას, რომ მან 2016 წლის 20 ოქტომბერს ნ.ქ–იასგან შეიძინა უძრავი ქონება, სადაც მხარეთა შეთანხმების თანახმად, გამყიდველს ორი წელი უნდა ეცხოვრა, ნ.ქ–იამ კი დაარღვია პირობა უძრავი ქონების გამოთავისუფლების შესახებ. საგულისხმოა, რომ შ.ს–ი, მის მიერ წარმოდგენილი სარჩელით ითხოვს სწორედ ნ.ქ–იას უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვას. საქმეზე არსებული მტკიცებულებები და მოწმეთა ჩვენებების შინაარსი ცხადყოფს, რომ ნ.ქ–ია და მისი ოჯახის წევრები მითითებულ ვადაში არ გადასულან სადავო ბინაში საცხოვრებლად (არასათანადო პირობების გამო). აღსანიშნავია, რომ მოწმეთა ჩვენებებთან ერთად მნიშვნელოვანი მნიშვნელობა ენიჭება შ.ს–ის განმარტებას, რომლის მიხედვითაც ქონებაში ნ.ქ–იას ოჯახს უნდა ეცხოვრა ორი წლის განმავლობაში. თუმცა დგინდება, რომ აღნიშნულ პერიოდში ქონება იყო საცხოვრებლად უვარგისი და მიმდინარეობდა მისი დემონტაჟი, რაც ეჭვქვეშ აყენებს აღნიშნული შეთანხმების რეალურ შინაარსს.
40. მიუხედავად იმისა, რომ სადავო გარიგების საფუძველზე შ.ს–ი საჯარო რეესტრში უძრავი ნივთის მესაკუთრედ დარეგისტრირდა, სადავო არ არის, რომ ნ.ქ–იას ფაქტობრივად არ დაუკარგავს მასზე კონტროლი (დღემდე სადავო ბინას ფლობს ნ.ქ–იას შვილის ოჯახი), რაც ეჭვქვეშ აყენებს საკუთრების უფლების რეალური გადაცემის სამართლებრივ შინაარსს.
41. ამასთან, გ.გ–ას მიერ სარემონტო სამუშაოების მეთვალყურეობა სასამართლოს უქმნის გონივრულ ვარაუდს, რომ იგი სადავო უძრავ ქონებას მიიჩნევდა როგორც მისი ოჯახის საკუთრებას და ზრუნავდა მის განვითარებაზე.
42. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 5 ოქტომბერს ნ.ქ–იამ ქონების მართვისა და განკარგვის უფლებამოსილება გადასცა თავის სიძეს - გ.გ–ას. მინდობილობის გაცემიდან მხოლოდ ორ დღეში, 2016 წლის 7 ოქტომბერს, განხორციელდა ქონების გამიჯვნა და თანასაკუთრებაში არსებული ქონება დარეგისტრირდა ნ.ქ–იას ინდივიდუალურ საკუთრებად. აღნიშნული ქმედება, სამართლებრივი თვალსაზრისით, ქმნიდა აუცილებელ წინაპირობას ქონების შემდგომი შეუფერხებელი გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვისათვის.
43. ქონების ინდივიდუალურ საკუთრებად რეგისტრაციიდან მხოლოდ 13 დღეში, იმავე მინდობილობის საფუძველზე, გაფორმდა სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება და ქონება შ.ს–ის სახელზე აღირიცხა. განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ის გარემოება, რომ საქმეზე უდავოდ დადგენილია შ.ს–ისა და გ.გ–ას მეგობრული და საქმიანი ურთიერთობა. შესაბამისად, ქონების გამიჯვნა, შემდგომი გასხვისება და ამ პროცესებში უშუალოდ მონაწილე პირთა ურთიერთდაკავშირებულობა ქმნის საფუძვლიან ვარაუდს, რომ აღნიშნული მოქმედებები განხორციელდა წინასწარ შეთანხმებული გეგმის ფარგლებში, კონკრეტული მიზნის მისაღწევად.
44. მოვლენების ქრონოლოგიური განვითარება და მათი ურთიერთკავშირი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან პრაქტიკულად მეორე დღესვე (2016 წლის 21 ოქტომბერს) იმავე ქონებაზე გაფორმდა საბანკო კრედიტისა და იპოთეკის ხელშეკრულებები. ქონების გადაფორმებასა და საკრედიტო რესურსის მიღებას შორის ასეთი მყისიერი კავშირი, ასევე თავდები პირის და მისი შემდგომი მოქმედებების გათვალისწინებით, შემთხვევით მოვლენად ვერ იქნება მიჩნეული. პირიქით, აღნიშნული გარემოება მიუთითებს, რომ ქონების გადაფორმება წარმოადგენდა საკრედიტო ოპერაციის წინასწარ მომზადებულ აუცილებელ ელემენტს და არა დამოუკიდებელ მიზანს. ამას ამყარებს ისიც, რომ სესხის უზრუნველყოფის ფარგლებში აქტიურად მონაწილეობდა კვლავ გ.გ–ა, რომელიც თავდებად დაუდგა შ.ს–ს. ამრიგად, პირი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ქონების გამიჯვნისა და ნასყიდობის გაფორმების პროცესში, შემდგომ ეტაპზეც ჩართული იყო იმავე ქონებით უზრუნველყოფილ საკრედიტო ურთიერთობაში, როგორც თავდები. აღნიშნული ქცევა სცდება სტანდარტულ შემთხვევებში თავდების ჩვეულებრივ როლს და ერთობლიობაში, სხვა გარემოებებთან ერთად, მიუთითებს მის შესაძლო უშუალო ინტერესზე სადავო ქონების მიმართ.
45. ასევე დადგენილია, რომ სადავო ქონებაში განხორციელებული სარემონტო სამუშაოების ორგანიზება და ზედამხედველობა ხორციელდებოდა გ.გ–ასა და მისი ოჯახის მიერ. მოწმეების ჩვენებებით დადასტურებულია, რომ სამშენებლო პროცესს ძირითადად ისინი აკონტროლებდნენ და არ დასტურდება შ.ს–ის ან მისი ოჯახის რეალური ჩართულობა ქონების ფლობასა და მართვაში. მოწმეებს არც ერთხელ არ უნახავთ შ.ს–ის ოჯახის წევრები სადავო სახლში, ხოლო ქონების რეალური გამოყენება და სარგებლობა მუდმივად ხორციელდებოდა ნ.ქ–იას ოჯახის მიერ. ამასთან, ნასყიდობის გაფორმების მიუხედავად, ქონებაზე ფაქტობრივი ბატონობა და კონტროლი არ გადასულა შ.ს–ზე - ქონებაში დღემდე ცხოვრობს ნ.ქ–იას შვილის ოჯახი და საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ შ.ს–ი ახორციელებდა მესაკუთრისათვის დამახასიათებელ ისეთ ქმედებებს, რომლებიც მიუთითებდა ქონებაზე რეალური ბატონობის განხორციელებაზე.
46. საყურადღებოა ისიც, რომ თავად შ.ს–ის განმარტებით, ქონების შეძენის შემდეგ ნ.ქ–იას ოჯახს ორი წლის განმავლობაში უნდა ეცხოვრა აღნიშნულ სახლში. თუმცა საქმის მასალებით დადგენილია, რომ იმ პერიოდში სახლი საცხოვრებლად უვარგისი იყო, მიმდინარეობდა მისი ფაქტობრივი დემონტაჟი და ხელახალი მშენებლობა. ასეთ პირობებში გაუგებარია, რა რეალური შინაარსი შეიძლებოდა ჰქონოდა მხარეთა შორის შეთანხმებას საცხოვრებელი ფართის დროებითი დატოვების შესახებ, როდესაც თავად ფართი საცხოვრებლად გამოუსადეგარი იყო.
47. სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მხოლოდ ფასსა და საბაზრო ღირებულებას შორის განსხვავება დამოუკიდებლად ვერ გახდება გარიგების ბათილობის საფუძველი, თუმცა მოცემულ შემთხვევაში იგი წარმოადგენს ერთ-ერთ დამხმარე გარემოებას. ნ.ქ–იამ ქონება 2016 წლის მაისში შეიძინა 50 000 ლარად, გამიჯნა და ახლო მონაკვეთში გაასხვისა 40 000 ლარად, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არ იკვეთება მისი ღირებულების შემცირების ობიექტური მიზეზი. ამასთან, დადგენილია, რომ ქონების შეძენიდან მალევე, კერძოდ, მეორე დღეს, განისაზღვრა 40 000 აშშ დოლარის ოდენობის სესხი აღნიშნული უძრავი ქონების უზრუნველყოფით. აღნიშნული გარემოება, სხვა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან ერთობლიობაში, დამატებით უნდა შეფასდეს სადავო გარიგების რეალური შინაარსის განსაზღვრისას.
48. საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს არა რომელიმე ცალკეული გარემოების არსებობას, არამედ მათ შორის არსებულ ფუნქციურ, ქრონოლოგიურ და შინაარსობრივ კავშირს. საქმეში არსებული მასალებით დგინდება მოქმედებათა თანმიმდევრული ჯაჭვი, რომელიც იწყება ქონების განკარგვის უფლებამოსილების ოჯახის წევრისათვის გადაცემით, გრძელდება ქონების გამიჯვნითა და ინდივიდუალურ საკუთრებად რეგისტრაციით, შემდგომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებით, ხოლო უშუალოდ ამის შემდეგ - იმავე ქონების იპოთეკით დატვირთვითა და მიზნობრივი საკრედიტო რესურსის მიღებით. აღნიშნული პროცესის ყველა ეტაპზე მონაწილეობენ ურთიერთდაკავშირებული პირები, რომელთაც ერთმანეთთან აკავშირებთ როგორც ოჯახური, ისე მეგობრული და საქმიანი ურთიერთობები, მაშინ როდესაც ქონების ფაქტობრივი ფლობა, სარგებლობა და განვითარება მთელი პერიოდის განმავლობაში უცვლელად რჩება ყოფილი მესაკუთრის ოჯახის კონტროლის ქვეშ.
49. ამასთან, სასამართლო მნიშვნელობას ანიჭებს იმ გარემოებასაც, რომ ზემოაღნიშნული მოქმედებები განხორციელდა დროის უკიდურესად მოკლე მონაკვეთში და ერთმანეთის უშუალო გაგრძელებას წარმოადგენდა. ასევე დგინდება ყოფილი მესაკუთრის ოჯახის წევრის აქტიური ჩართულობა როგორც საკრედიტო ურთიერთობაში, მათ შორის თავდებობისა და სესხის მომსახურების გზით, ისე ქონებაზე მიმდინარე სარემონტო და სამშენებლო პროცესების ორგანიზებასა და ზედამხედველობაში. აღნიშნული გარემოებები, მათი ურთიერთკავშირის, თანმიმდევრობისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი შეფასების საფუძველზე, შემთხვევით დამთხვევათა ერთობლიობად ვერ იქნება მიჩნეული. პირიქით, ისინი ქმნის ურთიერთშეჯერებულ და თანმიმდევრულ ფაქტობრივ სურათს, რომელიც მიუთითებს მხარეთა ერთიანი მიზნის არსებობაზე და ადასტურებს, რომ გარეგნულად გამოხატული ნება არ შეესაბამებოდა მხარეთა ნამდვილ ნებასა და იმ რეალურ მიზანს, რომლის მიღწევასაც ისინი ფაქტობრივად ისახავდნენ.
50. პალატა მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების ერთობლიობა ქმნის მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებულ სისტემას, რომელიც საკმარის საფუძველს იძლევა სადავო გარიგების რეალური შინაარსის დასადგენად. ხელშეკრულებაში გადახდის შესახებ ჩანაწერი თავისთავად ვერ გამორიცხავს გარიგების მოჩვენებითობის საკითხს, თუ დგინდება, რომ იგი არ ასახავს მხარეთა რეალურ ნებას. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მხარეთა მიზანი საკუთრების რეალური გადაცემა იყო. პირიქით, დადგენილი გარემოებები მიუთითებს, რომ ქონების ფორმალური გადაფორმება ემსახურებოდა ისეთი სამართლებრივი მდგომარეობის შექმნას, რომელიც შესაძლებელს გახდიდა მის შემდგომ გამოყენებას საკრედიტო ურთიერთობაში. შესაბამისად, ქონების გამიჯვნის, შემდგომი გასხვისების, მისი მყისიერი იპოთეკით დატვირთვის, საკრედიტო ურთიერთობაში ერთსა და იმავე პირთა მონაწილეობის, აგრეთვე ქონებაზე ფაქტობრივი კონტროლისა და სარგებლობის უცვლელად შენარჩუნების ერთობლივი შეფასება ქმნის საფუძველს დასკვნისათვის, რომ ქონების გადაფორმება არ ემსახურებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი) საკუთრების რეალურ გადაცემას.
51. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის მიზნებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება არა გარიგების გარეგნულ ფორმას, არამედ მხარეთა ნამდვილ ნებასა და იმ სამართლებრივ შედეგს, რომლის მიღწევასაც ისინი რეალურად ისახავდნენ მიზნად. მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობა ადასტურებს, რომ მხარეთა მიერ გარეგნულად გამოხატული ნება არ შეესაბამებოდა მათ ნამდვილ ნებას. მიუხედავად ქონების გასხვისების სამართლებრივი გაფორმებისა და საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა, არ დგინდება ქონებაზე ფაქტობრივი ბატონობისა და სარგებლობის რეალური გადაცემა. ამასთან, გარიგების შემდგომ განვითარებული მოვლენები მიუთითებს, რომ ქონების გადაფორმებამ შესაძლებელი გახადა მისი იპოთეკით დატვირთვა და აღნიშნულის საფუძველზე საკრედიტო რესურსის მიღება. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ 2016 წლის 20 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულება ატარებდა არა რეალური ნასყიდობის, არამედ მოჩვენებითი გარიგების ნიშნებს. შესაბამისად, იგი წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოჩვენებით გარიგებას და ექვემდებარება ბათილად ცნობას.
52. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
53. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს სამი წინაპირობა: 1. მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, 2. მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და 3. მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
54. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ძირითადი სარჩელი არის ვინდიკაციური, რომლითაც მესაკუთრე ახდენს სხვისი უკანონო მფლობელობიდან მისი საკუთრების ვინდიცირებას, მისი გამოთხოვის გზით. ესაა სარჩელი, რომელსაც მესაკუთრე მაშინ იყენებს, როცა შელახულია ნივთზე მისი მფლობელობა, სახელდობრ, როდესაც მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ნივთის ვინდიცირებაც სხვისი უკანონო მფლობელობიდან მის გამოთხოვას გულისხმობს.
55. მოცემულ შემთხვევაში, მართალია საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით შ.ს–ი წარმოადგენს უძრავი ქონების მესაკუთრეს, მაგრამ საკასაციო პალატამ ბათილად ცნო მისი უფლების დამდგენი დოკუმენტი - 2016 წლის 20 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულება და მასზე კვლავ დაადგინა ნ.ქ–იას საკუთრების უფლება. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობებია მოსარჩელის მესაკუთრეობა სადავო ნივთზე და მოპასუხის მიერ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ნივთის ფლობა, ძირითადი სასარჩელო მოთხოვნა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების გამო ხდება უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
56. სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.
57. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე.
58. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნ.ქ–იას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შ.ს–ის სასარჩელო მოთხოვნა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის და თანხის დაკისრების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ნ.ქ–იას სასარჩელო მოთხოვნა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
59. სსსკ-ის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
60. განსახილველ შემთხვევაში დაკმაყოფილდა ნ.ქ–იას სასარჩელო მოთხოვნა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის და მესაკუთრედ ცნობის ნაწილში, ხოლო უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის ნაწილში და თანხის დაკისრების ნაწილში შ.ს–ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს სარჩელის უზრუნველყოფის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 2 დეკემბრის №2/13197-22 განჩინება, რომლითაც ნ.ქ–იას (პ/ნ ..........) აეკრძალა უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, .........., ს/კ .......... გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა; ხოლო ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 6 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შ.ს–ს (პ/ნ ..........) აეკრძალა მის საკუთრებად აღრიცხული უძრავი ნივთის მდებარე ქ. თბილისში, ......., საკადასტრო კოდი N........., გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა;
61. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
62. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. შ.ს–ს ნ.ქ–იას სასარგებლოდ დაეკისროს უნდა დაეკისროს სამივე ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 4850 (1250+1600+2000) ლარის გადახდა; ხოლო შ.ს–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 4000 ლარის გადახდა; შ.ს–ს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს ბიუჯეტში;
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 411-ე მუხლით, 408-ე მუხლის მესამე ნაწილით, 53-ე, 55-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ.ქ–იას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შ.ს–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. ნ.ქ–იას შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს;
5. ბათილად იქნეს ცნობილი ნ.ქ–იასა და შ.ს–ს შორის დადებული 2016 წლის 20 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი, ........., საკადასტრო კოდი №......... და ქონება აღირიცხოს ნ.ქ–იას საკუთრებად;
6. შ.ს–ს ნ.ქ–იას სასარგებლოდ დაეკისროს სამივე ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 4850 (1250+1600+2000) ლარის გადახდა;
7. შ.ს–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 4000 ლარის გადახდა;
8. შ.ს–ს მიერ საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს ბიუჯეტში;
9. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 2 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ნ.ქ–იას (პ/ნ ........) აეკრძალა უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, .........., ს/კ ........ გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა;
10. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 6 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შ.ს–ს (პ/ნ ......) აეკრძალა მის საკუთრებად აღრიცხული უძრავი ნივთის მდებარე ქ. თბილისში, ........., საკადასტრო კოდი N........., გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა;
11. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ბადრი შონია
ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე