დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ას-281-2026 15 ივნისი, 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან ნემსაძე, მიხეილ ჯინჯოლია
კასატორი – შპს „ე–ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ.ჟ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სარჩელის მოთხოვნა
1.1. შპს „ე–მა“ სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს თ.ჟ–ძის წინააღმდეგ, მოითხოვა პირგასამტეხლოს 1 100 ლარის, ასევე ზიანის 4 459.66 ლარის დაკისრება.
2. მოპასუხის შესაგებელ
2.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება
3.1. გორის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა და გაუქმდა იმავე სასამართლოს 12.11.2018 წლის განჩინება, რომლითაც ყადაღა დაედო საქართველოში მოქმედ ყველა ლიცენზირებულ საბანკო დაწესებულებაში თ.ჟ–ძის სახელზე არსებულ საბანკო ანგარიშებზე ყოველთვიურ საარსებო მინიმუმს ზემოთ ჩარიცხული თანხების 50%-ს, სასარჩელო მოთხოვნის 5 559,66 ლარის ფარგლებში.
4. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი
4.1. მოსარჩელემ, გორის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებაზე წარდგენილი სააპელაციო საჩივრით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული განჩინება.
5.2. 2017 წლის 20 ნოემბერს მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება.
5.3. „შემკვეთი“ უკვეთავს ხოლო „შემსრულებელი“ ასრულებს შემდეგ სამშენებლო სარემონტო სამუშაოებს - ბრტყელი გადახურვის მოწყობა, სანიაღვრე არხებისა და წყალგამტარი მილების გაწმენდა შემკვეთის კუთვნილ სამშენებლო ობიექტზე, მდებარე კასპის რაიონი სადგური კავთისხევი.
5.4. შესასრულებელი სამუშაოს მთლიანი ღირებულება განისაზღვრება 22 000 (ოცდაორიათასი) ლარით. წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული შესასრულებელი სამუშაოს დასრულების შესახებ „შემსრულებელი“ ვალდებულია შეატყობინოს „შემკვეთს“, რის თაობაზეც მხარეები შეადგენენ შესაბამის მიღება-ჩაბარების აქტს და დაამოწმებენ მას ხელმოწერით.
5.5. შემსრულებელი ვალდებულია წარუდგინოს შემკვეთს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლოდ შესრულებული სამუშაო. სამუშაოები ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შესრულებულია პროექტის შესაბამისად, ვარგისია მშენებლობის შემდგომი ეტაპების წარმოებისათვის და შესრულებული სამუშაოები შეესაბამება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სამშენებლო ნორმებს. თუ შესრულებული სამუშაო, ნაკეთობა, ან მასალა ნაკლის მქონეა, შემკვეთს შეუძლია მოითხოვოს დამატებითი შესრულება და დაუწესოს შემსრულებელს ნაკლის გამოსწორების ვადა. თუ სამუშაოს ან ნაკეთობის ნაკლის გამო დამატებითი შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა უშედეგოდ გავიდა ან შემსრულებელი უარს ამბობს დამატებით შესრულებაზე, მაშინ შემკვეთს შეუძლია თვითონ აღმოფხვრას ნაკლი და მოსთხოვოს შემსრულებელს გაწეული ხარჯების და ზარალის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ანაზღაურება.
5.6. „შემსრულებელი“ ვალდებულია: შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები წინამდებარე ხელშეკრულებით შეთანხმებულ ვადაში სათანადო ხარისხით, შემკვეთის მასალებით. უზრუნველყოს სამუშაოების ჩატარებისას ობიექტზე შრომის დაცვის, უსაფრთხოების ტექნიკისა და სახანძრო უსაფრთხოების დაცვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება. უზრუნველყოს მისი პერსონალის მიერ ობიექტზე უსაფრთხოების მოთხოვნისა და წესების დაცვა. შემსრულებელს არ აქვს უფლება გამოიყენოს სამუშაოების შესრულებისას მასალები ან მოწყობილობები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა გარემოს დაცვასთან ან სამშენებლო სამუშაოების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. დაუყოვნებლივ შეატყობინოს „შემკვეთს“ იმ გარემოების შესახებ, რომლებიც აბრკოლებენ ხელშეკრულების 2.1. პუნქტით განსაზღვრული სამუშაოების მიმდინარეობას ან/და შეუძლებელს ხდიან მათ შემდგომ გაგრძელებას.
5.7. „შემკვეთი“ ვალდებულია: შეუქმნას შემსრულებელს ყველა პირობა წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ნორმალურად წარმართვის მიზნით, კერძოდ: ა) მოამზადოს ობიექტი სამუშაოების დასაწყებად. ბ) უზრუნველყოს სხვა სამშენებლო_სარემონტო სამუშაოების შეთანხმებული შესრულება ისე, რომ არ მოხდეს მათი ურთიერთგადაკვეთა. შემკვეთი ვალდებულია სამუშაოს დასრულების შემდეგ შემსრულებლისგან შეტყობინების მიღებიდან 3 დღის შემდეგ დაათვალიეროს და მიიღოს შესრულებული სამუშაო, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის ან სხვა ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს შემსრულებელს. ხელშეკრულების თითოეულ მხარეს უფლება აქვს მოსთხოვოს მეორე მხარეს წინამდებარე ხელშეკრულებიდან და მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე მოვალეობათა კეთილსინდისიერად შესრულება. შემსრულებელი პასუხს აგებს ყოველგვარი გაუფრთხილებლობისა და დაუდევრობისთვისაც. შემსრულებელი ასევე პასუხისმგებელია სამშენებლო ობიექტზე მის მიერ დაქირავებული მუშა-პერსონალია უსაფრთხოებაზე. წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტა ხდება, შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების მე-2 მხარისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. შემსრულებელს შეუძლია სამუშაოს დასრულებამდე მხოლოდ ისე შეწყვიტოს ხელშეკრულება, რომ შემკვეთმა შეძლოს მომსახურების სხვაგვარად მიღება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შეწყვეტისათვის არსებობს რაიმე მნიშვნელოვანი საფუძველი. ყველა შემთხვევაში შემკვეთს უფლება აქვს მოსთხოვოს შემსრულებელს პირგასამტეხლოს სახელშეკრულებო თანხის 5%-ის ოდენობით.
5.8. მენარდემ ვალდებულება სანიაღვრე არხებისა და ხე-მცენარეებისგან გაწმენდის ნაწილში (5000 კვ.მ-ზე) სრულად, ხოლო ლინოკრომით გადახურვის ნაწილში ნაწილობრივ (980 კვ.მ.) შეასრულა. განხორციელებული სამუშაოების სანაცვლოდ მენარდემ დამკვეთისგან მიიღო ანაზღაურება 5 000 ლარის ოდენობით.
5.9. სამუშაოების მიმდინარეობისას დამკვეთმა მოშალა დახრილი კუთხის მქონე რკინის კონსტრუქციის კიბე, რომლითაც სარგებლობდნენ მუშები და მოაწყო ალტერნატიული კიბე - კერძოდ, კიბე ვერტიკალურად მიამაგრა კედელზე.
5.10. აღნიშნულის საფუძვლით (დასაქმებული მუშების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშ გარემოებაზე მითითებით) მენარდემ 06.01.2018 წელს შეატყობინა დამკვეთს ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. ხსენებული წერილის საპასუხოდ, 11.01.2018 წელს, დამკვეთმა მენარდეს შეატყობინა, რომ გამოთქვამს მზაობას, სამუშაოების დასრულების მიზნით უზრუნველყოს მენარდე უსაფრთხო კიბით, ან მოაწესრიგოს ალტერნატიული ასასვლელი გზა. იმავე წლის 8 თებერვალს მენარდეს დამკვეთმაც აცნობა ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.
5.11. დამკვეთს ალტერნატიული უსაფრთხო კიბე არ მოუწყვია და არც იგივე კონსტრუქცია აღუდგენია. ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ ნაწილობრივ შესრულებულ სამუშაოზე მხარეებს მიღება-ჩაბარების აქტი არ შეუდგენიათ.
5.12. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელეს დაყენებული აქვს ორი მოთხოვნა, კერძოდ დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ: 1. პირგასამტეხლოს - 1 100 ლარის გადახდა, რაც დაკავშირებულია ნარდობის ხელშეკრულების ცალმხრივად, არამართლზომიერად შეწყვეტასთან. 2. მიყენებული ზიანის 4 459.66 ლარის გადახდა, რაც წარმოადგენს არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოს შედეგად დამდგარ ზიანს.
5.13. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა ემყარება მხარეთა შორის 2017 წლის 20 ნოემბერს გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულების 9.7. პუნქტს, რომლის თანახმად შემსრულებელს შეუძლია სამუშაოს დასრულებამდე მხოლოდ ისე შეწყვიტოს ხელშეკრულება, რომ შემკვეთმა შეძლოს მომსახურების სხვაგვარად მიღება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შეწყვეტისთვის არსებობს რაიმე მნიშვნელოვანი საფუძველი. ყველა შემთხვევაში, შემკვეთს უფლება აქვს მოსთხოვოს შემსრულებელს პირგასამტეხლო სახელშეკრულებო თანხის 5%-ის ოდენობით.
5.14. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და მხარეთა შორის სადავოდ არ ხდება, რომ მენარდემ ხელშეკრულებაზე უარი თქვა იმ მიზეზით, რომ შემკვეთმა აქტიური მოქმედებით შეცვალა სამუშაო პირობები, კერძოდ მოშალა ის კონსტრუქცია, რომლის მეშვეობითაც მენარდე მიდიოდა სამუშაოს შესრულების ადგილზე. აღნიშნული მოცემულობისა და ზემოხსენებული განმარტებების საფუძველზე პალატა ადგენს, რომ სახეზეა არა ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლა, არამედ ხელშეკრულებიდან გასვლა.
5.15. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე უდავოდ დგინდებოდა, მოპასუხის მიერ გამოვლენილი ნების მართლზომიერება. აღნიშნული, ლოგიკური გაგრძელება იყო, შემკვეთის მიერ ვალდებულების დარღვევისა, რაც მენარდის შესასრულებელ სამუშაოსთან უპირობო კავშირში იყო.
5.16. სააპელაციო სასამართლომ, მოსარჩელის მიერ წარდგენილ ექსპერტიზის დასკვნაზე გაამახვილა ყურადღება, კერძოდ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 11.10.2018წ. დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ექსპერტის წინაშე დასმული იყო შემდეგი კითხვები: გთხოვთ, ვიზუალური დათვალიერებით დაადგინოთ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ............. მდებარე შპს „ე–ის“ საკუთრებაში არსებულ საამქროს შენობაზე შესრულებული სახურავის ბრტყელი გადახურვის სამუშაოების ნაწილზე არსებობს თუ არა რაიმე სახის დეფექტი, დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში, გთხოვთ, მიგვითითოთ მის აღმოსაფხვრელად გასატარებელი ღონისძიებები და შეგვიფასოთ აღნიშნული ღონისძიებების ღირებულება. ექსპერტის დასკვნის თანახმად: შპს „ე–ის“ საკუთრებაში არსებული საამქროს შენობაზე სახურავზე 980 კვ.მ ფართზე შესრულებულია სარეაბილიტაციო სამუშაოები, კერძოდ მოწყობილია ლინოკრომის რბილი გადახურვა (1 ფენა), სადაც სავარაუდოდ სამუშაოების არაჯეროვანი შესრულების შედეგად დაზიანებულია და დემონტირებულია დაახლოებით 260 კვ.მ მოწყობილი ლინოკრომი, ხოლო 100 კვ.მ ფართზე არ არის ჯერ გამოყენებული ლინოკრომის მასალა. საკითხის პრაქტიკულად გადაჭრის მიზნით უნდა მოხდეს აღნიშნული დაზიანებული და დემონტირებული (გადაკეცილი) ლინიკრომის მასალის დემონტაჟი და „სამშენებლო ნორმებისა და წესების“ დაცვით შესრულდეს სახურავზე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები 360 კვ.მ ფართზე. საამქროს შენობაზე დაზიანებული ნაწილის აღმოსაფხვრელად და სახურავის დარჩენილ ნაწილზე რბილი სახურავის მოწყობის ღირებულებამ საორიენტაციოდ შეადგინა 4 459,66 ლარი, ნორმატიული დარიცხვების და დღგ-ს ჩათვლით.
6. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი
6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 ოქტომბრის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარმოადგინა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 2 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო.
9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელეს დაყენებული აქვს ორი მოთხოვნა, კერძოდ დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ: 1. პირგასამტეხლოს - 1 100 ლარის გადახდა, რაც დაკავშირებულია ნარდობის ხელშეკრულების ცალმხრივად, არამართლზომიერად შეწყვეტასთან. 2. მიყენებული ზიანის 4 459.66 ლარის გადახდა, რაც წარმოადგენს არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოს შედეგად დამდგარ ზიანს.
13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის არსებობდა ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომელიც შეწყდა. ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მხარეთა უფლებები, თავისი სამართლებრივი ბუნებით მიეკუთვნება რელატიურ (შეფარდებით) უფლებათა რიცხვს. რელატიური უფლება არის განსაზღვრული პირის მიმართ შესრულების მოთხოვნის უფლებამოსილება. იგი მიმართულია არა ნებისმიერი, არამედ მხოლოდ განსაზღვრული პირის მიმართ კონკრეტული ვალდებულების შესასრულებლად. რელატიური უფლება წარმოიშობა ნამდვილი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე. ნარდობა ორმხრივმავალდებულებელი (სინალაგმატური „sinalagma“), სასყიდლიანი და კონსენსუალური ხელშეკრულებაა. იგი აწესრიგებს უშუალოდ წარმოების პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს, რადგან დაკავშირებულია მენარდის ვალდებულებასთან - შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო და გადასცეს შემკვეთს შეთანხმებული საზღაურის მიღების პირობით შესრულებული სამუშაოს შედეგი. სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს ვალდებულებას, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამავე კოდექსის 637-ე მუხლის თანახმად, მენარდეს შეუძლია სამუშაოს დასრულებამდე მხოლოდ ისე შეწყვიტოს ხელშეკრულება, რომ შემკვეთმა შეძლოს მომსახურების სხვაგვარად მიღება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შეწყვეტისათვის არსებობს რაიმე მნიშვნელოვანი საფუძველი. ამ შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების მოვალეობა გამოირიცხება. ამავე კოდექსის 641-ე მუხლის თანახმად, 1. ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს; ხოლო, თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის. 2. ნივთობრივ ნაკლს უთანაბრდება, თუ მენარდე დაამზადებს შეკვეთილისაგან განსხვავებულ ან უფრო ნაკლები რაოდენობის ნაკეთობას. ამავე კოდექსის 649-651 მუხლების თანახმად: თუ ხელშეკრულების თანახმად ან შესრულებული სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე, საჭიროა მისი გადაცემა, მაშინ შემკვეთი მოვალეა მიიღოს შესრულებული სამუშაო. მიღებისთანავე შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს საზღაური. სამუშაო მიღებულად ჩაითვლება, თუ შემკვეთი არ მიიღებს შესრულებულ სამუშაოს მენარდის მიერ დადგენილ ვადაში. მენარდე პასუხს აგებს შემკვეთის ქონების დაღუპვის ან დაზიანებისათვის გაუფრთხილებლობის დროსაც. მენარდეს ეკისრება შესრულებული სამუშაოს შემთხვევით დაღუპვის ან დაზიანების რისკი შემკვეთისათვის შესრულების გადაცემამდე. გადაცემასთან ერთად შემკვეთზე გადადის შემთხვევით დაღუპვის ან დაზიანების რისკი. გადაცემას უთანაბრდება ისიც, როცა შემკვეთი აყოვნებს მიღებას. ნარდობის სამართალურთიერთობის განმსაზღვრელი ნორმების შინაარსი ცხადყოფს, რომ ნარდობის მონაწილეები სამართლებრივ ურთიერთობაში ერთმანეთის მიმართ გამოდიან როგორც ურთიერთ კრედიტორები, ისე ურთიერთმოვალეები. სახელშეკრულებო ვალდებულება კი მაშინ მიიჩნევა შესრულებულად, როდესაც თითოეული მხარე შეასრულებს თავის წილ ვალდებულებას (იხ.სუსგ № ას-1646-2019, 30.09.2020წ).
14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ 2017 წლის 20 ნოემბერს მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება და მხარეები შეთანხმდნენ არსებით პირობებზე. მენარდემ ვალდებულება სანიაღვრე არხებისა და ხე-მცენარეებისგან გაწმენდის ნაწილში (5000 კვ.მ-ზე) სრულად, ხოლო ლინოკრომით გადახურვის ნაწილში ნაწილობრივ შეასრულა. განხორციელებული სამუშაოების სანაცვლოდ მენარდემ დამკვეთისგან მიიღო ანაზღაურება 5 000 ლარის ოდენობით. სამუშაოების მიმდინარეობისას დამკვეთმა მოშალა რკინის კონსტრუქციის დახრილი კიბე, რომლითაც სარგებლობდნენ მუშები და მოაწყო ალტერნატიული კიბე კერძოდ, კიბე ვერტიკალურად მიამაგარა კედელზე. აღნიშნულის საფუძვლით (დასაქმებული მუშების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშ გარემოებაზე მითითებით) მენარდემ შეატყობინა დამკვეთს ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. ხსენებული წერილის საპასუხოდ, 11.01.2018 წელს, დამკვეთმა მენარდეს შეატყობინა, რომ გამოთქვამს მზაობას, სამუშაოების დასრულების მიზნით უზრუნველყოს მენარდე უსაფრთხო კიბით, ან მოაწესრიგოს ალტერნატიული ასასვლელი გზა. იმავე წლის 8 თებერვალს მენარდეს დამკვეთმაც აცნობა ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. დამკვეთს ალტერნატიული უსაფრთხო კიბე არ მოუწყვია და არც იგივე კონსტრუქცია აღუდგენია. ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ ნაწილობრივ შესრულებულ სამუშაოზე მხარეებს მიღება-ჩაბარების აქტი არ შეუდგენიათ.
15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მენარდის მიერ გამოვლენილ ნებას ხელშეკრულების შეწყვეტაზე, შემკვეთმაც უპასუხა და დაადასტურა აღნიშნული ნება. დადგენილია, რომ 8 თებერვლიდან მენარდეს აღარ ჰქონია შეხება საგანზე, ხოლო, შემკვეთმა პრეტენზია ნაკლის შესახებ წარადგინა 2018 წლის 8 მაისს.
16. კასატორის მტკიცება, რომ ხელშეკრულების მართლზომიერად შეწყვეტის შემთხვევაშიც კი, მენარდეს გულისხმიერება უნდა გამოეჩინა, და ნაწილობრივ შესრულებული სამუშაო არ უნდა დაეტოვებინა იმგვარად, რომ დაზიანებულიყო. საკასაციო სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას, რომ ყოველი სამუშაო დღის ბოლოს იგი უკვე გადაკრულ ლინოკრომს სიმძიმისთვის ადებდა ლინოკრომის სხვა რულონებს (რომლებიც მეორე დღეს უნდა გამოეყენებინათ). სიმძიმით დაფიქსირება საჭირო იყო იმისთვის, რომ ლინოკრომი არ გადაეხადა ქარს ან არ შესულიყო ნალექი. მისი განმარტებით, მენარდის ინტერესში იყო ის, რომ ლინოკრომი, რომელსაც გადააკრავდა სახურავს, მეორე დღეს დაუზიანებელი დახვედროდა და დაუბრკოლებლად გაეგრძელებინა სამუშაოები. ასე დატოვა 29 თუ 30 იანვარსაც: ამ დროისთვის მას არ ჰქონდა იმის მოლოდინი, რომ კიბის დემონტაჟის გამო რამდენიმე დღეში ხელშეკრულებას შეწყვეტდა. შესაბამისად, წლის ბოლო დღეებშიც იმოქმედა, ისე როგორც სხვა დროს და მიიღო საჭირო ზომები იმისთვის, რომ სამუშაოების განახლების დროისთვის შესრულებული გადახურვა უვნებლად დახვედროდა: ლინოკრომის დასრულების ადგილს (იგივე გადაბმის ადგილს) სიმძიმისთვის დაადო დახვეული ლინოკრომის ის რულონები, რომლებითაც შემდგომი ეტაპის სამუშაოები უნდა გაენახლებინა. ეს გარემოება დაადასტურა მოწმე ზურაბ ხანჯალაძემაც. მოწმემ კითხვის პასუხად განმარტა, რომ ყოველი დღის ბოლოს, როცა სამუშაოს ასრულებდნენ, ლინოკრომის ღია ფენაზე სიმძიმისთვის ათავსებდნენ ლინოკრომის რულონებს, რომ წვიმა ან ქარი არ შესულიყო და არ დაზიანებულიყო. ასე მოიქცნენ ბოლო სამუშაო დღესაც.
17. საკასაცო სასამართლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე მიუთითებს და განმარტავს, რომ ვალდებულებითი სამართალი დადებული ხელშეკრულების დასასრულებლად ერთმანეთისაგან განასხვავებს ხელშეკრულების შეწყვეტის, ხელშეკრულებიდან გასვლისა და მოშლის ინსტიტუტებს, რომელთა შორის უმთავრესი სხვაობა მხარეთა პოსტ-სახელშეკრულებო მდგომარეობაა (მრავალ სხვათა შორის იხ. სუსგ. საქმეზე ას-1076-996-2017, 2019-04-19; ას-220-209 2017, 2018-04-20). ხელშეკრულების/ვალდებულების შეწყვეტის უმთავრესი ნიშანი ისაა, რომ მხარეები ინარჩუნებენ მიღებულ სიკეთეს, მაგალითად, ვალდებულების შეწყვეტის საფუძვლები შეიძლება იყოს კრედიტორის სასარგებლოდ შესრულება ან სხვა შესრულება (იხ. სკ-ის 427-ე-454-ე მუხლები). რაც შეეხება ხელშეკრულებიდან გასვლას, შეწყვეტისაგან განსხვავებით, ამ დროს კანონი ითვალისწინებს მხარეთა რესტიტუციის შესაძლებლობას (იხ. სკ-ის 352-ე-359-ე მუხლები) და ხელშეკრულებიდან გასვლის შედეგების მისაღწევად სავალდებულოა გასვლის წინაპირობების შემოწმება (მოვალის მხრიდან ნაკისრი ვალდებულების ბრალეული დარღვევა). უნდა აღინიშნოს, რომ ხელშეკრულებიდან გასვლა, ზემოხსენებული სამართლებრივი კონსტრუქციის გარდა, შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც, როდესაც სახეზეა შეცვლილი გარემოებები. ხელშეკრულებიდან გასვლის საკითხზე მსჯელობისას, რა საფუძვლითაც არ უნდა ხდებოდეს იგი, შესამოწმებელია, ხომ არ არსებობს გასვლის გამომრიცხველი წინაპირობები (რომელთა ჩამონათვალი მოცემულია თავად მატერიალურ კანონმდებლობაში, მაგალითად, სკ-ის 358-ე, 442-ე-447-ე მუხლები, ასევე, 316.2 მუხლი და სხვა). რაც შეეხება ხელშეკრულების მოშლას, ხელშეკრულებიდან გასვლა და ხელშეკრულების მოშლა ძალიან მსგავსი სამართლებრივი ინსტიტუტებია, ორივე შემთხვევაში ხდება სახელშეკრულებო ურთიერთობის დასრულება, თუმცა, მათ შორის არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავება. ხელშეკრულების მოშლა, მიუხედავად მისი საფუძვლისა, იწვევს სახელშეკრულებო უფლებებისა და მოვალეობების შეწყვეტას, მაგრამ სამომავლოდ და არ იწვევს მხარეთა მიერ უკვე მიღებულის უკან დაბრუნებას, ე.ი. პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, ამიტომ მათ მიმართ 352-359-ე მუხლები არ გამოიყენება, განსხვავებით ხელშეკრულებიდან გასვლისგან, რომლის მიზანიც არის იმ status quo-ს აღდგენა, რომელიც ხელშეკრულების დადების გარეშე არსებობდა (იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილი, წიგნი მესამე, გამომცემლობა „სამართალი, თბილისი, 2001, გვ. 231, 233). (იხ. სუსგ საქმე №ას-1252-2024, 05 თებერვალი, 2025 წელი) .
18. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ ხელშეკრულების ცალმხრივად, მართლზომიერად მოშლა შესაძლებელია მხოლოდ კანონითა და ხელშეკრულებით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში (მაგალითად სსკ-ის 636-ე მუხლი, რომელიც ადგენს, რომ შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი) და მოშლის ნების გამოვლენის მართლზომიერების კვლევისას ინიციატორს არ ევალება მიზეზის მითითება, განსხვავებით ხელშეკრულებიდან გასვლისა, რომლის დროსაც, როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, უნდა მოხდეს კანონით/ხელშეკრულებით გათვალისწინებული წინაპირობების კვლევა.
19. ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის კანონისმიერი წინაპირობებია: ა) ხელშეკრულების ნამდვილობა (უნდა აკმაყოფილებდეს გარიგების ნამდვილობის ზოგად პირობებს); ბ) ზოგადი წესის მიხედვით, მოვალის მხრიდან ხელშეკრულების მნიშვნელოვანი (არსებითი) დარღვევა (დარღვევა არსებითი ხასიათისაა, თუ მოვალის მხრიდან ძირითადი ვალდებულების დარღვევის გამო, ფაქტობრივი შესრულების დანიშნულებისამებრ გამოყენება შეუძლებელი ხდება ან იკარგება მომავალში მისი შესრულების იმედი ანდა კრედიტორს ეკარგება შესრულებისადმი ინტერესი); გ) ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ განცხადების გაკეთებით მონაწილე მთლიანად გადის ხელშეკრულებიდან, რადგანაც კანონით დაუშვებელია ხელშეკრულებიდან ნაწილობრივი გასვლა; დ) მიუხედავად ვალდებულების მნიშვნელოვანი დარღვევისა, მოვალეს არ შეუძლია კრედიტორს მოსთხოვოს ხელშეკრულების ძალაში დატოვება; ე) ვალდებულების დარღვევისათვის კრედიტორი მთლიანად ან უმთავრესად არ არის პასუხისმგებელი; ვ) მოთხოვნას არ უპირისპირდება შესაგებელი, რომელიც უკვე წარმოდგენილია ან წარდგენილი იქნება დაუყოვნებლივ მოვალის მიერ, თუკი კრედიტორი უარს იტყვის ხელშეკრულებაზე (მაგალითად, შესაგებელი ვალდებულების გაქვითვაზე); ზ) სახეზეა კრედიტორის მიერ შესაგებელი იურიდიული მოქმედება – ხელშეკრულებიდან გასვლისათვის მიცემული გონივრული ვადა, თუ ხელშეკრულებით ასეთი ვადა არ ყოფილა დადგენილი, ანდა, თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა – გაფრთხილება (იხ. დამატებით: მ.თოდუა/ჰ. ვილემსი, ვალდებულებითი 19 სამართალი, თბილისი, 2006, 56; ჰ.ბიოლინგი/პ.ლუტრინგჰაუსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ცალკეული მოთხოვნის საფუძვლების სისტემური ანალიზი, თბილისი, 2009, გვ.39; შდრ: სუსგ №ას-1003-924-2017, 01.12.2017.პ.34) (იხ. სუსგ №ას-211-2024, 26 აპრილი, 2024 წელი).
20. ხელშეკრულებიდან გასვლის პირობა ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულებაა. თუ მოვალემ ვალდებულება შეასრულა ან კრედიტორმა შეთანხმებულის ნაცვლად სხვა შესრულება მიიღო (datio pro solutio), კრედიტორი ხელშეკრულებიდან ვერ გავა. კრედიტორს ასევე ეზღუდება ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება, თუ მოვალემ წარადგინა ან დაუყოვნებლივ წარმოადგენს პრეტენზიას (შესაგებელს). ანალოგიური წესი გამოიყენება მაშინაც, როდესაც მოვალეს შეუძლია ვალდებულების გაქვითვა და იგი ამ უფლებას კრედიტორის მხრიდან ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის დაყენებისთანავე გამოიყენებს (doloagit, qui petit, quod statim redditurus est) (იხ. სუსგ საქმე Nას-1003-924-2017, 01 დეკემბერი, 2017 წელი; N ას-38-38 2018, 08 ივნისი, 2018 წელი). (იხ. სუსგ საქმე №ას-1252-2024, 05 თებერვალი, 2025 წელი).
21. საკასაციო სასამართლო ხელშეკრულების პირობებზე გაამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული 20.11.2017წ. ნარდობის ხელშეკრულების 5.3.3. პუნქტის თანახმად, შემკვეთი ვალდებულია შეუქმნას შემსრულებელს ყველა პირობა წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ნორმალურად წარმართვის მიზნით, კერძოდ: ა) მოამზადოს ობიექტი სამუშაოების დასაწყებად, უზრუნველყოს სხვა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შეთანხმებული შესრულება ისე, რომ არ მოხდეს მათი ურთიერთგადაკვეთა. დადგენილია და მხარეთა შორის სადავოდ არ ხდება, რომ ამ სახელშეკრულებო დანაწესის საწინააღმდეგოდ, შემკვეთმა მენარდესთან შეთანხმებისა და მისი ინფორმირების გარეშე მოახდინა იმ კიბის დემონტაჟი, რომლითაც მენარდე სარგებლობდა სამუშაოს შესრულების ადგილზე სახურავზე, ასასვლელად. დემონტირებული კიბის ნაცვლად შემკვეთმა მენარდეს შესთავაზა შენობაზე ვერტიკალურად მიმაგრებული კიბით სარგებლობა, რომელიც არ შეესაბამებოდა შრომის უსაფრთხოების მოთხოვნებს და რომლით სარგებლობაზეც უარი განაცხადეს მუშებმა მისი გაუმართაობის გამო. ის ფაქტი, რომ შეთავაზებული ალეტრნატიული კიბე არ იყო უსაფრთხო არც შემკვეთს გაუხდია სადავოდ და მოსარჩელის მერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაში მოცემული ფოტოსურათიდანაც დგინდება. შესაბამისად უდავოა, რომ შემკვეთმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, პალატის მოსაზრებით, მენარდეს წარმოეშვა ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება, ვინაიდან მას მოესპო სამუშაოების შესურლების ადგილამდე მისასვლელი ერთადერთი გზა, რაც შეუძლებელს ხდიდა მისი მხრიდან მუშაობის გაგრძელებას.
22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მენარდეს თავის მხრივ აღებული ჰქონდა ის პასუხისმგებლობა, რომ „.5.1.4. უზრუნველყოს სამუშაოების ჩატარებისას ობიექტზე შრომის დაცვის, უსაფრთხოების ტექნიკისა და სახანძრო უსაფრთხოების დაცვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება. 5.1.5: უზრუნველყოს მისი პერსონალის მიერ ობიექტზე უსაფრთხოების მოთხოვნისა და წესების დაცვა. 5.1.6: შემსრულებელს არ აქვს უფლება გამოიყენოს სამუშაოების შესრულებისას მასალები ან მოწყობილობები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა გარემოს დაცვასთან ან სამშენებლო სამუშაოების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით“, რისი არარსებობისა და მოსალოდნელი საფრთხეების თაობაზე აცნობა დამკვეთს ხელშეკრულების შესაბამისად (ხელშეკრულების 5.1.9: დაუყოვნებლივ შეატყობინოს „შემკვეთს“ იმ გარემოების შესახებ, რომლებიც აბრკოლებენ ხელშეკრულების 2.1 პუნქტით განსაზღვრული სამუშაოების მიმდინარეობას ან/და შეუძლებელს ხდიან მათ შემდგომ გაგრძელებას). ამ თვალსაზრისით გასაზიარებელია მენარდის შედავება, რომ მუშებმა უარი თქვეს კიბის გამოყენებაზე და ის ვერ შეუწყობდა ხელს იმას, რომ ზიანი მისდგომოდათ დასაქმებული პირების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.
23. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობასა და შეფასებას, რომ სარწმუნოა მენარდის ახსნა-განმარტება დამკვეთისთვის სიტყვიერი გაფრთხილების მიცემის შესახებ: ხელშეკრულების 5.1.9. პუნქტის თანახმად, მენარდეს არ ეკისრებოდა ვალდებულება, სამუშაოების შესრულების შეუძლებლობის თაობაზე წერილობით ეცნობებინა დამკვეთისთვის. შეტყობინების ფორმა მხარეებს წერილობითი სახით არ დაუდგენიათ. სასამართლოს განსჯით, მას შემდეგ რაც მენარდემ სამუშაოს ყველაზე რთული კომპონენტი შეასრულა და 5000 კვ მ. მოამზადა ლინოკრომით გადახურვისთვის (ამ კუთხით მოსარჩელეს შედავება არ წარმოუდგენია), ლოგიკურია, დაისვას კითხვა, რატომ არ უნდა ჰქონოდა ინტერესი იმისა, რომ სამუშაოს დარჩელი ნაწილიც დაესრულებინა და ანაზღაურება სრულად მიეღო. აღნიშნულ ინტერესს ადასტურებს ისიც, რომ 6 იანვრის წერილში მენარდე აღწერს, რომ „დღეის მდგომარეობით ვსარგებლობთ სახანძრო კიბით რომელიც საფრთხის შემცველია“ , ე.ი. გარკვეული პერიოდი, 6 იანვრის წერილამდეც, მენარდე და მუშები (აღნიშნული მოწმემაც დაადასტურა და მოსარჩელეს შედავება არ წარმოუდგენია) სარგებლობდენ სხვა კიბით, რაც ადასტურებს იმას, რომ მენარდე, უსაფრთხო კონსტრუქციის კიბის მოშლის მიუხედავად, ცდილობდა სამუშაოს გაგრძელებას და სახელშეკრულებო ურთიერთობაში დარჩენას. გასაზიარებელია ასევე მენარდის ის განმარტებაც, რომ დამკვეთის მიერ მივლენილ ზედამხედველ პირს, რომელიც ყოველდღიურად ადევნებდა თვალყურს სამუშაოების მიმდინარეობას, აცნობა შესრულების საფრთხეების შესახებ. ის გარემოება, რომ დამკვეთი ადევნებდა თვალყურს სამუშოების შესრულებას, მოსარჩელეს არ უარყვია. მას ასევე არ განუხორციელებია შედავება იმაზე, რომ მენარდე 16 იანვარსაც შეხვდა დამკვეთს (უფლებამოსილ პირებს) და ისაუბრეს კიბის აღდგენა უსაფრთხოებაზე. ამდენად, სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის სიტყვიერ შედავებას, რომ მოპასუხე არ ეცადა სახელშეკრულებო ურთიერთობის შენარჩუნებას და მოულოდნელად, გაფრთხილების გარეშე გავიდა ხელშეკრულებიდან ისე, რომ წინაპირობები დამკვეთისთვის უცნობი იყო.
24. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნას, რომ მენარდე სსკ-ის 405-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, მართლზომიერად გავიდა ცალმხრივად ხელშეკრულებიდან და ვინაიდან სახეზე არ გვაქვს რაიმე ვალდებულების დარღვევა, უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე. პალატა აქვე განუმარტავს აპელანტს, რომ სახელშეკრულებო ჩანაწერი „ყველა შემთხვევაში, შემკვეთს უფლება აქვს მოსთხოვოს შემსრულებელს პირგასამტეხლო სახელშეკრულებო თანხის 5%-ის ოდენობით“, ვერ გავრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც არ დგინდება სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევა, ვინაიდან სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო– მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლოს დაკისრება დაკავშირებულია ვალდებულების არაჯეროვან შესრულებასთან და დაუშვებელია მისი დაკმაყოფილება ამ საფუძვლის დადასტურების გარეშე. შესაბამისად პალატა ადგენს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს სახით 1 100 ლარის დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა და მართებულად არ დაკმაყოფილდა.
25. საკასაციო სასამართლო, მოსარჩელის მეორე მოთხოვნის პასუხად სსკ-ის შესაბამის ნორმებზე მიუთითებს, კერძოდ, სსკ-ის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ვალდებულების დარღვევა ზოგადი ფორმულირებაა და იგი შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს, მათ შორის, არაჯეროვან შესრულებაში. მტკიცების ტვირთის ობიექტურად და სამართლიანად განაწილების პირობებში, როგორც ზიანის მიყენების ფაქტის, ასევე, განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი მოსარჩელის (კრედიტორის) მხარეზეა. ზიანის ანაზღაურება შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს, მაგალითად: პროცენტის გადახდა (403-ე მუხლი), პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა (408.1 მუხლი), მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება (411-ე მუხლი) და ა.შ.
26. ზიანის ანაზღაურების შემადგენლობის ორგანიზმს ჰქმნის სამართლებრივად ფასეულ სუბიექტურ და ობიექტურ გარემოებათა ერთობლიობა, რომელთა თანაარსებობა მოვალეზე პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია. ამ შემადგენლობის ელემენტებია: სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული ზიანი; დამრღვევის მართლსაწინააღმდეგო ქმედება; მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის; სამართალდამრღვევის ბრალი (იხ. სუსგ №ას 1320-2020, 28 იანვარი, 2021 წელი). სამოქალაქო სამართალში ზიანში მოიაზრება ქონებაზე ან სამართლებრივად დაცულ სხვა სიკეთეზე გარკვეული ზემოქმედებით გამოწვეული უარყოფითი შედეგი. ზიანი წარმოადგენს სამართალდარღვევის შემადგენლობის აუცილებელ ელემენტს. თუ არაა ზიანი, არც ქონებრივი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს. ზიანი სწორედ რომ მართლსაწინააღმდეგო მოქმედების შედეგია. იგი წარმოადგენს სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის შედეგს. ზიანი წარმოადგენს პირის ქონებრივი და არაქონებრივი ინტერესების მისი ნების გარეშე ხელყოფას, რისი ანაზღაურებაც აღიარებულია ბრუნვის წეს-ჩვეულებებით და შეზღუდული არ არის კანონმდებლობით. ქონებრივ ზიანში იგულისხმება არა მხოლოდ დაზარალებულის ქონებრივი აქტივების შემცირება, არამედ პასივების გაზრდაც. (იხ. სუსგ №ას-1320-2020, 28 იანვარი, 2021 წელი) ზიანი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით უნდა იყოს მიყენებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც წესი, ზიანის ანაზღაურების საკითხი არ დადგება. მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებს ის, ვინც არღვევს სამართლებრივ დანაწესებს, სამართლის ნორმათა მოთხოვნებს. მართლწინააღმდეგობა ობიექტური ნიშანია სამართალდარღვევისა და მისი არსებობა არაა დამოკიდებული მოვალის ცნობიერების ხასიათზე, ანუ აცნობიერებდა თუ არა მოვალე თავისი ქმედების სამართლებრივ ხასიათს. მთავარია, რომ მოვალის ქმედება არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, სამოქალაქო სამართალში მართლსაწინააღმდეგოდ მიიჩნევა სხვა პირთა დაცული ინტერესის ხელყოფა. მართლწინააღმდეგობა მოიცავს როგორც კანონით დადგენილი წესების, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევას. (იხ. სუსგ №ას-1320-2020, 28 იანვარი, 2021 წელი) მიზეზობრივი კავშირი სამართალდარღვევის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია. ანაზღაურდება მხოლოდ ისეთი ზიანი, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედებით იყო გამოწვეული. იმისათვის, რომ მოვალეს დაეკისროს პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გაირკვეს, წარმოადგენს თუ არა ზიანი მოვალის მოქმედების უშუალო შედეგს. თუ მიზეზობრივი კავშირი სახეზეა, არსებული ზიანი ანაზღაურდება სრულად, მიუხედავად იმისა, თუ რა ოდენობისაა ეს ზიანი ან რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობა დამდგარ შედეგში. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როდესაც კრედიტორი თავადაც არის პასუხისმგებელი დამდგარი შედეგისათვის, კერძოდ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული. ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა დაზარალებულის ბრალი გამოიხატება მის უმოქმედობაში თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა ზიანი. პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება მხოლოდ მაშინაა ზიანის მიზეზი, როცა ის უშუალოდაა დაკავშირებული დამდგარ ზიანთან. ამგვარად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მისი გამომწვევი ქმედების უშუალო, აუცილებელი, პირდაპირი შედეგია (იხ. სუსგ. №ას-1320 2020, 28 იანვარი, 2021 წელი). ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არსებობის შემთხვევაში ნავარაუდები სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენის ორიენტირი განმტკიცებულია სსკ-ის 408-ე მუხლში, რომლის ნორმატიული მიზნიდან გამომდინარეობს, რომ განხორციელდეს იმ ვითარების აღდგენა, რომელიც არსებობდა ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების დადგომამდე, ე.ი. ვალდებულების დარღვევამდე. ნორმიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ ზიანი არის ის ქონებრივი დანაკლისი, რომელიც არ დადგებოდა რომ არა ვალდებულების დარღვევა. აღნიშნული მუხლის თანახმად, ზიანის გამომწვევმა პირმა უნდა აღადგინოს ის თავდაპირველი მდგომარეობა, რომელიც ზიანის გამომწვევი მოვლენის გარეშე იარსებებდა (იხ.. სუსგ ას 98-93-2010, 8 ივნისი, 2010 წელი).
27. მოსარჩელე, ზიანის ანაზღაურების საფუძვლად, მენარდის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას უკავშირებდა. ამასთან, განმარტავდა, რომ მენარდეს არ გაუფრთხილებია შესრულებული სამუშაოს მოვლის შესახებ.
28. მოსარჩელემ, მენარდის მხრიდან, სამუშაოს არაჯეროვანი შესრულების დასადასტურებლად სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 11.10.2018წ. დასკვნაზე მიუთითა, რომლის მიხედვითაც, ექსპერტის წინაშე დასმული იყო შემდეგი კითხვები: გთხოვთ, ვიზუალური დათვალიერებით დაადგინოთ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ............. მდებარე შპს „ე–ის“ საკუთრებაში არსებულ საამქროს შენობაზე შესრულებული სახურავის ბრტყელი გადახურვის სამუშაოების ნაწილზე არსებობს თუ არა რაიმე სახის დეფექტი, დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში, გთხოვთ, მიგვითითოთ მის აღმოსაფხვრელად გასატარებელი ღონისძიებები და შეგვიფასოთ აღნიშნული ღონისძიებების ღირებულება. ექსპერტის დასკვნის თანახმად: შპს „ე–ის“ საკუთრებაში არსებული საამქროს შენობაზე სახურავზე 980 კვ.მ ფართზე შესრულებულია სარეაბილიტაციო სამუშაოები, კერძოდ მოწყობილია ლინოკრომის რბილი გადახურვა (1 ფენა), სადაც სავარაუდოდ სამუშაოების არაჯეროვანი შესრულების შედეგად დაზიანებულია და დემონტირებულია დაახლოებით 260 კვ.მ მოწყობილი ლინოკრომი, ხოლო 100 კვ.მ ფართზე არ არის ჯერ გამოყენებული ლინოკრომის მასალა. საკითხის პრაქტიკულად გადაჭრის მიზნით უნდა მოხდეს აღნიშნული დაზიანებული და დემონტირებული (გადაკეცილი) ლინიკრომის მასალის დემონტაჟი და „სამშენებლო ნორმებისა და წესების“ დაცვით შესრულდეს სახურავზე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები 360 კვ.მ ფართზე. საამქროს შენობაზე დაზიანებული ნაწილის აღმოსაფხვრელად და სახურავის დარჩენილ ნაწილზე რბილი სახურავის მოწყობის ღირებულებამ საორიენტაციოდ შეადგინა 4459,66 ლარი, ნორმატიული დარიცხვების და დღგ-ს ჩათვლით.
29. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 162-ე მუხლის ნორმატიული გაგებით, მტკიცების ამ საშუალებით შესაძლებელია საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტის დადგენა, ხოლო ამგვარი მტკიცებულების გარეშე, ზოგიერთ შემთხვევაში, საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ამასთან, ექსპერტი პროცესის მონაწილე სუბიექტია, რომელიც ფლობს სპეციალურ ცოდნას. მის მიერ შედგენილ დასკვნაში გადმოცემულია გამოკვლევის შინაარსი, შედეგები და პასუხი მის წინაშე დასმულ კითხვებზე. ექსპერტის დასკვნა უნდა შეესაბამებოდეს კანონის ნორმებს, შეიცავდეს გამოკვლევის ობიექტურობას, მყარ არგუმენტაციას დასმულ კითხვებზე, მეცნიერულად დასაბუთებულ პასუხებს. საბოლოოდ, სასამართლო განსაზღვრავს ექსპერტის დასკვნის იურიდიულ ძალას და ამ მტკიცებულების შეფასების შედეგად ადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს. (შდრ: სუსგ №ას-940-2021, 01 დეკემბერი, 2021).
30. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, ექსპერტიზის ჩატარება და დასკვნის სასამართლოში წარდგენა მხარის საპროცესო უფლებაა. საბოლოოდ, როგორც სხვა მტკიცებულებების, ასევე, ექსპერტის დასკვნის იურიდიული ძალას აფასებს სასამართლო. რაც შეეხება ექსპერტის დასკვნის იურიდიულ ძალას, იგი თანაბარი იურიდიული ძალის მქონეა საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან მიმართებით. ამ შემთხვევაშიც სსსკ-ის 105-ე მუხლის მიხედვით, მოქმედებს მტკიცებულებათა სასამართლოს შინაგანი რწმენის საფუძველზე შეფასების პრინციპი. სსსკ-ის 105-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ სასამართლოსათვის არც ერთი მტკიცებულება არ არის წინასწარ სავალდებულო. აღნიშნული ნორმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ექსპერტის დასკვნასთან მიმართებით. სსსკ-ის 172-ე მუხლის მიხედვით, მოსამართლე არ არის დამოკიდებული ექსპერტის აზრზე. ექსპერტის დასკვნისათვის, როგორც მტკიცებულების წყაროსათვის, მნიშვნელოვანია, რომ ის წარმოადგენდეს საპროცესო კოდექსით ნორმატიულად დადგენილ წესებს დაქვემდებარებულ დოკუმენტს, ყურადღება უნდა მიექცეს კვლევის მეთოდებს, საკვლევი მასალას და სხვადასხვა სპეციფიკურ დეტალებს, გამომდინარე ჩატარებული ექსპერტიზის სახეობიდან.
31. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი დასკვნის შესახებ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას და განმარტავს, რომ ექსპერტის წინაშე არ ყოფილა დასმული შეკითხვა შესრულებულ სამუშაოზე დაზიანებების წარმოშობის მიზეზების შესახებ და სამუშაოს არაჯეროვანი შესრულების თაობაზე დასკვნას ექსპერტი „სავარაუდოდ“ მიუთითებს, რაც ვერ იქნება მიჩნეული საკმარისად მოპასუხის მხრიდან სამუშაოს უხარისხოდ შესრულების დასადასტურებლად. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ექსპერტის მიერ მიცემულ ჩვენებაზე, რომელმაც შემდეგი განმარტებები გააკეთა: „არაჯეროვან შესრულებაში იგულისხმება როგორც სამუშაოს უხარისხოდ შესრულება, ისე მისი დაუსრულებლობა. ადგილზე დათვალიერებისას დადგინდა, რომ სახურავის 100 კვ.მ-ზე არ იყო გამოყენებული ლინიკრომის მასალა და სამუშაო იყო დაუსრულებელი. ამ შემთხვევაში არაჯეროვან შესრულებაში იგულისხმება დაუსრულებელი სამუშაო. დაზიანება გამოწვეულია ფიზიკური ზემოქმედების შედეგად, შეიძლება ქარისგან, სხვა ბუნებრივი მოვლენისგან და ა.შ. მასალა რაც არის გამოყენებული შესაბამისია ზოგად სტანდარტთან, დამუშავებული იყო პრაიმერით და წებოვანი იყო. დაუსრულებელია სამუშაო. ადგილზე თანამშრომელმაც განმარტა, რომ ეს დაზიანება ქარისგანაა, მოხდა და გადმოკეცა ქარმაო. იქ სადაც ქარი მოხვდა და დააზიანა, იქ რამდენად იყო სწორად გამოყენებული მასალა და წებოვნება იყო თუ არა, ექსპერტიზის ჩატარების მომენტისთვისთვის მაგის დადგენა შეუძლებელი იყო. დანარჩენ ტერიტორიაზე, სადაც დაგებულია ლინოკრომი, იქ უხარისხოდ რაიმეს შესრულების კვალი არ აღენიშნებოდა. მთელ პერიმეტრზე წებოვანება ყველგან სწორად იყო გამოყენებული. რაც იყო დემონტირებული, მაგ ნაწილის დაზიანება დაუსრულებლობის გამო მოხდა, თუ იქ რამე დააკლო სპეციალისტმა ტექნიკური თვალსაზრისით, მაგის განსაზღვრა შეუძლებელი იყო ექსპერტიზის ჩატარების დროს. ფაქტია, რომ გადმოკეცილია და სავარაუდოდ ქარისგანაა წამოხდილი. 100 კვადრატული იყო დარჩენილი, სადაც არ იყო დაგებული ლინიკრომი. იქ დარჩენილი იყო მასალები და მიმდინარეობდა ეს სამუშაოები, თუმცა იმ 100 კვადრატზე სამუშაოს კვალი არ იყო. ერთიანი ფართია 1100 კვადრატი დაახლოებით. 980-ზე იყო დაგებული და 100 იყო დარჩენილი, 260 იყო დემონტირებული. თუ სამუშაოს ციკლი არ დამთავრდა, შესაძლებელია სხვადასხვა ზემოქმედების შედეგად მოხდეს შესრულებული ნაწილის დაზიანება. თუ დამთავრდა სამუშაო და მერე მოხდა დაზიანება, ეგ პირადპირ მიუთითებს სამუშაოს უხარისხოდ შესრულებაზე. ეს წამოხდილი და დემონტირებული მასა დაკავშირებულია სწორედ იმ ნაწილთან, რაც დაუმთავრებელია. ანუ აქ ბოლომდე რომ მომხდარიყო სამუშაოების მიყვანა, შესაძლებელია, რომ ქარს არ დაეზიანებინა. ხშირ შემთხვევაში, ციკლის დაუმთავრებლობის გამო ხდება უკვე გაკეთებულის დაზიანებაც. დაზიანებულია მხოლოდის მხარე, რომელიც არ იყო დასრულებული, დანარჩენ ნაწილში დაზიანება არ აღინიშნება. კითხვაზე, თუ როგორ უნდა დაკონსერვდეს არასრულად შესრულებული სამუშაო, რომ არ დაზიანდეს? ექსპერტმა უპასუხა - თუ არ მოხდა ამ სამუშაოს ბოლომდე დასრულება და პარაპეტში ჩაკეცვა, შესაბამისი წებოვანი მასალით ხდება ამის დამთავრება, ესეთ შემთხვევაში, როდესაც სიბრტყეზე გაჩერებულია სამუშაო, არ არსებობს რაიმე ნორმა, თუ რა ტიპის ღონისძიებები უნდა ჩატარდეს გაჩერების შემთხვევაში, რომ ზიანი არ დადგეს. შუაში გაჩერებული როგორ უნდა დაკონსერვდეს ეგეთი ნორმა არ არსებობს. რაც დავათვალიერე 1000 კვადრატული, შესრულებული სამუშაოს რაიმე ხარვეზი არ გამოვლენილა. 8 მეტრზეა დაახლოებით შესული დაზიანება. კატეგორიულად ვერ ვიტყვით, რომ სამუშაოს უხარისხოდ შესრულების გამო დადგა ზიანი“.
32. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს შეფასება არსებითად სწორია, რის გამოც საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო გასაჩივრებული განჩინება არსებითად სწორი.
33. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
34. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
35. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.
36. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
37. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
38. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
39. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ე–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. შპს „ე–ს“ (..........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის (საგადახდო დავალება N3989, გადახდის თარიღი 23.03.2026) 70% – 210 ლარი;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე არჩილ კოჭლამაზაშვილი
მოსამართლეები: ლევან ნემსაძე
მიხეილ ჯინჯოლია