დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 01.12.2025
საქმის ნომერი
ას-512-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
01.12.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

01 დეკემბერი 2025 წელი

№ას-512-2025 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შ.პ.ს. „ბ.“

მოწინააღმდეგე მხარე - შ.ს.ს. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი

შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი - შ.ს.ს. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი

მოწინააღმდეგე მხარე - შ.პ.ს. „ბ.“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე შ.პ.ს. „ბ“-ის მიმართ, 46 893 ლარის დაკისრების შესახებ.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელი აღძრა მოსარჩელის მიმართ 19 425 ლარის დაკისრების მოთხოვნით, რომელიც შემდგომ, 2023 წლის 30 მარტის სასამართლოს მთავარ სხდომაზე 19 362.82 ლარამდე შეამცირა.

3. მოსარჩელემ მოპასუხის შეგებებული სარჩელი არ ცნო.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე შ.პ.ს. „ბ“-ს მოსარჩელე შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისრა 46 893 ლარის გადახდა. მოპასუხის შეგებებულ სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.

5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შ.პ.ს. „ბ“-მა, მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით, შ.პ.ს. „ბ“-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შ.პ.ს. „ბ“-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. დაეკისრა შ.პ.ს. „ბ“-ს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ 27 530.16 ლარის გადახდა. გადაწყვეტილება დაეფუძნა შემდეგ ფაქტობრივ და სამართლებრივ დასაბუთებას:

6.1. 2017 წლის 14 სექტემბერს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტსა და შ.პ.ს. „ბ“-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N188 ხელშეკრულება, რომლის საგანსაც უნიფორმების (CPV-18200000), კერძოდ 7000 საშემოდგომო შარვლისა და 11000 გრძელმკლავიანი პერანგის მიწოდება წარმოადგენდა. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 388 500 ლარით, მიწოდების ვადა ხელშეკრულების გაფორმების დღიდან 90 კალენდარული დღით (2017 წლის 13 დეკემბრის ჩათვლით), ხოლო მოქმედების ვადა - 2018 წლის 15 იანვრის ჩათვლით. ხელშეკრულების 9.1 პუნქტით განისაზღვრა პასუხისმგებლობა საქონლის დანართი 1-ში მითითებული მიწოდების ვადებისა და პირობების დარღვევის შემთხვევაში.

6.2. 2017 წლის 06 სექტემბრის ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფის (საბანკო გარანტია) თანახმად, ს.ს. „ს.კ.ჯ.ჰ–ი“ წარმოადგენდა გარანტს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ მიმწოდებლის სახელით, არაუმეტეს 19 425 ლარზე და კისრულობდა ზემოაღნიშნული თანხის გადახდას მიმწოდებლის მიერ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის საფუძველზე, წერილობითი მოთხოვნის მიღებისთანავე, 5 სამუშაო დღის მანძილზე.

6.3. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა შ.პ.ს. „ბ“-ის მიერ 2018 წლის 8 იანვარს მიწოდებულ 46 893 ლარის ღირებულების საქონლის ჩაბარებაზე უარი განაცხადა.

6.4. 2018 წლის 16 თებერვლის მიმართვის საფუძველზე, ს.ს. „ს.კ.ჯ.ჰ–მა“ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს აუნაზღაურა საგარანტიო უზრუნველყოფით გათვალისწინებული თანხა - 19 425 ლარი.

6.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებითა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 10 მარტის განჩინებით, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება არ შეწყვეტილა.

6.6. 2022 წლის 08 თებერვალს შ.პ.ს. „ბ“-მა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს უარი განუცხადა 2017 წლის 14 სექტემბრის N188 ხელშეკრულების ფარგლებში დარჩენილი 46 893 ლარის საქონლის მიწოდებაზე.

6.7. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ძირითად სარჩელზე დავის საგანს წარმოადგენს ნასყიდობის თანხის უკან დაბრუნება და მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლზე. შეგებებულ სარჩელზე დავის საგნად კი, განსაზღვრა საბანკო გარანტიის თანხის დაბრუნება და მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 879-ე, 881-ე და 887-ე მუხლებზე.

6.8. სააპელაციო პალატის მსჯელობის საგანი იყო, 46 893 ლარი, რაც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით იქნა დაკისრებული, წარმოადგენდა ზიანს თუ ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში გადასახდელ თანხას.

6.9. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მითითებული ხელშეკრულების ფარგლებში, მხარეთა შორის წარიმართა დავა. კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შ.პ.ს. „ბ“-მა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისათვის შ.პ.ს. „ბ“-ის სასარგებლოდ 46 893 ლარის დაკისრება. ამავდროულად, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა შ.პ.ს. „ბ“-ისათვის შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ 3 108 ლარის დაკისრება.

6.10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით, შ.პ.ს. “ბ“-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს მოსარჩელე შ.პ.ს. “ბ“-ის სასარგებლოდ დაეკისრა 46 893 ლარის გადახდა. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე შ.პ.ს. „ბ“-ს მოსარჩელე შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს 3 108 ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა მოსარჩელე შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 10 მარტის განჩინებით, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება.

6.10.1. აღნიშნულ განჩინებაში სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ კრედიტორი ითხოვს ხელშეკრულების შესრულებას (ე.წ. პირველადი მოთხოვნა) და არა მოვალის ქმედებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას (ე.წ. მეორადი მოთხოვნა). ამ მხრივ, მოსარჩელის სამართლებრივი პოზიცია დაუსაბუთებელი იყო, თუმცა ეს ვერ გახდებოდა სარჩელის უარყოფის საფუძველი. ამგვარი მიდგომა, გამომდინარეობს ერთგვაროვანი პრაქტიკიდან, რომლის თანახმადაც, მოთხოვნის საფუძვლის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა და მხარის მიერ სარჩელის დამფუძნებელ ნორმად კანონის ამა თუ იმ დანაწესის მითითება არ არის გადაწყვეტილების მიღების პროცესში სასამართლოსათვის ხელისშემშლელი.

6.10.2. უდავო იყო, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის საგნის მიღება ხელშეკრულების მოქმედების ვადაში შესთავაზა მოპასუხეს, მყიდველმა ნასყიდობის საგანი ნაწილობრივ მიიღო კიდეც, თუმცა დარჩენილი ნაწილის მიღებაზე უარი განაცხადა და აცნობა ეს 2018 წლის 10 იანვარს, მას შემდეგ რაც გამყიდველისაგან მიიღო ვალდებულების საგნის გადაცემაზე წერილი. ამასთან, უდავო გარემოებას წარმოადგენდა, რომ ხელშეკრულება შემსყიდველს არ შეუწყვეტია, არც საქმის მასალებით არ იყო დადგენილი იმგვარი წინაპირობები, რომლებიც სასამართლოს მიიყვანდა დასკვნამდე, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება მოიშალა. ხელშეკრულების იურიდიული ძალმოსილების პირობებში, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მე-2 ნაწილი წარმოადგენდა, რომელიც გამყიდველის უფლებადამცავი ნორმაა და ადგენს მყიდველის ვალდებულებას, მიიღოს საქონელი და გადაიხადოს ფასი. მართალია, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე საქონლის მიღების დავალდებულებას არ მოითხოვდა, არამედ მხოლოდ ფასის ანაზღაურება იყო მოთხოვნის საგანი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად, სასამართლო ამ ფარგლებს ვერ გასცდებოდა, თუმცა, ეს გარემოება მოპასუხის მდგომარეობას არ გააუარესებდა, რადგანაც, სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მას არ დაუკარგავს უფლება, გამყიდველისათვის მოეთხოვა ქონების გადაცემა (ს.უ.ს.გ. ას-1076-996-2017). აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატამ განმარტა, რომ ვინაიდან მხარეთა შორის უდავო იყო, რომ მყიდველმა საქონლის დარჩენილი ნაწილის მიღებაზე უარი დაუსაბუთებლად განაცხადა, ამასთანავე, ამ საქონლის ღირებულება, ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, 46 893 ლარია, მოპასუხეს/აპელანტს მართებულად დაეკისრა ამ თანხის მოსარჩელის სასარგებლოდ ანაზღაურება.

6.10.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 10 მარტის განჩინების მსჯელობა გაზიარებული იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 29 ნოემბრის განჩინებით, რომლითაც, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.

6.11. სააპელაციო სასამართლოს განსჯით, ზემოაღნიშნულ განჩინებაში მითითებული განმარტების თანახმად, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისთვის დაკისრებული 46 893 ლარი შეფასებული იქნა არა როგორც მიმწოდებლისათვის მიყენებული ზიანი, არამედ მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში, მისაწოდებელი საქონლის ღირებულება, რომლის გადახდის შემდგომაც, შემსყიდველი იქნებოდა უფლებამოსილი, მიეღო ამავე ღირებულების პროდუქცია.

6.12. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მითითებული გადაწყვეტილების შესაბამისად, მხარეებს წარმოეშვათ ურთიერთვალდებულება, რომლის ფარგლებშიც, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა შ.პ.ს. „ბ“-ის მიმართ შეასრულა ფულადი ვალდებულება 46 893 ლარის გადახდით, რაც დასტურდებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 დეკემბრის სააღსრულებო ფურცლით.

6.13. საქმეში წარმოდგენილი 2022 წლის 01 თებერვლის წერილით ირკვეოდა, რომ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა მიმართა შ.პ.ს. „ბ“-ს და მოითხოვა 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულების ფარგლებში დარჩენილი 46 893 ლარის ღირებულების მისაწოდებელი საქონლის განთავსების ადგილის შეტყობინება მისი დათვალიერების მიზნით. აღნიშნულზე შ.პ.ს „ბ“-მა 2022 წლის 08 თებერვლის წერილით უარი განაცხადა იმ საფუძვლით, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა გავიდა 2018 წლის 15 იანვარს და შ.პ.ს. „ბ“-ს არ ჰქონდა ვალდებულება შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისათვის მიეწოდებინა 46 893 ლარის საქონელი, რომლის მიღებაზეც თავის დროზე უარი იქნა გაცხადებული.

6.14. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, ვინაიდან შ.პ.ს. „ბ“-მა უარი განაცხადა ნასყიდობის საგნის გადაცემაზე, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ მისთვის გადაცემული ნასყიდობის თანხის - 46 893 ლარის დაკავების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.

6.15. სააპელაციო პალატის მითითებით, რადგან, ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს შ.პ.ს. „ბ“-ის სასარგებლოდ დაეკისრა 46 893 ლარის გადახდა, ხოლო შ.პ.ს. „ბ“-მა ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად დარჩენილი 46 893 ლარის ღირებულების საქონლის მიწოდებაზე უარი განაცხადა, ვლინდებოდა გადახდილი ნასყიდობის საფასურის უკან დაბრუნების წინაპირობა.

6.16. 2017 წლის 14 სექტემბერს შ.პ.ს. „ბ“-სა და შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 7.1 პუნქტის თანახმად, საქონლის მიწოდებას უზრუნველყოფდა მიმწოდებელი საკუთარი ხარჯებით, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ №1 დანართში მითითებული ვადებისა და პირობების შესაბამისად. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 7.6 პუნქტის თანახმად, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო, განეცხადებინა უარი დაგვიანებით მიწოდებული ან უხარისხო (წუნდებული) ან არასრული თანხმლები დოკუმენტაციის მქონე საქონლის პარტიის მიღებაზე. ხელშეკრულების 9.1 პუნქტის მიხედვით, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო, ხელშეკრულების 7.1 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გადაცილების შემთხვევაში, დაეკისრებინა მიმწოდებლისათვის პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,05%-ის ოდენობით. ხელშეკრულების 9.5 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ 7.1 ან/და 6.3 (მიმწოდებელი ვალდებული იყო, შეთანხმებული პირობების შესაბამისად საკუთარი სახსრებით თავად უზრუნველეყო საგარანტიო პერიოდში აღმოჩენილი ისეთი საქონლის ან საქონლის პარტიის შეცვლა, რომელიც არ იქნებოდა 6.2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისი) პუნქტებით გათვალისწინებული ვადების გადაცდენისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებდა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 1,5%-ს, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება ჰქონდა ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულება.

6.17. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა და შ.პ.ს. „ბ“-ს პირგასამტეხლოს სახით 3 108 ლარის გადახდა დაეკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

6.18. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 მარტის განჩინების თანახმად, მხარეთა შორის უდავო იყო, რომ მყიდველმა საქონლის დარჩენილი ნაწილის მიღებაზე უარი დაუსაბუთებლად განაცხადა. პალატამ ასევე მიუთითა, რომ საქონლის ღირებულება - 46 893 ლარი, შ.პ.ს. „ბ“-ისათვის ანაზღაურებული იყო.

6.19. საქმეში წარმოდგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 ოქტომბრის (საქმე N2/27281-18) გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ს.ს. „ს.კ.ჯ.ჰ–ი“-ს მოთხოვნა შ.პ.ს. „ბ“-ის და ა.შ–ძის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა.

6.20. სააპელაციო პალატამ საკასაციო სასამართლოს პრაქტიკაზე მითითებით, განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსი საბანკო გარანტიას განიხილავს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებას, რომელიც სხვა უზრუნველყოფის საშუალებებისგან განსხვავდება თავისი დამოუკიდებლობით - არააქცესორულობით, რაც გულისხმობს იმას, რომ ძირითადი ვალდებულება - ხელშეკრულება, რომლის უზრუნველსაყოფადაც საბანკო გარანტია გაიცა, გავლენას ვერ ახდენს ამ უკანასკნელზე. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 879-ე და 880-ე მუხლებზე და განმარტა, რომ საბანკო გარანტია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უზრუნველყოფის საშუალებაა, რომელიც გადაიხდება როგორც კომპენსაცია ძირითადი კონტრაქტის შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისას.

შესრულების გარანტიის (საბანკო გარანტიის ერთ-ერთი სახე) მთავარ მიზანს შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის კომპენსირება წარმოადგენს. მსგავსი გარანტია დამკვეთის მხრიდან საკონტრაქტო ფასის შესაბამისი სრული მომსახურების მიღებას და იმ დანაკარგის კომპენსაციას ემსახურება, რაც შეიძლება კონტრაქტის არასათანადო შესრულებით წარმოიშვას, ასევე, ფარავს იმ რისკს, რაც მიწოდებულ პროდუქციაში დეფექტების აღმოჩენასთან არის დაკავშირებული. ამდენად, შესრულების საბანკო გარანტია არასათანადო შესრულებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მაკომპენსირებელ საშუალებას წარმოადგენს.

6.21. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ვინაიდან საბანკო გარანტია ემსახურება მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების ვალდებულების შესრულებას, ხოლო კონკრეტულ შემთხვევაში, შესასრულებელი ვალდებულება იყო 46 893 ლარი, მოსარჩელის მიერ მიღებული საბანკო გარანტიის თანხის გათვალისწინებით, შემცირებული მოთხოვნის ფარგლებში (19 362.82 ლარი), შ.პ.ს. „ბ“-ს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა 27 530.16 ლარის გადახდა.

6.22. ამრიგად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ვლინდებოდა შ.პ.ს. „ბ“-ის სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც, უნდა გაუქმებულიყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულიყო ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდებოდა, ხოლო შ.პ.ს. „ბ”-ის შეგებებული სარჩელი სრულად დაკმაყოფილდებოდა.

7. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე შ.პ.ს. „ბ“-მა, იმ ნაწილში, რომლითაც შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და შ.პ.ს. „ბ“-ს მის სასარგებლოდ 27 530.16 ლარის გადახდა დაეკისრა. კასატორმა, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორი ასაჩივრებს წინამდებარე საქმეზე მოსამართლეების აცილების შუამდგომლობაზე უარის თქმის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 07 ნოემბრის საოქმო განჩინებასაც. შ.პ.ს. „ბ–“-ის საკასაციო საჩივრის პრეტენზიები ეფუძნება შემდეგს:

7.1. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლი და პრეიუდიციული მნიშვნელობა მიანიჭა ისეთ გარემოებებს, რომლებსაც ეს მნიშვნელობა არ უნდა მინიჭებოდა. პრეიუდიციულად უნდა შეფასებულიყო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები, რადგან სწორედ ეს გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და აღსრულდა.

7.2. კასატორის განმარტებით, 2019 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა საქონლის მიღებაზე უარის თქმით შ.პ.ს. „ბ“-ს მიაყენა 46 893 ლარის ოდენობის ზიანი და სწორედ ამ ზიანის ანაზღაურება დაეკისრა. შესაბამისად, ამავე თანხის კვლავ მოთხოვნა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მხრიდან უსაფუძვლოა.

7.3. კასატორი მიუთითებს, რომ 2021 წლის 10 მარტის განჩინებაში ასახული სამოტივაციო ნაწილის გასაჩივრების პროცესუალური შესაძლებლობა მას არ ჰქონდა, ვინაიდან აღნიშნული განჩინება მის სასარგებლოდ იქნა მიღებული. ამიტომ, ამ განჩინების მოტივებს მის წინააღმდეგ პრეიუდიციული მნიშვნელობა ვერ მიენიჭებოდა იმგვარად, რომ შეცვლილიყო 2019 წლის გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი შედეგი.

7.4. კასატორის პოზიციით, 2021 წლის 10 მარტის განჩინებაში სააპელაციო სასამართლომ მხოლოდ ის განმარტა, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს შესაძლოა ჰქონოდა პირველადი მოთხოვნა, ანუ ნასყიდობის საგნის გადაცემის მოთხოვნის უფლება. ამ მსჯელობიდან არ გამომდინარეობს დეპარტამენტის უფლება, მოეთხოვა თანხის დაბრუნება, მით უფრო მაშინ, როდესაც საქმის წარმოების ეტაპებზე შ.პ.ს. „ბ“-ი გამოხატავდა საქონლის მიწოდებით მორიგების სურვილს.

7.5. კასატორი ამტკიცებს, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა ამოიწურა 2018 წლის 15 იანვარს, რის შემდეგაც შ.პ.ს. „ბ“-ს აღარ ეკისრებოდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისათვის საქონლის მიწოდების ვალდებულება. მისი განმარტებით, საპატრულო პოლიციამ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში თავად განაცხადა უარი საქონლის მიღებაზე, რის გამოც, შემდგომ იმავე საქონლის მოთხოვნა უსაფუძვლოა.

7.6. კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია შ.პ.ს. „ბ“-ისათვის 46 893 ლარის დაბრუნების ვალდებულების არსებობა. მისი განმარტებით, აღნიშნული დასკვნა არ გამომდინარეობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 10 მარტის განჩინებაში განვითარებული მსჯელობიდან და უგულებელყოფს 2019 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს.

7.7. კასატორი სადავოდ ხდის მოსამართლეთა აცილების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებასაც. მისი განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 10 მარტის განჩინების მიღებაში მონაწილეობდნენ მოსამართლეები, რომლებმაც იმავე მხარეებს შორის არსებულ სამართალურთიერთობაზე უკვე გამოხატეს სამართლებრივი შეფასება, მათ შორის, მიუთითეს, რომ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს არ დაუკარგავს უფლება, შ.პ.ს. „ბ“-ისათვის მოეთხოვა ქონების გადაცემა. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული გარემოება ქმნიდა ობიექტურ ეჭვს ამავე მოსამართლეების მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით წინამდებარე დავის განხილვისას, ვინაიდან სწორედ ეს მსჯელობა დაედო საფუძვლად საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შემდგომ სარჩელს.

8. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა შეგებებული საკასაციო საჩივარი წარმოადგინა, რომლითაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის პრეტენზიები დაემყარა შემდეგს:

8.1. შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეამცირა შ.პ.ს. „ბ“-ისათვის დასაკისრებელი თანხა საბანკო გარანტიით მიღებული თანხის გათვალისწინებით. მისი პოზიციით, საბანკო გარანტიასთან დაკავშირებული მოთხოვნა დამოუკიდებელი იყო, 2019 წლის დავის ფარგლებში არ ყოფილა წარდგენილი და, ხანდაზმულობის გამო, წინამდებარე დავის ფარგლებში ვეღარ დაკმაყოფილდებოდა.

8.2. შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის პოზიციით, სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ ვერ დაასაბუთა, თუ რის საფუძველზე გაითვალისწინა მხარეთა საბოლოო ანგარიშსწორებისას საბანკო გარანტიით მიღებული თანხა. საბანკო გარანტიის მიზანი ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაა, ხოლო სააპელაციო სასამართლოს არ დაუდგენია ისეთი გარემოება, რომელიც აღნიშნული თანხის საბოლოო ანგარიშსწორებისას გათვალისწინებას გაამართლებდა.

8.3. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ შ.პ.ს. „ბ“-ის შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა საბანკო გარანტიის თანხის დაბრუნების ნაწილში ხანდაზმულია. მისი განმარტებით, შ.პ.ს. „ბ“-ს საბანკო გარანტიასთან დაკავშირებული მოთხოვნის წარდგენა შეეძლო 2018 წლის 14 თებერვლიდან, ხოლო შეგებებული სარჩელი სასამართლოში წარდგენილია 2022 წლის 7 ოქტომბერს, სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ.

8.4. შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მოცემული დავა არ ეხება 2019-2021 წლებში დასრულებული დავის ხელახლა განხილვას. წინამდებარე დავის საგანია უკვე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი შედეგის შეუსრულებლობა, კერძოდ, ის გარემოება, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა გადაიხადა 46 893 ლარი, ხოლო შ.პ.ს. „ბ“-მა შესაბამისი საქონლის გადაცემაზე უარი განაცხადა.

8.5. შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლზე მიუთითებს და აღნიშნავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტებისა და სამართლებრივი ურთიერთობის ხელახლა სადავოდ ქცევა დაუშვებელია. მისი განმარტებით, 2021 წლის 10 მარტის განჩინებით დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება ნასყიდობის სამართლებრივ რეჟიმს ექვემდებარება, შ.პ.ს. „ბ“-ის მოთხოვნა წარმოადგენდა ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნას და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, თანხის გადახდის შემდეგ, არ დაუკარგავს საქონლის მოთხოვნის უფლება.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივრები მიღებული იქნა წარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ისინი დაუშვებელია:

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

12. წარმოდგენილი საკასაციო და შეგებებული საკასაციო საჩივრების ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, ერთი მხრივ, მხარეთა შორის ადრე დასრულებული დავის ფარგლებში დადგენილი სამართლებრივი შედეგისა და მისთვის მინიჭებული პრეიუდიციული მნიშვნელობის მართებულება, კერძოდ, სწორად იქნა თუ არა განსაზღვრული, რომ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ შ.პ.ს. „ბ–“-ის სასარგებლოდ გადახდილი 46 893 ლარი წარმოადგენდა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფასს და არა ზიანის ანაზღაურებას, ხოლო, მეორე მხრივ, ვლინდებოდა თუ არა შ.პ.ს. „ბ“-ის სასარგებლოდ საბანკო გარანტიით მიღებული თანხის მხარეთა საბოლოო ანგარიშსწორებისას გათვალისწინების სამართლებრივი საფუძველი.

13. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს შ.პ.ს. „ბ“-ის საკასაციო პრეტენზიას, რომ სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე და 266-ე მუხლები არასწორად განმარტა და მხარეთა შორის ადრე დასრულებული დავის სამართლებრივ შედეგს არასწორი მნიშვნელობა მიანიჭა.

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მტკიცებას არ საჭიროებს ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ. ამავე კოდექსის 266-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი.

15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, წინასწარ დადგენილი ძალის მქონე ფაქტებად კანონმდებელი განიხილავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს და მხარეს მათ დასადასტურებლად მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულებისაგან ათავისუფლებს იმ შემთხვევაში, თუ სხვა სამოქალაქო საქმის განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ, ანუ პრეიუდიციული ძალის მქონედ ფაქტობრივი გარემოების მიჩნევისათვის, სავალდებულოა, არსებობდეს სამოქალაქო საქმეზე მიღებული, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების სუბიექტები სხვა სამოქალაქო საქმის მხარეებად უნდა გვევლინებოდნენ. პრეიუდიციულ ფაქტებში იგულისხმება ისეთი იურიდიულად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებითაც განსაზღვრულია მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები, რაც საფუძვლად დაედო გადაწყვეტილების გამოტანას. პრეიუდიციულობის შემოწმების დროს მნიშვნელობა ენიჭება როგორც იმ პროცესუალურ-სამართლებრივ კრიტერიუმებს, რომლითაც განისაზღვრება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ფორმალური მოთხოვნები, ასევე, ამ გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების შინაარსს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე, მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე, სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი. კანონიერ ძალაში შედის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილით დადგენილი მხოლოდ ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც, კანონის თანახმად, ასაბუთებენ, ამართლებენ სარეზოლუციო ნაწილს.

ეს საკითხი უნდა განისაზღვროს იმის მიხედვით, თუ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული, სასამართლოს მიერ დადგენილი რომელი ფაქტები ამართლებს სარეზოლუციო ნაწილში ჩამოყალიბებულ დასკვნებს. მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, პრეიუდიცია მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მიენიჭოს ფაქტს, თუკი, სწორედ მას დაეყრდნო გადაწყვეტილების იურიდიული შედეგი (სარეზოლუციო ნაწილი). პრაქტიკულად, ეს უნდა იყოს იურიდიული შედეგის განმაპირობებელი აუცილებელი ფაქტი. მატერიალური ასპექტი ნათლად წარმოაჩენს, რომ სასამართლომ უპირობოდ არ უნდა მიიღოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მიჩნეული ფაქტები, როგორც პრეიუდიციული ძალის მქონე.

ასეთი მიდგომა ემსახურება მართლმსაჯულების განხორციელებისას მიღებული სასამართლო აქტის სავალდებულო ძალის, ასევე, ამ აქტისადმი სანდოობის პრინციპის შენარჩუნებას და რაც მთავარია, განსაზღვრულობის პრინციპს (იხ. ს.უ.ს.გ. №ას-1181-2018,18.02.2021წ.).

16. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ იმავე მხარეებს შორის 2017 წლის 14 სექტემბრის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №188 ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით უკვე წარიმართა სასამართლო დავა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს შ.პ.ს. „ბ“-ის სასარგებლოდ დაეკისრა 46 893 ლარის გადახდა, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 10 მარტის განჩინებით, აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა. ამავე განჩინებით დადგენილია, რომ ხელშეკრულება შემსყიდველს არ შეუწყვეტია, არ გამოვლენილა მისი მოშლის სამართლებრივი წინაპირობები და შ.პ.ს. „ბ“-ის მოთხოვნა თავისი სამართლებრივი ბუნებით წარმოადგენდა ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნას.

17. კასატორი მიიჩნევს, რომ პრეიუდიციული მნიშვნელობა უნდა მინიჭებოდა მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 10 მარტის განჩინებაში განვითარებული მსჯელობა ვერ გახდებოდა წინამდებარე დავის გადაწყვეტის საფუძველი. აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს.

18. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 10 მარტის განჩინებით შეფასდა არა ახალი ფაქტობრივი გარემოება, არამედ იმავე სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნის სამართლებრივი ბუნება. სწორედ ამ შეფასებას დაეფუძნა სასამართლოს დასკვნა, რომ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისათვის 46 893 ლარის გადახდის დაკისრება გამომდინარეობდა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან, როგორც მყიდველის მიერ გადასახდელი ფასის გადახდის ვალდებულებიდან და არა ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტიდან. შესაბამისად, აღნიშნული მსჯელობა არ წარმოადგენს განყენებულ სამართლებრივ შეფასებას, იგი არის იმ სამართლებრივი შედეგის აუცილებელი საფუძველი, რომელმაც განსაზღვრა მხარეთა უფლება-მოვალეობები და განაპირობა სასამართლოს საბოლოო დასკვნა.

19. ამდენად, წინამდებარე დავაში აღარ არსებობს სამართლებრივი შესაძლებლობა, იმავე 46 893 ლარს მიენიჭოს განსხვავებული სამართლებრივი კვალიფიკაცია. ამის დაშვება ნიშნავს არა ცალკეული ფაქტობრივი გარემოების განსხვავებულ შეფასებას, არამედ იმ სამართლებრივი შედეგის ხელახალ გადახედვას, რომელიც კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტით უკვე დადგენილია. ასეთი მიდგომა ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლით განმტკიცებულ სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპს, რომლის მიზანია ერთხელ უკვე გადაწყვეტილი სამართლებრივი ურთიერთობის სტაბილურობის უზრუნველყოფა.

20. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, წინამდებარე დავაში მნიშვნელობა ენიჭება მხარეთა შორის ადრე დასრულებული დავის შედეგად დადგენილ შემდეგ ფაქტობრივსამართლებრივ გარემოებებს: ხელშეკრულება არ იყო შეწყვეტილი, შ.პ.ს. „ბ“-ის მოთხოვნა წარმოადგენდა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფასის გადახდის მოთხოვნას, ხოლო შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ 46 893 ლარის გადახდა იყო სწორედ ამ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება.

21. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მყიდველი ვალდებულია გადაიხადოს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ამრიგად, ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხარეთა ძირითადი ვალდებულებები ურთიერთდაკავშირებულია და თითოეული მათგანის შესრულება მეორე მხარის შესაბამისი შესრულების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს.

22. საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა შეასრულა დაკისრებული ვალდებულება და შ.პ.ს. „ბ“-ს გადაუხადა 46 893 ლარი. ამასთანავე, დადგენილია, რომ 2022 წლის 01 თებერვალს დეპარტამენტმა მოითხოვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული დარჩენილი საქონლის გადაცემა, ხოლო შ.პ.ს. „ბ“-მა 2022 წლის 08 თებერვლის წერილით უარი განაცხადა ვალდებულების შესრულებაზე იმ საფუძვლით, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა ამოწურული იყო.

23. საკასაციო პალატის განსჯით, აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შ.პ.ს. „ბ“-ს არ ჰქონდა მიღებული თანხის შენარჩუნების სამართლებრივი საფუძველი. საქმეზე დადგენილია, რომ 46 893 ლარი წარმოადგენდა ნასყიდობის ფასს, შესაბამისად, ამ თანხის მიღების შემდგომ, გამყიდველს წარმოეშვა საპასუხო ვალდებულება, გადაეცა ნასყიდობის საგანი. ამ ვალდებულების შესრულებაზე უარის პირობებში მიღებული თანხის შენარჩუნება ეწინააღმდეგება ნასყიდობის ხელშეკრულების ორმხრივად მავალდებულებელ ბუნებას.

24. ამ დასკვნას ვერ აქარწყლებს ის გარემოება, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2018 წლის 15 იანვარს ამოიწურა. ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლა თავისთავად არ აუქმებს იმ უფლებებსა და ვალდებულებებს, რომლებიც მის საფუძველზე უკვე წარმოიშვა და შემდგომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადასტურდა. პირიქით, სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილებით განისაზღვრა, რომ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ ფასის გადახდის შემდეგ შენარჩუნებული იყო მისი უფლება, მიეღო შესაბამისი საქონელი.

25. ასევე ვერ იქნება გაზიარებული კასატორის მითითება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 10 მარტის განჩინებაში განვითარებულ მსჯელობას მისთვის სავალდებულო ძალა არ გააჩნია, ვინაიდან აღნიშნული განჩინება მის სასარგებლოდ იყო მიღებული და მისი გასაჩივრების სამართლებრივი ინტერესი არ არსებობდა. სასამართლო აქტის სავალდებულო ძალა დამოკიდებული არ არის იმაზე, კონკრეტულ მხარეს გააჩნდა თუ არა მისი გასაჩივრების ინტერესი. მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შედის, მის საფუძველზე დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობა სავალდებულოა იმავე მხარეებს შორის შემდგომი დავების გადაწყვეტისას.

26. საფუძველს მოკლებულია აგრეთვე კასატორის პრეტენზია მოსამართლეთა აცილების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლემ არ შეიძლება განიხილოს საქმე ან მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, თუ ის პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არის სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში. ის გარემოება, რომ მოსამართლე მონაწილეობდა იმავე მხარეებს შორის სხვა დავის განხილვაში და ამ საქმის ფარგლებში სამართლებრივი შეფასება გააკეთა, თავისთავად არ წარმოადგენს მისი აცილების საფუძველს. მოსამართლის მიერ მართლმსაჯულების განხორციელებისას სამართლებრივი პოზიციის ჩამოყალიბება ვერ იქნება გაიგივებული წინასწარ ჩამოყალიბებულ შეხედულებასთან კონკრეტული დავის შედეგის მიმართ. აცილების საფუძვლის არსებობისათვის აუცილებელია ისეთი გარემოების მითითება, რომელიც ობიექტური დამკვირვებლის თვალშიც წარმოშობდა მოსამართლის მიუკერძოებლობის შესახებ საფუძვლიან ეჭვს. წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი კი, ასეთ გარემოებებს არ შეიცავს.

27. აღნიშნულიდან გამომდინარე, შ.პ.ს. „ბ“-ის საკასაციო საჩივარში წარმოდგენილი არგუმენტები არ მიუთითებს არც მატერიალური და არც საპროცესო სამართლის ნორმების ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის გადაწყვეტის შედეგზე ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობაზე.

28. რაც შეეხება შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შეგებებულ საკასაციო საჩივარს, მისი ძირითადი პრეტენზია უკავშირდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საბანკო გარანტიით მიღებული თანხის მხარეთა საბოლოო ანგარიშსწორებისას გათვალისწინების კანონიერებასა და აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებული ხანდაზმულობის საკითხს.

29. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლის მიხედვით, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ამავე კოდექსის 880-ე მუხლის თანახმად, საბანკო გარანტია უზრუნველყოფს პრინციპალის მიერ ბენეფიციარის მიმართ თავისი მოვალეობის სათანადო შესრულებას. საბანკო გარანტიის მიცემისათვის პრინციპალი უხდის გარანტს შეთანხმებულ საზღაურს. 881-ე მუხლის მიხედვით, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის ის გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე.

აღნიშნული მუხლების ნორმატიული შინაარსის მიხედვით, საბანკო გარანტია წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამოუკიდებელ საშუალებას, რომლის საფუძველზეც, გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა გარანტია. სწორედ აღნიშნული დამოუკიდებლობა განასხვავებს საბანკო გარანტიას ვალდებულების უზრუნველყოფის სხვა საშუალებებისაგან და განაპირობებს გარანტის ვალდებულების ავტონომიურ ხასიათს.

30. საკასაციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსი საბანკო გარანტიას განიხილავს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებას, რომელიც სხვა უზრუნველყოფის საშუალებებისგან განსხვავდება თავისი დამოუკიდებლობით - არააქცესორულობით, რაც გულისხმობს იმას, რომ ძირითადი ვალდებულება - ხელშეკრულება, რომლის უზრუნველსაყოფადაც საბანკო გარანტია გაიცა, გავლენას ვერ ახდენს ამ უკანასკნელზე (ს.უ.ს.გ. საქმე Nას-562-871-09, 20 ოქტომბერი, 2009 წელი; Nას-781-996-08, 17 მარტი, 2009 წელი). პრინციპალის ძირითადი ვალდებულების გაბათილება, შეწყვეტა ან სამართლებრივი ვითარების სხვაგვარი შეცვლა, თავისთავად არ გამოიწვევს საბანკო გარანტიის მოქმედების შეწყვეტას (ს.უ.ს.გ. საქმე Nას-749-709-2015, 25 სექტემბერი, 2015 წელი).

31. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საბანკო გარანტიის დამოუკიდებელი (არააქცესორული) ბუნება გულისხმობს გარანტსა და ბენეფიციარს შორის არსებული ვალდებულების ავტონომიურობას ძირითადი სახელშეკრულებო ურთიერთობისაგან. აღნიშნული თავისებურება უზრუნველყოფს ბენეფიციარის უფლებას, გარანტიით გათვალისწინებული პირობების არსებობისას, მიიღოს შესაბამისი თანხა გარანტისაგან ძირითადი ვალდებულების არსებობისა თუ შესრულების საკითხზე სასამართლო დავის დასრულების მოლოდინის გარეშე. სწორედ ამ მიზანს ემსახურება სამოქალაქო კოდექსის 881-ე მუხლით განმტკიცებული დამოუკიდებლობის პრინციპი.

32. ამავდროულად, საბანკო გარანტიის დამოუკიდებლობა არ ნიშნავს, რომ ბენეფიციარსა და პრინციპალს შორის საბოლოო ანგარიშსწორებისას მიღებული თანხის სამართლებრივი ბედი აღარ ექვემდებარება შეფასებას. დამოუკიდებლობის პრინციპი ვრცელდება გარანტისა და ბენეფიციარის ურთიერთობაზე და არა იმ საბოლოო მატერიალურსამართლებრივ ურთიერთობაზე, რომელიც პრინციპალსა და ბენეფიციარს შორის არსებობს. შესაბამისად, მას შემდგომ, რაც მხარეთა შორის დასრულებულია ძირითადი დავა და სასამართლოს მიერ განსაზღვრულია მათი საბოლოო უფლება-მოვალეობები, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს, არსებობს თუ არა ბენეფიციარის მიერ უკვე მიღებული თანხის შენარჩუნების სამართლებრივი საფუძველი.

33. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა 2018 წლის 16 თებერვალს საბანკო გარანტიის საფუძველზე მიიღო 19 425 ლარი. ამავდროულად, დადგენილია, რომ მოგვიანებით, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, დეპარტამენტმა შ.პ.ს. „ბ“-ს გადაუხადა 46 893 ლარი, როგორც ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის საფასური, ხოლო შემდგომ, საქონლის მიუწოდებლობის გამო, წინამდებარე საქმეში სწორედ აღნიშნული თანხის დაბრუნება მოითხოვა.

34. მოცემული ფაქტობრივი გარემოებები ცხადყოფს, რომ საბანკო გარანტიით მიღებული თანხა და წინამდებარე დავის ფარგლებში მოთხოვნილი თანხა ერთი და იმავე სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარეობს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად გაითვალისწინა აღნიშნული გარემოება მხარეთა საბოლოო ანგარიშსწორების განსაზღვრისას.

35. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას საბანკო გარანტიით მიღებული თანხის მხარეთა საბოლოო ანგარიშსწორებისას, შეგებებული მოთხოვნის შემცირებული ოდენობის ფარგლებში გათვალისწინების თაობაზე. აღნიშნული თანხის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი მიიღებდა 46 893 ლარს სრულად, მიუხედავად იმისა, რომ იმავე სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში უკვე მიღებული ჰქონდა საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხა.

36. რაც შეეხება შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის მითითებას საბანკო გარანტიის დამოუკიდებელ ბუნებაზე, როგორც უკვე აღინიშნა, დამოუკიდებლობის პრინციპი გამორიცხავს გარანტის მიერ ბენეფიციარისათვის გადახდაზე უარის თქმას ძირითადი ვალდებულების საფუძველზე, თუმცა იგი არ გამორიცხავს სასამართლოს უფლებამოსილებას, პრინციპალსა და ბენეფიციარს შორის საბოლოო ანგარიშსწორებისას, გაითვალისწინოს ბენეფიციარის მიერ უკვე მიღებული თანხა.

37. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს შეგებებული საკასაციო საჩივრის პრეტენზიას, რომ შ.პ.ს. „ბ“-ის შეგებებული მოთხოვნა საბანკო გარანტიით მიღებული თანხის ნაწილში ხანდაზმულია.

38. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო ამავე კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, ანუ იმ დროიდან, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ ხანდაზმულობის ვადის დაწყების განსაზღვრისათვის გადამწყვეტია მოთხოვნის წარმოშობის მომენტი.

39. შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს 2018 წლის 14 თებერვალს საბანკო გარანტიის გამოთხოვას და მიიჩნევს, რომ შ.პ.ს. „ბ“-ს სწორედ ამ დროიდან შეეძლო შესაბამისი მოთხოვნის სასამართლოში წარდგენა. ამ მსჯელობით, შეგებებული კასატორი ხანდაზმულობის ვადის დასაწყისს აიგივებს საბანკო გარანტიის გამოთხოვის ფაქტთან. თუმცა, წინამდებარე დავაში გადამწყვეტია არა ის, თუ როდის იქნა საბანკო გარანტია გამოთხოვილი, არამედ ის, თუ როდის წარმოიშვა მხარეთა შორის საბოლოო ანგარიშსწორების საკითხი.

40. განსახილველ შემთხვევაში, შ.პ.ს. „ბ“-ის შეგებებული მოთხოვნა არ ეფუძნება იმ გარემოებას, რომ 2018 წლის 14 თებერვალს საბანკო გარანტიის გამოთხოვა არამართლზომიერი იყო ან იმ დროისათვის ბენეფიციარს მისი მიღების უფლება არ ჰქონდა. მოთხოვნა უკავშირდება შემდგომ განვითარებულ ვითარებას, როდესაც კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტებით განსაზღვრული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა გადაიხადა ნასყიდობის ფასი, მოითხოვა საპასუხო შესრულება, ხოლო მისი მიუღებლობის შემდეგ სადავო გახდა მხარეთა შორის საბოლოო ფულადი ანგარიშსწორება, რომლის ფარგლებშიც შეფასებას დაექვემდებარა საბანკო გარანტიით მიღებული თანხის გათვალისწინების საკითხი.

41. ამრიგად, შეგებებული საკასაციო საჩივრის პრეტენზია, რომ ხანდაზმულობის ვადის დენა 2018 წლის 14 თებერვლიდან უნდა დაწყებულიყო, უსაფუძვლოა. მოცემულ შემთხვევაში, ხანდაზმულობის ვადის დასაწყისის განსაზღვრისათვის მნიშვნელობა აქვს არა საბანკო გარანტიის გამოთხოვის თარიღს, არამედ იმ მომენტს, როდესაც მხარეთა შორის შემდგომ განვითარებული სახელშეკრულებო ურთიერთობისა და კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგების საფუძველზე წარმოიშვა საბოლოო ანგარიშსწორების საკითხი.

42. კასატორებმა ვერ შეძლეს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლიეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლეს მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორები მიუთითებენ. საკასაციო საჩივრის/შეგებებული საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის/შეგებებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მათი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

43. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან კანონის საფუძველზე.

44. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან შ.პ.ს. „ბ“-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% - 964 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ.პ.ს. „ბ“-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. შ.ს.ს. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შეგებებული საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

3. შ.პ.ს. „ბ“-ს (ს/ნ .........) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის -1377 ლარის (საგადახდო დავალება № 27626563840, გადახდის თარიღი: 03.06.2025წ, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „საქართველოს ბანკი“) 70% – 964 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი