დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
19 მარტი 2025 წელი
№ას-1602-2023 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - მ.ჭ–ი
მოწინააღმდეგე მხარე - ს.ს. „ს.ბ–ი“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ს.ს. „ს.ბ–მა“ (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, “მოწინააღმდეგე მხარე“) სარჩელით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე მ.ჭ–ის (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „აპელანტი“, „კასატორი“) მიმართ 9 926.45 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით.
სარჩელის საფუძვლები:
2.1. მ.ჭ–ს ს.ს. „ს.ბ–ში“ გახსნილი აქვს ანგარიში. იგი სარგებლობდა საერთაშორისო საგადამხდელო სისტემა მასტერქარდში ჩართული პლასტიკური ბარათით. 2017 წელს მოპასუხე საიტ x.trade-ის საშუალებით ვაჭრობდა აქციებით ბირჟაზე და კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან თანხას ურიცხავდა ბროკერ C. T.G.L-ს. მოპასუხეს ბროკერის ანგარიშზე ჩარიცხული აქვს ჯამურად 29 367 აშშ დოლარი.
2.2. 2017 წლის ოქტომბერში მ.ჭ–მა მიმართა ს.ს. „ს.ბ–ს“, მოითხოვა ჩარჯბექის პროცედურის წამოწყება და C. T.G.L-ისათვის გადარიცხული თანხის დაბრუნება იმ მოტივით, რომ ბროკერს არ ჰქონდა სათანადო ლიცენზია. ბანკის მხრიდან მოხდა ოპერაციების გაპროტესტება ჩარჯბექის მეთოდით, გაპროტესტებული თანხა 29 367 აშშ დოლარის ოდენობით დაბრუნდა და ჩაირიცხა კლიენტის ანგარიშზე 2017 წლის 14 დეკემბერს. მასტერქარდის წესების მიხედვით, თანხა 45 დღე ე.წ. ბლოკში იმყოფებოდა, რადგან ამ ვადაში შესაძლებელია, პრეტენზიის მიმღებმა ბანკმა წარადგინოს ტრანზაქციის მართებულობის შესახებ მტკიცებულებები. ამ ვადაში მერჩანტის მიერ გასაჩივრდა მოპასუხის ანგარიშზე თანხის გადარიცხვა და არბიტრაჟის გადაწყვეტილების საფუძველზე თანხის ნაწილზე 19 440 აშშ დოლარზე მოიხსნა ბლოკი, საიდანაც 19 428.72 აშშ დოლარი მოპასუხემ ანგარიშიდან განკარგა 2018 წლის 26 იანვარს.
2.3. დაბრუნებული თანხის ნაწილი - 9927 აშშ დოლარი კვლავ დაბრუნდა მერჩანტის ანგარიშზე, რადგან მან გააპროტესტა თავდაპირველი ჩარჯბექი. თავის მხრივ, მ.ჭ–მა კვლავ წარადგინა მასტერქარდის სისტემაში 9927 აშშ დოლარის დაბრუნების მოთხოვნა, რის საფუძველზეც თანხა მის საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხა 2018 წლის 9 თებერვალს. ბანკს არ ჰქონდა უფლება, 45 დღის ვადის გასვლის შემდეგ ანგარიშზე დარჩენილი 9 927 აშშ დოლარი დაებლოკა, რის გამოც ამ ვადის გასვლის შემდეგ თანხას მოხსნა ბლოკი და მოპასუხემ შეძლო თანხის გატანა 2018 წლის 26 მარტს.
2.4. მასტერქარდის 2018 წლის 25 მაისის საბოლოო გადაწყვეტილებით სადავო თანხის ჩარჯბექი გაუქმდა, ვინაიდან მოპასუხეს არ ჩამოჭრია თაღლითური გზით 9 927 აშშ დოლარი. მასტერქარდის წესების მიხედვით, კომერციული დანიშნულებით გადარიცხულ თანხაზე ჩარჯბექის წესები არ ვრცელდება, რის გამოც, მასტერქარდის მოთხოვნით, მ.ჭ–ის მიერ გამოყენებული თანხა - 9 927 აშშ დოლარი -მოსარჩელე ბანკმა დაუბრუნა მერჩანტს 2018 წლის 26 მაისს.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მას ბანკთან საკრედიტო ურთიერთობა არ ჰქონდა, არამედ ბანკი მას უწევდა საბანკო მომსახურებას მის საბანკო ანგარიშთან დაკავშირებით. 2017 წელს, იგი პირადად აქციებით არ ვაჭრობდა, ხელშეკრულების საფუძველზე მისი თანხით ვაჭრობდა ბროკერი Compass in Trade და აქციების შესაძენი თანხა მას ჩაურიცხა ს.ს. „ს.ბ“-ს მასტერქარდის ბარათით. ბროკერი აღმოჩნდა თაღლითური ორგანიზაცია, იგი იყენებდა ყალბ, არარსებულ ლიცენზიის ნომერს, რის გამოც მას არ ჰქონდა ბირჟაზე ვაჭრობის უფლება. ამ საკითხზე მოპოვებული მტკიცებულებებით მოპასუხემ მიმართა მასტერქარდს დახმარებისათვის. კერძოდ, მასტერქარდის წესების მიხედვით, ჩარჯბექის განსახორციელებლად მიმართა ს.ს. „ს.ბ–ს“. მოპასუხის განმარტებით, მან სრულად გაასაჩივრა 29 367 აშშ დოლარის ტრანზაქცია. გასაჩივრებული თანხა უაქცეპტოდ დაბრუნდა მის ანგარიშზე და განხილვის ვადის - 45 დღის განმავლობაში იმყოფებოდა ბლოკში. ამ დროის გასვლის შემდეგ თანხის ნაწილი - 19 440 აშშ დოლარი, მან გაიტანა ანგარიშიდან, ხოლო 9 927 აშშ დოლარი ავტომატურად ჩამოიჭრა ანგარიშიდან და დაუბრუნდა მიმღებ ბანკს. ამას დაემატა საკომისიო 500 აშშ დოლარი. მოპასუხის განმარტებით, სადავო ტრანზაქციის თანხის ნაწილზე მან მასტერქარდის არბიტრაჟში დავა ვერ მოიგო. ავტომატური დამინუსება საკომისიოს ჩათვლით ასახულია მისი ანგარიშის ამონაწერშიც. მას ჰქონდა განმეორებით გასაჩივრების უფლება, რის გამოც მიმართა მასტერქარდის არბიტრაჟს. გასაჩივრების მეორე ეტაპზე სადავო თანხა ისევ დაბრუნდა მის ანგარიშზე და იმყოფებოდა ბლოკში 45 დღე. ამ ვადის გასვლის შემდეგ თანხა დარჩა მოპასუხის ანგარიშზე და არ დაბრუნდა უკან, არ დამინუსდა. თავად ბანკის თანამშრომლის თანხმობით ანგარიშიდან გამოიტანა სარჩელით სადავო თანხა. მოპასუხის განმარტებით, მას ბანკის მიმართ დავალიანება გაუჩნდა თანხის არქონის გამო, მაგრამ ეს თანხა თავად მოსარჩელის თანხმობით აიღო. ამ თანხის გამო იგი ედავებოდა არა ბანკს, არამედ საბროკერო ფირმას და თანხა არის მისი საკუთრება. თანხის გატანიდან 1 წლის შემდეგ ბანკმა მას აცნობა, რომ მასტერქარდის არბიტრაჟში საბოლოოდ ჩარჯბექის პრეტენზია არ დაკმაყოფილდა, თუმცა გაურკვეველია მან რა პროცესი წააგო. ამონაწერში არ ფიქსირდება გასაჩივრებული თანხის უკან დაბრუნება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით ს.ს. „ს.ბ“-ს სარჩელი დაკმაყოფილდა და მ.ჭ–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 9 926.45 აშშ დოლარის გადახდა.
5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხე მხარემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
7. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია დავისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
7.1. მ.ჭ–ს ს.ს. „ს.ბ–ში“ გახსნილი აქვს საბანკო ანგარიში და სარგებლობს პლასტიკური ბარათით, რომლითაც ანგარიშსწორება ხდება საერთაშორისო საგადამხდელო სისტემის Mastercard-ის მეშვეობით
7.2. 2017 წლის განმავლობაში მ.ჭ–ი საბანკო ანგარიშიდან თანხას ურიცხავდა ბროკერს C. T.G.L-ს, რომლის მეშვეობით ვაჭრობდა საერთაშორისო ბირჟაზე. ბროკერს თანხას ურიცხავდა ჩეხეთის რესპუბლიკაში არსებულ საბანკო ანგარიშზე, ბანკში - CESKOSLOVENSKA OBCHORNI BANKA. გადარიცხვის დანიშნულებაა trading service. 2017 წლის 31 აგვისტოდან 2017 წლის 15 სექტემბრამდე პერიოდში მოპასუხეს ბროკერის ანგარიშზე ჩარიცხული აქვს ჯამურად 29 367 აშშ დოლარი.
7.3. 2017 წლის ოქტომბერში მ.ჭ–მა მიმართა ს.ს. „ს.ბ–ს“ და მოითხოვა ჩარჯბექის პროცედურის წამოწყება და C. T.G.L-ისათვის გადარიცხული თანხის დაბრუნება იმ მოტივით, რომ ბროკერს არ ჰქონდა სათანადო ლიცენზია.
7.4. ს.ს. „ს.ბ–ი“-ს მიერ მასტერქარდის სისტემაში წარდგენილი პრეტენზიის საფუძველზე, მ.ჭ–ის მიერ ს.ს. „ს.ბ–ში“ გახსნილ ანგარიშზე, 2017 წლის 14 დეკემბერს დაუბრუნდა ჯამში 29 367 აშშ დოლარი 8 ტრანზაქციის გზით, კერძოდ: 4 400 აშშ დოლარი, 5 000 აშშ დოლარი, 2 000 აშშ დოლარი, 5 000 აშშ დოლარი, 5 000 აშშ დოლარი, 500 აშშ დოლარი, 5 000 აშშ დოლარი, 2 427 აშშ დოლარი.
7.5. 2017 წლის 29 დეკემბერს მ.ჭ–ის საბანკო ანგარიშიდან ჩამოიჭრა 9 423.25 აშშ დოლარი და დაუბრუნდა ბროკერს. 2018 წლის 26 იანვარს მ.ჭ–მა ს.ს. „ს.ბ–ში“ არსებული საბანკო ანგარიშიდან გაიტანა ჩარჯბექის გზით დაბრუნებული თანხიდან 19 428.72 აშშ დოლარი.
7.6. 2018 წლის 09 თებერვალს ს.ს. „ს.ბ–ში“ მ.ჭ–ის საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხა 9 927.72 აშშ დოლარი, დანიშნულებით გაპროტესტებული თანხის დაბრუნება; 2018 წლის 26 მარტს მ.ჭ–მა ს.ს. „ს.ბ–ი"-დან გამოიტანა ჩარჯბექის მეშვეობით დაბრუნებული თანხა 9 927.72 აშშ დოლარი.
7.7. 2018 წლის 28 მაისს გამოცემულია მედიატორის მემო – კონფიგურაცია 1, რომელიც შემდეგი შინაარსისაა: ჩვენ დავასრულეთ ზემოაღნიშნული საარბიტრაჟო საქმის განხილვა და გამოვავლინეთ ICA 16060 პასუხისმგებლობა სადავო თანხაზე. ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება იმ ფაქტს, რომ თავდაპირველი ჩარჯბექი, რომლის დროსაც გამოყენებული იქნა მიზეზის კოდი 4853 (ბარათის მფლობელის დავა) იყო არასწორი. ბარათის მფლობელის დავის მოთხოვნები (იხილეთ ჩარჯბექის სახელმძღვანელოს თავი 2) ზღუდავს ინვესტიციებთან სავალუტო გაცვლით ანგარიშებთან და მსგავს დავასთან დაკავშირებული კონკრეტული ჩარჯბექის დამუშავებისას. ისინი აღიარებენ, რომ როდესაც თანხები იტვირთება ინვესტიციაში, სავალუტო გაცვლაში ან მსგავსი ტიპის ანგარიშებში Mastercard მომსახურება ითვლება აღწერის შესაბამისად შესრულებულებად. როგორც ასეთი, გამცემები არ არიან უფლებამოსილნი დაამუშაონ ბარათის მფლობელის დავა აღნიშნულთან დაკავშირებით და ანგარიშთან დაკავშირებით და ანგარიშთან დაკავშირებული სხვა მომსახურებები. ეს მომსახურებები მოიცავს და არა მხოლოდ ანგარიშის ნაშთის გამოტანას და სავაჭრო/საინვესტიციო გადაწვეტილებებს. Mastercard არ ითვალისწინებს ამგვარ ოპერაციებთან დაკავშირებულ პირობებს. ეს მოთხოვნები ძალაშია 2017 წლის 21 აპრილს ან მის შემდგომ დამუშავებული ჩარჯბექებისათვის და გამოცხადებული იქნა 2016 წლის 3 ოქტომბრის №19 გლობალურ საოპერაციო ბიულეტენში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ ბათილად ვთვლით როგორც პირველად ჩარჯბექს, ასევე, შემდგომ საარბიტრაჟო ჩარჯბექს. მედიატორის მემო კონფიგურაციებს ერთვის ჩანაწერები საარბიტრაჟო საქმეზე №1087765, საქმეზე №1087766, საქმეზე №1087767, საქმეზე №1087768. ყველა საქმეზე ჩარჯბექის მიზეზის კოდია 4853 (1. საქმეზე №1087765 სადავო თანხაა 500 აშშ დოლარი. შემძენის საცნობარო მონაცემები – 85555277547220731223768939. ჩარჯბექის რეფერენს ნომერი 1000008701. ICA-ს რეგისტრაცია – 15403. ICA-ს საწინააღმდეგო რეგისტრაცია – 16060. რეგისტრაციის და რეგიონის წინააღმდეგ რეგისტრაცია – EU. გამყიდველის სახელი – Alliance/Boundary hous. მომხმარებლის ID-ით წარდგენა – P101793. წარდგენის თარიღი 2018 წლის 23 თებერვალი. უარყოფილია მომხმარებლის ID-ის მიერ – AUTO. უარყოფის თარიღი – 2018 წლის 30 მარტი. ესკალაციის თარიღი – 2018 წლის 20 მარტი. საარბიტრაჟო განხილვის თაობაზე განჩინების თარიღი – 2018 წლის 25 მაისი; 2) საქმეზე №1087766 სადავო თანხაა 4253.89 ევრო. შემძენის საცნობარო მონაცემები – 85265717243734237508737. ჩარჯბექის რეფერენს ნომერი 1000008702. ICA-ს რეგისტრაცია – 15403. ICA-ს საწინააღმდეგო რეგისტრაცია – 16060. რეგისტრაციის და რეგიონის წინააღმდეგ რეგისტრაცია – EU. გამყიდველის სახელი – Compass/Boundary Hous. მომხმარებლის ID-ით წარდგენა – P101793. წარდგენის თარიღი 2018 წლის 23 თებერვალი. უარყოფილია მომხმარებლის ID-ის მიერ – AUTO. უარყოფის თარიღი – 2018 წლის 30 მარტი. ესკალაციის თარიღი – 2018 წლის 20 მარტი. საარბიტრაჟო განხილვის თაობაზე განჩინების თარიღი – 2018 წლის 25 მაისი; 3) საქმეზე №1087767 სადავო თანხაა 4 064.84 ევრო. შემძენის საცნობარო მონაცემები – 85265717243734237508560. ჩარჯბექის რეფერენს ნომერი 1000008703. ICA-ს რეგისტრაცია – 15403. ICA-ს საწინააღმდეგო რეგისტრაცია – 16060. რეგისტრაციის და რეგიონის წინააღმდეგ რეგისტრაცია – EU. გამყიდველის სახელი – Compass/Boundary Hous. მომხმარებლის ID-ით წარდგენა – P101793. წარდგენის თარიღი 2018 წლის 23 თებერვალი. უარყოფილია მომხმარებლის ID-ის მიერ – AUTO. უარყოფის თარიღი – 2018 წლის 30 მარტი. ესკალაციის თარიღი – 2018 წლის 20 მარტი. საარბიტრაჟო განხილვის თაობაზე განჩინების თარიღი – 2018 წლის 25 მაისი; 4) საქმეზე №1087768 სადავო თანხაა 1 701.55 ევრო. ანგარიშის ნომერი 5167-4606-2334-2189. შემძენის საცნობარო მონაცემები – 8526571744734238871495. ჩარჯბექის რეფერენს ნომერი 1000008704. ICA-სრეგისტრაცია – 15403. ICA-ს საწინააღმდეგო რეგისტრაცია – 16060. რეგისტრაციის და რეგიონის წინააღმდეგ რეგისტრაცია – EU. გამყიდველის სახელი – Compass/Boundary Hous. მომხმარებლის ID-ით წარდგენა – P101793. წარდგენის თარიღი 2018 წლის 23 თებერვალი. უარყოფილია მომხმარებლის ID-ის მიერ – AUTO. უარყოფის თარიღი – 2018 წლის 30 მარტი. ესკალაციის თარიღი – 2018 წლის 20 მარტი. საარბიტრაჟო განხილვის თაობაზე განჩინების თარიღი – 2018 წლის 25 მაისი; 5) საქმეზე №1087767 სადავო თანხაა 2 064.84 ევრო. შემძენის საცნობარო მონაცემები - 85265717243734237508560. ჩარჯბექის რეფერენს ნომერი 1000008703. ICA-ს რეგისტრაცია – 15403. ICA-ს საწინააღმდეგო რეგისტრაცია – 16060. რეგისტრაციის და რეგიონის წინააღმდეგ რეგისტრაცია – EU. გამყიდველის სახელი – Compass/Boundary Hous. მომხმარებლის ID-ით წარდგენა – P101793. წარდგენის თარიღი 2018 წლის 23 თებერვალი. უარყოფილია მომხმარებლის ID-ის მიერ – AUTO. უარყოფის თარიღი – 2018 წლის 30 მარტი. ესკალაციის თარიღი – 2018 წლის 20 მარტი. საარბიტრაჟო განხილვის თაობაზე განჩინების თარიღი – 2018 წლის 25 მაისი).
7.8. მასტერქარდის საარბიტრაჟო განხილვის ფარგლებში, მ.ჭ–ის პრეტენზიის საპასუხოდ, კომპანია N.S-ის მიერ გაგზავნილია წერილები. წერილებში აღნიშნულია, რომ კომპანია N. L. გასცემს MT5 და ΜΤ4 ლიცენზიას და ახორციელებს საანგარიშსწორებო მომსახურებას. კომპანია ასევე თანამშრომლობს სხვადასხვა კომპანიებთან, მათ შორის, C. T.G.L-თან და უწევს მათ სათანადო მომსახურებას. მ.ჭ–ის პრეტენზიის პასუხად, კომპანია C. T.G.L აცხადებს, რომ აღნიშნულ კლიენტს გაეწია მომსახურება სრულად და სათანადოდ, რის დასტურადაც წარადგინა კლიენტის სავაჭრო ანგარიშიდან ნაშთის ამონაწერი. კლიენტმა ბაზარზე გაიტანა საკუთარი სახსრები და დაკარგა ინვესტირებული კაპიტალი, ვინაიდან განიცადა ზარალი. შესაბამისად, შეუძლებელია სავაჭრო ანგარიშიდან რაიმე თანხების გამოტანა. N.S წერილში აღნიშნავს, რომ მ.ჭ–მა C. T.G.L-ის მეშვეობით პირადად განახორციელა 10 სადეპოზიტო ოპერაცია (56 667 აშშ დოლარი ოდენობით) საკუთარ სავაჭრო ანგარიშზე სავაჭრო ოპერაციების წარმოების მიზნით. აღნიშნული ფაქტი ადასტურებს, რომ კლიენტი აღნიშნულ დეპოზიტს ახორციელებდა პირადად. მ.ჭ–მა სრულად ისარგებლა მის მიერ ანაზღაურებული მომსახურებით. კერძოდ, განახორციელა ოპერაციები C. T.G.L-ის მიერ ამ მიზნით გახსნილ სავაჭრო ანგარიშზე №504126/504914, რაც დასტურდება მ.ჭ–ის სავაჭრო ანგარიშიდან ამონაწერით, ასევე, სავაჭრო ანგარიშებიდან ამონაწერით განხორციელებული ოპერაციების IP მისამართების მითითებით, რომლებიც ზუსტად ემთხვევა „იცნობდე შენს კლიენტს“ დოკუმენტებში მითითებულ კლიენტის მისამართს.
N.S. Limited წერილში აღნიშნავს, რომ კომპანიის თანამშრომელთან საუბრისას, კლიენტმა დაადასტურა, რომ მიიღო მომსახურება კომპანიისაგან და მისთვის მისაღებია მისი ხარისხი. ამის დასტურად წერილში მითითებულია 2017 წლის 13 დეკემბრის საუბრის შინაარსიდან ამონაწერი, რომელშიც მ.ჭ–ი კმაყოფილებას გამოთქვამს Compass in Trade-ის მიერ გაწეული მომსახურებით (ტომი 1; ს.ფ. 166-202; N.S Limited -ის წერილების ასლები).
7.9. 2018 წლის 26 მაისს, MasterCard-ის სისტემის მეშვეობით ს.ს. „ს.ბ–ს“ გაეგზავნა 4 საგადახდო მოთხოვნა MasterCard Incoming Fees. დოკუმენტებში მითითებულია სისტემური დამუშავების მონაცემები – 2018-05-26. ფუნქციის კოდი 700, შეტყობინების მიზეზის კოდი 7800; ძირითადი ანგარიშის ნომერი, რაც მ.ჭ–ის საბანკო ანგარიშის ნომერია; დამუშავების კოდი 190000; შემძენის კოდი 85265717243734237508537.ოპერაციის თანხა 4253.89 ევრო. მორიგების თანხა 4253.89 ევრო. შეტყობინების ნომერი 000001272. მონაცემთა ჩანაწერი MCOM-0016060 MZ- CASE ID 1087766 978. დანიშნულების დაწესებულების ID 016060. წარმოშობის დაწესებულების ID 015403. ფაილის ID 0011805260000001606004401. მეორე საგადახდო დოკუმენტში მითითებულია შემძენის კოდი 85265717243734237508560. ოპერაციის თანხა 2064.84 ევრო. მორიგების თანხა 2064.84 ევრო. შეტყობინების ნომერი 00001273. MCOM-0016060 MZCASE ID 1087767 978. დანიშნულების დაწესებულების ID 016060. წარმოშობის დაწესებულების ID 015403. ფაილის ID 0011805260000001606004401. მესამე საგადახდო დოკუმენტში მითითებულია შემძენის კოდი 85265717244734238887195. ოპერაციის თანხა 1701.55 ევრო. მორიგების თანხა 1701.55 ევრო. შეტყობინების ნომერი 00001274. MCOM-0016060 MZ-CASE ID 1087768 978. დანიშნულების დაწესებულების ID 016060. წარმოშობის დაწესებულების ID 015403. ფაილის ID 0011805260000001606004401. მეოთხე საგადახდო დოკუმენტში მითითებულია შემძენის კოდი 85277547220731223768939. ოპერაციის თანხა 50 აშშ დოლარი. მორიგების თანხა 50 აშშ დოლარი. შეტყობინების ნომერი 00001271. მონაცემთა ჩანაწერი MCOM-0016060 MZ-CASE ID 1087765 840 500.00. დანიშნულების დაწესებულების ID 016060. წარმოშობის დაწესებულების ID 015434. ფაილის ID 0011805260000001606004401. საგადახდო დოკუმენტებში მითითებულია ჯამური თანხა 8056.28 ევრო.
8. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სააპელაციო პალატამ მისცა შემდეგი სამართლებრივი შეფასება:
8.1. მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394.1. და 395-ე მუხლები წარმოადგენს. მოსარჩელე და მოპასუხე საბანკო სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ მოპასუხეს ს.ს. „ს.ბ–ში“ გახსნილი ჰქონდა საბანკო ანგარიში და სარგებლობდა პლასტიკური ბარათით, რომელიც ჩართული იყო საერთაშორისო საგადამხდელო სისტემაში MasterCard.
8.2. ეროვნული ბანკის ბრძანების (საბანკო ბარათების გაცემის და ბარათით ფულადი ანგარიშსწორების წესები 2020 წლის 09 თებერვლამდე რეგლამენტირებული იყო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 16 მაისის №38/04 ბრძანებით დამტკიცებული „საგადახდო ბარათების შესახებ დებულებით“) მიხედვით, საბანკო ბარათით სარგებლობა სახელშეკრულებო ურთიერთობა იყო, რის გამოც სადავო ურთიერთობაზე ვრცელდებოდა ბანკის მიერ დადგენილი სტანდარტული სახელშეკრულებო პირობები.
8.3. მ.ჭ–ი ბანკში გახსნილ საბანკო ანგარიშს იყენებდა როგორც საყოფაცხოვრებო ხარჯების დასაფარად, ისე კომერციული ტრანზაქციების შესრულებისათვის. სადავო ჩარჯბექით გაპროტესტებული ტრანზაქციით მან თანხა უცხოეთში საბროკერო კომპანიას გადაურიცხა საერთაშორისო სავაჭრო ბირჟაზე მისი სახელით ვაჭრობაში მონაწილეობისათვის, იგი საბანკო ანგარიშს სამეწარმეო მიზნებისათვის იყენებდა.
8.4. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოპასუხეზე ვრცელდებოდა სამოქალაქო კოდექსის 343-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა, რომლის თანახმად, თუ ხელშეკრულების მეორე მხარე არის მეწარმე, ხელშეკრულებათა სტანდარტული პირობები ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად იქცევა მაშინ, როცა მას საქმიან ურთიერთობებში აუცილებელი გულისხმიერების გამოჩენისას ეს უნდა გაეთვალისწინებინა. დავის არსიდან და მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, მოპასუხე იცნობდა სტანდარტულ სახელშეკრულებო პირობებს, რადგან სადავო არ იყო, რომ მან თავად მოსთხოვა ბანკის მიერ უცხოეთში გადარიცხული თანხის გაპროტესტება და ჩარჯბექის პროცედურის წამოწყება. შესაბამისად, მან როგორც კლიენტმა, მოითხოვა ისეთი საბანკო მომსახურების მიღება, რაც გათვალისწინებულია არა საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ, არამედ საერთაშორისო საგადამხდელო სისტემის წესებით. ჩარჯბექის გარკვეული პირობები ასევე დადგენილია ბანკის სტანდარტული სახელშეკრულებო პირობებით.
8.5. ხელშეკრულების 3.4.25. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების დადებით კლიენტი უფლებამოსილებას ანიჭებს ბანკს, ჩამოჭრას კლიენტის ნებისმიერი ანგარიშიდან ნებისმიერი თანხა, რაც ბანკმა გადაიხადა ან გაიღო ნებისმიერი დავალების შესაბამისად, რაც მოიცავს ყველა მომსახურების ხარჯს ანგარიშების მართვასთან და კლიენტის დავალების შესაბამისად განხორციელებულ ოპერაციებთან დაკავშირებით. 3.32 პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ Visa, Masrecard ან Amex საერთაშორისო წესებითა და ბანკში დადგენილი პროცედურის შესაბამისად დადგინდება, რომ კლიენტი ვალდებულია ბანკს დაუბრუნოს Chargeback-ის სახით ჩარიცხული თანხა, თანხის დაბრუნება უნდა განხორციელდეს მოთხოვნიდან 5 საბანკო დღის ვადაში. 3.33 პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ზემოთაღნიშნულ ვადაში არ განხორციელდება Chargeback-ის სახით ჩარიცხული თანხის დაბრუნება, ბანკი უფლებამოსილია კლიენტის დამატებითი თანხმობის და აქცეპტის, აგრეთვე კლიენტისათვის შეტყობინების გაგზავნის გარეშე უნივერსალურ ანგარიშზე დაუშვას ოვერდრაფტი Chargeback-ით ჩარიცხული თანხის ოდენობით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. ხელშეკრულების სტანდარტული პირობების 7.7 პუნქტის მიხედვით, კლიენტი აცხადებს, რომ აანაზღაურებს იმ ზიანს, რაც წარმოიშვა საბანკო მომსახურების გამოყენების შედეგად, ასევე გათვალისწინებულია ზიანის ანაზღაურება იმ შემთხვევაში, თუ მოხდება საბანკო მომსახურების ნაწილობრივ ან სრულად გაუქმება. ამდენად, ხელშეკრულების სტანდარტული პირობების მიხედვით, კლიენტი ვალდებულია ბანკს დაუბრუნოს ჩარჯბექით არასწორად დაბრუნებული თანხა.
8.6. პალატის შეფასებით, ს.ს. „ს.ბ–ს“ ეკისრებოდა იმის მტკიცების ვალდებულება, რომ სადავო თანხაზე ჩარჯბექის ოპერაციები განხორციელდა საერთაშორისო საგადამხდელო სისტემის მასტერქარდის წესების დარღვევით. მასტერქარდის მიერ 2016 წლის 28 აპრილის წესებზე (განახლდა 2016 წლის 10 მაისს) დაყრდნობით, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ჩარჯბექი არის კლიენტის მოთხოვნით მის ანგარიშზე ბანკის მიერ იმ ფულადი სახსრების დაბრუნების ოპერაციის ინიცირება, რომლებიც ჩამოწერილია კლიენტის ანგარიშიდან თანხის გადახდის შედეგად. ჩარჯბექი არის ბარათის ემიტენტის მხრიდან მომსახურე ბანკის მიმართ ფინანსური პრეტენზია კლიენტის მიერ ბარათით შესრულებული ოპერაციის თანხის დაბრუნების თაობაზე. პრეტენზიის წამოჭრის საფუძველია კლიენტის მხრიდან მის ანგარიშზე შესრულებულ ოპერაციაზე უარის თქმა, გადარიცხული თანხის სანაცვლოდ მომსახურების გაწევის ან საქონლის გამოგზავნის ვალდებულების შეუსრულებლობა ... ჩარჯბექის ოპერაციაში კლიენტი ბანკს ანიჭებს უფლებამოსილებას საერთაშორისო საგადამხდელო სისტემაში წარადგინოს პრეტენზია მის მიერ გადარიცხული თანხის დაბრუნების თაობაზე. შესაბამისად, ამ პროცესში ბანკი ფაქტობრივად მოქმედებს კლიენტის სახელით და წარმოადგენს კლიენტს. ჩარჯბექის პროცედურის არსი მდგომარეობის იმაში, რომ ბანკი ჩარჯბექის პროცედურის ინიცირებას ახდენს კლიენტის მოთხოვნით, მოქმედებს მისი სახელით და ერთგვარად წარმოადგენს კლიენტს. ბანკის მიერ წარდგენილი მოთხოვნა განიხილება მასტერქარდის არბიტრაჟის მიერ, სადაც მიღებული გადაწყვეტილების გაპროტესტების უფლება აქვს როგორ თანხის გადამრიცხავ პირს, ასევე თანხის მიმღებს და თანხის მიმღების მომსახურე ბანკს - ექვაიარს.
8.7. მასტერქარდის წესების მიხედვით, თავდაპირველი ჩარჯბექის თანხის დაბრუნების შემდეგ კლიენტს მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ შეუძლია თანხის განკარგვა, რადგან პირს, ვისთანაც იყო ეს თანხა ჩარიცხული ან ექვაიერ ბანკს, აქვს ჩარჯბექის გაპროტესტების უფლება. მოცემულ შემთხვევაში, სადავო გარემოების დასტურად, მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს მასტერქარდის საარბიტრაჟო განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები და კომპანია ნოვარედის წერილები გაპროტესტებული ტრანზაქციების შესახებ, რომლებშიც მითითებულია C. T.G.L-ის ლიცენზიის თაობაზე და იმის შესახებ, რომ მ.ჭ–ის მიერ გადარიცხული თანხა გამოყენებულია ბირჟაზე ვაჭრობაში, სადაც მან თანხის ნაწილზე განიცადა წაგება. ამ მტკიცებულებების საწინააღმდეგოდ, მოპასუხემ წარმოადგინა მტკიცებულება იმის შესახებ, რომ საქართველოში საბროკერო კომპანიის მიმართ დაწყებულია გამოძიება მ.ჭ–ის მიმართ თაღლითობის ჩადენის გამო, ხოლო ჩეხეთში ამავე კომპანიის მიმართ მიმდინარეობს გამოძიება შემოსავლის უკანონო ლეგალიზაციის ფაქტზე. პალატის შეფასებით, გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე ინფორმაციის გარდა, მოპასუხეს არ აქვს წარმოდგენილი სხვა მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ გადარიცხული თანხის მომსახურება მას ბროკერისაგან არ მიუღია, ბროკერმა მისი სახელით ვაჭრობაში არ მიიღო მონაწილეობა ან ბროკერს არ ჰქონდა შესაბამისი ლიცენზია.
8.8. სააპელაციო პალატის მითითებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მ.ჭ–ის მიერ განხორციელებულია კომერციული დანიშნულებით თანხის გადარიცხვა, რაც მასტერქარდის წესების მიხედვით, ჩარჯბექით დაბრუნებას არ ექვემდებარება. ამდენად, მოპასუხეს თანხის დაბრუნების საფუძველი არ გააჩნდა. ამასთან, დადგენილია, რომ მასტერქარდმა მოპასუხის მიერ ჩარჯბექის გზით დაბრუნებული და განკარგული თანხა ს.ს. „ს.ბ–ი“-ს მეშვეობით კვლავ დაუბრუნა ექვაიერ ბანკს ჩეხეთში. დადგენილია, რომ 2018 წლის 26 მარტს სადავო თანხის ანგარიშიდან განკარგვის შემდეგ მოპასუხის ანგარიშზე თანხის ნაშთი აღარ არსებობდა, ხოლო მომდევნო თვიდან ანგარიშიდან ფიქსირდება ყოველთვიურად 100 ლარზე ნაკლები თანხის ხარჯვა. ამ შემთხვევაში გაუქმებული ჩარჯბექის თანხის დაბრუნების მოთხოვნა წარედგინა ს.ს. „ს.ბ–ს“, ხოლო საანგარიშსწორებო ანგარიშის მომსახურების ხელშეკრულების არსიდან გამომდინარე, ეს თანხა გადახდევინებული უნდა იქნას კლიენტის საბანკო ანგარიშიდან, სადაც განთავსებული თანხა არის ბანკის კლიენტის საკუთრება. თანხის განკარგვის შემდეგ მოპასუხეს ანგარიშზე მცირე თანხის ბრუნვა გააჩნია, რის გამოც გაუქმებული ჩარჯბექის თანხის დაბრუნება მოპასუხის ანგარიშიდან თანხის გადახდევინებით ვერ მოხდა. ამდენად, გაუქმებული ჩარჯბექის გამო კლიენტს ეკისრება ბანკისთვის სადავო თანხის გადახდის ვალდებულება სტანდარტული სახელშეკრულებო პირობების 3.31-3.33 პუნქტები.
8.9. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა მასზედ, რომ მასტერქარდის საგადახდო მოთხოვნაში და მასტერქარდის გადაწყვეტილებებში (მემო კონფიგურაცია) მითითებულია გამყიდველის ვინაობა Compass/boundary House, ასევე საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები 5167-4606-2334-2189, რაც არის მ.ჭ–ის ს.ს. „ს.ბ–ი“-ს საბანკო ბარათის ნომერი, ეს ნომერია მითითებული მ.ჭ–ის საბანკო ანგარიშიდან ამონაწერში 2017 წლის სექტემბერში ბროკერისათვის თანხის გადარიცხვის დროს, როგორც მოპასუხის ბარათის რეკვიზიტი. ამდენად, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მემო-კონფიგურაციები (მასტერქარდის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებები) და ბანკში 2018 წლის 26 მაისს წარდგენილი საგადახდო მოთხოვნები შეეხება მ.ჭ–ის მიერ 2017 წლის სექტემბერში საბროკერო კომპანია Compass-ისათვის გადარიცხულ თანხებს.
8.10. 9927 აშშ დოლარის ოდენობით თანხაზე მ.ჭ–ის სასარგებლოდ განხორციელებული ჩარჯბექი გაუქმდა, ხოლო საგადამხდელო სისტემის მეშვეობით ეს თანხა ბანკმა დაუბრუნა ექვაიაერ ბანკს. ამის გამო მ.ჭ–ს წარმოეშვა ბანკისათვის ამ თანხის გადახდის ვალდებულება.
8.11. აპელანტის წარმომადგენელმა სადავოდ გახადა ჩარჯბექის ხელშეკრულებაში 4853 კოდით განხორციელებული ტრანზაქცია, რომელიც საფუძვლად დაედო 2018 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებას, რომ თავდაპირველი ჩარჯბექი, რომლის დროსაც გამოყენებული იქნა მიზეზის კოდი 4853 (ბარათის მფლობელის დავა) იყო არასწორი, ხელშეკრულების სტანდარტული პირობები კლიენტს ავალდებულებდა ბანკისათვის დაებრუნებინა ჩარჯბექით არასწორად დაბრუნებული თანხა. აპელანტის წარმომადგენლის მოსაზრებით, მ.ჭ–ის კოდი იყო 4849 და ასევე განხილვის თარიღიც არ ემთხვეოდა ერთმანეთს.
8.12. პალატის მიერ სპეციალისტის სახით სასამართლოს სხდომაზე ს.ს. „ს.ბ"-დან მოწვეული იქნა თ.კ–ია და ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლები. სხდომაზე სპეციალისტმა განმარტა, რომ მუშაობს საერთაშორისო ტრანზაქციების სფეროში. მისი განმარტებით:
- როცა მომხმარებელი/კლიენტი ბანკს მიმართავს თანხის დაბრუნების მოთხოვნით, როდესაც არ ეთანხმება მის ბარათზე განხორციელებულ ტრანზაქციას, ბანკი ეხმარება მას გასაჩივრებაში საერთაშორისო სისტემაში. მთავარია მიზეზი, რასაც მომხმარებელი ბანკს მიაწვდის. ამ მიზეზის მიხედვით განისაზღვრება კოდები, რასაც ბანკი ანიჭებს საერთაშორისო სისტემაში და უშვებს ჩარჯბექით. ამდენად, მომხმარებლისაგან მოწოდებული ინფორმაციით, ბანკი განსაზღვრავს მიზეზის კოდს. სპეციალისტმა განმარტა, რომ 4853 წარმოადგენს კოდს, როდესაც მომხმარებელს გადახდილი თანხის სანაცვლო მომსახურება არ მიუღია.
- როცა ბანკი იწყებს ჩარჯბექს და აგზავნის სისტემაში, თანხა ერიცხებათ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თანხა კლიენტის არის. თანხა დაბლოკილია 45 დღის განმავლობაში, ამის შემდეგ თანხა განიბლოკება და მისი გამოტანა შესაძლებელია. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან გადაწყვეტილება არ იყო გამოტანილი 45 დღის შემდეგ, ანგარიში განიბლოკა.
- საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში ასახული მითითება მასზედ, რომ 4853 კოდი იყო არასწორი, ნიშნავს, რომ თანხა მომხმარებელს არ ეკუთვნის.
- როცა მომხმარებელი გარკვეულ საიტებზე გადაიხდის თანხას, ამაზე მას დავის უფლება არ აქვს იმიტომ, რომ ეთანხმება ამ საიტის პირობებს.
- როცა კლიენტი აცხადებს, რომ არ მიუღია მომსახურება, ამ კოდს ანიჭებენ, ხოლო შეფასების პროცესში გაირკვევა, რომ ეს კოდი არ შეესაბამებოდა თუ არა პრეტენზიას.
როგორც ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა, ისე მოსარჩელე ბანკის წარმომადგენელმა კონკრეტული სიტუაცია შეაფასეს იმდაგვარად, რომ მომხმარებელმა/კლიენტმა რამდენიმე ტრანზაქციის შესახებ ს.ს. „ს.ბ–ს“ სთხოვა სისტემაში პრეტენზიების, ე.წ. ჩარჯბექის გაკეთება. თანხა მასტერქარდის წესების მიხედვით, 45 დღე ე.წ. ბლოკში იმყოფებოდა, რადგან ამ ვადაში შესაძლებელია პრეტენზიის მიმღებმა ბანკმა წარადგინოს ტრანზაქციის მართებულობის შესახებ მტკიცებულებები. ამ ვადაში მერჩანტის მიერ გასაჩივრდა მოპასუხის ანგარიშზე თანხის გადარიცხვა და არბიტრაჟის გადაწყვეტილების საფუძველზე თანხის ნაწილზე 19 440 აშშ დოლარზე მოიხსნა ბლოკი. ეს თანხა მიიღო მოპასუხემ. ბანკს არ ჰქონდა უფლება, 45 დღის ვადის გასვლის შემდეგ ანგარიშზე დარჩენილი 9 927 აშშ დოლარი დაებლოკა, რის გამოც ამ ვადის გასვლის შემდეგ თანხას მოხსნა ბლოკი და მოპასუხემ შეძლო თანხის გატანა. ამ თანხის გატანის შემდეგ ბანკს გადმოეგზავნა მასტერქარდის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, მოპასუხეს არ ჩამოჭრია თაღლითური გზით 9 927 აშშ დოლარი, ამის გამო ბანკმა დაუბრუნა 9 927 აშშ დოლარი მერჩანტს მასტერქარდის მოთხოვნით. მომხმარებელს/კლიენტს თანხის დაბრუნების საფუძველი არ გააჩნდა. როცა კლიენტი აცხადებს, რომ არ მიუღია მომსახურება, ამ კოდს ანიჭებენ, ხოლო, მერე შეფასების პროცესში გაირკვევა, რომ ეს კოდი არ შეესაბამებოდა (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ბანკს სამართლებრივად არ ჰქონდა უფლება, რომ ედავა ასეთ ტრანზაქციაზე. კომერციული დანიშნულებით გადარიცხულ თანხაზე ჩარჯბექის წესები არ ვრცელდება, რის გამოც მასტერქარდის მოთხოვნით მ.ჭ–ის მიერ გამოყენებული თანხა 9 927 აშშ დოლარი ბანკს ჩამოეჭრა 2018 წლის 26 მაისს მასტერქარდის 2018 წლის 25 მაისის გადაწყვეტილების საფუძველზე.
8.13. ამდენად, პალატამ დაასკვნა, რომ ხელშეკრულების პირობების მიხედვით, სპეციალურად არის გათვალისწინებული ჩარჯბექით მიღებული თანხის ბანკისათვის დაბრუნების ვალდებულება, რაც კლიენტის ბრალეულობის გარეშე პასუხისმგებლობას ადგენს და ეს პირობა ამ პროცედურის არსიდან გამომდინარეობს. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 395-ე მუხლის საფუძველზე, პალატამ დაასკვნა, რომ მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა სარჩელით მოთხოვნილი თანხის გადახდა.
9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებით:
9.1. არასწორია სასამართლოს დასკვნა, რომ სადავო ტრანზაქციები კომერციულ გადარიცხვებს წარმოადგენდა. მ.ჭ–ი არის ფიზიკური პირი, რომელიც ბირჟაზე ვერ სარგებლობს კომერციული გადარიცხვების სერვისით, ამიტომ სჭირდება მას ლიცენზირებული საბროკერო კომპანია (შუამავალი), რომელიც არის იურიდიული პირი და იმავდროულად უფლებამოსილი კომერციულ გადარიცხვებზე. მ.ჭ–ის მიერ საბროკერო კომპანიაში მასტერკარდით გადარიცხული თანხის კომერციული გადარიცხვა უკვე ბროკერს უნდა განეხორციელებინა, მაგრამ იმის გამო, რომ საბროკერო კომპანიას არ გააჩნდა ლიცენზია და იყო თაღლითური კომპანია, თანხის შემდგომი გადათამაშება არ მომხდარა, ესე იგი, ზიანს ან დანაკლისს ადგილი არ ჰქონია.
9.2. იმ მოცემულობაში, როდესაც გადარიცხული 29 367 აშშ დოლარიდან 19 440 აშშ დოლარი მასტერქარდმა მოპასუხეს უკან დაუბრუნა, ნარჩენი 9927 აშშ დოლარის დაბრუნებაზე უარის გამართლება იმ დასაბუთებით, რომ სადავო თანხა, როგორც კომერციული მიზნით გადარიცხული, მასტერქარდის წესების მიხედვით, ჩარჯბექს არ ექვემდებარებოდა, კასატორს გაუმართლებლად მიაჩნია. არბიტრაჟის დასკვნა ჩარჯბექის უფლების არარსებობაზე, ამ ნაწილში, კასატორის მოსაზრებით, განაპირობა ბანკის მიერ საერთაშორისო კოდის არასწორად შერჩევამ. სახელდობრ, როგორც კი კასატორმა შეიტყო, რომ საბროკერო კომპანიას არ გააჩნდა ლიცენზია და იყო თაღლითური კომპანია, აცნობა ბანკს, რომელსაც, თავის მხრივ, ჰქონდა ვალდებულება, განესაზღვრა შესაბამისი კოდი (მოქალაქე ვერ განსაზღვრავს ამ კოდს) და მიეწოდებინა საერთაშორისო არბიტრაჟისათვის. ს.ს. „ს.ბ–მა“ გაამოიყენა კოდი 4853 (ეს არ არის თაღლითობის კოდი, თაღლითობისას იყენებენ კოდს 4849), ასეთ შემთხვევაშიც კი, ბანკის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, მემოები და თანხები, რომც ეხებოდეს კასატორის საქმეს, მაინც არ იქნებოდა მ.ჭ–ის მიერ გადასახდელი, რადგან ბანკის მიერ საქმისათვის შერჩეული კოდი არასწორია. კლიენტისთვის საუარესო შედეგი განაპირობა ბანკის მიერ დაშვებულმა შეცდომამ, რაც ჩარჯბექის არასწორი კოდის განსაზღვრაში გამოიხატა, შესაბამისად, ზარალზეც თავად ბანკია პასუხისმგებელი. თაღლითობის ფაქტს ადასტურებს საერთაშორისო არბიტრაჟის განხილვის შედეგი, ვინაიდან ბროკერისთვის გადარიცხული თანხის დიდი ნაწილი კლიენტისთვის უკან აქვს დაბრუნებული, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ თაღლითობის ფაქტი არ დასტურდებოდა, კასატორს მიაჩნია უსაფუძვლოდ.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
14. წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზიის არსი ძირითადად იმაში მდგომარეობს, რომ ბანკმა არასწორად შეარჩია ტრანზაქციის გაპროტესტების კოდი, რამაც, არბიტრაჟის მხრიდან თანხების დაბრუნებაზე უარის შესახებ დასკვნა განაპირობა, აღნიშნულზე კი, პასუხისმგებელი ბანკია.
15. აღნიშნული პრეტენზიის უსაფუძვლობას მეტყველებს საქმის მასალებში დაცული საერთაშორისო საგადამხდელო სისტემა მასტერქარდის მიერ შემუშავებული ჩარჯბექის სახელმძღვანელოს ქართულ ენაზე ნათარგმნი ნაწილი, რომელიც მიემართება 5348 კოდით შეტყობინების განხორციელების საფუძველს, კერძოდ, პრეტენზიის ინიციატორია ბარათის მფლობელი (კლიენტი), რომელიც ბარათის გამცემს ატყობინებს და ამტიცებს, რომ მონაწილეობდა ოპერაციაში, რომლით შეძენილი საქონელი ან მომსახურებაც მას არ მიუღია (ტ.1, ს.ფ. 254). საგულისხმოა, თავად სახელმძღვანელოს მითითება, რომ შეიძლება გაგრძელდეს შემდეგი შეტყობინების მიზეზის კოდების (იგულისხმება 4853) გამოყენება; ამასთან, დროთა განმავლობაში მოხდება მათი აღმოფხვრა (ტ.1, ს.ფ. 255). დასახელებულ ჩანაწერს საკასაციო პალატა განმარტავს იმგვარად, რომ მასტერქარდის მიერ ჩარჯბექის მოთხოვნით წამოყენებული პრეტენზიის განხილვისას შესაძლებელია კოდის ჩანაცვლება, თუკი დადგინდება, რომ იგი არასწორად არის შერჩეული. კოდის ჩანაცვლების შესაძლებლობაზე მითითებას შეიცავს სახელმძღვანელოს შემდგომი გვერდებიც (ტ.1, ს.ფ. 256; 259). ამდენად, კასატორის პრეტენზია, რომ თანხის დაბრუნებაზე საგადამხდელო სისტემის საბოლოო უარი ბანკის მიერ პრეტენზიის კოდის შერჩევისას დაშვებული შეცდომის შედეგს წარმოადგენს, გაზიარებას არ იმსახურებს. საგულისხმოა ისიც, რომ საბროკერო კომპანიისათვის გადარიცხული 29 367 აშშ დოლარიდან 19 440 აშშ დოლარის კლიენტისთვის დაბრუნების გადაწყვეტილება მასტერქარდმა მიიღო სწორედ მოსარჩელე ბანკის მიერ გაგზავნილი პრეტენზიის საფუძველზე ისე, რომ საქმის მასალებით არ დგინდება დაბრუნებული თანხების ნაწილში ჩარჯბექის მიზეზის სხვა კოდის (4853 კოდისგან განსხვავებულის) მინიჭების ფაქტი. ამ მოცემულობაში, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მტკიცებას, რომ 9926.45 აშშ დოლარის საბოლოო დაუბრუნებლობა მოსარჩელის მიერ ჩარჯბექის მიზეზის კოდის არასწორად განსაზღვრამ განაპირობა.
16. კასატორი სადავოდ ხდის საქმეში დაცული მასტერქარდის არბიტრაჟის გადაწყვეტილების მ.ჭ–ის ტრანზაქციებთან კავშირს. აღნიშნულის საპასუხოდ პალატა შენიშნავს, რომ თითოეულ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში იდენტიფიცირებულია ანგარიშის ნომერი 5167-4606-2334-2189, საიდან შესრულებული ტრანზაქციის ჩარჯბექსაც შეეხება ხსენებული გადაწყვეტილებები. შესაგებელზე დართული ანგარიშის ამონაწერის თანახმად, მ.ჭ–ის ანგარიშს ემსახურება ბარათი მასტერ-ქარდი PLUS EXPRESS (2189) (ტ.1, ს.ფ. 118), საგულისხმოა, რომ კომპანია N.S-ის წინაშე წარდგენილ საჩივარს მ.ჭ–ის მხრიდან დართული აქვს ბარათი მასტერ-ქარდი PLUS EXPRESS, რომლის ნომრის ბოლო ოთხი ციფრი არის 2189 (ტ.1, ს.ფ. 167), საგულისხმოა ისიც, რომ მ.ჭ–ის მიერ C. T.G.L-ის ანგარიშზე 2017 წლის 08 აგვისტოდან ამავე წლის 13 სექტემბრის ჩათვლით შესრულებული გადარიცხვები შესრულებულია სწორედ იმ ბარათით, რომლის ბოლო ოთხნიშნა კოდია 2189 (ტ.1, ს.ფ. 185). ამრიგად, კასატორის პრეტენზია, რომ თითქოს არ დგინდება მასტერქარდის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებებსა და მ.ჭ–ის მიერ შესრულებულ ტრანზაქციებს შორის კავშირი, გაზიარებას არ იმსახურებს.
17.1. საქმეში დაცული ფიზიკური პირების საბანკო მომსახურების ხელშეკრულების საერთო პირობების თანახმად, რომლის საფუძველზეც ბანკი კლიენტებს უწევს საბანკო მომსახურებას, რეგულირებულია Chargeback-ის თანხის ჩარიცხვასთან დაკავშირებული ურთიერთობები შემდეგი წესით:
- არაავტორიზებულად ან არასწორად შესრულებული ოპერაციის შემთხვევაში ბანკი კლიენტს Chargeback-ის თანხას ჩაურიცხავს ბანკის მიერ თანხის დაბრუნებისთანავე (პუნქტის 3.31);
- იმ შემთხვევაში თუ Visa, Mastercard ან Amex საერთაშირისო წესებითა და ბანკში დადგენილი პროცედურების შესაბამისად დადგინდება, რომ კლიენტი ვალდებულია ბანკს დაუბრუნოს Chargeback-ის სახით ჩარიცხული თანხა, თანხის დაბრუნება უნდა განხორციელდეს მოთხოვნიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში (პუნქტი 3.32);
- იმ შემთხვევაში თუ ზემოაღნიშნულ ვადაში არ განხორციელდება Chargeback-ის სახით ჩარიცხული თანხის დაბრუნება, ბანკი უფლებამოსილია კლიენტის დამატებითი თანხმობისა და აქცეპტის, აგრეთვე კლიენტისათვის _ შეტყობინების გაგზავნის გარეშე უნივერსალურ ანგარიშზე დაუშვას ოვერდრაფტი Chargeback-ით ჩარიცხული თანხის ოდენობით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად (პუნქტი 3.33).
17.2. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით შედავებული არ არის ის გარემოება, რომ კასატორი, როგორც კლიენტი, იცნობდა ფიზიკური პირების საბანკო მომსახურების ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს, მაშასადამე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ ხსენებული წესები წარმოადგენდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 859-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ანგარიშსწორების ხელშეკრულების ნაწილს. თავის მხრივ, ხსენებული სტანდარტული პირობების 3.33 პუნქტი შეიცავდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ელემენტსაც, კერძოდ, თუკი Mastercard საერთაშორისო წესებით დადგინდებოდა კლიენტის ვალდებულება, დაებრუნებინა Chargeback-ის სახით ჩარიცხული თანხა და აღნიშნული მოთხოვნიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში არ შესრულდებოდა, ბანკი კლიენტის ანგარიშზე უაქცეპტო წესით დაუშვებდა ოვერდრაფტს Chargeback-ით ჩარიცხული თანხის ოდენობით.
17.3. დადგენილია, რომ Mastercard-ის გადაწყვეტილებებით მ.ჭ–ის მიერ C. T.G.L-სთვის გადარიცხული 29 367 აშშ დოლარი, გაცხადებული პრეტენზიიის შესაბამისად, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მ.ჭ–ს დაუბრუნდა სრული მოცულობით. 2018 წლის 26 მარტს მ.ჭ–მა ს.ს. „ს.ბ–ი"-დან გამოიტანა ჩარჯბექის მეშვეობით დაბრუნებული თანხა 9 927.72 აშშ დოლარი. დადგენილია, რომ მასტერქარდის გადაწყვეტილებით 19 440 აშშ დოლარზე დადგინდა Chargeback-ის უფლების არსებობა. დარჩენილ 9927 აშშ დოლარზე კი, ამავე საგადამხდელო სისტემის არბიტრაჟის საბოლოო 2018 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებებით, კლინეტის Chargeback-ის უფლება უარყოფილია. დადგენილია, რომ თანხა, რომელზედაც Chargeback-ის უფლება არ დადგინდა, მ.ჭ–ის მიერ განაღდებულია 2018 წლის 26 მარტს, რის გამოც, Chargeback-ის სახით ჩარიცხული თანხის უკან დასაბრუნებლად მ.ჭ–ის ანგარიშზე საკმარისი თანხა არ აღმოჩნდა. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, ბანკმა ისარგებლა კლიენტის ანგარიშზე Chargeback-ით ჩარიცხული თანხის ოდენობით ოვერდრაფტის დაშვების უფლებამოსილებით (იხ. სარჩელი, აგრეთვე ბანკის 26.02.2019 წლის წერილი მ.ჭ–ის მიმართ, ტ.1, ს.ფ. 232), რათა თანხა, რომელზედაც, მასტერქარდის გადაწყვეტილებით, Chargeback-ის უფლება არ ვრცელდებოდა, დაბრუნებოდა მერჩანტ C. T.G.L-ს.
17.4. საკასაციო სასამართლოს აზრით, ოვერდრაფტის დაშვების შესაძლებლობაზე სახელშეკრულებო დათქმისა და ამავე ოვერდრაფტის ფაქტობრივად დაშვების პირობებში, მოპასუხის მიმართ ბანკის მოთხოვნა ეფუძნება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლს (საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით).
18.1. სასარჩელო მოთხოვნას სახელშეკრულებო საფუძველი რომც არ გააჩნდეს, ბანკის მოთხოვნა მოპასუხის მიმართ დაკმაყოფილებადია არასახელშეკრულებო საფუძვლითაც, სახელდობრ, სამოქალაქო კოდექსის 986-ე მუხლით, რომლის თანახმადაც, პირს, რომელიც შეგნებულად ან შეცდომით სხვის ვალებს ისტუმრებს, შეუძლია ამ პირს მოსთხოვოს თავისი ხარჯების ანაზღაურება.
18.2. Mastercard ის არბიტრაჟის გადაწყვეტილებებით სადავო ტრანზაქციებზე დადგენილია რა Chargeback-ის უფლების არარსებობა, დაფუძნებულია Chargeback-ის მომთხოვნი მხარის - მ.ჭ–ის ვალდებულება, მერჩანტ C. T.G.L-ს უკან დაუბრუნოს Chargeback-ის მოთხოვნის გამო მერჩანტის ანგარიშიდან ჩამოჭრილი და მისთვის (მოპასუხისათვის) ჩარიცხული თანხა. დადგენილია ისიც, რომ თანხის უკან დაბრუნების ვალდებულება შესრულებულია არა მოპასუხის, არამედ მოსარჩელე ბანკის მიერ.
18.3. პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 986-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის მისაღებად აუცილებელია, დადგინდეს, რომ არსებობს სხვისი ვალი და ის არა მოვალემ, არამედ მესამე პირმა გაისტუმრა. სხვისი ვალის გადახდა კონდიქციური ვალდებულების საფუძველი ხდება იმის გამო, რომ უსაფუძვლოდ დაიზოგა სხვისი ქონება. იგულისხმება, რომ პირი შეგნებულად ან შეცდომით აკეთებს ამას. ორივე შემთხვევაში, ვალის გადამხდელს უფლება აქვს, მოითხოვოს უსაფუძვლოდ დაზოგილის უკან დაბრუნება (იხ. სუსგ. №ას-1069-1022-2014,16.06.2016წ.). ამდენად, ამ ნორმის გამოყენების წინაპირობა სწორედ ის არის, რომ პირი მოვალის ქონებრივ სფეროში იჭრება ისე, რომ მას ამ ჩარევის არც უფლებამოსილება და არც მოვალეობა არ ეკისრება. დადგენილია, რომ მ.ჭ–ს გააჩნდა ვალდებულება მერჩანტის წინაშე, რომელიც მოსარჩელემ გადაიხადა (რაც, სამოქალაქო კოდექსის 371-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვები იყო) და მოპასუხე გამდიდრდა ვალის გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლებით. შესაბამისად, „რეგრესის კონდიქციის“ ყველა წინაპირობა შესრულებულია.
18.4. საკასაციო პალატა აქვე განუმარტავს კასატორს, რომ საქმის გარემოებათა ანალიზის საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განსაზღვრა, მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის მოძიება და სადავო სამართალურთიერთობისადმი მისადაგება სასამართლოს პრეროგატივაა და ის შეზღუდული არ არის მხოლოდ მხარის მიერ მითითებული სამართლის ნორმებით (იხ. სუსგ. №ას-1522-2018, 28.05.2019წ.). ის გარემოება, რომ სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მოსარჩელეს მითითებული ჰქონდა საკრედიტო ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმა, სასამართლოს უფლებას არ ართმევს, სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანად მიიჩნიოს კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობების მომწესრიგებელ ნორმაზე დაყრდნობით. ამდენად, საკასაციო პრეტენზია დასაბუთებული არც ამ თვალსაზირისით არის.
19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორმა ვერ დაასაბუთა სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა-გადაწყვეტა მატერიალური ან საპროცესო ნორმების დარღვევით, ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
20. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 1317.28 ლარის 70%, რაც შეადგენს 922.17 ლარს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.ჭ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. მ.ჭ–ს (პ/ნ ..........) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 1317.38 ლარის (საგადასახადო დავალება № 2078, გადახდის თარიღი: 12.02.2024წ, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „თიბისი ბანკი“) 70% – 922.17 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი