დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 09.07.2026
საქმის ნომერი
ას-409-2026
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
09.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-409-2026 9 ივლისი, 2026 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ლევან მიქაბერიძემ

ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ზ.ჩ–ძის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე – შპს „რ.ს–ის“ სარჩელის გამო შპს „თ–ის“, შპს „ფ.დ–ის“, თ.მ–ძისა და ზ.ჩ–ძის მიმართ თანხის სოლიდარულად დაკისრების თაობაზე, ასევე ზ.ჩ–ძის შეგებებული სარჩელის გამო შპს „რ.ს–ის“ მიმართ თავდებობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე

გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:

ზ.ჩ–ძის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 14 აპრილის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ზ.ჩ–ძის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების, მისი ოდენობის შემცირებისა და გადახდის გადავადების შესახებ. ამავე განჩინებით, ზ.ჩ–ძის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს დაევალა, 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი და უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი, აგრეთვე სახელმწიფო ბაჟის - 6 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 8 ივნისის განჩინებით კასატორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, ხარვეზის გამოსწორების ვადა 7 დღით გაუგრძელდა, ხოლო საკასაციო შესაგებლის წარმოდგენის ვადა - 5 დღით.

საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება კასატორის წარმომადგენელს, ა.შ–ს (იხ. მინდობილობა, ტ. 3, ს.ფ. 46), საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე და 2026 წლის 23 ივნისს პირადად ჩაბარდა (იხ. ჩაბარების დასტური), რასაც შედეგად მოჰყვა გ.კ–ძის მიერ (წარმოდგენილი ორდერით), ხარვეზის გამოსწორების მიზნით განცხადების წარმოდგენა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომელიც განსაზღვრავს საპროცესო ვადის დენის დაწყების მომენტს, და მიიჩნევს, რომ ხარვეზის შესახებ განჩინებით განსაზღვრული შვიდდღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს, კერძოდ, 2026 წლის 24 ივნისს, ხოლო ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვადა ამოიწურა 2026 წლის 30 ივნისს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

2026 წლის 6 ივლისს გ.კ–ძემ საკასაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა და კვლავ იშუამდგომლა საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ.

საქმის მასალებით დგინდება, რომ აღნიშნული განცხადება საკასაციო სასამართლოში 2026 წლის 6 ივლისს, სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ იქნა წარდგენილი. შესაბამისად, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს შუამდგომლობის საფუძვლიანობაზე, ვინაიდან იგი დადგენილი ვადის დარღვევით არის წარდგენილი. საპროცესო ვადის დარღვევას ადასტურებს თავად განცხადებაზეც მითითებული მისი შედგენისა და ელექტრონული ხელმოწერის თარიღი, რომელიც ემთხვევა უზენაესი სასამართლოს შტამპზე ასახულ სასამართლოში წარდგენის თარიღს - 2026 წლის 6 ივლისს.

საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა შეიცავს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის კონკრეტულ წინაპირობებს, რომელთა არარსებობისას სასამართლო სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესაძლებლობას მოკლებულია.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება. კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას - უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ შექმნილი პრეცედენტული სამართლიდან შესაძლებელია შემდეგი დასკვნის გაკეთება: „უფლება სასამართლოზე“ არ არის აბსოლუტური უფლება, იგი შეიძლება სახელმწიფოს მიერ შეიზღუდოს. თუ საქმე სასამართლომ დასაშვებობის პირობების დაუკმაყოფილებლობის გამო განუხილველად დატოვა, აღნიშნული არ შეიძლება ჩაითვალოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული „სასამართლო ხელმისაწვდომობის“ უფლების ხელყოფად.

საკასაციო სასამართლო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობაზე გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რა დროსაც, დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ზ.ჩ–ძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, განუხილველად უნდა იქნას დატოვებული ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის დარღვევის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე, 374-ე, 396-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ.ჩ–ძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ლევან მიქაბერიძე