დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 09.07.2026
საქმის ნომერი
ას-568-2026
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
09.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-568-2026 9 ივლისი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),თეა ძიმისტარაშვილი, მირანდა ერემაძე

კასატორი – მ.თ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ვ.ე–ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 26 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სარჩელის მოთხოვნა

1.1. მ.თ–ძემ სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ვ.ე–ძის წინააღმდეგ, მოითხოვა 2010 წლის 30 დეკემბერს დაბადებული ი.ე–ძის აღსაზრდელად მისთვის (დედისთვის) გადაცემა.

2. მოპასუხის შესაგებელი

2.1. მოპასუხე ვ.ე–ძემ სასამართლოში შესაგებელი არ წარადგინა. სასამართლო სხდომაზე კი განმარტა, რომ დედა ყურადღებას არ აქცევს შვილს, იმყოფება საზღვარგარეთ, სადაც შექმნილი აქვს ოჯახი, ჰყავს შვილი.

3. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია და დასკვნა

3.1. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს არასრულწლოვნის ჭეშმარიტი ინტერესების გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში, არასრულწლოვან ი.ე–ძეს და დედას - მ.თ–ძეს შორის არსებობს ურთიერთობის წყვეტა, ბავშვი გაუცხოვებულია დედისგან. მას არ სურს დედასთან ცხოვრება. ბავშვი ცხოვრობს და იზრდება ბებიასთან - მოპასუხე ვ.ე–ძესთან. არასრულწლოვნის გადმოცემით, ბებიასთან აქვს კარგი ურთიერთობა, მასთან კარგად გრძნობს თავს და ძალიან უყვარს. ჰყავს მეგობრები როგორც სკოლაში, ასევე ეზოში. აქვს კარგი ურთიერთობა მამიდასა და მის შვილებთან, ასევე ბებიის დის, მისი შვილის და ბებიის ძმის ოჯახთან. არასრულწლოვნის გადმოცემით, დედას არ იცნობს, მხოლოდ ერთხელ ნახა. მასთან არ აქვს ურთიერთობა და არც ურთიერთობის სურვილს გამოხატავს. ბავშვზე ყოველდღიურ ზრუნვას ახორციელებს ბებია ვ.ე–ძე. არასრულწლოვანი უზრუნველყოფილია ყველა ძირითადი საჭიროებით, ადეკვატური საკვებით და საცხოვრებელი პირობებით, სეზონის შესაბამისი ტანსაცმლით, სასწავლო ინვენტარით. ვ.ე–ძე ეხმარება ბავშვს დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარების განვითარებაში. ის პატივს სცემს ბავშვის გადაწყვეტილებას, ზრუნავს მის პიროვნულ განვითარებაზე. წარმომადგენლის განმარტებით, გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს არასრულწლოვნის ინტერესები. დედის და შვილის დაახლოება უნდა მოხდეს ეტაპობრივად. სარჩელის მოთხოვნა, კერძოდ არასრულწლოვანის დედისთვის აღსაზრდელად გადაცემა ამ ეტაპზე არ ემსახურება ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესებს.

3.2. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ წარმოდგენილი დასკვნის თანახმად, ი.ე–ძე ცხოვრობს ბებიასთან ერთად, მამა გარდაცვლილია, დედა კი ცხოვრობს ქვეყნის ფარგლებს გარეთ. შესაბამისად ბავშვზე ყოველდღიურ ზრუნვას ახორციელებს ვ.ე–ძე. ბავშვზე განხორციელებული ზრუნვა დამაკმაყოფილებელია. ი.ე–ძე უზრუნველყოფილია ყველა საჭიროებით, ადეკვატური საკვებითა და საცხოვრებელი პირობებით, სეზონის შესაბამისი სამოსით, ასაკობრივი სათამაშოებით, სასწავლო ინვენტარით, საჭიროებისას სამედიცინო მომსახურებითა და მედიკამენტებით. დაცულია ძირითადი პირადი ჰიგიენა და არასრულწლოვანი თავადაც ზრუნავს პირადი ჰიგიენის დაცვაზე. ბავშვის მეთვალყურეობაზე პასუხისმგებელია ბებია. არასრულწლოვან ი.ე–ძეს 2020 წლის 1 აგვისტოდან დაენიშნა მარჩენალდაკარგულის პენსია, რომელსაც იღებდა ვ.ე–ძე თითქმის ორი წლის განმავლობაში. 2022 წლის მაისიდან კი მ.თ–ძემ თავის დის ს.თ–ძის მიმართ გასცა მინდობილობა პენსიის აღების საკითხში, რომელიც რამოდენიმე თვის მოგროვილ თანხას ერთად უგზავნიდა ვ.ე–ძეს, რასაც ადასტურებს ორივე მხარე. აღნიშნულის თაობაზე არასრულწლოვანმა სარჩელი შეიტანა რუსთავის საქალაქო სასამართლოში.

4. არასრულწლოვანის ადვოკატის პოზიცია

4.1. ი.ე–ძის ადვოკატმა მ.კ–ამ განმარტა, რომ მართალია მსგავსი კატეგორიის საქმეებზე უპირატესობა ენიჭება მშობელს, თუმცა მოცემულ შემთხვევაში ბავშვზე სრულ მზრუნველობას ახორციელებს მოპასუხე ვ.ე–ძე. დედა მის უფლებამოსილებას იყენებს ბოროტად, ის არათუ ეხმარება შვილს, არამედ პირიქით მაქსიმალურად ხელს უშლის მას. ერთ-ერთია ის, რომ ი.ე–ძემ მიიღოს სახელმწიფოსგან მარჩენალდაკარგულის პენსია. ასევე ბავშვს სურს საზღვარგარეთ წასვლა დასასვენებლად, თუმცა დედა მაქსიმალურად ცდილობს რომ ხელი შეუშალოს მის შვილს თავისი უფლებების განხორციელებაში. ფაქტიურად დედა აზარალებს თავის შვილს და ფსიქოლოგიურ ტერორს ახორციელებს ი.ე–ძეზე. ბავშვს დედა რამოდენიმეჯერ ჰყავს ნანახი და მათ შორის არანაირ მიჯაჭვულობას ადგილი არ აქვს. ამდენად, არასრულწლოვანი ი.ე–ძის ინტერესების გათვალისწინებით, არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მ.თ–ძის სარჩელი.

5. სპეციალისტი/ფსიქოლოგის პოზიცია

5.1. სასამართლო სხდომაზე ფსიქოლოგმა მ.კ–ვამ განმარტა, რომ არასრულწლოვან ი.ე–ძეს და დედას მ.თ–ძეს შორის შეინიშნება ურთიერთობის ხანგრძლივი წყვეტა. ბავშვი გაუცხოვებულია დედისგან. ი–ის აქვს სურვილი, რომ აღადგინოს დედასთან ურთიერთობა, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ეტაპობრივად და არა მყისიერად, როგორც მოსარჩელე ითხოვს.

6. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნა

6.1. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ წარმოდგენილი დასკვნის თანახმად, ი.ე–ძე ცხოვრობს ბებიასთან ერთად, მამა გარდაცვლილია, დედა კი ცხოვრობს ქვეყნის ფარგლებს გარეთ. შესაბამისად ბავშვზე ყოველდღიურ ზრუნვას ახორციელებს ვ.ე–ძე. ბავშვზე განხორციელებული ზრუნვა დამაკმაყოფილებელია. ი.ე–ძე უზრუნველყოფილია ყველა საჭიროებით, ადეკვატური საკვებითა და საცხოვრებელი პირობებით, სეზონის შესაბამისი სამოსით, ასაკობრივი სათამაშოებით, სასწავლო ინვენტარით, საჭიროებისას სამედიცინო მომსახურებითა და მედიკამენტებით.

6.2. არასრულწლოვან ი.ე–ძეს 2020 წლის 01 აგვისტოდან დაენიშნა მარჩენალდაკარგულის პენსია, რომელსაც იღებდა ვ.ე–ძე თითქმის ორი წლის განმავლობაში. 2022 წლის მაისიდან კი მ.თ–ძემ თავის დის ს.თ–ძის მიმართ გასცა მინდობილობა პენსიის აღების საკითხში, რომელიც რამოდენიმე თვის მოგროვილ თანხას ერთად უგზავნიდა ვ.ე–ძეს, რასაც ადასტურებს ორივე მხარე. აღნიშნულის თაობაზე არასრულწლოვანმა სარჩელი შეიტანა რუსთავის საქალაქო სასამართლოში.

6.3. 2021 წლის მარტში მ.თ–ძე ჩამოვიდა საქართველოში, დიდი ხნის უნახავი შვილი ბებიის სახლში მოინახულა ნათესავებთან ერთად, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მას არ მიეცა საშუალება შვილთან მარტო დარჩენის. მან აღსრულების ფარგლებში დასახმარებლად მიმართა ქვემო ქართლის რეგიონულ ცენტრს. 2022 წლის დეკემბრის თვეში მოსარჩელე ჩამოვიდა საქართველოში აღსრულების ფარგლებში, რის თაობაზეც წინასწარ გვაცნობა და ითხოვა ბავშვთან შეხვედრა. მოპასუხე მხარეს ვთხოვეთ ბავშვთან შეთანხმებულიყო დედასთან შეხვედრის თაობაზე. შეხვედრა დაიგეგმა ქვემო ქართლის რეგიონული ცენტრის ოფისში, მაგრამ ვერ შედგა, დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. არასრულწლოვნის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დედა პირველად ორი წლის წინ ნახა, როცა მათ ოჯახში მივიდა სტუმრად. მანამდე უკვე ჰქონდა სოციალური ქსელის საშუალებით კომუნიკაცია დედასთან. ბოლო ხანს დედა შვილს ურთიერთობა არ აქვთ. არასრულწლოვანი დედის სატელეფონო ზარებსაც არ პასუხობდა, ამის მიზეზად ი.ე–ძე ასახელებს დედის მოთხოვნას, რომ მასთან ჩასულიყო საცხოვრებლად, რაზეც ი.ე–ძე ეუბნებოდა, რომ ჯერ არ იცნობდა მას კარგად. დედა აჩვენებდა ნივთებს, ტანსაცმელს და ეუბნებოდა, „როცა აქ ჩამოხვალ, მერე ჩაგაცმევო'', რაც აღიზიანებდა ბავშვს. ურთიერთობა დაიძაბა მხარეებს შორისაც, როგორც ვ.ე–ძე აღნიშნავს, მ.თ–ძე ეუბნება „დამიბრუნე ჩემი შვილიო". კომუნიკაციის პროცესში ირკვევა, რომ ვ.ე–ძე არასრულწლოვნის თანდასწრებით უარყოფითად არ საუბრობს მ.თ–ძის შესახებ, მაგრამ მის ყველა ტექსტურ შეტყობინებას აკითხებს ბავშვს: ნახე, რა მომწერა დედაშენმაო. არასრულწლოვნის დედა შესაძლებლობის ფარგლებში იჩენს ყურადღებას შვილის მიმართ. უკეთესი განათლება რომ მიეღო, ბავშვი კერძო სკოლაში გადაიყვანა და ერთი წლის განმავლობაში გადასახადსაც თვითონ უხდიდა. მას კომუნიკაცია ჰქონდა კლასის დამრიგებელთან და ხშირად კითხულობდა ბავშვის მდგომარეობას. ყოფილი კლასის დამრიგებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ერთ-ერთ გაკვეთილზე კლასის მოსწავლეებს დააწერინა თავისუფალი თემა დედაზე. ირაკლიმ დაწერა, რომ უნდა დედის გაცნობა, მასთან წასვლა და ერთად ყოფნა, თავისი დის გასეირნება (იმ პერიოდში დედა ჯერ არ ჰყავდა ნანახი). დედას სურს შვილი საცხოვრებლად მასთან გადაიყვანოს და იზრუნოს მასზე. ი.ე–ძე ამბობს, რომ დედას არ იცნობს, ამ ეტაპზე არც სურვილს გამოთქვამს მასთან რაიმე სახის ურთიერთობის, სოციალური ქსელებითაც კი. თუმცა სამომავლოდ არ გამორიცხავს აზრის შეცვლას. იგი საუბრობს მხოლოდ ბებიისა და მისი ნათესავების სიყვარულზე. ბებია ეუბნება-თუ გინდა დედასთან წადიო, მაგრამ ირაკლის თქმით, ბებომ რომ ურჩიოს მაინც არ უნდა წასვლა. მოპასუხე მხარე ამბობს, რომ თანახმაა ბავშვის დედასთან წასვლაზე, თუკი ბავშვს ამის სურვილი ექნება.

7. რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

7.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

8. მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა

8.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

9.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 26 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

9.2. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, გასაზიარებელია პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, მის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება.

9.3. მ.თ–ძე და დ.ე–ძე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი - 2010 წლის 30 დეკემბერს დაბადებული ი.ე–ძე. არასრულწლოვან ი.ე–ძის მამა დ.ე–ძე გარდაიცვალა 2018 წლის 26 თებერვალს.

9.4. არასრულწლოვნის დედის საზღვარგარეთ წასვლის და მამის გარდაცვალების შემდეგ თავდაპირველად არასრულწლოვანი საცხოვრებლად დარჩა მამის ბებიასთან, შემდგომ კი მოპასუხე ვ.ე–ძესთან (მამის დედა).

9.5. არასრულწლოვანი ი.ე–ძე ცხოვრობს და იზრდება ბებიასთან - ვ.ე–ძესთან.

9.6. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 15.06.2020 წლის მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინების თანახმად, 1. მოპასუხე მ.თ–ძე თანახმაა გასცეს მინდობილობა ვ.ე–ძეზე და გაცემული მინდობილობით ვ.ე–ძე იყოს 2010 წლის 30 დეკემბერს დაბადებული ი.ე–ძის კანონიერი წარმომადგენელი მის უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მესამე პირებთან ურთიერთობაში, კერძოდ საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრში, საჯარო სკოლაში, კერძო სკოლაში, სამედიცინო დაწესებულებაში, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამსახურში, ასევე სასამართლოში, საზღვარგარეთ გაყვანის უფლების გარეშე. მოპასუხე მ.თ–ძე თანახმაა, ვ.ე–ძეს მიენიჭოს 2010 წლის 30 დეკემბერს დაბადებული ი.ე–ძის სასარგებლოდ ნებისმიერი სახელმწიფო გასაცემლის, მათ შორის მარჩენალ დაკარგულის პენსიის დანიშვნა/აღდგენა, მიღება, განკარგვა და ამ მიზნით ნებისმიერ საბანკო დაწესებულებებში, მათ შორის სს „ლ. ბ–ში“ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების უფლება. 3. მოსარჩელე ვ.ე–ძე და მოპასუხე მ.თ–ძე თანხმდებიან, რომ 2010 წლის 30 დეკემბერს დაბადებული ი.ე–ძის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით ყველა საკითხს, რაც კი შეეხება ი.ე–ძეს აღზრდა, განვითრებას (განათლებას) მოაგვარებენ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. 4. მოსარჩელე ვ.ე–ძე ხელს შეუწყობს (იმუშავებს ბავშვთან) მოპასუხე მ.თ–ძეს ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე იქონიოს შვილთან ი.ე–ძესთან ურთიერთობა სატელეფონო, სკაიპით და სხვა საშუალებებით. (საჭიროების შემთხვევაში ჩართული იქნას ბავშვთა ფსიქოლოგი.) 5. მოსარჩელე ვ.ე–ძე და მოპასუხე მ.თ–ძე თანხმდებიან, მასზედ, რომ მის მიერ სასარჩელო მოთხოვნით 2010 წლის 30 დეკემბერს დაბადებულ ი. ე–ძის ნახვისა და წაყვანის დღეებად ზაფხულის არდადეგების პერიოდის ერთი თვე და ზამთრის არდადეგების პერიოდი 10 დღე გადანაწილებული იქნას წლის სხვადასხვა პერიოდებზე - ზაფხული 0 დან - 10 დღე, შემოდგომა 0-დან 10 დღე, ზამთარი 0-დან 10 დღე, გაზაფხული 0-დან 10 დღე. (საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობისთანავე). 6. მოსარჩელე ვ.ე–ძე და მოპასუხე მ.თ–ძე თანხმდებიან მასზედ, რომ ი.ე–ძის ქალაქგარეთ გაყვანა და დატოვება ვ.ე–ძის მეთვალყურეობის გარეშე (ხანგრძლივი პერიოდით არ უმეტეს ერთი თვისა) არ მოხდება.

9.7. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის ქვემო ქართლის რეგიონალური ცენტრის 2023 წლის 19 აპრილის დასკვნაში განმარტებულია: სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ წარმოდგენილი დასკვნის თანახმად, ი.ე–ძე ცხოვრობს ბებიასთან ერთად, მამა გარდაცვლილია, დედა კი ცხოვრობს ქვეყნის ფარგლებს გარეთ. შესაბამისად ბავშვზე ყოველდღიურ ზრუნვას ახორციელებს ვ.ე–ძე. ბავშვზე განხორციელებული ზრუნვა დამაკმაყოფილებელია. ი.ე–ძე უზრუნველყოფილია ყველა საჭიროებით, ადეკვატური საკვებითა და საცხოვრებელი პირობებით, სეზონის შესაბამისი სამოსით, ასაკობრივი სათამაშოებით, სასწავლო ინვენტარით, საჭიროებისას სამედიცინო მომსახურებითა და მედიკამენტებით. დაცულია ბავშვის პირადი ჰიგიენა. ბავშვის მეთვალყურეობაზე პასუხისმგებელია ბებია. ბებია და შვილიშვილს შორის დადებითი ემოციური კავშირია. არასრულწლოვანი საუბრობს ბებიის მიმართ არსებულ სიყვარულსა და სიახლოვეზე. ამბობს, რომ ის და ბებია კარგად უგებენ ერთმანეთს, ერთობლივად წყვეტენ საკითხებს.

9.8. საქმის განხილვის ფარგლებში პალატა გაესაუბრა არასრულწლოვანს ი.ე–ძეს, რომელიც არის 15 წლის. არასრულწლოვანმა მკაფიოდ გამოხატა დედისა და ბებიის მიმართ დამოკიდებულება. განმარტა, რომ დავალება „ჩემი ფიქრები“ მასწავლებლის ზემოქმედებით დაწერა (იხ.19.02.26 წლის სხდომის ოქმი; 15:36:35) არასრულწლოვანის სურვილია, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინოს აღნიშნული წერილი გადაწყვეტილების მიღებისას (იხ.19.02.26 წლის სხდომის ოქმი; 15:37:40). საქმის განხილვისას გამოიკვეთა მისი სურვილი ბებიასთან ერთად ცხოვრების. ამასთან, არასრულწლოვანმა მიუთითა, რომ მას არ აქვს ურთიერთობა დედის მშობლებთან, არ იცნობს და ნამყოფიც არ არის მათთან (იხ.19.02.26 წლის სხდომის ოქმი; 15:09:32).

9.9. აპელანტის წარმომადგენლის განმარტებით, 2021 წლიდან დედას ფიზიკური კონტაქტი არ ჰქონია შვილთან, სატელეფონო საუბარი ბოლოს 2022 წლის მარტში შედგა. მოსამართლის შეკითხვაზე, აპელანტის წარმომადგენლმა განმარტა, რომ ბავშვის საცხოვრებელი ადგილი უნდა განისაზღვროს დედის ადგილსამყოფელის მიხედვით (იხ.19.02.26 წლის სხდომის ოქმი; 15:07:36), მ.თ–ძის წარმომადგენლისთვის უცნობია ინფორმაცია აპელანტის შემოსავლების და ავსტრიაში მისი საცხოვრებელი ადგილისა და პირობების შესახებ. არასრულწლოვანის ადვოკატის განმარტებით: შეუძლებელია შეფასება ავსტრიაში საცხოვრებელი ადგილის, სადაც უნდა იცხოვროს არასრულწლოვანმა, რადგან საქმეში აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის. სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ბავშვის ნებისა და ინტერესებს გათვალისწინებით. ამდენად, მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი და სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. მესამე პირის წარმომადგენლი ლ. პ–რი ეთანხმება საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, საქმეში არსებული დასკვნების ანალიზის საფუძველზე თვლის, რომ ბავშვის საცხოვრებელი ადგილი უნდა განისაზღვროს ბებიასთან ვ.ე–ძესთან (ვინაიდან თავად ბავშვს აქვს ბებიასთან ცხოვრების სურვილი). პალატა მიუთითებს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 15.06.2020 წლის მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინებით განისაზღვრა არასრულწლოვანთან ურთიერთობის წესი. მ.თ–ძემ გამოხატა ნება არასრულწლოვანს ი.ე–ძეს ეცხოვრა ბებიასთან, ხოლო თავად არდადეგების პერიოდში წაიყვანდა ბავშვს. ამასთან, მას ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ექნებოდა შვილთან სატელეფონო კომუნიკაცია (ს.ფ.153 155, ტ.1).

9.10. პალატას მიაჩნია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 15.06.2020 წლის განჩინებით (ს.ფ.153-155, ტ.1) დამტკიცებული მორიგების პირობების შეცვლის საჭიროება სახეზე არ არის. საქმის განხილვის ეტაპზე არ გამოიკვეთა დედის მიერ განხორციელებული ქმედითი ნაბიჯები შვილთან ურთიერობის აღდგენისა და მათი ახლო კავშირის ჩამოყალიბების მიზნით. დედა-შვილს შორის არც ისე ხშირი ურთიერთობაა, ფატობრივად ისინი არ იცნობენ ერთმანეთს. ამასთან, სასამართლოს არ მიაჩნია გონივრულად, არასრულწლოვანი მისი სურვილისა და დედასთან დაახლოების გარეშე გადავიდეს საცხოვრებლად ავტრიაში, იმ პირობებში როცა 15 წლის განმავლობაში მასზე ზრუნავს ბებია, რომლის მიმართაც ი.ე–ძეს აქვს ძლიერი ემოციური კავშირი. მნიშვნელოვანია ეტაპობრივად დედა-შვილს შორის ურთიერთობის აღდგენა და მიჯაჭვულობის ჩამოყალიბება, რასაც დრო სჭირდება. ასევე, მნიშვნელოვანია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრამდე შეფასდეს დედის საცხოვრებელი პირობები და სოციალური გარემო, ვინაიდან, დედასთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის შემთხვევაში, მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ რა პირობებში მოუწევს არასრულწლოვანს ყოფნა, უნდა დადგინდეს ბავშვის ფსიქო-ემოციური განწყობა დედის მიმართ და მათი ურთიერთდამოკიდებულება. დედის საცხოვრებელი ადგილისა და პირობების შესახებ ინფორმაცია სასამართლოსთვის უცნობია, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის.

9.11. მოცემულ შემთხვევაში, არასრულწლოვანის ნება თანხვედრაშია ადვოკატის და სოციალური მუშაკის ახსნა-განმარტებასთან, ასევე საქმეში არსებულ დასკვნასთან, შესაბამისად სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა, სოციალური მუშაკისა და ბავშვის ადვოკატის განმარტების საფუძველზე არ დასტურდება არც ერთი განმაპირობებელი ფაქტორი იმისა რომ, არასრულწლოვანისთვის საცხოვრებლად უპრიანია, დედის საცხოვრებელი ადგილი განისაზღვროს.

10. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი

10.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 26 თებერვლის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

10.2. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება, რომ დედას შვილთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა, როგორც კი აღნიშნული გაიაზრა მოპასუხემ, გაუჩნდა შიში, რომ ბავშვი მოისურვებდა დედასთან წასვლას, რის გამოც მოპასუხემ ბავშვზე დაიწყო ფსიქოლოგიური ზეწოლა და აღნიშნულის შემდეგ კერძო სკოლიდან გამოიყვანა.

10.3. სააპელაციო სასამართლომ, არ გაითვალისიწინა, რომ სააგენტოს უმოქმედობამ გამოიწვია ბავშვის ბებიაზე მიჯაჭვულობა, რის შემდეგაც, ბავშვი უარს ამბობდა დედასთან ურთიერთობაზე.

11. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

11.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 12 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

12. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო.

13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის პრეტენზიებისა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთების გათვალისწინებით, განხილვის საგანია, სწორად არის თუ არა გამოკვლეული და შემდეგ სამართლებრივად შეფასებული, ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის ფაქტობრივსამართლებრივი წინაპირობები.

17. ბავშვის უფლებათა შესახებ 1989 წლის (საქართველოს მიერ რატიფიცირებულია 1994წ.) ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. კონვენციის მე-9 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. კონტინენტური ევროპის სამართლის სისტემაში არსებობს სრული კონსესუსი იმ იდეის მხარდასაჭერად, რომ ყველა გადაწყვეტილებაში, რომელიც უკავშირდება ბავშვებს, მათი საუკეთესო ინტერესები პირველხარისხოვანი მნიშვნელობის უნდა იყოს. აღნიშნული დადასტურებულია ასევე, 2015 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით, საქმეზე „ს.ლ. და ჯ.ლ. ხორვატიის წინააღმდეგ“, სადაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „ბავშვის საუკეთესო ინტერესები“ სამმაგი კონცეფციის სახით განმარტა. აღნიშნული კონცეფციის თანახმად: ა) თუ გადაწყვეტილების მიღებისას ერთმანეთს სხვადასხვა ინტერესები უპირისპირდება, ბავშვის ფუნდამენტური უფლებაა, რომ გარანტირებულად და უპირატესად მისი საუკეთესო ინტერესები შეფასდეს და გათვალისწინებულ იქნეს; ბ) თუ სამართლებრივ ნორმას ერთზე მეტი განმარტება შეიძლება მიეცეს, არჩეულ უნდა იქნეს ის განმარტება, რომელიც ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ყველაზე ეფექტურად ემსახურება. (განმარტების ფარგლებს გვთავაზობს ის უფლებები, რომლებიც კონვენციასა და დამატებით ოქმებშია მოცემული); გ) ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასება და განსაზღვრა მოითხოვს საპროცესო გარანტიებს. გადაწყვეტილების მიღებისას უნდა შეფასდეს ბავშვის ინტერესებზე ამ გადაწყვეტილების შესაძლო ზეგავლენის შედეგები (დადებითი თუ უარყოფითი) და გადაწყვეტილებაში პირდაპირ უნდა აისახოს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესები უპირატესად შეფასდა და მხედველობაში იქნა მიღებული.

18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონისმიერი ურთიერთობების სამართლებრივი მოწესრიგების მიზანს ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს არასრულწლოვანი ბავშვის უპირატესი ინტერესის დაცვა. არასრულწლოვანის „უპირატესი ინტერესია“ („main interest“) - მიიღოს მშობლებისაგან ის სამართლებრივი სიკეთე, რაც აუცილებელია საზოგადოებაში მისი ღირსეულ წევრად ჩამოყალიბებისათვის. არასრულწლოვანი ბავშვის ამ ლეგიტიმური ინტერესის დაცვას ეძღვნება ეროვნული კანონმდებლობის - სამოქალაქო კოდექსის არაერთი ნორმა, ბავშვის ეს უფლება გარანტირებულია ასევე უნივერსალური საერთაშორისო-სამართლებრივი აქტებით, რომლებიც აწესებენ სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას უზრუნველყოს ბავშვის ამგვარი ინტერესის დაცულობა. აღნიშნული მოიცავს სახელმწიფოს მხრიდან არა მხოლოდ ნეგატიური ჩარევის დაუშვებლობას (რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფომ არ უნდა დაარღვიოს არასრულწლოვანისათვის კანონით მინიჭებული უფლებები), არამედ აწესებს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებასაც - განახორციელოს აქტიური მოქმედებები არასრულწლოვანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დაცვისათვის, კერძოდ, შეიმუშავოს არასრულწლოვანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციები. თავის მხრივ, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც „სახელმწიფოს სახელით“ გამოტანილი სამართლებრივი დოკუმენტია და შეეხება არასრულწლოვანის ინტერესებს, არის სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების შესრულების ყველაზე ნათელი მაგალითი“ (იხ. სუსგ ას-307-294-2015, 3.06.2015 წელი). სასამართლომ ყოველმხრივ უნდა შეუწყოს ხელი არასრულწლოვანი ბავშვის საზოგადოების ღირსეულ, სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას და უნდა უზრუნველყოს მისი საზოგადოებაში სრულყოფილი ინტეგრირებისათვის სათანადო პირობების შექმნა.

19. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ამ კატეგორიის დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი (Gnahore v. France, n. 40031/98, § 59, ECHR 2000-IX) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადასწონოს მშობლების ინტერესი (Sahin v. Gernamy [GC], no. 30943/96, § 66, ECHR 2003-VIII). კერძოდ, კონვენციის მე-8 მუხლიდან გამომდინარე, მშობელს არა აქვს ისეთი ღონისძიებების მოთხოვნის უფლება, რომელთა განხორციელებამ შესაძლებელია ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობას და განვითარებას (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014, Scozzari and Giunta v. Italy [GC], nos. 39211/98 and 41963/98, § 169, ECHR 2000-VIII, and P., C. And S. v. The United Kingdom, no. 56547/00, § 177, ECHR 2002-VI) (სუსგ Nას-1139-1095-2016, 25.09.2017წ., 57; Nას 1875-2018, 29.03.2019წ., 21). (მსგავსი მსჯელობა დამატებით იხ. სუსგ.-ში საქმე №ას-258-2026 30 ივნისი, 2026 წელი საქმე №ას-940-2025 19 დეკემბერი, 2025 წელი).

20. ბავშვის ინტერესთა კონცეფცია კომპლექსურია და მისი შემადგენელი ნაწილები უნდა განისაზღვროს თითოეული შემთხვევის გათვალისწინებით. ბავშვის ინტერესთა დაცვის კონცეფცია მოქნილი და ადაპტირებადია. მისი მორგება და განსაზღვრა ხდება ინდივიდუალურად, სიტუაციის სპეციფიკიდან გამომდინარე, ბავშვის კონკრეტული სტატუსის, სიტუაციის და საჭიროების მიხედვით. ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღებისას ბავშვის ინტერესები დაცული უნდა იყოს ცალკეული ბავშვის კონკრეტული გარემოების ფონზე (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2015 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება საქმე „გ.ს. საქართველოს წინააღმდეგ“, ველი 32).

სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებულ ბავშვის უფლებებს, უპირატესობა ბავშვის საუკეთესო ინტერესს მიენიჭოს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეებზე „ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ“, (Elsholz v. Germany, N 25735/94, 2000 წლის 31 ივლისი, და „TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“, (TK and KM v. UK), N 28945/95, 2001 წლის 10 მაისი) (იხ. სუსგ. საქმე №ა-1199-შ-40-2026, 11 ივნისი, 2026 წელი; №ას-821-2025 14 ნოემბერი 2025 წელი).

21. საქართველოს „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მე-3 მუხლის მიხედვით, ბავშვი არის 18 წლამდე არასრულწლოვანი. ამ კოდექსის თანახმად, ბავშვის საუკეთესო ინტერესების მნიშვნელობა განმარტებულია შემდეგნაირად: კეთილდღეობის, ბავშვის უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარების, საზოგადოებრივი, ზნეობრივი და სხვა ინტერესები, რომლებსაც პრიორიტეტულად განსაზღვრავს მშობელი ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და ბავშვის ინდივიდუალური მახასიათებლების შესაბამისად, მისი მონაწილეობით და მისი მოსაზრების გათვალისწინებით. კოდექსის მე-8 მუხლის თანახმად კი, ბავშვს უფლება აქვს, მოუსმინონ ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას, რომელიც მის რომელიმე უფლებას ეხება ან გავლენას მოახდენს მის რომელიმე უფლებაზე, და გაითვალისწინონ ბავშვის მოსაზრება მისი საუკეთესო ინტერესების შესაბამისად.

22. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2016 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებაში, საქმეზე „ნ.წ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ განმარტა, რომ მე-12 მუხლის პუნქტი 1-ის შესაბამისად სახელმწიფოები „უზრუნველყოფენ“ ბავშვის უფლებას, თავისუფლად გამოხატოს მისი შეხედულებები. „უზრუნველყოფს“ წარმოადგენს სპეციალური ძალის მქონე იურიდიულ ტერმინს, რომელიც მონაწილე სახელმწიფოს არ აძლევს მოქმედების თავისუფლების საშუალებას. შესაბამისად, სახელმწიფო მკაცრად ვალდებულია განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები ყველა ბავშვისთვის ამ უფლების სრულად განხორციელების მიზნით. ეს ვალდებულება ორ ელემენტს მოიცავს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს იმ მექანიზმების არსებობა, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ბავშვის მოსაზრების მიღება იმ საკითხებზე, რომლებიც მას შეეხება და ამ მოსაზრებისთვის ჯეროვანი მნიშვნელობის მინიჭება. ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასება უნდა მოიცავდეს ბავშვის უფლების პატივისცემას, თავისუფლად გამოხატოს თავისი მოსაზრება ყველა საკითხზე, რომელიც მასზე ზეგავლენას ახდენს, და მის მიერ გამოთქმული მოსაზრებისთვის სათანადო მნიშვნელობის მინიჭებას. ეს ცალსახად არის ჩამოყალიბებული კომიტეტის №12 ზოგად კომენტარში, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია, აგრეთვე, განუყოფელ კავშირებზე მე-3 მუხლის პირველ პუნქტსა და მე-12 მუხლს შორის. ამ ორ ნორმას ურთიერთშემავსებელი როლი აქვს: პირველის მიზანს ბავშვის საუკეთესო ინტერესების რეალიზაცია წარმოადგენს, ხოლო მეორე ადგენს მეთოდოლოგიას ბავშვის ან ბავშვების მოსაზრებების მოსმენისა და მათი ჩართვისათვის ყველა იმ საკითხში, რომელიც მათ შეეხება, მათ შორის მათი საუკეთესო ინტერესების შეფასების პროცესში. მე 3 მუხლის პირველი პუნქტის სათანადო გამოყენება ვერ მოხდება, თუ არ დაკმაყოფილდა მე-12 მუხლის მოთხოვნები. მსგავსად ამისა, მე-3 მუხლის პირველი პუნქტი აძლიერებს მე-12 მუხლის ფუნქციურობას, ყურადღებას ამახვილებს რა ბავშვების არსებით როლზე მათ ცხოვრებაზე ზეგავლენის მომხდენი ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებაში. როდესაც საქმე ეხება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და უფლებას, მოუსმინონ, გათვალისწინებული უნდა იქნეს ბავშვის განვითარებადი უნარები (მე-5 მუხლი). ბავშვის მომწიფებასთან ერთად მის მოსაზრებებს მეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს მისი საუკეთესო ინტერესების შეფასებისას. ჩვილებსა და მცირეწლოვან ბავშვებს იგივე უფლებები აქვთ, რაც ყველა ბავშვს, მათი საუკეთესო ინტერესების შეფასების მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ მათ არ შეუძლიათ თავიანთი მოსაზრების გამოხატვა ან საკუთარი თავის წარმოდგენა ისე, როგორც უფრო მოზრდილ ბავშვებს. სახელმწიფოებმა შესაბამისი ზომები უნდა მიიღონ, მათ შორის უზრუნველყონ წარმომადგენლობა შესაბამის შემთხვევებში, ბავშვთა საუკეთესო ინტერესების შეფასებისათვის; იგივე ვრცელდება იმ ბავშვებზე, რომლებსაც არ აქვთ მოსაზრების გამოხატვის უნარი ან ნება. ზოგადი კომენტარი 12-ის შესაბამის ნაწილებში, რომელიც ეხება ბავშვის უფლებას, მოუსმინონ, რომელიც ბავშვის უფლებების კომიტეტმა 2009 წლის 20 ივლისს გამოაქვეყნა (CRC/C/GC/12) ვკითხულობთ შემდეგს: ყველა ბავშვის უფლება, მოუსმინონ და მათი შეხედულება აღიქვან სერიოზულად, წარმოადგენს კონვენციის ერთ-ერთ ფუნდამენტურ ღირებულებას. ბავშვის უფლებების კომიტეტმა (შემდგომში კომიტეტი) მუხლი 12 განსაზღვრა, როგორც კონვენციის ოთხი ძირითადი პრინციპის ერთ-ერთი შემადგენელი ელემენტი, ამასთან, დანარჩენი ძირითადი პრინციპებია – დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპი, სიცოცხლისა და განვითარების უფლება, და ბავშვის ინტერესების უკეთ უზრუნველყოფისთვის უპირველესი ყურადღების დათმობა, რაც ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მოცემული მუხლი არა მხოლოდ აყალიბებს უფლებას როგორც ასეთს, არამედ გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა სხვა უფლების ინტერპრეტაციისა და განხორციელებისას.

23. საქართველოს კონსტიტუციით, მის მიერ ხელმოწერილი და რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მათ შორის, „ბავშვის უფლებათა შესახებ“ გაერთიანებული ერების 1989 წლის კონვენციით და საქართველოს შიდასაკანონმდებლო აქტებით, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსით დადგენილია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ და განსაზღვრულია, რომ ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში (სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1197). მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით (სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1198.1).

24. სსკ-ის მე-20 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არასრულწლოვანის საცხოვრებელ ადგილად ითვლება მშობლის უფლების მქონე მშობლების საცხოვრებელი ადგილი, ხოლო სამეურვეო პირისა– მეურვის საცხოვრებელი ადგილი. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან. ამავე კოდექსის 1199-ე მუხლით მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს, ხოლო 1203-ე მუხლის შესაბამისად, პაპასა და ბებიას უფლება აქვთ, ურთიერთობა იქონიონ თავიანთ არასრულწლოვან შვილიშვილებთან მაშინაც, როცა ისინი უშუალოდ არ მონაწილეობენ შვილიშვილების აღზრდაში. თუ მშობლები ან მეურვე/მზრუნველი უარს ეუბნებიან პაპასა და ბებიას შვილიშვილებთან ურთიერთობაზე, სასამართლოს შეუძლია დაავალდებულოს მშობლები ან მეურვე/მზრუნველი, საშუალება მისცენ პაპასა და ბებიას, ურთიერთობა იქონიონ შვილიშვილებთან სასამართლოს მიერ დადგენილი წესით, თუ სასამართლო დაადგენს, რომ ეს ხელს არ შეუშლის ბავშვების ნორმალურ აღზრდას და ცუდ გავლენას არ მოახდენს მათზე. სსკ-ის 1204-ე მუხლი ადგენს, რომ მშობლებს უფლება აქვთ, მოითხოვონ არასრულწლოვანი შვილის დაბრუნება იმ პირისაგან, რომელიც მას თავისთან ამყოფებს კანონიერი საფუძვლის გარეშე.

25. საკასაციო სასამართლო, ზემოაღნიშნული სამართლებრივი დასაბუთებითა და ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი, საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა, სოციალური მუშაკისა და ბავშვის ადვოკატის განმარტების საფუძველზე არ დასტურდება კასატორის პრეტენზიების მართებულობა გასაჩივრებული განჩინების დაუსაბუთებლობისა და კანონშეუსაბამობის შესახებ.

26. საქმეზე დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, ბავშვს მჭიდრო ემოციური კავშირი აქვს ბებიასთან - ვ.ე–ძესთან. აღნიშნული არ გამორიცხავს დედასთან სიახლოვეს და მჭიდრო ემოციური კავშირის დამყარების შესაძლებლობას.

27. საკასაციო სასამართლო ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ გამოკვლეულ მტკიცებულებებზე მიაქცევს ყურადღებას, კერძოდ სოციალური მუშაკისა არასრულწლოვანის ადვოკატის შეფასებების, არასრულწლოვანი ი.ე–ძის მიერ სასამართლო სხდომაზე გამოხატულ მოსაზრებებისა და სურვილების, ასევე რუსთავის საქალაქო სასამართლოს 15.06.2020 წლის მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინების მიხედვით სახეზე არ არის დამტკიცებული მორიგების პირობების შეცვლის საფუძველი, არასრულწლოვანი მართლზომიერად იმყოფება ბებიასთან - ვ.ე–ძესთან. ამდენად, ბავშვის საცხოვრებელ ადგილად ბებიის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, სრულად შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს.

28. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

29. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

30. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება/განჩინება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

31. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

32. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

34. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396-ე და 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.თ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. მ.თ–ძეს (..........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ე.ა–ძის (.........) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის (საგადახდო დავალება N5599, გადახდის თარიღი 04/06/2026) 70% – 210 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. კოჭლამაზაშვილი

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

მ. ერემაძე