დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
22 აპრილი, 2026 წელი,საქმე №ას-315 -2026 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან მიქაბერიძე,ბადრი შონია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ლ.კ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 6 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, მეიჯარე ან სააგენტო) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 6 ნოემბრის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, რომლითაც ლ.კ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან მოიჯარე) წინააღმდეგ საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა: საიჯარო ქირა - 6025.5 ლარი, 2023 წლის 27 ოქტომბრის მონაცემებით არსებული პირგასამტეხლო - 500 ლარი, აუქციონის საფასურის გადახდის ვადის დარღვევის გამო წარმოქმნილი პირგასამტეხლო - 100 ლარი, პირგასამტეხლო - 2023 წლის 28 ოქტომბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 3 (სამი) წლის პერიოდისა, ყოველდღიურად დავალიანების ძირითადი თანხის - 6025.5 ლარის 0.01%, რაც ყოველდღიურად - 0.60 ლარია და აუქციონის ჩატარების მომსახურების საფასური - 250 ლარი.
კასატორის აზრით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, განჩინება არ არის დასაბუთებული, სახელდობრ:
1.1. კასატორის მტკიცებით, მხარეები თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე შეთანხმდნენ იჯარის ხელშეკრულების არსებით პირობებზე, მათ შორის განსაზღვრეს იჯარის ღირებულება, გადახდის პერიოდულობა და საიჯარო ქირის გადაუხდელობის ან/და ვადის დარღვევის შედეგები; სააპელაციო სასამართლოს განჩინება მიღებულია საქმეში არსებული ფაქტების არასრულყოფილი განხილვა-შეფასების შედეგად და არ ემყარება მოქმედ კანონმდებლობას (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).
1.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 24 მარტის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
4.3. 2021 წლის 27 აგვისტოს გამართულ ელექტრონულ აუქციონზე მონაწილეობისა და გამარჯვების შედეგად, თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული განსაზღვრული უძრავი ქონების ელექტრონული აუქციონის ფორმით დროებითი სარგებლობის უფლებით (იჯარა) გადაცემის შესახებ, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2021 წლის 13 აგვისტოს №ბ6.012122524 ბრძანების საფუძველზე, 2021 წლის 1 სექტემბერს მხარეებს შორის უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის №ე-606-1-26673 ხელშეკრულება გაფორმდა; გარიგებით მოპასუხეს ღია კაფის მოწყობის/განთავსების მიზნით, იჯარის უფლებით თბილისში, .......... ქუჩა №2-20-ის მიმდებარედ 65 კვ.მ (N ....... საკადასტრო ერთეულიდან ორთოფოტოზე მონიშნული ადგილმდებარეობით), (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც საიჯარო ქონება ან უძრავი ქონება) დროებით სარგებლობაში 10 - წლიანი ვადით გადაეცა; წლიური საფასურის - 12 051 ლარისა და აუქციონის მომსახურების საფასურის - 250 ლარის, შეთანხმების გაფორმებიდან 30 კალენდარულ დღეში, გადახდის პირობით. საიჯარო ქირა თანაბარწილად ყოველ 6 თვეში ერთხელ, არაუგვიანეს ყოველი ექვსთვიანი პერიოდის გასვლის უკანასკნელ დღეს უნდა გადახდილიყო (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 581-ე მუხლი).
4.4. საიჯარო ქირის გადაუხდელობის ან გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში, პირგასამტეხლო საიჯარო ქირის 0.1%-ით განისაზღვრა, მაგრამ არანაკლებ 5 ლარის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხოლო სხვა ვალდებულებების (გარდა სარგებლობის ქირის) დარღვევის შემთხვევაში, 100 ლარით (იხ. ხელშეკრულების 3.5 და 3.6. პუნქტები).
4.5. 2022 წლის 8 ივნისის წერილით, მოსარჩელემ მოპასუხეს აცნობა, რომ შეთანხმებით გათვალისწინებული საიჯარო ქირის გადაუხდელობის გამო, 2022 წლის 2 ივნისის მონაცემებით მისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო იყო - 560.37 ლარი.
4.6. მოსარჩელის 2022 წლის 15 სექტემბრის წერილით, მოპასუხეს ეცნობა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქირის გადაუხდელობის გამო, 2022 წლის 13 სექტემბრის მონაცემებით მისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო იყო - 1253.30 ლარი.
4.7. 2023 წლის 1 თებერვლის წერილით, მოსარჩელემ მოპასუხეს აცნობა, რომ შეთანხმებით გათვალისწინებული საიჯარო ქირის გადაუხდელობის გამო, 2023 წლის 25 იანვრის მონაცემებით მისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო იყო - 2868.14 ლარი.
4.8. მოსარჩელის 2023 წლის 12 ოქტომბრის #ბ61.01232852 ბრძანებით, ხელშეკრულება შეწყდა და ერთ თვეში გადასახდელმა საიჯარო ქირის მოცულობამ - 25 455.67 ლარი, ვალდებულების შეუსრულებლობისათვის წარმოქმნილმა პირგასატეხლომ - 2023 წლის 12 ოქტომბრის მონაცემებით - 7604.18 ლარი შეადგინა; პირგასამტეხლო იზრდებოდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე, აუქციონის მომსახურების თანხამ - 250 ლარი ხოლო ამავე საფასურის გადაუხდელობის გამო, პირგასამტეხლომ - 100 ლარი შეადგინა (იხ. 2023 წლის 31 ოქტომბრის წერილი).
4.9. 2023 წლის 27 ოქტომბრის მონაცემებით, მოპასუხეს თბილისის მუნიციპალიტეტის (ბიუჯეტის) სასარგებლოდ გადასახდელი ჰქონდა ქონებით სარგებლობის საფასური - 25455.67 ლარი: 01.03.2022 წ. - 6025,50 ლარი; 01.09.2022წ. - 6025,50 ლარი; 01.03.2023 წ. - 6025,50 ლარი; 01.09.2023 წ. - 6025,50 ლარი; 12.10.2023 წ. - 1353,67 ლარი (შეწყვეტის მონაცემებით), ასევე დარიცხული პირგასამტეხლოს სრული მოცულობა (იხ. ფინანსური ვალდებულებების ამსახველი ცხრილი).
4.10. „ღია კაფის“ მოწყობა ობიქტის ფუნქციონირებისთვის საჭირო კონსტრუქციის აგებასაც გულისხმობდა. იჯარის ხელშეკრულების არსებობის მიუხედავად, მოპასუხემ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, იჯარის საგნის დანიშნულებით სარგებლობა ვერ შეძლო, კერძოდ:
4.10.1 თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 3 მაისის N5922027 გადაწყვეტილებით, მოპასუხეს ეცნობა, რომ წარდგენილი სახით საპროექტო ნაგებობის განთავსება, სამსახურს შესაძლებლად არ მიაჩნდა და მეტად მსუბუქი კონსტრუქცია იყო წარსადგენი. სარეკლამო აბრაზე წარწერა სახელმწიფო ენაზე, ხოლო უცხო ენაზე შესრულებული ზომით (ყველა შემთხვევაში) და რაოდენობით სახელმნიფო ენაზე შესრულებულ ტრანსლიტერირებულ ფორმაზე მეტი არ უნდა ყოფილიყო. მანათობელი წარწერის შემთხვევაში, ორივე ენაზე შესრულებული (ქართული და უცხოური) წარწერები ერთნაირად უნდა განათებულიყო. ოფიციალური სახელწოდების სახელმწიფო და არასახელმწიფო ენაზე გადმოცემისას სახელმწიფო ენაზე შესრულებული ტექსტი წინ (მარჯვნივ ან ზევით) ხოლო არასახელმწიფო ენაზე შესრულებული ტექსტი შემდეგ (მარჯვნივ ან ქვევით), უნდა განთავსებულიყო.
4.10.2. საჭირო იყო თითოეული რეკლამის თარგმნა და განახლებული ფოტომონტაჟი.
4.10.3. 2021 წლის 1 მარტიდან ტექნიკური რეგლამენტი - „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტები" ამოქმედდა, რომლის მიზანი, შშმ პირების ადაპტირებული გარემოს შექმნა იყო. რადგან, ნებართვის მოპოვებაზე განცხადება 1-ლი მარტის შემდგომ იქნა წარდგენილი, მოპასუხეს ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისი დასკვნისა და შესაბამისად მომზადებული გრაფიკული დოკუმენტაციის წარდგენა დაევალა.
4.10.4. თბილისის ინტერაქტიულ რუკაზე ხაზობრივი ნაგებობების ფენაში ხაზობრივი ნაგებობა - ბუნებრივი აირით მომარაგების მიწისქვეშა ქსელი ფიქსირდებოდა, შესაბამისად, ჩასატარებელ სამუშაოებთან დაკავშირებით მესაკუთრის მიერ გაცემული თანხმობის, დამოწმებული გენგეგმისა და უახლესი სიტუაციის ამსახველი ფოტომასალის (ფოტოფიქსაციის თარიღის მითითებით), წარდგნა იყო საჭირო.
4.10.5.საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემის შეთანხმებისთვის მოპასუხეს თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოსთვის უნდა მიემართა და განცხადება ms.gov.ge-ზე უნდა დაერეგისტრირებინა, სააგენტოს მიერ შეთანხმებული სქემა კი, დამატებით თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარ სამმართველოსთან უნდა შეეთანხმებინა.
4.10.6. ზემოაღნიშნული ხარვეზების აღმოსაფხვრელად მოპასუხეს - 15 დღე განესაზღვრა.
4.11. მოპასუხემ არქიტექტურის სამსახურისგან იჯარის ობიექტზე ღია კაფის მოსაწყობად საჭირო კონსტრუქციის ჩადგმის ნებართვა ვერ მოიპოვა (იხ. არქიტექტურის სამსახურის წერილები).
4.12. იჯარის ხელშეკრულების მიზანს ღია კაფეს მოწყობა წარმოადგენდა და ამ მიზნის მიღწევის გარეშე, ცალკე აღებული მიწის ნაკვეთი შეთანხმებით განსაზღვრული მიზნით სარგებლობის შესაძლებლობას, ვერ უზრუნველყოფდა.
4.13. მოსარჩელეს მოპასუხისთვის იჯარის ობიექტი/მიწის ნაკვეთი სახელშეკრულებო მიზნით გამოყენებისთვის ვარგის მდგომარეობაში არ გადაუცია.
4.14. მოიჯარეს ხელშეკრულება ცალმხრივად არ შეუწყვეტია და მხარეებს შორის იჯარის ხელშეკრულება იმ სახით გაგრძელდა, რომ მოიჯარე გადაცემული მიწის ნაკვეთით ვერ სარგებლობდა.
4.15. მოპასუხემ იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაარღვია.
5. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, საიჯარო ქირის, აუქციონის მომსახურების საფასურისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნები, სსკ-ის 581-ე (იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა, გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა, გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც; იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, თუ 581 – 606-ე მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული) და 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებიდან გამომდინარეობდა.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა სასარჩელო მოთხოვნების სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი წანამძღვრების მხოლოდ ნაწილის არსებობა და რადგანაც ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი გარემოება სრულად არ იყო სახეზე, სასარჩელო მოთხოვნები ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული.
6. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იჯარა ორმხრივმავალდებულებელი, სასყიდლიანი და კონსესუალური ტიპის ხელშეკრულებაა. მეიჯარის ვალდებულებაა, დროებით სარგებლობაში გადასცეს მოიჯარეს იჯარის საგანი (ქონება) ისე, რომ შესაძლებელი იყოს მისგან სწორი სამეურნეო გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით ნაყოფის მიღება, ხოლო მოიჯარის ვალდებულება კი, შეთანხმებული საზღაურის გადახდაა. შესაბამისად, საიჯარო სამართლებრივი ურთიერთობის მიზანი არის არა მხოლოდ იჯარის საგნის სარგებლობა, არამედ იჯარის საგნის სარგებლობის გამო მიღებული შემოსავალი. იჯარა ქირავნობის სამართლებრივი ურთიერთობის ნაირსახეობაა (საიჯარო ურთიერთობების დარეგულირებისთვის ქირავნობის ნორმები ბლანკეტურია), მაგრამ ქირავნობისგან მას სწორედ იჯარის საგნის სარგებლობით შემოსავლის მიღების აუცილებლობა მიჯნავს. იჯარის შემთხვევაში გადაეცემა ქონება, რომელიც, არა მარტო ნივთებს, არამედ არამატერიალურ ქონებრივ სიკეთესაც აერთიანებს (სსკ-ის 147-ე მუხლი), ანუ იმ მოთხოვნებსა და უფლებებს, რომლებიც მოიჯარეს მისცემს შესაძლებლობას, მიიღოს ნაყოფი (მატერიალური სარგებელი). იჯარის შემთხვევაში ნაყოფია ის შემოსავლები, რაც მეურნეობის სწორი გაძღოლის გზით მიიღება სამართლებრივი ურთიერთობის (იჯარის) საფუძველზე („იურიდიული ნაყოფი“). შემოსავლის მიღების შესაძლებლობის აუცილებლობის უზრუნველყოფა კი, მეიჯარის ვალდებულების ჯეროვნად შესრულების გამოკვეთილი პასუხისმგებლობაა, რასაც ეფუძნება საიჯარო ქირის გადახდის შესახებ მოიჯარის ვალდებულება. ამდენად, საიჯარო ქირისა თუ მისი გადაუხდელობით შეთანხმებული პირგასამტეხლოს შესახებ მეიჯარის მოთხოვნის პერსპექტიულობა დამოკიდებულია მეიჯარის მტკიცებაზე, ისეთი საიჯარო ქონების გადაცემის შესახებ, როგორითაც გარანტირებულია შემოსავლის მიღება.
7. საიჯარო ურთიერთობებისათვის დამახასიათებელია, რომ მეიჯარე ვალდებულია საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა (სსკ-ის 581.1 მუხლი).
ეს ნიშნავს იმას, რომ მოიჯარეს ქონება სარგებლობაში უნდა გადაეცეს სარგებლობისათვის ვარგის მდგომარეობაში და იჯარის მთელი დროის განმავლობაში მეიჯარემ უნდა შეინარჩუნოს ნივთის ეს მდგომარეობა. იჯარის ხელშეკრულების შემთხვევაში ნივთის „ვარგისინობა“ გულისხმობს ნაყოფის მიღების შესაძლებლობას.
შესაბამისად, გამოყენებული უნდა იქნეს ქირავნობის წესები სამოქალაქო კოდექსის 581–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 533–ე მუხლის თანახმად, გამქირავებელმა უნდა გადასცეს დამქირავებელს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ნივთი. (შდრ: სუსგ №ას- 862-828-2016, 24 თებერვალი, 2017).
8. ზემომოხმობილი მსჯელობიდან გამომდინარე, კასატორის შედავებასთან დაკავშირებით მოწინააღმდეგე მხარისთვის საიჯარო ქირის სრული მოცულობით დაკისრების ნაწილში საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 319-ე მუხლი ადგენს სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპს, რაც იმას ნიშნავს, რომ კერძოსამართლებრივი გარიგების მონაწილეები კანონის ფარგლებში უფლებამოსილი არიან, თავისუფლად დადონ ისეთი ხელშეკრულებები, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას ანუ მოქმედებს პრინციპი ნებადართულია, რაც აკრძალული არ არის, დასახელებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სახელშეკრულებო თავისუფლებაც კანონისმიერ ჩარჩოშია მოქცეული (იხ. სუსგ №ას-212-201-2017, 15.05.2017წ.).
კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერების საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი. კეთილსინდისიერების პრინციპის შინაარსი, უპირველეს ყოვლისა, იმით გამოიხატება, რომ მხარეს, გარდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისა, ევალება ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებაც, ანუ კონტრაჰენტის პატივსადები ინტერესების გათვალისწინება და დაცვა.
კეთილსინდისიერების პრინციპს სამი ფუნქცია ეკისრება: 1) ყველა ხელშეკრულება უნდა განიმარტოს კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე; 2) კეთილსინდისიერების პრინციპს აქვს ხარვეზის (სამართლის ნორმის ხარვეზის) შემავსებელი ფუნქცია, ასევე ხელშეკრულების პირობათა (რომლებიც მხარეთა მიერ ან/და კანონით არ იყო გათვალისწინებული) დამატების ფუნქცია; 3) გამაუქმებელი, შემზღუდავი და „მაკორექტირებელი“ ფუნქცია.
საკასაციო პალატის დასკვნით, კეთილსინდისიერი ქცევის, როგორც სტაბილური სამოქალაქო ბრუნვის ერთ ერთი ქვაკუთხედის და მხარეთა მოქმედების ამავე პრინციპისადმი ერთგულების ჭრილში განხილვისას ხაზგასასმელია, რომ მოპასუხემ სადავო საიჯარო მიწის ნაკვეთზე „ღია კაფე“ (მსუბუქი კონსტრუქციის კაფე) იმ მოტივით ვერ განათავსა, რომ არქიტექტურის სამსახურისგან იჯარის ობიექტზე ღია კაფის მოსაწყობად საჭირო კონსტრუქციის ჩადგმის ნებართვა ვერ მოიპოვა.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კომერციული ობიექტის (კაფის) განთავსება შეუძლებელი აღმოჩნდა ცხადია - მოიჯარისთვის შემოსავლის მიღების შესაძლებლობას იჯარით გადაცემული მიწის ნაკვეთი არ იძლეოდა.
ამრიგად, საკასაციო პალატის დასკვნით, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო, მოიჯარისთვის ისეთი ხასიათის საიჯარო ქონების გადაცემა, რომლის სწორი სამეურნეო გაძღოლის შედეგადაც, მოპასუხე სარგებელს მიიღებდა.
9. აღნიშნულმა ფაქტებმა, წარმოქმნა შესაძლებლობა გამოტანილიყო დასკვნა მასზედ, რომ მოპასუხეს იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა ნაკლიანი ნივთი, რის გამოც მოიჯარეს წაერთვა ქონების სარგებლობისა და შესაბამისად ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუმცა მოიჯარეს ხელშეკრულება ცალმხრივად არ შეუწყვეტია და მხარეებს შორის იჯარის ხელშეკრულება იმ სახით გაგრძელდა, რომ მოიჯარე გადაცემული მიწის ნაკვეთით ვერ სარგებლობდა. საკასაციო პალატის მოსაზრებით ამავე ფაქტობრივ გარემოებათა ერთობლიობა საკმარისია იმ დასკვნის ჩამოყალიბებისთვის, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხსენებული იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში საიჯარო ქირის დაკისრების შესახებ სსკ-ის 581-ე, 532-ე, 533-ე და 536-ე მუხლების საფუძველზე ნაწილობრივ კანონშესაბამისად იქნა უარყოფილი.
10. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხემ კვალიფიციური შედავების პირობებში შეძლო სასარჩელო მოთხოვნების ნაწილობრივ გაქარწყლება, მოსარჩელემ კი, ვერ უზრუნველყო დავის საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე, მისი მტკიცების საგანში შემავალი ძირითადი გარემოების - მოპასუხისათვის საიჯარო ქონების ნივთობრივად უნაკლო, კომერციული მიზნებისთვის ვარგის მდგომარეობაში გადაცემის დამტკიცება, შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეს საიჯარო ქირისა და მასზე დარიცხული პირგასამტეხლოს ანაზღაურების ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ წარმოეშვა.
11. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიას, პირგასამტეხლოს უსაფუძვლოდ შემცირებასთან დაკავშირებითაც და განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მომწესრიგებელი ნორმების გამოყენების კუთხით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულია ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, მაგალითად, ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ „პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას, კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს, პირის ბრალეულობის ხარისხს. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას, გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
11.1. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობის პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით.
11.2. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და, რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, სასამართლო ითვალისწინებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (შდრ. სუსგ #ას-144-140-2016, 19.04.016 წ).
11.3. ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ წინამდებარე საქმის ყველა გარემოების გათვალისწინებით დაკისრებული პირგასამტეხლო გონივრულია.
12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
13. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ # ას-294-294-2018, 08.05.2018წ).
14. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
16. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, მითითებული ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს, რადგან კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
ბადრი შონია