დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 14.07.2026
საქმის ნომერი
ას-751-2026
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
14.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

14 ივლისი 2026 წელი

№ას-751-2026 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - უ.ც–ძე

მოწინააღმდეგე მხარე - ს.ს. „ტ–ი“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 30 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ს.ს. „ტ–მა“ სარჩელით მიმართა ახმეტის მაგისტრატ სასამართლოს მოპასუხე - უ.ც–ძის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვისა და ამ ქონების თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემის შესახებ. მოსარჩელემ იშუამდგომლა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაც.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. ახმეტის მაგისტრატი სასამართლოს 2025 წლის 13 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა და მოსარჩელეს გამოთავისუფლებული სახით გადაეცა შემდეგი უძრავი ნივთები: ახმეტა, ........, N 21, ს/კ .......... და დედოფლისწყარო, სოფელი ..........., ს/კ ........... მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

4. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

5. ახმეტის მაგისტრატი სასამართლოს 2025 წლის 29 დეკემბრის განჩინებით, მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა ამავე სასამართლოს 2025 წლის 13 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

6. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი უცვლელად დატოვების თაობაზე განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 30 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ახმეტის მაგისტრატი სასამართლოს 2025 წლის 13 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2025 წლის 29 დეკემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ. განჩინება დაეფუძნა შემდეგს:

7.1. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ №............ და №5........ საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთები მოსარჩელეს ეკუთვნოდა, რაც სარჩელზე დართული საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდებოდა.

7.2. საქმეზე რამდენჯერმე ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა, თუმცა აპელანტი არცერთ მათგანზე არ გამოცხადებულა. ამავდროულად, იგი ყველა შემთხვევაში, სხდომის გადადების თაობაზე სასამართლოს არსებითად ერთი და იმავე შინაარსის განცხადებით მიმართავდა.

7.3. საქმეზე ბოლო მოსამზადებელი სხდომა 2025 წლის 13 ნოემბერს დაინიშნა. აპელანტი არც ამ სხდომაზე გამოცხადდა და სასამართლომ, მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე, სარჩელი დააკმაყოფილა.

7.4. სააპელაციო პალატა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს ფაქტობრივ და სამართლებრივ შეფასებებს და, მიიჩნია, რომ სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მართებულად გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

7.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს. მოცემულ შემთხვევაში, 2025 წლის 13 ნოემბრის სხდომის თაობაზე უწყება აპელანტს 2025 წლის 29 სექტემბერს პირადად ჩაბარდა. შესაბამისად, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტი სასამართლო სხდომის შესახებ ინფორმირებული იყო.

7.6. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით განმარტა, რომ მოპასუხის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება და სასამართლო ამოწმებს, იურიდიულად ამართლებენ თუ არა ისინი სასარჩელო მოთხოვნას. პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტებითა და საჯარო რეესტრის მონაცემებით დგინდებოდა მოსარჩელის საკუთრების უფლება სადავო ქონებაზე და ამ ქონების აპელანტის მიერ მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ ფლობა. შესაბამისად, სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას.

7.7. აპელანტი გამოუცხადებლობის მიზეზად მიუთითებდა თუშეთიდან შირაქის მიმართულებით ცხვრის გადარეკვა-დაბინავების პროცესს, ცხვრის ინფექციური დაავადებით გამოწვეულ დამატებით სირთულეებსა და, როგორც მეცხვარეთა გაერთიანების თავმჯდომარის, აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში მის აქტიურ ჩართულობას. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტს დასახელებული გარემოებების დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება არ წარუდგენია და, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე და 215-ე მუხლის მე-3 ნაწილზე მითითებით, დაასკვნა, რომ სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი არ დასტურდებოდა.

7.8. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტის ნება მორიგების თაობაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერებასთან კავშირში არ არის და პალატა მას ვერ შეამოწმებდა.

8. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმების მოთხოვნით საკასაციო საჩივარი წარმოადგინა მოპასუხემ. კასატორის განმარტებით, 2025 წლის 13 ნოემბერს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ მან სასამართლოს წინასწარ, წერილობით აცნობა, თუმცა სასამართლომ მის მიერ მითითებული გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი არ გაითვალისწინა და დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღო. კასატორი ასევე მიუთითებს მოსარჩელესთან დავალიანების რესტრუქტურიზაციისა და გადახდის ახალი გრაფიკის შეთანხმების არაერთ მცდელობაზე, აგრეთვე, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ ფინანსურ სირთულეებზე. მისი პოზიციით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებების გაუქმებით, უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ახალი გრაფიკის საფუძველზე დაფაროს დავალიანება და შეინარჩუნოს ფერმერული მეურნეობა.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

12. კასატორის ძირითადი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ 2025 წლის 13 ნოემბერს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ მან სასამართლოს წინასწარ, წერილობით აცნობა, თუმცა სასამართლომ დასახელებული მიზეზი მხედველობაში არ მიიღო და დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანა. ამდენად, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია, არსებობდა თუ არა მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის კანონით დადგენილი წინაპირობები და ვლინდებოდა თუ არა მისი გაუქმების საფუძველი.

13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტიან საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას”, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები, საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია). ასეთ შემთხვევაში მტკიცებულებათა გამოკვლევა არ ხდება, არამედ კანონის ძალით სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევა და თუ მათი ერთობლიობა ქმნის სამართლებრივი შედეგის დადგომის შესაძლებლობას, საქმის განმხილველი მოსამართლე გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 17.03.2016წ. განჩინება საქმეზე Nას-121-117-2016).

15. დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა არსებობდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის შემადგენლობის ყველა ელემენტი: ა) მოპასუხისათვის საქმის განხილვის შესახებ ინფორმაციის შეტყობინება გონივრულ ვადაში; ბ) მოპასუხის საქმის განხილვაზე გამოუცხადებლობა; გ) გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არარსებობა; დ) მოსარჩელის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. ზემოაღნიშნული საფუძვლების კუმულატიურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას. ამასთან, სასამართლო ვალდებულია შეამოწმოს, ხომ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ, სახეზე ხომ არ არის შემდეგი: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.

16. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ 2025 წლის 13 ნოემბერს დანიშნული სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ კასატორს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, 2025 წლის 29 სექტემბერს, პირადად ეცნობა (ტ.1, ს.ფ. 64). დადგენილია ისიც, რომ კასატორი აღნიშნულ სხდომაზე არ გამოცხადდა და მოსარჩელემ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა მოითხოვა. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის შემადგენლობის ის ელემენტები, რომლებიც მხარის ჯეროვან შეტყობინებას, მის გამოუცხადებლობასა და მოსარჩელის შუამდგომლობას შეეხება, სადავო არ არის. საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს მხოლოდ ის, არსებობდა თუ არა კასატორის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი.

17. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნის საპროცესოსამართლებრივ საფუძველს განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი, რომლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. დასახელებული მუხლების ნორმატიული შინაარსის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველთა წრე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის ჩამონათვალით არ ამოიწურება და 241-ე მუხლით განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას, მოიცავს მხარის გამოუცხადებლობის სხვა საპატიო მიზეზებსაც.

18. იმას, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, განსაზღვრავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ამდენად, კანონის დანაწესის თანახმად, საპატიოდ ჩაითვლება ისეთი გარემოების არსებობის სარწმუნოდ დადასტურება, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის მხარის მიერ საპროცესო მოქმედების შესრულებას, მოცემულ შემთხვევაში კი, სასამართლო პროცესზე გამოცხადებას. ამგვარი გარემოების დადასტურებასთან დაკავშირებულ მტკიცების სტანდარტს აწესებს ამავე კოდექსის 102-ე მუხლი, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. შესაბამისად, მარტოოდენ გამოუცხადებლობის მიზეზზე მითითება, შესაბამისი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულების გარეშე, საკმარისი არ არის მისი საპატიოობის დასადგენად.

19. მოცემულ შემთხვევაში, კასატორმა 2025 წლის 13 ნოემბრის სასამართლო სხდომამდე, 2025 წლის 10 ნოემბერს, სასამართლოს საქმის განხილვის გადადების შესახებ განცხადებით მიმართა (ტ.1, ს.ფ. 65). განცხადებაში იგი მიუთითებდა თუშეთიდან შირაქის მიმართულებით ცხვრის გადარეკვა-დაბინავების პროცესზე, ცხვრის ინფექციური დაავადებით გამოწვეულ დამატებით სირთულეებსა და, როგორც მეცხვარეთა გაერთიანების თავმჯდომარის, აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში მის აქტიურ ჩართულობაზე.

20. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოსათვის სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ წინასწარ შეტყობინება უპირობოდ არ ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელ გარემოებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ” ქვეპუნქტის მიზნებისათვის შეფასებას ექვემდებარება არა მხოლოდ განცხადების წარდგენის ფაქტი, არამედ განცხადებაში მითითებული გარემოების არსებობა და მისი იმგვარი ხასიათი, რომელსაც შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის.

21. კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქმეზე რამდენჯერმე ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა, კასატორი არცერთ მათგანზე არ გამოცხადებულა და სხდომების გადადების თაობაზე სასამართლოს არსებითად ერთი და იმავე შინაარსის განცხადებებით მიმართავდა. საქმის მასალებით ირკვევა, რომ 2025 წლის 04 ივნისის განცხადებით კასატორმა მოითხოვა 17 ივნისს დანიშნული სხდომის აგვისტოს თვეში გადადება (ტ.1, ს.ფ. 56), 2025 წლის 12 სექტემბრის განცხადებით, რომელშიც მიუთითებდა, რომ ცხვრის გადარეკვის პროცესი ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდებოდა, მოითხოვა 16 სექტემბერს დანიშნული სხდომის ნოემბრის თვეში გადადება (ტ.1, ს.ფ. 60), ხოლო 2025 წლის 10 ნოემბრის განცხადებით, 13 ნოემბერს დანიშნულ სხდომამდე, იმავე გარემოებებზე მითითებით მოითხოვა საქმის განხილვის იანვრის თვეში გადადება (ტ.1, ს.ფ. 65). რაიმე მტკიცებულება, რომელიც დასახელებულ განცხადებებში მითითებულ გარემოებებს დაადასტურებდა, საქმეში წარმოდგენილი არ არის.

22. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმის განხილვის გადადების შესაძლებლობა ემსახურება მხარის საპროცესო უფლებების რეალიზაციას იმ შემთხვევაში, როდესაც კონკრეტული სხდომის ჩატარებას კანონით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოება უშლის ხელს. თუმცა ამ შესაძლებლობის გამოყენება ვერ გახდება საქმის განხილვის განუსაზღვრელი ვადით გადადების საფუძველი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი საპატიო მიზეზად მიიჩნევს მხარისაგან დამოუკიდებელ ობიექტურ გარემოებას, რაც გულისხმობს, რომ შემოწმებადი უნდა იყოს როგორც ასეთი გარემოების არსებობა, ისე ის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც იგი მხარეს სასამართლოში გამოცხადებაში უშლიდა ხელს. ასეთი შემოწმება კი შეუძლებელია, როდესაც მხარე თანმიმდევრულად ერთსა და იმავე გარემოებაზე მიუთითებს, თუმცა, მის არსებობას სათანადო მტკიცებულებით არ ადასტურებს და ყოველ მომდევნო განცხადებაში დასრულების ახალ ვადას ასახელებს. ასეთი მითითების საპატიო მიზეზად მიჩნევის შემთხვევაში, საქმის განხილვის დრო ფაქტობრივად სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებელი მხარის მიერ დასახელებული გარემოების ხანგრძლივობაზე გახდებოდა დამოკიდებული, რაც ეწინააღმდეგება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტის დანიშნულებას, კერძოდ კი, სასამართლო დავის გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას.

ამასთან, საკასაციო პალატისათვის ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ განსახილველ შემთხვევაში, სარჩელი 2023 წლის აგვისტოში იქნა აღძრული, ხოლო დაუსწრებელი გადაწყვეტილება 2025 წლის 13 ნოემბერს, მოსამზადებელ სხდომაზე იქნა მიღებული, ანუ საქმის განხილვა ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მოსამზადებელ სტადიას არ გასცილებია. ამგვარ პირობებში, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა შეფასებას, რომ კასატორის 2025 წლის 10 ნოემბრის განცხადება საქმის გაჭიანურებას ემსახურებოდა.

23. საკასაციო სასამართლოს განსჯით, ამ გარემოებათა ერთობლიობა არ იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა ისეთი დაუძლეველი ძალის ან სხვა მოვლენის არსებობა, რომელსაც შეეძლო ხელი შეეშალა კასატორისათვის 2025 წლის 13 ნოემბერს სასამართლოში დროულად გამოცხადებაში. შესაბამისად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ მის მიერ 2025 წლის 10 ნოემბერს განცხადების წარდგენა, თავისთავად გამორიცხავდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას.

24. რაც შეეხება კასატორის მითითებებს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ფინანსური სირთულეების, მოსარჩელესთან დავალიანების რესტრუქტურიზაციისა და გადახდის ახალი გრაფიკის შეთანხმების მცდელობების თაობაზე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული გარემოებები არ უკავშირდება მოცემულ საქმეზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საპროცესო წინაპირობების არსებობას და, შესაბამისად, ვერ განაპირობებს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას. ამ თვალსაზრისით, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ კასატორის ნება მორიგების თაობაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერების შეფასებას არ უკავშირდება.

25. საკასაციო პალატა აქვე განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალური წინაპირობების არსებობა თავისთავად არ განაპირობებს სარჩელის დაკმაყოფილებას. იმისათვის, რომ სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს, კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენს და ქმნის ამა თუ იმ ურთიერთობის მოწესრიგების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმის მოძიების შემდგომ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებს თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია (ს.უ.ს.გ: Nას-1468-1388-2017, 11.05.2018წ.; Nას-1003-2023, 4.12.2023წ.; Nას-365-2023, 30.11.2023წ.; Nას-183-2023, 31.05.2023წ.).

26. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება (ს.უ.ს.გ: Nას-914-2019, 25.07.2019წ.; Nას-246-246-2018, 20.03.2018წ.).

27. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული და კასატორის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, მოსარჩელე სადავო უძრავი ნივთების მესაკუთრეა, ხოლო კასატორი აღნიშნულ ქონებას მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ ფლობს. კასატორი საკასაციო საჩივრით არც მოსარჩელის საკუთრების უფლებას ხდის სადავოდ და არც სადავო ქონების ფლობის საკუთარ უფლებაზე მიუთითებს. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლების საფუძველზე, იურიდიულად ამართლებს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნას.

28. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, რამდენადაც საკასაციო პალატა დადასტურებულად ვერ მიიჩნევს სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობას, იკვეთება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის შემადგენლობის ყველა წინამძღვარი. ამასთან, არ ვლინდება ხსენებული მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის განმაპირობებელი გარემოება და საქმეზე არ დადგენილა 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის არცერთი დამაბრკოლებელი გარემოება.

29. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს.

30. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

31. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან, საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის 70% - 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. უ.ც–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. უ.ც–ძეს (პ/ნ ..........) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის -150 ლარის (საგადახდო დავალება № 47355937541, გადახდის თარიღი: 26.06.2026წ., გადამხდელი: ხ–ძე ნ. (პ/ნ ..........), გადამხდელის ბანკი: ს.ს. „საქართველოს ბანკი“) 70% – 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი