გაუქმდა და მიღებულია ახალი გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.06.2026
საქმის ნომერი
ას-1489-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
18.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-1489-2025 18 ივნისი, 2026 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

პირველი კასატორი - ა.ა–ი, ვ.ა–ი (მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე)

მეორე კასატორი - მ.ა–ი (მოსარჩელე, აპელანტი)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება

პირველი საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

მეორე საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, თანამესაკუთრედ ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრების არსებითი განხილვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. მ.ა–ი (დაბად. 25.10.1960წ.), ზ.ა–ი (დაბად. 01.01.1969წ. და გარდ. 14.10.2021წ.) და ლ. ა–ი არიან ვ.ა–ის (დაბ. 01.01.1932წ. და გარდ. 21.03.1999წ.) და ა. ა–ის შვილები, ხოლო ვ. ა–ი არის ზ.ა–ის და მ.ა–ის (გარდ. 04.04.1997წ.) შვილი;

2. მ.ა–ი დაქორწინებულია დ. კ–ზე და მათი შვილები არიან - ა. ა–ი და ქ. ა–ი (დაბ. 08.03.2003წ.), ხოლო ზ.ა–ი დაქორწინებული იყო ნ. რ–ზე და მათი შვილები არიან ვ.ა–ი (დაბ. 26.10.1990წ.) და ს. ა–ი (დაბ. 01.12 1991წ.);

3. ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში დაცულ გარდაბნის რაიონის .......... სადაბო საკრებულოს სოფელ .......... 1996-2001 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ჩაწერილია მ.ვ. ძე ა–ი (გაკეთებულია ჩანაწერი ფანქრით „გერმანიაშია“); მას პირად საკუთრებაში 1996-2000 წლებში ერიცხება 1980 წელს აგებული 24 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი (2001 წლის მონაცემები არ ფიქსირდება) და 1996-1999 წლებში 0,75 ჰა მიწის ფართობი (2000-2001 წლების მონაცემები არ ფიქსირდება);

4. გარდაბნის რაიონის .......... სადაბო საკრებულოს სოფელ .......... 2001-2006 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ჩაწერილია მ.ვ. ძე ა–ი (გაკეთებულია ჩანაწერი „გერმანიაში, რუსეთში 1995 წ.). მას პირად საკუთრებაში 2003 წელს ერიცხება 1980 წელს აგებული 24 კვ.მ საცხოვრებელი სახლი (2001-2002, 2004-2006 წლების მონაცემები არ ფიქსირდება) და 2003 წელს 0,75 ჰა მიწის ფართობი (2001-2002, 2004-2006 წლების მონაცემები არ ფიქსირდება);

5. გარდაბნის რაიონის .......... სადაბო საკრებულოს სოფელ .......... 1986-1995 წლების საკომლო წიგნებში არ აღმოჩნდა ჩანაწერი მოქალაქე მ. ვ. ძე ა–ის კომლის შემადგენლობისა და კომლის სახელზე რიცხული უძრავი ქონების შესახებ;

6. ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში დაცულ გარდაბნის რაიონის .......... სადაბო საკრებულოს სოფელ .......... 1986-1995 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ა–ლი ზ. ს. ძე (გადახაზულია). კომლის წევრები არიან: ა–ი მ. ა. (დოკუმენტში ასეა) - ცოლი; ა–ლი ვ. ზ. ძე - შვილი; ა–ლი ა. გ. ას (დოკუმენტში ასეა) - რძალი; ა–ლი მ.ვ. ძე - შვილიშვილი (ცალკე მეკომური), ა–ლი ზ. ვ. ძე - შვილიშვილი (ცალკე მეკომური); ა–ლი ა. მ. ას (დოკუმენტში ასეა) - შვილიშვილი (გადახაზულია); რ–ლი ნ. მ. ას (დოკუმენტში ასეა) - ნათესაური კავშირი მითითქბული არ არის (ცალკე მეკომური); ა–ლი ვ. ზ. ძე - ნათესაური კავშირი მითითებული არ არის (ცალკე მეკომური); ა–ლი ს.ზ. (დოკუმენტში ასეა) - ნათესაური კავშირი მითითებული არ არის (ცალკე მეკომური);

7. კომლს ერიცხება 1986-1987 წ.წ. - 1959 წელს აშენებული საცხოვრებელი სახლი 1988-1995 წ.წ. – სახლზე მონაცემები არ არის). მიწის ნაკვეთი 1986-1991 წ.წ. - 0.25 ჰა (1992-1995 წ.წ. მიწა არ ფიქსირდება);

8. გარდაბნის რაიონის .......... სადაბო საკრებულოს სოფელ .......... 1994-2001 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ა–ლი მ.ა.ასული (გადახაზულია, გარდაიცვალა 14.04.1997 წ.). კომლის წევრები არიან: ა–ლი ვ. ზ. ძე - შვილი (გადახაზულია, გარდაიცვალა 24.03.1999 წ.); ა–ლი ა. გ. ას (დოკუმენტში ასეა) - რძალი;

9. კომლს ერიცხება 1996-2000 წ.წ. - 1980 წელს აშენებული საცხოვრებელი სახლის საერთო სასარგებლო ფართი 110 კვ.მ. (2001 წ. სახლზე მონაცემები არ არის), მიწის ნაკვეთი 1996-2000 წ.წ - 1.25 ჰა (2001 წ. მიწა არ ფიქსირდება);

10. გარდაბნის რაიონის .......... სადაბო საკრებულოს სოფელ .......... 2001-2006 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ჩაწერილია ა–ლი ა. გ. ას (დოკუმენტში ასეა). მას ერიცხება 2003 წ. - 1980 წელს აშენებული საცხოვრებელი სახლის საერთო (სასარგებლო) ფართი 110 კვ.მ. (2001-2002 და 2004-2006 წ.წ. სახლზე მონაცემები არ არის). მიწის ნაკვეთი 2003 წ. – 1.25 ჰა (2001- 2002 და 2004-2006 წ.წ. მიწა არ ფიქსირდება);

11. ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში დაცულ გარდაბნის რაიონის .......... სადაბო საკრებულოს სოფელ პატარა ლიღოს 1986-1995 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ა–ლი ზ.ს. ძე, გადახაზულია). კომლის წევრები არიან: ა–ლი მ.ა. (დოკუმენტში ასეა) - ცოლი; ა–ლი ვ.ზ. ძე - შვილი; ა–ლი ა.გ. ას (დოკუმენტში ასეა) - რძალი; ა–ლი მ.ვ. ძე - შვილიშვილი (ცალკე მეკომური); ა–ლი ზ.ვ ძე - შვილიშვილი (ცალკე მეკომური); ა–ლი ა.მ. ას (დოკუმენტში ასეა) - შვილიშვილი (გადახაზულია); რ–ი ნ.მ. ას (დოკუმენტში ასეა) - ნათესაური კავშირი მითითებული არ არის (ცალკე მეკომური); ა–ლი ვ.ზ. ძე - ნათესაური კავშირი მითითებული არ არის (ცალკე მეკომური); ა–ლი ს.ზ. (დოკუმენტში ასეა) - ნათესაური კავშირი მითითებული არ არის (ცალკე მეკომური);

12. კომლს ერიცხება 1986-1987 წ.წ. – 1959 წელს აშენებული საცხოვრებელი სახლი (1988-1995 წ.წ. სახლზე მონაცემები არ არის). მიწის ნაკვეთი 1986-1991 წ.წ. – 0.25 ჰა (1992-1995 წ.წ. მიწა არ ფისირდება);

13. გარდაბნის რაიონის .......... სადაბო საკრებულოს სოფელ .......... 1996-2001 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ა–ლი ზ.ვ ძე. კომლის წევრები არიან: რ–ი ნ.მ. (დოკუმენტში ასეა) - მეუღლე; ა–ლი ვ.ზ. ძე - შვილი; ა–ლი ს.ზ. (დოკუმენტში ასეა) - შვილი;

14. კომლს ერიცხება 1996-2000 წ.წ. – 1980 წელს აშენებული საცხოვრებელი სახლის საერთო (სასარგებლო) ფართი 30 კვ.მ. (2001 წ. სახლზე მონაცემები არ არის). მიწის ნაკვეთი 1996-2000 წ.წ. – 0.15 ჰა (2001 წ. მიწა არ ფიქსირდება);

15. გარდაბნის რაიონის .......... სადაბო საკრებულოს სოფელ .......... 2001-2006 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ა–ლი ზ.ვ ძე;

16. კომლის წევრები არიან: რ–ი ნ.მ. ძე (დოკუმენტში ასეა) - მეუღლე; ა–ლი ვ.ზ. ძე - შვილი; ა–ლი ს.ზ. (დოკუმენტში ასეა) - შვილი;

17. ვარკეთილის მეხილეობა-მევენახეობის ს/მეურნეობის 1992 წლის 2 მაისის #83 აქტით, მ.ვ. ძე ა–ლმა მიიღო მიწის ნაკვეთი ფართით - 0, 75 ჰა;

18. უძრავი ქონება - მის.: ქ. თბილისი, სოფ. პატარა ლილო, .........., დაზუსტებული ფართობი - 1500 კვ. მ., ს/კ #........., 1992 წლის 2 მაისის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე საკუთრების უფლებით აღრიცხული იყო დ.კ–ის და მ.ა–ის სახელზე. 2019 წლის 11 ივნისის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე აღნიშნული უძრავი ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხა ა. ა–ლის სახელზე;

19. უძრავი ქონება - მის.: ქ. თბილისი, ............., დაზუსტებული ფართობი - 914 კვ. მ., ს/კ #.........., საკუთრების უფლებით აღრიცხული იყო ა.ა–ის სახელზე (განცხ. რეგისტრაციის თარიღი 30.01.2007 წ.).

20. 2022 წლის 27 ივნისის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე აღნიშნული უძრავი ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხა ვ. ა–ლის სახელზე;

21. 2022 წლის 8 ოქტომბერს ა.ა–მა სარჩელი აღძრა მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, მერაბი ა–ლის, დ.კ–ის და ა. ა–ლის მიმართ ადმინისტრაციული აქტის, კერძოდ, საჯარო რეესტრის 03.05.2019წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და 11.06.2019წ. უძრავ ქონებაზე მდებარე მის: ქ. თბილისი, ............, დაზუსტებული ფართობი - 1500 კვ. მ., ს/კ #........., ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით;

22. მ.ა–მა შეიცვალა გვარი ,,ა–ლით“, მის მიმართ რეგისტრირებულ დაბადების სააქტო ჩანაწერში შევიდა შესაბამისი ცვლილება. ვ.ა–ის დაბადების აქტის ჩანაწერში შესწორდა ბავშვის და მშობლების გვარი - ,,ა–ლი“ გვარით - ,,ა–ი“; ვ.ა–ის ქორწინების აქტის ჩანაწერში შესწორდა საქმროს გვარი ქორწინებამდე/ქორწინების შემდეგ და საცოლის გვარი ქორწინების შემდეგ „ა–ლი“ გვარით - „ა–ი“; ვ.ა–ის გარდაცვალების აქტის ჩანაწერში შესწორდა გარდაცვლილის გვარი „ა–ლი“ გვარით - „ა–ი“;

23. მ.ა–ი 1994 წლის პირველი ნომებრიდან მუშაობდა სს ,,ლ–ში“ #1 საამქროს უფროსად, 1995 წლის 1 მაისს დაინიშნა სს ,,ლ–ის“ წარმოების უფროსად, ხოლო 2002 წლის 15 მარტს - სს ,,ლ–ის“ ლიკვიდაციასთან დაკავშირებით გათავისუფლედა სამსახურიდან;

24. გარდაბნის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 24 თებერვლის დადგენილებით, განხორციელდა ინდივიდუალური საწარმო „მ. ა–ლის“ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში, ადგილსამყოფელი - გარდაბნის რაიონი, სოფ. .........., საქმიანობის საგანი - სამეურნეო საქონლით ვაჭრობა. ი/მ მ. ა–ლი პროფესიით - ეკონომისტი. სავაჭრო წარმომადგენელი არ ჰყავს. 12.08.2004 წ. ინდივიდუალური საწარმოს რეგისტრაციის ანკეტის მიხედვით, კომერციულ-სამართლებრივი ფორმა მითითებულია - ტვირთის გადაზიდვა.

25. შპს ,,ვ–ის“ მონაცემთა ბაზაში მის: ............., მ.ა–ი (ძველი აბონენტის ნომერი #50074), აბონენტად რეგისტრირებულია 2006 წლის 15 აგვისტოდან 2024 წლის 31 დეკემბრამდე, ხოლო შპს ,,თ.ე–ის“ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია (აბონენტის ნომერი #...........) 2025 წლის 1 იანვრიდან 10 მარტამდე.

26. მოსარჩელის მოთხოვნა:

26.1. მ.ა–მა (შემდგომში მოსარჩელე, მეორე კასატორი ან მეორე საკასაციო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა.ა–ისა (შემდგომში მოსარჩელის დედა, პირველი მოპასუხე, ქონების გამსხვისებელი ან სადავო ქონების გამსხვისებელი) და ვ.ა–ის (შემდგომში მეორე მოპასუხე ან შემძენი, ხოლო ორივე მათგანი ტექსტში მოხსენებული, როგორც მოპასუხეები ან პირველი კასატორები) მიმართ და მოითხოვა პირველ და მეორე მოპასუხეს შორის 2022 წლის 27 ივნისს უძრავ ქონებაზე (მდებარე, ქ. თბილისი, ....... (ს/კ .......)) (შემდგომში სადავო უძრავი ქონება ან სადავო ქონება) დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა ქონების 1/7 და 2/9 წილის ნაწილში და ამ ნაწილში უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა.

26.2. მოსარჩელე სადავო ქონების ნაწილზე მესაკუთრედ ცნობას ითხოვს როგორც კომლის წევრი, ხოლო ნაწილზე, როგორც მამის მემკვიდრე, რომელმაც მამის გარდაცვალების შემდეგ ფაქტობრივი ფლობით მიიღო სამკვიდრო.

26.3. მოსარჩელის განცხადებით, იგი დაბადებიდან იყო მამის კომლის წევრი. 1986-1995წ.წ. საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ზ.ს. ძე ა–ლი (გადახაზულია), შემდგომში მ.ა. ასული ა–ლის კომლი. კომლის წევრად ირიცხებიან ზ.ს. ძე ა–ლი (გარდაცვლილია), მ. ა. ასული ა–ლი (ცოლი), ვ.ა–ი ზ.ძე (შვილი), ა–ლი ა.გ. ასული (რძალი), მ.ა–ი ვ. ძე (შვილიშვილი) (ცალკე მეკომური), ა–ლი ზ.ვ ძე (შვილიშვილი, ცალკე მეკომური), ა–ლი ა.მ. ასული (შვილიშვილი, გადახაზულია), რ–ი ნ.მ. ასული (ცალკე მეკომური,) ა–ლი ვ.ზ. ძე (ცალკე მეკომური), და ა–ლი ს.ზ. ასული (ცალკე მეკომური). კომლს ერიცხებოდა 1957 წ. აშენებული საცხოვრებელი სახლი და 0.25 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი.

26.4. 1996-2000 წლებში, ასევე 2003 წელს საკომლო ჩანაწერებში მოსარჩელეს ერიცხება 1980 წელს აშენებული საცხოვრებელი სახლის 24 კვ.მ ფართი და 0.75 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

26.5. 1992 წლის 2 მაისის მიღება-ჩაბარების აქტით მოსარჩელეს, როგორც სოფლად მცხოვრებ მოსამსახურეს, გადაეცა 0.75 ჰა მიწის ნაკვეთი. 1980 წელს აშენებული სახლი არის 1957 წ. აშენებული პატარა სახლის რეკონსტრუქციის შედეგად აშენებული სახლი.

26.6. საცხოვრებელი სახლი აგებული იყო ორი დამოუკიდებელი ოჯახისათვის და ფაქტობრივად გადანაწილებული იყო ორ ძმას, მოსარჩელესა და ზ.ა–ს შორის. მოსარჩელის ოჯახს დაკავებული ჰქონდა მეორე სართულის ოთხი ოთახი მცირე სამზარეულოთი და აივნით, ხოლო პირველ სართულზე ჰქონდათ სამზარეულო - საერთო ოთახი.

26.7. მოსარჩელის ოჯახი მითითებულ სახლში ცხოვრობდა 1996 წლამდე, პარალელურად დაწყებული ჰქონდა საცხოვრებელი სახლის მშენებლობა იმავე ეზოში გამოყოფილ საკარმიდამო ნაკვეთში. 1996 წელს შვილის ავადმყოფობის გამო ოჯახი გაემგზავრა გერმანიაში, საიდანაც დაბრუნდნენ 2001 წელს. ჩამოსვლის შემდეგაც ისინი რამდენიმე თვე ცხოვრობდნენ მამისეულ სახლში. ამ პერიოდში მოსარჩელემ დაასრულა სახლის მშენებლობა და გადავიდა ახალ სახლში. მას საკუთრების უფლება მამისეულ სახლში არ დაურეგისტრირებია, რადგან წლების მანძილზე ოჯახური დავის გამო სახლში ვერ შედიოდა.

26.8. 1996-2001 წლის საკომლო ჩანაწერებით კომლის თანამესაკუთრეები არიან მ. ა–ლი (გარდაიცვალა 1997 წ.), ვ.ზ. ძე ა–ლი (გარდაიცვალა 24.03.1999 წ.) და ა.გ. ასული ა–ლი (ვ.ა–ის მეუღლე). მ. ა–ლის გარდაცვალების შედეგად მისი საკუთრების წილი ფაქტობრივი ფლობით მიიღო შვილმა - ვ.ა–მა და კომლის წევრმა, შესაბამისად, ვ.ა–ის გარდაცვალებისას მისი წილი კომლში შეადგენდა კომლის ქონების 2/3-ს, ხოლო ანნა ა–ლის წილი 1/3-ს.

26.9. ა. ა–ლმა მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა საარქივო ცნობის და #82 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე ქონების (ს/კ #.......) რეგისტრაცია მხოლოდ საკუთარ სახელზე. მან კომლის ქონებიდან საკარმიდამო მიწის ნაკვეთი 914 კვ.მ და საცხოვრებელი სახლი დაირეგისტრირა საკუთრებაში, როგორც კომლის ერთადერთმა წევრმა. შემდეგ კი უძრავი ქონება (ს/კ #..........) ნასყიდობის ხელშეკრულებით გადაუფორმა შვილიშვილს, ვ.ა–ს. ხელშეკრულებაში ნასყიდობის ფასად მითითებულია 70 000 აშშ დოლარი. აღნიშნული ქონების გადაფორმება მოხდა მოჩვენებითად, რადგან, სინამდვილეში ა.ა–ი კვლავ აღნიშნულ სახლში ცხოვრობს რძალთან და შვილიშვილთან, ვასილთან ერთად. ქონება მხოლოდ ფორმალურად დარეგისტრირდა სხვა პირზე.

26.10. 1996-2000 წლის საკომლო ჩანაწერებით, მაშინ, როცა კომლი აღარ არსებობდა, 1980 წელს აშენებული სახლის 110 კვ.მ-ს ფლობდნენ მ. ა–ლი, ვ.ა–ი და ა. ა–ლი. 24 კვ.მ.-ს ფლობდა მ.ა–ი, ხოლო 30 კვ.მ.-ს ფლობდა ზ.ა–ი, ამიტომ წილობრივად საკუთრება გადანაწილდა შემდეგნაირად - 1/7 წილი მ.ა–ს (164 კვ.მ.-დან 24 კვ.მ.) 2/7 ნაწილი - ზ.ა–ს (164 კვ.მ-დან 30 კვ.მ) და ძირითად ოჯახს, მ. ა–ლს, ვ.ა–ს და ა.ა–ს - 4/7 ნაწილი.

26.11. მ. ა–ლის გარდაცვალების შემდეგ ვ.ა–მა ფაქტობრივი ფლობით მიიღო დედის (მ–ის) წილი სამკვიდრო, შესაბამისად, ვ.ა–ის წილი იყო 4/7-ის 2/3 = 8/21 ნაწილი.

26.12. 1999 წლის 21 მარტს ვ.ა–ის გარდაცვალების შემდეგ, მის სამკვიდროს დაეუფლნენ მოსარჩელე, მისი ძმა - ზ.ა–ი და გარდაცვლილის მეუღლე - ა. ა–ლი, შესაბამისად, მ.ა–ი დაეუფლა მამის სამკვიდროს 8/21-ის 1/3-ს, რაც შეადგენს მთელი ქონების 8/63 ნაწილს.

26.13. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს თანასაკუთრების უფლებით ეკუთვნის სადავო უძრავი ქონების 1/7 წილი, როგორც კომლის წევრს, და ასევე მემკვიდრეობით მიღებული 8/63 ნაწილი.

27. მოპასუხეების პოზიცია:

27.1. პირველმა მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელე მათი კომლის წევრი იყო 1990 წლამდე, ხოლო შემდეგ იგი გავიდა კომლიდან და აღირიცხა ცალკე კომლად. მას გამოეყო მიწის ნაკვეთი, რომელზეც ააშენა სახლი და 1992 წლის ბოლოს გადავიდა მასში საცხოვრებლად. 1996 წელს მოსარჩელის ოჯახი საცხოვრებლად საზღვარგარეთ წავიდა და იქიდან დაბრუნდნენ 2001 წელს. მოსარჩელეს არასდროს უცხოვრია სადავო სახლში და არასწორია მისივე მითითება, თითქოს მამის გარდაცვალების შემდეგ სამკვიდროს დაეუფლა ფაქტობრივი ფლობით;

27.2. მეორე მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ მოსარჩელე არასწორად მიუთითებს მის არაკეთილსინდისიერებაზე. სადავო ქონება მან სრულიად კანონიერად იყიდა ბებიისგან (პირველი მოპასუხისგან) და გამყიდველს (ბებიას) ნამდვილად გადასცა ნასყიდობის თანხა. ამასთან, მოპასუხის აზრით, შეუძლებელია, მოსარჩელე ცალკე მეკომურიც ყოფილიყო და ძირითად კომლშიც წარმოშობოდა საკუთრების უფლება.

28. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება:

28.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

29. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი:

29.1. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

30. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და დასკვნები:

30.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხეთა შორის 2022 წლის 27 ივნისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება N.......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის 1/7 წილის განკარგვის ნაწილში და მოსარჩელე ცნობილ იქნა აღნიშნული წილის მესაკუთრედ; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

30.2. სააპელაციო სასამართლომ დავის განხილვისას იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 1964 წლის რედაქციის 39-ე, 122-ე-125-ე, 239-ე მუხლებით, „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის #949 დადგენილებითა და სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის #29 დეკრეტით (რომლითაც 1993 წლის 1 იანვრიდან საქართველოში გაუქმდა კოლმეურნეობები). სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ „ვარკეთილის მეხილეობა მევენახეობის ს/მეურნეობის“ 1992 წლის 2 მაისის N83 აქტით მოსარჩელე ცალკე მეკომურად 1992 წლის 2 მაისს დარეგისტრირდა. ამის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით მოსარჩელე კვლავ საკოლმეურნეო კომლის წევრი იყო და კომლის ქონებაზე უფლება ჰქონდა.

30.3. ამასთანავე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ „ცალკე მეკომურის“ სტატუსის მიუხედავად, მოსარჩელე პაპის კომლის წევრად დარჩა - საკომლო წიგნის მონაცემებით, ყოველ შემთხვევაში, 1995 წლამდე მაინც იგი ამგვარად იყო რეგისტრირებული და მისი „განცხადება...კომლიდან ამოწერის შესახებ ან სასოფლო საბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილება კომლიდან ამოწერის თაობაზე“ არ არსებობდა. გარდა ამისა, სასამართლომ 1992 წლის ბოლომდე მოსარჩელის კომლის კუთვნილ სახლში ცხოვრების ფაქტი დადასტურებულად მიიჩნია მოწმეთა ჩვენებებისა და თავად მოპასუხეთა განცხადებების მიხედვით. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ მოსარჩელეს, როგორც კომლის წევრს ეკუთვნოდა სადავო ქონების 1/7 წილი.

30.4. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით და აღნიშნა, რომ ვინაიდან სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება მოპასუხეებმა მოსარჩელის ნებართვის გარეშე გააფორმეს, ხოლო მოსარჩელეს ამ ქონებიდან 1/7 ნაწილი ეკუთვნოდა, აღნიშნული წილის განკარგვის ნაწილში ხელშეკრულება ბათილად უნდა მიჩნეულიყო (სასამართლომ ისიც აღნიშნა, რომ მოდავე მხრეები ერთმანეთის ნათესავები - დედა-შვილი, ბებია-შვილიშვილი და ბიძა-დისშვილი არიან).

30.5. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის (მოსარჩელის) პრეტენზია მამის სამკვიდროდან სადავო ქონებაზე წილის მოთხოვნის ნაწილში, იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1328-ე, 1421-ე, 1424-ე მუხლებით და სრულად დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ მამის გარდაცვალებიდან (1999 წლის 21 მარტიდან) ექვსი თვის ვადაში სამკვიდროს მიღების ფაქტი მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა.

30.6. სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალების დროისთვის მოსარჩელე ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ იმყოფებოდა და იქიდან 2001 წელს დაბრუნდა, შესაბამისად, არ დგინდებოდა კანონით დადგენილ ვადაში სამკვიდრო ქონების მისი მხრიდან დაუფლების ფაქტი.

31. მოსარჩელისა და მოპასუხეთა საკასაციო საჩივრები:

31.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა ორივე მხარემ. მოპასუხეებმა (პირველმა კასატორებმა) მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება ნაწილობრივ, სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. ხოლო მოსარჩელემ (მეორე კასატორმა) მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება ნაწილობრივ, სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

პირველი კასატორების (მოპასუხეების) საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

31.2. პირველი კასატორების (მოპასუხეების) მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეში არსებული მტკიცებულებები, ასევე, არასწორად განმარტა კანონი, რის გამოც მიიღო არასწორი გადაწყვეტილება და უსაფუძვლოდ მიაკუთვნა მოსარჩელეს მოპასუხეთა კუთვნილი ქონების წილი. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ 1992 წლიდან მოსარჩელე ცალკე კომლადაა რეგისტრირებული და მას, როგორც ცალკე კომლს, ჯერ კიდევ 1990 წლიდან ჰქონდა გადაცემული დამოუკიდებელი საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, რომელზეც ააშენა საცხოვრებელი სახლი. 1992 წლის 2 მაისის მიღება-ჩაბარების აქტით კი, მის საკუთრებაში დარეგისტრირდა აღნიშნული უძრავი ქონება. იმ დროს მოქმედი საბინაო კოდექსი კრძალავდა ერთდროულად ორი საცხოვრებელი სახლის ქონას, ასევე, იმ პირისთვის უძრავი ქონების გამოყოფას, რომელიც კომლის წევრი იყო. აღნიშნული ყურადღების მიღმა დატოვა სააპელაციო სასამართლომ. მან ასევე უგულებელყო „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის #48 დადგენილების პრაქტიკული განხორციელების დამატებით ღონისძიებათა თაობაზე საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 6 თებერვლის #128 დადგენილების მე-2 პუნქტი, რომლითაც განისაზღვრა, რომ საკარმიდამო მიწის ნაკვეთების გადაცემა უნდა განხორციელებულიყო 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რიცხული კომლების მიხედვით, ხოლო 1992 წლის 1 იანვრის შემდეგ გაყრის შედეგად წარმოქმნილი ახალი კომლები დაკმაყოფილდებოდნენ ამ მიზნით მიწის სარეზერვო ფონდის შექმნის შემდეგ. სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ ფაქტს, რომ თუ 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით მოსარჩელე ცალკე კომლად არ იქნებოდა გამოყოფილი, ის ვერ მიიღებდა იმ ფართს, რომელიც 1992 წლის 2 მაისის მიღება-ჩაბარების აქტით გამოეყო და რის საფუძველზეც დაირეგისტრირა საჯარო რეესტრში. სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაასკვნა, რომ მოსარჩელე 1995 წლამდე იყო კომლის წევრი.

31.3. მოპასუხეთა მოსაზრებით, ასევე არასწორია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა სადავო გარიგების (ნასყიდობის ხელშეკრულების) ბათილად ცნობასთან მიმართებით. აპელირება იმაზე, რომ გარიგების მხარეები ოჯახის წევრები არიან და მათთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო არსებული ვალდებულებების შესახებ, ვერ გამოდგება გარიგების ბათილად ცნობის საკმარის საფუძვლად.

მეორე კასატორის (მოსარჩელის) საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

31.4. მეორე კასატორის (მოსარჩელის) განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაასკვნა, რომ მოსარჩელეს, კანონით დადგენილ ვადაში მამის სამკვიდრო არ მიუღია ფაქტობრივი ფლობით და მას, როგორც მამის მემკვიდრეს, სადავო ქონებიდან არ ეკუთვნოდა წილი. მხოლოდ ის გარემოება, რომ მამის გარდაცვალების დროისთვის მოსარჩელე იმყოფებოდა საზღვარგარეთ, ვერ მიიჩნევა მის მიერ სამკვიდროს დაუფლებაზე უარის თქმის წინაპირობად. სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა ის ფაქტი, რომ მოსარჩელეს საკუთრების უფლება გააჩნდა კომლის ქონების ნაწილზე; მას წერილობით, ნოტარიულად უარი არ უთქვამს სამკვიდროს მიღებაზე; მისი პირადი ნივთები (პიანინო, ავეჯი) მამის გარდაცვალებამდეც და მას შემდეგაც განთავსებული იყო სადავო ბინაში; გერმანიაში ყოფნის პერიოდში მოსარჩელე სიმამრს უგზავნიდა თანხას, რათა ეპატრონა მამისეული სახლისთვის; მამის გარდაცვალების შემდეგ მოკლე დროში მოსარჩელემ უცხოეთიდან გამოაგზავნა საფლავის მოწყობის თანხა და გაიღო სხვა სარიტუალო ხარჯები. ყოველივე აღნიშნული კი მიუთითებს იმაზე, რომ მემკვიდრედ ცნობის ნაწილში, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ.

32. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:

32.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 8 დეკემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2026 წლის 11 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

33. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრების სამართლებრივი დასაბუთებულობის არსებითად განხილვის გზით შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მეორე კასატორის (მოსარჩელის) საკასაციო განაცხადი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი კასატორის (მოპასუხეების) საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

34. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში, დასაბუთებულია მეორე კასატორის (მოპასუხეების) პრეტენზია იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და არასწორად დაადგინა საქმის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები, რასაც შედეგად სამართლებრივად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა.

35. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც ითვალისწინებს იმ შედეგს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველ სამართლებრივ შედეგს (იხ. სუსგ საქმე №ას-189-2020, 20 აპრილი, 2022).

36. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, სარჩელით მოთხოვნილია სადავო უძრავ ქონებაზე პირველ და მეორე მოპასუხეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ მითითებული ქონების ნაწილზე, მოსარჩელეს, როგორც პაპის კომლის წევრს, ასევე, როგორც გარდაცვლილი მამის მემკვიდრეს, გააჩნია საკუთრების უფლება.

37. სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა მოსარჩელის პრეტენზია და დაასკვნა, რომ „ცალკე მეკომურის“ სტატუსის მიუხედავად, 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, მოსარჩელე პაპის კომლის წევრი იყო, რის გამოც მას, როგორც კომლის წევრს, სადავო ქონებიდან 1/7 ნაწილის მოთხოვნის უფლება ჰქონდა. ხოლო, რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას ქონების 8/63 ნაწილის, როგორც მემკვიდრეობით მიღებულის, თანასაკუთრების უფლებით ცნობის შესახებ, ამ ნაწილში სააპელაციო პალატა დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნა, რომ ვინაიდან საქმის მასალებით არ დასტურდებოდა სადავო ქონების (სამკვიდროს) მოსარჩელის მიერ ფაქტობრივი ფლობით მიღება, არ არსებობდა მოთხოვნის ამ ნაწილის დაკმაყოფილების წინაპირობა.

38. ამრიგად, წარდგენილი საკასაციო საჩივრების ფარგლებში შესაფასებელია, რამდენად კანონიერია გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოპასუხეთა შორის სადავო ქონებაზე გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და აღნიშნული ქონების 1/7 ნაწილზე მოსარჩელის, როგორც პაპის კომლის წევრის, საკუთრების უფლების ცნობის შესახებ, ასევე მამის სამკვიდროდან წილის მოთხოვნის ნაწილში სარჩელის უარყოფის თაობაზე.

39. თავდაპირველად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ როგორც უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია განმარტებული, საქართველოში საკოლმეურნეო კომლი 1993 წლამდე არსებობდა და საკომლო ქონებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები რეგულირებული იყო 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსით, რომლის 122-ე მუხლის თანახმად, კომლის ქონება ეკუთვნის მის წევრებს თანასაკუთრების უფლებით; იმავე კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის ყველა წევრს კომლის ქონება თანაბარი წილით ეკუთვნის. ამდენად, კომლს გააჩნდა საერთო საკუთრება, რომელიც მის წევრებს ეკუთვნოდა თანასაკუთრების უფლებით. კომლის საერთო საკუთრებაში არსებული ქონების მფლობელობა, სარგებლობა და განკარგვა წარმოებდა კომლის ყველა წევრის თანხმობით. კომლის საერთო ქონებიდან კომლის წევრის წილის განსაზღვრა - გამიჯვნა შესაძლებელი იყო მხოლოდ სამ შემთხვევაში, კერძოდ: 1) მისი გასვლისას კომლის შემადგენლობიდან, ახალი კომლის შეუქმნელად (გამოყოფა); 2) ერთი კომლიდან ორი ან მეტი კომლის შექმნისას (გაყრა); 3) კომლის წევრის პირადი ვალდებულებების მიხედვით გადახდევინება. კომლის ქონებაში ყველა წევრს, მათ შორის, არასრულწლოვანსა და შრომისუუნაროსაც, თანაბარი წილი ეკუთვნოდათ (იხ. თამარ ჩიტოშვილი, კომლი ქართულ სამართალში, თბ., 2004, გვ. 18) (იხ. სუსგ საქმე №ას-464-2022, 06.12.2022წ.). კომლის შრომისუნარიანი წევრი კარგავდა უფლებას კომლის ქონების წილზე, თუ იგი სამი წლის განმავლობაში ზედიზედ არ მიიღებდა მონაწილეობას თავისი შრომით ან სახსრებით კომლის საერთო მეურნეობის წარმოებაში.

40. მიწის რეფორმის შედეგად შექმნილმა ახალმა საკანონმდებლო ბაზამ მნიშვნელოვნად შეცვალა მანამდე არსებული მოწესრიგება. „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილების, სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის №29 დეკრეტის საფუძველზე, 1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა.

41. კოლმეურნეობების გაუქმებით საკოლმეურნეო კომლის არსებობას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და მან არსებობა შეწყვიტა. შესაბამისად, ქონება, რომელიც კომლის ქონებას და ამავე დროს კომლის წევრთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, აღარ წარმოადგენს კომლის ქონებას და არის იმ პირთა საერთო საკუთრება თანაბარ წილში, რომლებიც კომლის წევრებს წარმოადგენენ. აღნიშნულ ქონებაზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საკუთრების საერთო რეჟიმი (იხ. სუსგ. №ას-1778-1756-2011, 29.06.2012წ; №ას-1297-1217-2015, 04.03.2016წ.).

42. „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილებით საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებზე კანონით დადგენილი ნორმის ფარგლებში რიცხული საკარმიდამო, საბარე და სააგარაკო მიწები უსასყიდლოდ გადადიოდა მათ კერძო საკუთრებაში. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 6 თებერვლის №128 დადგენილების მეორე პუნქტით კი, დადგინდა, რომ საკარმიდამო მიწის ნაკვეთები უნდა გაცემულიყო 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რიცხული კომლების მიხედვით (იხ. სუსგ. №ას-211-203-2013, 03.06.2013წ.; №ას-464-2022, 06.12.2022წ.).

43. აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებითი მნიშვნელობა ენიჭებოდა იმ ფაქტს, რომ ნორმატიული აქტით დადგენილი პერიოდისათვის, კერძოდ, 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, პირი კომლის ოჯახის წევრად უნდა ყოფილიყო რეგისტრირებული (აღრიცხული). ამავე ნორმატიული ბაზიდან გამომდინარე, აღნიშნულ ფაქტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა, რადგან დამოუკიდებელ ოჯახად გასულ და რეგისტრირებულ ოჯახს უფლება წარმოეშობოდა, სხვა ადგილას მიეღო ასევე ქონება მიღება-ჩაბარების აქტით. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ნორმატიული წყაროს მიზანი იყო ოჯახების მფლობელობასა და სარგებლობაში არსებული მიწების დაკანონება, ამდენად, აღნიშნული პერიოდისათვის ოჯახის ერთ-ერთი სრულწლოვანი წევრის სახელზე მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემულ ქონებაზე საკუთრების უფლებას იძენდა ამავე ოჯახის ყველა ის წევრი, რომელსაც სხვა მიწის ნაკვეთის მიღებაზე უფლება არ გააჩნდა, მიუხედავად იმისა, აპირებდა თუ არა იგი აღნიშნული უფლების რეალიზებას (იხ. სუსგ საქმე №ას-516-2021, 30.11.2021).

44. წარდგენილი საკასაციო საჩივრების არსებითად განხილვის პროცესში, საკასაციო პალატა თავდაპირველად სწორედ იმ სადავო ფაქტობრივ გარემოებას შეაფასებს, იყო თუ არა მოსარჩელე პაპის კომლის წევრი 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით (რაც მას კომლის ქონებაზე თანასაკუთრების მოთხოვნის უფლებას წარმოუშობდა).

45. აღნიშნული საკითხის დადგენის მიზნით, საკასაციო სასამართლო, ყურადღებას მიაქცევს საქმეზე წარდგენილ, ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში დაცული გარდაბნის რაიონის .......... სადაბო საკრებულოს სოფელ .......... საკომლო წიგნების სხვადასხვა პერიოდის ჩანაწერებს.

45.1. კერძოდ, 1986-1995 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერების მიხედვით, სოფელ პატარა ლილოში არსებობდა საკოლმეურნეო კომლი, რომლის წევრებიც იყვნენ:

1. ზ.ა–ი - კომლის უფროსი;

2. მ. ა–ლი - ცოლი;

3. ვ.ა–ი - შვილი;

4. ა. ა–ლი - რძალი (წინამდებარე საქმეში - „მოპასუხე“, „გამსხვისებელი“);

5. მ.ა–ი - შვილიშვილი (წინამდებარე საქმეში - „მოსარჩელე“) (ცალკე მეკომური);

6. ზ.ა–ი - შვილიშვილი (ცალკე მეკომური);

7. ა. ა–ლი - შვილიშვილი;

8. ნ. რ–ი - (ნათესაური კავშირი მითითებული არ არის (ცალკე მეკომური);

9. ვ.ა–ი - (ნათესაური კავშირი მითითებული არ არის (ცალკე მეკომური) – (წინამდებარე საქმეში - „მოპასუხე“, „შემძენი“);

10. ს. ა–ლი - ნათესაური კავშირი მითითებული არ არის (ცალკე მეკომური); კომლს 1986-1987 წლებში ეკუთვნოდა 1959 წელს აშენებული საცხოვრებელი სახლი (1988-1995 წ.წ. – სახლზე მონაცემები არ არის), ასევე 1986-1991 წლებში - 0,25 ჰა მიწის ნაკვეთი (1992-1995 წ.წ. მიწა არ ფიქსირდება);

45.2. 1994-2001 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილი იყო ა–ლი მ.ა. ასული (გადახაზულია, გარდაიცვალა 14.04.1997 წ.). კომლის წევრები იყვნენ: ა–ლი ვ.ზ. ძე - შვილი (გადახაზულია, გარდაიცვალა 24.03.1999 წ.); ა–ლი ა.გ. ას (დოკუმენტში ასეა) - რძალი; კომლს ერიცხებოდა 1996-2000 წ.წ. - 1980 წელს აშენებული საცხოვრებელი სახლის საერთო სასარგებლო ფართი 110 კვ.მ (2001 წ. სახლზე მონაცემები არ არის), მიწის ნაკვეთი 1996-2000 წ.წ - 1.25 ჰა (2001 წ. მიწა არ ფიქსირდება);

45.3. 1996-2001 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ჩაწერილია მ.ვ. ძე ა–ლი (გაკეთებულია ჩანაწერი ფანქრით „გერმანიაშია“); მას პირად საკუთრებაში 1996-2000 წლებში ერიცხებოდა 1980 წელს აგებული 24 კვ.მ საცხოვრებელი სახლი (2001 წლის მონაცემები არ ფიქსირდება) და 1996-1999 წლებში 0,75 ჰა მიწის ფართობი (2000-2001 წლების მონაცემები არ ფიქსირდება);

45.4. 2001-2006 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ჩაწერილი იყო ა–ლი ა.გ. ას (დოკუმენტში ასეა). მას ერიცხებოდა 2003 წ. - 1980 წელს აშენებული საცხოვრებელი სახლის საერთო (სასარგებლო) ფართი 110 კვ.მ (2001-2002 და 2004-2006 წ.წ. სახლზე მონაცემები არ არის). მიწის ნაკვეთი 2003 წ. – 1.25 ჰა (2001- 2002 და 2004-2006 წ.წ. მიწა არ ფიქსირდება);

46. ამრიგად, მითითებული საკომლო ჩანაწერებიდან ნათლად ჩანს, რომ სადავო პერიოდისთვის - 1992 წლის 1 იანვრისთვის - მოსარჩელე, როგორც „ცალკე მეკომური“, ისეა აღრიცხული საკომლო წიგნში.

47. საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს სსრ სახალხო დეპუტატთა სადაბო, სასოფლო საბჭოს შესახებ“ 1968 წლის 25 დეკემბრის კანონის 22-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საკომლო დავთარს (საკომლო წიგნს) აწარმოებდა რაისაბჭოს აღმასკომი, რომელიც დადგენილი წესით ახდენდა მოქალაქეთა ჩაწერა-ამოწერას, რეგისტრაციაში ატარებდა საკოლმეურნეო (გლეხთა) კომლის საოჯახო ქონებრივ გაყოფას, შესაბამისად, საკომლო წიგნის ჩანაწერი ადასტურებს უძრავ ქონებაზე კომლის წევრთა უფლებებს.

48. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ სადავო ურთიერთობის მოწესრიგებისას არსებითი მნიშვნელობის მტკიცებულებას საკომლო წიგნის ჩანაწერები წარმოადგენს, ვინაიდან ისინი ეფუძნება ჩანაწერის შესრულების დროს მოქმედ კანონმდებლობასა და მის საფუძვლად განხორციელებულ პროცედურებს, ისევე, როგორც კანონით გათვალისწინებულ ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნულის შესაბამისად, კომლის წევრად პირის რეგისტრაცია თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ იგი აკმაყოფილებდა კომლის წევრად რეგისტრაციის პირობებს. (იხ. სუსგ საქმე Nას-1350-1387-2014, 15 ივლისი, 2015 წელი; Nას-1091-1048-2016, 13 ოქტომბერი, 2017 წელი). შესაბამისად, საწინააღმდეგოს მტკიცება სწორედ იმ მხარის ტვირთია, რომელიც ჩანაწერს სადავოდ ხდის (იხ. სუსგ საქმე Nას-337-337-2018, 31 იანვარი, 2022 წელი). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად კი, კომლთან სამართლებრივი კავშირისა თუ რეგისტრირებული მონაცემის კანონთან შეუსაბამობის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება (იხ. სუსგ საქმე Nას-7-2019, 11 ივნისი, 2020 წელი).

49. ზემოაღნიშნული სამართლებრივი განმარტებებისა და საკომლო წიგნების ჩანაწერების ურთიერთშეჯერებით, იბადება კითხვა: თუკი 1992 წლის 1 იანვრისათვის მოსარჩელე არ იყო პაპის კომლიდან გამოყოფილი, მაშინ საკომლო წიგნში ვინ და რატომ მიაწერა მისი სახელის და გვარის გასწვრივ „ცალკე მეკომური“? საკასაციო სასამართლო იმასაც აღნიშნავს, რომ, შესაძლოა, კომლიდან ამოწერის ფაქტის დასადასტურებლად მხოლოდ საკომლო წიგნის ჩანაწერი არ იყოს საკმარისი (იხ. სუსგ საქმე Nას-27-27-2016, 01.03.2016). სასამართლომ საქმეზე წარდგენილი თითოეული მტკიცებულების ერთობლივად, ყოველმხრივ შეფასების შედეგად უნდა დაადგინოს კომლთან მოსარჩელის სამართლებრივი კავშირის არსებობა. ამ შემთხვევაში, გადამწყვეტია საქმეზე ისეთი მტკიცებულების არსებობა, რომლითაც სარწმუნოდ დადასტურდება, რომ არსებობდა მოსარჩელის კომლიდან გასვლის სამართლებრივი საფუძველი.

50. ამდენად, საკომლო წიგნების ჩანაწერებთან ერთად, საკასაციო პალატა მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქმეზე წარდგენილი დოკუმენტის, ვარკეთილის მეხილეობა-მევენახეობის ს/მეურნეობის 1992 წლის 2 მაისის #83 აქტის შინაარს, რომლითაც დგინდება, რომ მოსარჩელემ მიიღო 0, 75 ჰა მიწის ნაკვეთი; 1992 წლის 2 მაისის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე კი, მოსარჩელისა და მისი მეუღლის (დ.კ–ის) სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა უძრავი ქონება მდებარე, ქ. თბილისი, .............(დაზუსტებული ფართობი - 1500 კვ. მ., ს/კ #.........) (რომელიც მოგვიანებით, 2019 წლის 11 ივნისის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა მოსარჩელის შვილის, ა.ა–ის სახელზე);

51. მითითებული მტკიცებულებების ერთობლივად შეფასების შედეგად, ასევე, ისმის კითხვა - თუ 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით მოსარჩელე ცალკე კომლად არ იყო გამოყოფილი, რამდენიმე თვეში, იმავე წლის მაისში, რის საფუძველზე მიიღო მან 0, 75 ჰა მიწის ნაკვეთი?

52. სასამართლო, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით მიუთითებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 6 თებერვლის #128 დადგენილების მეორე პუნქტზე, რომლითაც განსაზღვრული იყო საკარმიდამო მიწის ნაკვეთების გაცემა 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რიცხული კომლების მიხედვით, რაც სწორედ იმას გულისხმობდა, რომ მიწის ნაკვეთის მიღების შესაძლებლობა ჰქონდა მხოლოდ იმ პირს, ვინც ამ დროისთვის კომლის წევრი აღარ იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, იგი ვერ მიიღებდა მიწას.

53. საკასაციო სასამართლო, ყურადღებას მიაქცევს საქმეზე მოწმის სახით დაკითხულ პირთა (ნ. კ–ი, ნ. ა–ლი, ლ. ქ–ი და ი. ა–ლი) ჩვენებებსაც (მოწმეეები ნ. ა–ლი, ლ.ქ–ლი და ი. ა–ლი მიუთითებენ, რომ მ–მა მოინდომა ცალკე გასვლა და მშობლებმა აჩუქეს ნაკვეთი მათი ნაკვეთის გვერდზე, სადაც 1990 წლიდან მ.ა–მა დაიწყო სახლის მშენებლობა, სადაც 1992 წელს გადავიდა. მან 1992 წლის ზაფხულში გაუყვანა სახლში გაზი, მაშინ ისინი უკვე გადასულები იყვნენ. 1994 წლის აგვისტოს თვეში გარდაეცვალათ ახალშობილი, რომელიც ახალაშენებული სახლიდან დაკრძალეს; მოწმე ნ.კ–ის განმარტებით, იგი არის მ.ა–ის მეუღლის და. მისი და - დ.კ–ი გათხოვდა 1987 წელს და ცხოვრობდა იმ სახლში, სადაც ამჟამად ა. ა–ლი, ნ. რ–ი და ვ.ა–ი ცხოვრობდნენ. რამდენიმე წლის შემდეგ დაიწყეს სახლის მშენებლობა გვერდით ნაკვეთზე. სახლის მშენებლობა რომ დაიწყეს, მ. და დ. უფროსი შვილი ა. პატარა იყო) და მათი ურთიერთშეჯერებით ასევე დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ჯერ კიდევ 1990 წლიდან გავიდა კომლიდან ცალკე და დაიწყო სახლის მშენებლობა, სადაც მალევე გადავიდა საცხოვრებლად.

54. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ქრონოლოგიურად შეფასების, ასევე, სამართლებრივი მსჯელობის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს პირველი კასატორების (მოპასუხეების) მოსაზრებებს და დადგენილად მიიჩნევს, რომ საკოლმეურნეო კომლების გაუქმების მომენტისთვის, 1992 წლის 1 იანვრისთვის, მოსარჩელე აღარ წარმოადგენდა პაპის კომლის წევრს და, შესაბამისად, საფუძველი ეცლებოდა წინამდებარე დავის მიმართ მის იურიდიულ ინტერესს - კომლის ქონებაზე საკუთრების უფლების აღდგენის თაობაზე.

55. რაც შეეხება მეორე კასატორის (მოსარჩელის) პრეტენზიას იმის შესახებ, რომ, მას, როგორც გარდაცვლილი მამის მემკვიდრეს, სადავო ქონების ნაწილზე საკუთრების უფლება მოპოვებული ჰქონდა ფაქტობრივი ფლობით, საკასაციო სასამართლო ვერც აღნიშნულს გაიზიარებს და ამ ნაწილში ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასახულ მსჯელობასა და დასკვნებს.

56. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 1306-ე მუხლის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. კანონით მემკვიდრეობა - გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე - მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი.

57. სსკ-ის 1421-ე და 1424-ე მუხლების თანახმად, გარდაცვლილი პირის დანაშთ ქონებაზე საკუთრების წარმოშობისათვის სავალდებულოა, მემკვიდრემ სამკვიდროს გახსნიდან (სსკ-ის 1319-ე მუხლი) 6-თვიან ვადაში განახორციელოს ერთ-ერთი იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედება: დაეუფლოს სამკვიდროს ან მიმართოს ნოტარიუსს სამკვიდრო მოწმობის გაცემის თხოვნით. სამკვიდროს მიღება მემკვიდრის ცალმხრივი ნების გამოვლენის საფუძველზე ხდება. იგი მიმართულია მემკვიდრეობის მისაღებად, რაც იმას ნიშნავს, რომ მემკვიდრის მოქმედებები უნდა მიუთითებდეს მის ნებაზე სამკვიდროს მიღების შესახებ (შდრ. იხ. სუსგ საქმე №ას-1092-2020, 22.01.2021წ.).

58. ამასთან, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, მიიჩნევა, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი (სსკ-ის 1421 (3) მუხლი). სსკ-ის 1433-ე მუხლის თანახმად, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად მიიჩნევა მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.

59. ამდენად, სამემკვიდრეოსამართლებრივი ურთიერთობების წარმოშობა და სამემკვიდრეო უფლებების განხორციელება უკავშირდება არა მარტო სამკვიდროს გახსნის მომენტს (სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღეს სსკ-ის 1319-1320-ე მუხლები), არამედ მემკვიდრეთა მხრიდან გარკვეული იურიდიული მოქმედების შესრულებას.

60. მართალია, კანონის თანახმად, სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრება ხდება მისი გახსნის მომენტიდან (სსკ-ის 1433-ე მუხლი), მაგრამ, აუცილებელია, მემკვიდრემ კანონით დადგენილ ექვსთვიანი ვადის დაცვით შეასრულოს სამკვიდროს მიღებისათვის აუცილებელი მოქმედება (სსკ-ის 1424-ე მუხლი).

61. სამკვიდროს მიღების წესი დადგენილია სსკ-ის 1421-ე მუხლის მეორე ნაწილით, რომლის მიხედვითაც მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადებას ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.

62. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი (შდრ. იხ. სუსგ საქმე №ას-283-268-2017, 07.07.2017).

63. სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების დროს განმსაზღვრელია იურიდიული მნიშვნელობის მქონე კომპონენტები - სამკვიდროს მართვა-დაუფლებისკენ მიმართული ნება და ამგვარი ნების მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვეში გამოვლენა.

64. ფაქტობრივი ფლობისკენ მიმართული ნებისმიერი მოქმედებიდან აშკარად უნდა იკვეთებოდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილი, მემკვიდრის ნება (სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა, რომლისთვისაც, ჩვეულებრივ, აუცილებელია ნების ნამდვილობა).

65. მემკვიდრის ყველა ამგვარი მოქმედების შედეგს უნდა წარმოადგენდეს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა (მაგალითად: მამკვიდრებლის საცხოვრებელ სახლში ცხოვრება, მამკვიდრებლის ნივთების, როგორც საკუთარის მიღება და განკარგვა, სამკვიდროს ფაქტობრივი მართვა, მოვლა და სხვა) (შდრ. სუსგ. #ას-283-268-2017, 07.07.2017; #ას-1172-1127-2016, 31.03.2017წ; #ას-203-193-2016, 02.06.2016; #ას-972-921-2015, 15.12.2015წ; #ას-482-455-2012, 31.05.2012წ).

66. კასატორის (მოსარჩელის) მოსაზრებით, მხოლოდ ის ფაქტი, რომ მამის გარდაცვალების დროისთვის იგი საზღვარგარეთ იმყოფებოდა, არ შეიძლებოდა სამკვიდროს დაუფლებაზე უარის თქმად მიჩნეულიყო.

67. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმისწარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

68. კასატორის პრეტენზიის საპირწონედ, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმის მასალებით დადგენილ შემდეგ უდავო ფაქტობრივ გარემოებებს:

68.1. მოსარჩელის მამა გარდაიცვალა 1999 წლის 21 მარტს;

68.2. მამის გარდაცვალების დროისთვის მოსარჩელე ოჯახთან ერთად გერმანიაში იმყოფებოდა, საიდანაც დაბრუნდა 2001 წელს (ამ ფაქტს ასევე ადასტურებენ საქმეზე მოწმის სახით დაკითხული პირები);

68.3. მამის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში მოსარჩელეს მამის სამკვიდროს მისაღებად ნოტარიუსისთვის არ მიუმართავს;

69. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორის (მოსარჩელის) მიერ საჩივარში მითითებული გარემოებები (რომ მოსარჩელის პირადი ნივთები (პიანინო, ავეჯი) მამის გარდაცვალებამდეც და მას შემდეგაც განთავსებული იყო სადავო ბინაში; გერმანიაში ყოფნის პერიოდში მოსარჩელე აგზავნიდა თანხას მამისეული სახლის მოვლისთვის; მამის გარდაცვალების შემდეგ მოკლე დროში მოსარჩელემ უცხოეთიდან გამოაგზავნა საფლავის მოწყობის თანხა და გაიღო სხვა სარიტუალო ხარჯები) არ შეიძლება მიჩნეულ იქნას მოსარჩელის მხრიდან სამკვიდროს მართვა-დაუფლებისკენ მიმართულ რაიმე სახის ქმედებად. როგორც უკვე აღინიშნა, სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღება გულისხმობს მემკვიდრის მხრიდან გამოხატულ სამკვიდროს მიღების სურვილს (ნებას), რაც შეიძლება გამოვლინდეს, მაგალითად, მამკვიდრებლის სახლში ცხოვრებით, მამკვიდრებლის ნივთების, როგორც საკუთარის მიღებითა და განკარგვით, სამკვიდროს ფაქტობრივად მართვით და სხვა მსგავსი ქმედებებით, რაც წინამდებარე შემთხვევაში მოსარჩელის მხრიდან არ განხორციელებულა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას იმის შესახებ, რომ მოსარჩელემ საკუთარი მტკიცების ტვირთის ფარგლებში ვერ შეძლო მამის სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტის დამტკიცება. მან ვერც საკასაციო საჩივრის ფარგლებში წარადგინა იმგვარი დასაბუთებული და დასაშვები საკასაციო შედავება, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ზემოაღნიშნული გარემოების გაბათილების და სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

70. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაუსაბუთებელია, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს და მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება. ამასთან, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების სსსკ-ის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.

71. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მ.ა–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ა.ა–ისა და ვ.ა–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით:

4. მ.ა–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

5. მ.ა–ს ა.ა–ისა და ვ.ა–ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 340 ლარის ოდენობით;

6. მ.ა–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 19 თებერვლის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 1125 ლარის გადახდა;

7. მ.ა–ის მიერ პირველ და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

8. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

ა. კოჭლამაზაშვილი