გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ას-1015-2026 3 აგვისტო, 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან ნემსაძე, მიხეილ ჯინჯოლია
კერძო საჩივრის ავტორი – კ.გ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ვ.ც–ვა (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 19 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2026 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით კ.გ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2026 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 19 ივნისის განჩინებით კ.გ–ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 21 მაისის განჩინებით აპელანტს - კ.გ–ს დაევალა განჩინების ასლის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარმოედგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის სახით უძრავი ქონების (..........) ½ წილის საბაზრო ღირებულებების 4% ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი. აღნიშნული განჩინება გაეგზავნა აპელანტის წარმომადგენელს - მ. ე–ს და ჩაბარდა პირადად 2026 წლის 27 მაისს.
5. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ხარვეზის შევსების 14 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2026 წლის 28 მაისიდან და ამოიწურა 2026 წლის 10 ივნისს. დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში არ არის აღმოფხვრილი. მ.ე–მა პალატას მიმართა დაგვიანებით 2026 წლის 15 ივნისს და ითხოვა დადგენილი ხარვეზის შესავსებად ვადის გაგრძელება.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 19 ივნისის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა.
6.1. კერძო საჩივრის პრეტენზიების მიხედვით, სასამართლოს განჩინება ხარვეზის შესახებ ჩაბარდა 2026 წლის 27 მაისს, უდავოა, რომ ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ მოთხოვნა წარადგინა 2026 წლის 15 ივნისს ელექტრონულად. ამასთან, კერძო საჩივრის პრეტენზის მიხედვით დგინდება, რომ აპელანტმა, 2026 წლის 9 ივნისს მიმართა ფოსტას, რომლის მიხედვითაც მოითხოვა ხარვეზის შესახებ დადგენილი ვადის გაგრძელება.
6.2. კერძო საჩივრის ავტორმა, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა განცხადება, რომელსაც ერთვის საფოსტო ამონაწერი, აღნიშნულით კი დასტურდება, რომ აპელანტმა, 2026 წლის 9 ივნისს საფოსტო კომპანიას - შპს „ქ.ს.ჯ–ს“ გადასცა განცხადება საქმეზე №2ბ/2745-26.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 23 ივლისის განჩინებით კერძო საჩივარი წარმოებაშია მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
8. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დასაბუთებულია. შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
9. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.
10. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი.
11. გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 21 მაისის განჩინებით აპელანტს - კ.გ–ს დაევალა განჩინების ასლის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარედგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის სახით უძრავი ქონების (.......) ½ წილის საბაზრო ღირებულებების 4% ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი. აღნიშნული განჩინება გაეგზავნა აპელანტის წარმომადგენელს - მ.ე–ს და ჩაბარდა პირადად 2026 წლის 27 მაისს. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ხარვეზის შევსების 14 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2026 წლის 28 მაისიდან და ამოიწურა 2026 წლის 10 ივნისს. დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში არ არის აღმოფხვრილი. მ.ე–მა პალატას მიმართა დაგვიანებით 2026 წლის 15 ივნისს და ითხოვა დადგენილი ხარვეზის შესავსებად ვადის გაგრძელება.
12. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. სსსკ-ის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისთვის გაგზავნილი უწყება მას უნდა ჩაბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე ან ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში შესაბიმის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
13. სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი (კერძო საჩივარი) არ პასუხობს ზემოთჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საჩივარი აღარ მიიღება. სსსკ-ის 374-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
14. ამდენად, საქმეზე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებების გათვალისწინებითა და დასახელებული სამართლებრივი დასაბუთებით მართებულად იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ, და სააპელაციო საჩივარი მართებულად დატოვა განუხილველად, თუმცა, აღსანიშნავია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრისთვის განსაზღვრულ ვადაში, აპელანტის წარმომადგენელმა, შესაბამისი განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს ფოსტის მეშვეობით, რომლის დამადასტურებელი მტკიცებულების თაობაზე სააპელაციო სასამართლოსთვის არ ყოფილა ცნობილი, თუმცა, აღნიშნული მტკიცებულება საკასაციო სასამართლოში, კერძო საჩივრის განხილვის ეტაპზე წარმოადგინა მხარემ. წარმოდგენილი მტკიცებულებით ირკვევა, რომ აპელანტის წარმომადგენელმა ნამდვილად მიმართა საფოსტო კომპანიას 2026 წლის 9 ივნისს და თბილისის სააპელაციო სასამართლოში გასაგზავნად გადასცა განცხადება საქმეზე №2ბ/2745-26.
15. ამდენად, წარმოდგენილი კერძო საჩივარი საფუძვლიანია, რის გამოც უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახალი განხილვის მიზნით დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კ.გ–ის კერძო საჩივარი დაკამყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 19 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. კოჭლამაზაშვილი
მოსამართლეები: ლ. ნემსაძე
მ. ჯინჯოლია