გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ას-1032-2026 3 აგვისტო, 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან ნემსაძე, მიხეილ ჯინჯოლია
კერძო საჩივრის ავტორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 22 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ხელშეკრულების შეწყვეტა და პირგასამტეხლოს უკანონოდ ცნობა, თანხის დაკისრება
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2026 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „მ–ის“ სარჩელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიმართ დაკმაყოფილდა; აღიარებულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოთხოვნის უფლების არარსებობა პირგასამტეხლოს 187.50 ლარის დარიცხვაზე და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს - 187.50 ლარის გადახდა; მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მოსარჩელე შპს „მ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა - 9,375 ლარის გადახდა.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 22 ივნისის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად გასაჩივრების ვადის დარღევის გამო.
3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2026 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება ჩაბარდა აპელანტს 2026 წლის 22 მაისს (ტ.1, ს.ფ 474), შესაბამისად, გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების 14 დღიანი ვადის ათვლა კონკრეტულ შემთხვევაში იწყება 2026 წლის 23 მაისს და აღნიშნული 14 დღიანი ვადის ბოლო დღეს წარმოადგენს 2026 წლის 5 ივნისი. დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივარი წარდგენილია 2026 წლის 8 ივნისს კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ (ტ.1 ს.ფ. 475). კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადის გასვლის შემდგომ, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 22 ივნისის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა.
5. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო საჩივარი ფოსტას 2026 წლის 5 ივნისს ჩააბარა, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე უკანონოა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 23 ივლისის განჩინებით კერძო საჩივარი წარმოებაშია მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
7. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დასაბუთებულია. შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
8. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.
9. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი.
10. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
11. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას, შესაბამისად, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
12. სსსკ-ის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლების რეალიზაციისათვის სპეციალურ დანაწესს გვთავაზობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში მხარე ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის. (შედ ის. სუსგ №ას-419 2023 25 მაისი, 2023 წელი). ამგვარად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა იმპერატიულად ადგენს გადაწყვეტილების გასაჩივრების წესსა და ვადებს, რისი შეცვლაც არც მხარეებს და არც სასამართლოს არ შეუძლია.
14. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
15. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სააპელაციო წესით გასაჩივრების 14 დღიანი ვადის ათვლა კონკრეტულ შემთხვევაში იწყება 2026 წლის 23 მაისს და აღნიშნული 14 დღიანი ვადის ბოლო დღეს წარმოადგენს 2026 წლის 5 ივნისი. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სააპელაციო საჩივარი წარდგენილია 2026 წლის 8 ივნისს კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ (ტ.1 ს.ფ. 475).
16. ამდენად, საქმეზე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებების გათვალისწინებითა და დასახელებული სამართლებრივი დასაბუთებით მართებულად იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ, და სააპელაციო საჩივარი მართებულად დატოვა განუხილველად, თუმცა, აღსანიშნავია, რომ მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორმა, კერძო საჩივართან ერთად წარმოადგინა საფოსტო ამონაწერი, რომლის მიხედვითაც, ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას გაეგზავნა სააპელაციო საჩივარი იმავე სარეგისტრაციო ნომრით, რაც სააპელაციო საჩივრის გაგზავნის მიმართვაშია მითითებული.
17. ამდენად, წარმოდგენილი კერძო საჩივარი საფუძვლიანია, რის გამოც უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახალი განხილვის მიზნით დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კერძო საჩივარი დაკმყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 22 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
4.
თავმჯდომარე ა. კოჭლამაზაშვილი
მოსამართლეები: ლ. ნემსაძე
მ. ჯინჯოლია