დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-1003-2026 3 აგვისტო, 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – გ.ე–ძე, ც.ვ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე – ა(ა)იპ ს.უ.კ–ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 25 ივნისის განჩინება
დავის საგანი – ყრილობის ოქმის ბათილად ცნობა, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა, თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გ.ე–ძემ და ც.ვ–ძემ სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხე ა(ა)იპ ს.უ.კ–ის მიმართ ყრილობის ოქმის ბათილად ცნობის, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისა და თანხის დაკისრების თაობაზე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ.ე–ძისა და ც.ვ–ძისს სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ა(ა)იპ ს.უ.კ–ის 2024 წლის 29 ივნისის 39-ე ყრილობის ოქმის ის ნაწილი, რითაც სუ კავშირის წევრები გ.ე–ძე და ც.ვ–ძე გარიცხულ იქნენ კავშირის რიგებიდან (მე-5 ნაწილი) თავისი სამართლებრივი შედეგებით და აღდგა მოსარჩელეების სამართლებრივი სტატუსი. მოსარჩელეების მიმართ დადგინდა დისკრიმინაციის ფაქტი. მოპასუხეს თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 33 000 ლარის გადახდა.
მოცემული დავა არაერთხელ იქნა განხილული ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ და ბოლოს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 25 ივნისის განჩინებით ა(ა)იპ ს.უ.კ–ის შუამდგომლობა გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადების თაობაზე დაკმაყოფილდა და ა(ა)იპ ს.უ.კ–ს გაუნაწილვადდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე დაკისრებული 20 000 ლარის გადახდა თერთმეტი თვის ვადით, ყოველი თვის 26 რიცხვში.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი (საჩივარი) შეიტანა გ.ე–ძისა და ც.ვ–ძის წარმომადგენელმა გ.მ–ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 24 ივლისის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორებს მიეცთ ამ განჩინების ჩაბარებიდან 5-დღიანი ვადა გ.მ–ძის სახელზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე და 98-ე მუხლის შესაბამისად, გაცემული რწმუნებულება ან კერძო საჩივრის ავტორების მიერ ხელმოწერილი კერძო საჩივრის წარმოსადგენად.
აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორებს ჩაბარდათ 2026 წლის 24 ივლისს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ გ.ე–ძისა და ც.ვ–ძის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ამავე კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სასამართლო შეტყობინება მხარეს ჩააბაროს აგრეთვე ტელეფონის საშუალებით. აღნიშნული ტიპის შეტყობინების ნამდვილობისათვის კანონმდებელი მოითხოვს, რომ საქმეში წარმოდგენილი იყოს სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტი სატელეფონო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარების თაობაზე (სსკ-ის 73.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ სასამართლო დამოუკიდებლად წყვეტს ადრესატს შეტყობინება რა ფორმით ჩააბაროს.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2026 წლის 24 ივლისის განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი კერძო საჩივრის ავტორებს საქმეში მათ მიერ მითითებულ ტელეფონის ნომრებზე სატელეფონო შეტყობინებით ეცნობათ 2026 წლის 24 ივლისს, (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტები, ტ.4, ს.ფ.253-254). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2026 წლის 25 ივლისს და ამოიწურა ამავე წლის 29 ივლისს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლო მოხელის მიერ ხარვეზის შევსების შესახებ განჩინების საფუძვლებისა და სარეზოლუციო ნაწილის ჩაბარების დროს, კერძო საჩივრის ავტორებმა განაცხადეს, რომ აღარ აქვთ დავის მიმართ ინტერესი, ვინაიდან ა(ა)იპ ს.უ.კ–მა მათ უკვე ჩაურიცხა თანხა (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტები, ტ.4, ს.ფ.252-253).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორებმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მათი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 284-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.ე–ძისა და ც.ვ–ძის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი