გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-988-2026
5 აგვისტო, 2026 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ ჯინჯოლია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),არჩილ კოჭლამაზაშვილი, ლევან ნემსაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გ.თ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – ნ.მ–ი, ქ.მ–ი, ს.მ–ი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 29 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და გადაწყვეტილების განმარტება
დავის საგანი – უძრავ ნივთზე საზიარო უფლების გაუქმება და ამონაგების განაწილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
2. სარჩელის ნაწილობრივ დაკმყოფილებით, გაუქმდა გ.თ–ძის, ს.მ–ის, ნ.მ–ის და ქ.მ–ის საზიარო უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე, ქ. თბილისი, ..........., მიწის ნაკვეთის დაზუსტებული ფართობი 312.0 კვ.მ ს.კ. .........., ამ უძრავი ნივთის აუქციონზე რეალიზაციის გზით და ამონაგები თანხა განაწილდა მესაკუთრეებს შორის თანასაკუთრებაში არსებული წილების შესაბამისად.
3. მიღებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე მხარემ.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2026 წლის 13 თებერვლის განჩინებით, მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველი.
5. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 06.05.2026 წელს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
6. 2026 წლის 22 ივნისს გ.თ–ძემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილების განმარტება.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს, 2026 წლის 29 ივნისის განჩინებით მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2026 წლის 3 ივლისს, მოსარჩელემ წარადგინა კერძო საჩივარი.
9. საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2026 წლის 14 ივლისს, მოსარჩელემ წარმოადგინა დაზუსტებული კერძო საჩივარი, რომლითაც მოთხოვნილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 29 ივნისის განჩინების გაუქმება და გადაწყვეტილების განმარტება.
10. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხე მხარემ ცვლილება შეიტანა ამონაწერში და ნაცვლად 23.00 კვ.მ-ის დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულია 47.86 კვ.მ.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 17 ივლისის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულია განსახილველად.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2026 წლის 17 ივლისის განჩინება გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარეს და განემარტათ, რომ მათ უფლება აქვთ განჩინების ჩაბარებიდან ხუთი დღის ვადაში წარმოადგინონ პოზიცია კერძო საჩივართან დაკავშირებით.
13. ქ.მ–ის განმარტებით, კერძო საჩივარი ეფუძნება წინაპირობას, რომ აუქციონიდან მიღებული თანხა უნდა განაწილდეს მხოლოდ შენობა-ნაგებობის ფართობის პროპორციულად, მაშინ როდესაც დავის საგანს წარმოადგენს ოთხი თანამესაკუთრის საერთო საკუთრებაში არსებული 312 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები. არც ერთი კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტი არ განსაზღვრავს აუქციონიდან მიღებული თანხის განაწილების პრინციპს, მით უმეტეს, მხოლოდ შენობების ფართობიდან გამომდინარე. ასეთი საკითხის პირველად გადაწყვეტა გადაწყვეტილების ფორმით გამოიწვევდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტის შინაარსობრივ შეცვლას და ახალი სამართლებრივი შედეგის დადგენას.
14. მოწინააღმდეგე მხარეს პოზიციით კერძო საჩივრის ავტორი არ მიუთითებს არცერთ კონკრეტულ დებულებაზე, რომელიც ბუნდოვანია ან რომლის აღსრულებაც განმარტების გარეშე შეუძლებელია.
15. აგრეთვე, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოწინააღმდეგე მხარის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის ფართობი შეადგენს 47.86 კვ.მ. გარდა ამისა, საქმის მასალებში ასახულია 14.48 კვ.მ. დამატებითი ფართობის არსებობაც, რომლის საჯარო რეესტრში რეგისტრაციაც ვერ განხორციელდა.
16. სოლომონ მდივნის პოზიციაში მითითებულია, გ.თ–ძის განმარტება უძრავ ქონებაზე მისი კუთვნილი წილის ოდენობის შესახებ, არ შეესაბამება სიმართლეს და არსებითად აზიანებს ს.მ–ის საკუთრების უფლებას.
17. უძრავი ქონების თავდაპირველი რეგისტრაციის დროს იგი წარმოადგენდა ერთი პირის საკუთრებას, შემდეგ აღნიშნული ქონება გაიყო მის მემკვიდრეებს შორის იმგვარად, რომ ს.მ–ს ერგო მიწის ნაკვეთის ½ ნაწილი. შემდეგ ს.მ–ის საცხოვრებელი ფართიდან 1/3 ნაწილი გამოიყო და თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე აღირიცხა ნინო და ქ.მ–ების ინდივიდუალურ საკუთრებაში.
18. ამასთან, მოსარჩელის შენობა-ნაგებობაზე სამშენებლო სამუშაოები განხორციელებულია უკანონოდ. მოსარჩელეს არ აქვს მოპოვებული შესაბამისი ნებართვები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგ - სსსკ) 412.1 მუხლით, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.
20. სსსკ-ის 411-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძვლები.
21. „გადაწყვეტილების განმარტების საკითხზე მიღებულ განჩინებაზე წარდგენილი კერძო საჩივრის განხილვის ფარგლებში საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია თავად განმარტოს გადაწყვეტილების ბუნდოვანი დებულება (სუსგ Nას-160-154-2011, 23.03.2011წ.)“ (სუსგ №ას-923-2020, 11 მარტი, 2021წ.).
22. „თუ ფაქტობრივ სფეროში ყველაფერი რიგზეა, ე.ი. თუ საქმისათვის მნიშვნელობის ყველა სადავო ფაქტი დადგენილია შესაბამისი მტკიცებულებების გამოყენებით, მაგრამ ამ დადგენილ ფაქტებს სასამართლომ მისცა არასწორი იურიდიული (სამართლებრივი) შეფასება - საკასაციო სასამართლომ თვითონ უნდა შეაფასოს ეს ფაქტები და გამოიტანოს ახალი გადაწყვეტილება ისე, რომ არ დააბრუნოს საქმე ხელახლა განსახილველად“ (სამოქალაქო პროცესუალური სამართალი, ლილუაშვილი თ., II გამოცემა, გვ. 386).
23. სსსკ-ის 262.1 მუხლით, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია.
24. „… გადაწყვეტილების განმარტების საჭიროება არსებობს, როცა მისი სარეზოლუციო ნაწილის ესა თუ ის დებულება ორაზროვანი, გაუგებარია და არსებული სახით გადაწყვეტილების სწორად აღსრულებას დაბრკოლება ექმნება (სუსგ №ას-267-255-2017, 31.03.2017) ...”(სუსგ №ას-923-2020, 11 მარტი, 2021წ.).
25. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის ბოლო წინადადება ფორმულირებულია შემდეგნაირად „... ამ უძრავი ნივთის აუქციონზე რეალიზაციის გზით და ამონაგები თანხა განაწილდეს მესაკუთრეებს შორის თანასაკუთრებაში არსებული წილების შესაბამისად“.
26. თავად არც სააპელაციო სასამართლოს მიუჩნევია სხვაგვარად, რომ „არსებული წილების შესაბამისად“ ორაზროვანი და ბუნდოვანი ფორმულირებაა, იმ შემთხვევისთვის, როდესაც ფართობმა ცვლილება განიცადა. უდავოა, რომ ფართის ცვლილება გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხების ან შეცდომით აღსრულების რისკს წარმოშობს, რადგან „არსებული წილების შესაბამისად“ ამონაგების განაწილება - გაუგებარს ტოვებს, რომელი წილით უნდა იხელმძღვანელოს აღმასრულებელმა სასამართლოს მიერ დადგენილი, თუ რეგისტრირებული მონაცემებით.
27. მაგრამ, სააპელაციო პალატამ, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად, საკასაციო სასამართლოს 2026 წლის 13 თებერვლის განჩინებაზე მიუთითა, სადაც (§ 16) საკასაციო პალატას თავიდანვე დასახელებული აქვს განსახილველი საკითხი, ხოლო ბოლოს გამოიტანა დასკვნა, რომ შენობა-ნაგებობა და მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ერთი უფლების ობიექტს და ამონაგები შენობა-ნაგებობის რეგისტრირებული ფართობის პროპორციულად უნდა განაწილდეს.
28. ამრიგად, განმარტებაში ნახსენებია მხოლოდ მიწისა და მასზე მდგომი შენობის ურთიერთმიმართების და მათი სამართლებრივი რეგულირების საკითხი. ერთმნიშვნელოვანია, რომ საკასაციო პალატის განმარტებაში ფართის ცვლილების თაობაზე არაფერია ნახსენები.
29. „ამონაგების თვალსაზრისით, ადგილი აქვს სანივთო სუროგაციას. გასხვისების შემდეგ ამონაგები იკავებს საზიარო საგნის ადგილს“ (შედარებითი სამართლის ქართულ-გერმანული ჟურნალი, ზარანდია თ., გვ. 27).
30. „სასამართლო გადაწყვეტილებით წილის გამოყოფისა და საზიარო უფლების გაუქმების შესახებ, არსებული საზიარო ურთიერთობა და აქედან გამომდინარე საზიარო უფლება გარდაიქმნება ინდივიდუალურ უფლებად - საზიარო უფლების საგანზე ინდივიდუალურ საკუთრებად“ (სამოქალაქო პროცესუალური სამართალი, ლილუაშვილი თ., II გამოცემა, გვ. 206).
31. სუროგაციის მიზანია სამართლებრივი რეჟიმის შენარჩუნება იმ ქონებრივ სიკეთეზე, რომელმაც თავდაპირველი ობიექტი ჩაანაცვლა. სწორედ ამიტომ, ჩანაცვლების შემდეგ სამართლებრივი კავშირი სუბიექტთან არსებობს და არა თავდაპირველ ნივთთან.
32. ნიშანდობლივია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის არც რომელიმე ზოგადი დებულება, არც საზიარო უფლების მომწესრიგებელი ნორმები არ ითვალისწინებს რაიმე ხასიათის ურთიერთკავშირის შენარჩუნებას ჩანაცვლებულ ობიექტებს შორის. ახალი ობიექტი იკავებს ძველის ადგილს, რაც გულისხმობს, რომ ორივე ობიექტი პარალელურად ვერ გააგრძელებს ურთიერთდამოკიდებულ არსებობას. ამდენად, ძველი ობიექტის ვერცერთი შინაარსის გაუმჯობესა ზეგავლენას ვერ მოახდეს ახალ საგანზე.
33. შემდეგ ეტაპზე მიმოვიხილოთ სასამართლო პრაქტიკა:
33.1 მაგალითად, ერთ-ერთ საქმეზე მოსარჩელე ითხოვდა ამონაგების განაწილებას 15%-ის ოდენობით, ხოლო სასამართლომ მხარეს მიაკუთვნა ამონაგების 7% - Nას-513-2025, 25.2.2026 წ. § 14.
33.2 სხვა საქმეზე საკასაციო სასამართლომ სარეზოლუციო ნაწილში პირდაპირ ასახა, ვის რა ოდენობის ამონაგები უნდა შეხვედროდათ - Nას-1407-2023, 20 მაისი, 2024 წ.
33.3 დამატებით, საკასაციო პალატა მოიხმობს მხოლოდ რამდენიმე საქმეს, სადაც დავის განხილვისას დადგენილი ფართის პროპორციულად განაწილდა ამონაგები: 1) N ას-1271-2025, 24 აპრილი, 2026 წ.; 2) N ას-419-2025, 30 ოქტომბერი 2025 წ.; 3) N ას-961-2024, 18 სექტემბერი 2024 წ.; 4) N ას-1463-2023, 6 მარტი 2024 წ.; 5) N ას-1307-2023, 30 ოქტომბერი 2024 წ.; 6) N ას-145-2024, 2 აგვისტო 2024 წ.; 7) N ას-607-2022, 15 თებერვალი 2023 წ.
34. ამდენად, სასამართლო იმთავითვე ანაწილებს ამონაგებს იმ წილების პროპორციულად, რომლის კუთვნილებაც დადგენილია გადაწყვეტილებით და არცერთ შემთხვევაში დავა არ დასრულებულა ისეთი შედეგით, რომ თავდაპირველ ობიექტზე ცვლილების განხორციელებას რაიმე ზეგავლენის მოხდენა შეეძლოს ამონაგებზე.
35. შემდეგ ეტაპზე სასამართლო მიმოიხილავს ყველაზე საყურადღებო საკითხს.
36. სსსკ-ის 3.1 მუხლით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს.
37. სსსკ-ის 248-ე მუხლით, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.
38. „მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ სარჩელის მოთხოვნის შინაარსს“ (სუსგ Nას-58-2026, 8 ივნისი, 2026წ., §§19-20).
39. „ასეთ შემთხვევაში საჭირო ხდება მივმართოთ თვით სარჩელს და გავარკვიოთ სასარჩელო მოთხოვნის არსი“ (სამოქალაქო პროცესუალური სამართალი, ლილუაშვილი თ., II გამოცემა, გვ. 269).
40. მომავალში რეგისტრირებული და უკვე რეგისტრირებული წილებით ამონაგების განაწილება - სრულიად განსხვავებული შინაარსის მოთხოვნებია. შესაბამისად, გადაწყვეტილების განმარტების მიზნებისთვის დასადგენია რას ითხოვს მოსარჩელე წარმოდგენილი სარჩელით.
41. „გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება ამ გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებსაც ადგილი ჰქონდათ გადაწყვეტილების გამოტანის მომენტში. ფაქტები, რომლებიც წარმოიშვენ ამის შემდეგ წარმოადგენენ ახალ ფაქტებს“ (სამოქალაქო პროცესუალური სამართალი, ლილუაშვილი თ., II გამოცემა, გვ. 278).
42. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის ფაქტობრივი გრაფა დეტალურად შეიცავს მითითებას თანამესაკუთრეთა კუთვნილი წილების შესახებ. საზიარო საგნიდან მოსარჩელე მიუთითებს როგორც მის წილზე (127.42 და 68.13 კვ.მ.), ასევე მოპასუხეთა კუთვნილ წილზე (23.0 კვ.მ.).
43. სასარჩელო მოთხოვნა კი ფორმულირებულია შემდეგნაირად „ამონაგები თანხა განაწილდეს თითოეული მესაკუთრის საკუთრებაში არსებული ქონების შესაბამისად“.
44. ფაქტობრივი გარემოებების და მოთხოვნის საერთო ანალიზი მხოლოდ ერთადერთი დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას იძლევა, რომ მოსარჩელე იმ წილების მიხედვით ითხოვს ამონაგების განაწილებას, რომელიც სარჩელის წარდგენის მომენტში იყო რეგისტრირებული.
45. „გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი, რომელშიც აისახება ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი წარმოადგენს ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ფუნდამენტს და საფუძველს“ (სამოქალაქო პროცესუალური სამართალი, ლილუაშვილი თ., II გამოცემა, გვ. 276).
46. სარჩელში განსხვავებული შინაარსის გარემოება, რომ მოპასუხეს 23.0 კვ.მ.-ის გარდა სხვა ფართიც ეკუთვნის არ არის მითითებული. არც იმაზეა საუბარი, რომ შესაძლებელია ფართი გაიზარდოს ან სხვა მსგავსი. ამასთან, ყოველი მოპასუხე დაეთანხმა სარჩელში მითითებულ ფაქტს, რომ მათ ნამდვილად 23.0 კვ.მ. ეკუთვნით. შესაბამისად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი შესაძლებელია ერთადერთ ფაქტს დაყრდნობოდა, რომ მოპასუხეთა კუთვნილ წილს შეადგენს 23.0 კვ.მ.
47. რაც შეეხება მოწინააღმდეგე მხარის პოზიციას წილებთან დაკავშირებით. სასამართლო განმარტავს, რომ გადაწყვეტილების განმარტების ეტაპზე სრულიად არარელევანტურია წილთან დაკავშირებით აპელირება, რადგან კერძო საჩივრის მოთხოვნას სასამართლო განიხილავს და შეაფასებს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში. თუმცა, აშკარაა, რომ მოწინააღმდეგე მხარე, წილთან დაკავშირებით ფართო ინტერპრეტირების შესაძლებლობას იყენებს, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს გადაწყვეტილების განმარტების საჭიროებას.
48. გარდა ამისა, მოწინააღმდეგე მხარე ასევე აპელირებს, რომ მოსარჩელეს არ გააჩნდა სამშენებლო სამუშაოების განხორციელების საპროექტო დოკუმენტაცია.
49. სასამართლო განმარტავს, როგორც წილთან, ასევე სამშენებლო ნებართვასთან ან/და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებთან დაკავშირებით და ა.შ., სასამართლო ვეღარ იმსჯელებს, რადგან უკვე მიღებულია გადაწყვეტილება იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელიც მხარეებმა წარადგინეს საქმის განხილვის შესაბამის ეტაპზე. მოცემულ ეტაპზე, საკასაციო პალატის განხილვის საგანია არსებობს თუ არა გადაწყვეტილების განმარტების საჭიროება.
50. გარდა ამისა, საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფისას, დასაშვებია საზიარო უფლების მონაწილეთა წილობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით (სუსგ Nას-572-2025, 8 მაისი, 2026 წ. § 17). წილის დასადგენად სასამართლო ხელმძღვანელობს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემებით (სუსგ Nას-1303-2021, 23 ივლისი, 2024წ. § 16.5). საზიარო უფლების გაუქმებას აუქციონის წესით მხოლოდ იმ შემთხვევაში გააჩნია წარმატების შესაძლებლობა, თუ დადგინდება, რომ ქონების ნატურით გაყოფა გამორიცხულია (სუსგ N ას-572-2025, 8 მაისი, 2026წ.).
51. შესაბამისად, შეუძლებელია დაურეგისტრირებელი და არარსებული წილის მიხედვით ნივთის ნატურით გაყოფის გამორიცხვა იმისათვის, რომ აუქციონის წესით გაუქმების მოთხოვნა დაკმაყოფილდეს. სასამართლოსთვის გაუგებრობას იწვევს რა შინაარსის ფაქტს შეიძლება დაეფუძნოს და როგორ უნდა დაადასტუროს მხარემ, რომ ნივთი ვერ გაიყოფა, როდესაც უცნობია რომელი, ან რა ოდენობის წილის გამოყოფაზეა საუბარი. შესაბამისად, ვერც არარსებული, დაურეგისტრირებელი წილის ჩანაცვლებაზე ვერ მიიღებდა სასამართლო გადაწყვეტილებას.
52. სსსკ-ის 407.2 მუხლით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
53. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით დადგენილია (§8), რომ მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებულია ჯამში 195.55 კვ.მ., ხოლო მოპასუხეთა სახელზე რეგისტრირებულია 23.0 კვ.მ.
54. საკასაციო საჩივრების განხილვის ეტაპზე, საკასაციო პალატამ უკვე განმარტა, რომ ამონაგები შენობა-ნაგებობის ფართების მიხედვით უნდა განაწილდეს (2026 წლის 13 თებერვლის განჩინება §16). შესაბამისად, სასამართლო იგივე საკითხს არ მიუბრუნდება, მათ შორის არც მოწინააღმდეგე მხარის შედავების და არც მათი განსხვავებული შეხედულებების გათვალისწინებით.
55. გადაწყვეტილების აღსრულების უფლება არის ,,სამართლიანი სასამართლოს უფლების" განუყოფელი ნაწილი (Hornsby v. Greece, 19 მარტი 1997; Scordino v. Italy (N 1) [დიდი პალატა], N 36813/97, § 196, ECHR 2006-V). სხვაგვარად, კონვენციის 6.1 მუხლის დებულებებს ჩამოერთმეოდა ყველა სასარგებლო ეფექტი (Bourdov v. Russia, N 59498/00, §34-37, 07 მაისი 2002).
56. საყურადღებოა, რომ სასამართლოს მიერ ზემოთ დასახელებულ ყოველ საქმეში ამონაგები განაწილებულია წილობრივი ან პროცენტული მაჩვენებლით, რადგან სარეზოლუციო ნაწილის სწორედ ასეთი ფორმულირება განაპირობებს გადაწყვეტილების შეუფერხებელ და უშეცდომო აღსრულებას. გამორიცხავს წილებთან დაკავშირებული ინტერპრეტირების შესაძლებლობას და აღმასრულების შეცდომაში შეყვანის რისკებს.
57. მოცემულ შემთხვევაში, როგორც დადგენილია შენობის მთლიანი ფართობი შეადგენს (195.55+23) 218.55 კვ.მ-ს, ხოლო მხარეთა კუთვნილი ფართები პროცენტულ მაჩვენებელში შემდეგნაირად გამოიხატება, მოპასუხეთა 23 კვ.მ. წარმოადგენს შენობის 10.53 %-ს, ხოლო მოსარჩელის 195.55 კვ.მ. შეადგენს შენობის 89.47 %-ს.
58. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებისა და ამავე სასამართლოს გადაწყვეტილების განმარტების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 284-ე, 285-ე, 399-ე, 407-ე, 411-ე, 412-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.თ–ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 29 ივნისის განჩინება;
3. განიმარტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი და ამონაგები თანხის 89.47% გაუნაწილდეს მოსარჩელე მხარეს, ხოლო 10.53% გაუნაწილდეს მოპასუხე მხარეს;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მიხეილ ჯინჯოლია
მოსამართლეები: არჩილ კოჭლამაზაშვილი
ლევან ნემსაძე