დაკმაყოფილდა ნაწილობრივ
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ას-771-2026 17 სექტემბერი, 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან ნემსაძე, მიხეილ ჯინჯოლია
კასატორი – შპს „D. B.“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა.ს–ში“ (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 25 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება, ზიანის ანაზღაურება
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს „ა.ს–ში“ (შემდეგში: მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე) სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში შპს „D. B.-ის“ (შემდეგში: მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 54224 აშშ დოლარის დაკისრება. ასევე, მიყენებული ზიანის ანაზღაურება 35 728 აშშ დოლარის ოდენობით.
2. აღნიშნულ სარჩელზე შეგებებული სარჩელი აღძრა შპს ,,D. B.-მა“ და მოითხოვა პირგასამტეხლოს დაკისრება, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ზიანის ანაზღაურება, კერძოდ:
შეგებებული სარჩელის მოპასუხისათვის შპს „D. B.-ის“ სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს დაკისრება 10 936.35 აშშ დოლარის ოდენობით, გადახდის დროისათვის არსებული კურსით ეროვნულ ვალუტაში.
მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების N191/P დარღვევის შედეგად გადატიხრული ავტოფარეხის ნაწილში არსებული შპს „D. B.-ის“ საკუთრების ავტოფარეხის განკარგვის ხელშეშლის გამო, მიუღებელი შემოსავალი (ქირის სახით) თვეში 100 ლარის ოდენობით, 2018 წლის 17 აგვისტოდან მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
შპს „ა.ს–ში“-ს უკანონო მფლობელობიდან შპს „D. B.-ის“ საკუთრებაში არსებული ავტოფარეხის ს.კ. .......... უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში შპს „D. B.-ისათვის“ ჩაბარება.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „ა.ს–ში“-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს „D. B.-ს“ დაეკისრა შპს „ა.ს–ში“-ის სასარგებლოდ 54224.01 აშშ დოლარის გადახდა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა; შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შპს „ა.ს–ში“-ს დაეკისრა შპს „D. B.-ის“ სასარგებლოდ პირგასამტეხლო 2802.74 აშშ დოლარი; დანარჩენ ნაწილში შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. შპს „ა.ს–ში“-მ მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა. შპს „„D. B.-მა“ კი, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 25 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.1. 2018 წლის 17 აგვისტოს, შპს „D. B.-ის“ (გამყიდველი) და შპს „ა.ს–ში“-ს (მყიდველი) შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება N228, რომლითაც გამყიდველმა გაყიდა, ხოლო მყიდველმა იყიდა ქ. ბათუმში, ......... მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ ..........) ახალაშენებულ სახლში 490 კვ.მ. უძრავი ქონება. ნასყიდობის საგნის ფასი განისაზღვრა 166 600 აშშ დოლარით, საიდანაც ღირებულების ნაწილი - 20 000 აშშ დოლარი გამყიდველმა მიიღო „ბე-ს“ სახით. დარჩენილი ნაწილი - 146 600 აშშ დოლარი კი მყიდველს უნდა გადაეხადა 2018 წლის 1 სექტემბრამდე.
6.2. 2018 წლის 17 აგვისტოს, შპს „D. B.-ის“ (გამყიდველი) და შპს „ა.ს–ში“-ს (მყიდველი) შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება N191/p, ქ. ბათუმში, ....... და ......... ქ. N7-9-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...........) ახლადაშენებულ სახლში ამავე ხელშეკრულების დანართი 1-ში მითითებული საცხოვრებელი ბინების ყიდვის თაობაზე. ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 521 965 აშშ დოლარით, საიდანაც ღირებულების ნაწილი - 40 000 აშშ დოლარი გამყიდველმა მიიღო „ბე-ს“ სახით. დარჩენილი ნაწილი - 146 600 აშშ დოლარი მყიდველს უნდა გადაეხადა: 2018 წლის 22 აგვისტომდე - 30 7704 აშშ დოლარი, ხოლო 2018 წლის პირველ სექტემბრამდე - დარჩენილი ნაწილი.
6.3. ორივე ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში მყიდველს გამყიდველისათვის ჯამში უნდა გადაეხადა - 688 565 აშშ დოლარი (166600+521965=688595).
6.4. ორივე ნასყიდობის ხელშეკრულებიდან ნათლად ირკვევა ის გარემოება, რომ ამ ხელშეკრულებების ფარგლებში, გამყიდველს „ბე-ს“ სახით ჯამში მიღებული აქვს 60 000 (20000+40000=60000) აშშ დოლარი, რაც პირდაპირ მითითებულია მხარეთა მიერ ხელმოწერილ ხელშეკრულებებში.
6.5. 2018 წლის 21 აგვისტოს, შპს „ა.ს–ში“-მ შპს „D. B.-ს“ გადაუხადა 370 704 აშშ დოლარი, ჩინეთში (კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად).
6.6. 2018 წლის 21 აგვისტოს გ.ბ–ძემ (შპს „ა.ს–ში“-ს დირექტორი) შპს „D. B.-ს“ საბანკო ანგარიშზე ჩაურიცხა 172 500 ლარი (კურსი = 2.5558 ლარს, ანუ 67 493.54 აშშ დოლარი), დანიშნულებით - „ნასყიდობის ხელშეკრულება N191./P“.
6.7. 2018 წლის 29 აგვისტოს, შპს „ა.ს–ში“-მ შპს „D. B.-ს“ საბანკო ანგარიშზე ჩაურიცხა 698 000 ლარი (271 595 აშშ დოლარი), დანიშნულებით - „ნასყიდობის ხელშეკრულება N191./PN228“.
6.8. ამდენად, ნასყიდობის ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვადებში, 2018 წლის სექტემბრის თვემდე, 17.08.2018წ. ნასყიდობის ხელშეკრულებების ფარგლებში ჯამში გადახდილი იქნა 769 792 აშშ დოლარი (60000+370704+67493+271595=769 792).
6.9. 17.08.2018წ. ნასყიდობის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება, კერძოდ: ერთის მხრივ, მყიდველის მიერ შეთანხმებული თანხების გადახდა და მეორეს მხრივ, მათგან გამომდინარე უძრავი ქონებების შემძენის საკუთრებაში დარეგისტრირება მხარეთა შორის სადავო არ არის.
6.10. 2019 წლის 12 თებერვალს, შპს „D. B.-ის“ (გამყიდველი) და შპს „ა.ს–ში“-ს (მყიდველი) შორის გაფორმდა წინარე ნასყიდობის ხელშკრულება N207/P, ქ. ბათუმში, ........ და ......... ქ. N7/9-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს|კ .........), ახლადაშენებულ სახლში, მდებარე N7 (ს.კ .........), N123 (ს.კ ..........) და N124 (ს.კ ...........) ბინების ნასყიდობის შესახებ. ნასყიდობის საგნის ფასი განისაზღვრა 72 909 აშშ დოლარით, რომელიც მყიდველს უნდა გადაეხადა 2019 წლის 28 თებერვლამდე - 26241 აშშ დოლარი, 2019 წლის 31 მარტამდე -23334 აშშ დოლარი, ხოლო, 2019 წლის 30 აპრილამდე - 23334 აშშ დოლარი. იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი არ (ვერ) შეასრულებდა თანხის გადახდის ვალდებულებას, გამყიდველი უფლებამოსილი იყო ცალმხრივად გაეუქმებინა ხელშეკრულება და ამ ბინის შესაძენად გადახდილი თანხიდან პირგასამტეხლოს - ნასყიდობის საგნის ღირებულების 15%-ის გამოკლებით, დარჩენილი თანხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაებრუნებინა მყიდველისათვის წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბინის რეალიზაციის შემდეგ.
6.11. 16.05.2019წ., შპს „ა.ს–ში“-მ შპს „D. B.-ს“ საბანკო ანგარიშზე ჩაურიცხა 20 000 ლარი (7 292 აშშ დოლარი), დანიშნულებით - „ბინის საფასურის ნაწილობრივი დაფარვა, ....... ქ.N13, ბინა N123, N124, N7“.
6.12. 2019 წლის 18 ოქტომბერს, მხარეებს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლითაც ცვლილება შევიდა 2019 წლის 12 თებერვლის წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებაში და ნასყიდობის საგნის ფასის დარჩენილი ნაწილის - 65617 აშშ დოლარის გადახდის ვადად განისაზღვრა 2019 წლის 10 დეკემბერი.
6.13. 21.10.2019წ., გ.ბ–ძემ (შპს „ა.ს–ში“ დირექტორი) შპს „D. B.-ს“ საბანკო ანგარიშზე ჩაურიცხა 139 472,55 ლარი (46 932,01 აშშ დოლარი), დანიშნულებით - „დავალიანების დაფარვა“.
6.14. უდავოა, რომ მყიდველმა შპს „ა.ს–ში“-მ მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა და მიუხედავად გაფრთხილებისა, სრულად ვერ შეასრულა 12.02.2019წ. ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდის ვალდებულება, რის გამოც გამყიდველმა, შპს „D. B.-მა“ ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება და გაყიდა უძრავი ქონებები 2020 წლის აგვისტოში და 2021 წლის ოქტომბერში.
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სამართლებრივი დასაბუთება:
7.1. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არსებობდა გამყიდველის მიერ ხელშეკრულებიდან ცალმხრივად გასვლის მართლზომიერი საფუძველი, რაც, თავის მხრივ, იწვევს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას. პალატამ მიუთითა, რომ ამ კუთხით მხარეთა შორის სადავო იყო 12.02.2019წ. ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ნაწილის - 54 224 აშშ დოლარის გადახდა, რაც უნდა დაქვემდებარებოდა უკან დაბრუნებას.
7.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ სადავო თანხა - 54 224 აშშ დოლარი მყიდველმა გადაიხადა სწორედ 12.02.2019წ. ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში, ამავე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად.
7.3. როგორც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და ზემოთ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით ირკვევოდა 12.02.2019წ. ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროისათვის მყიდველს შპს „ა.ს–ში“-ს სრულად ჰქონდა შესრულებული 17.08.2018წ. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებებით ნაკისრი თანხების გადახდის ვალდებულება. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ 12.02.2019 წლისათვის მყიდველს რაიმე დავალიანება, წინა ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, გამყიდველის მიმართ არ ჰქონდა.
7.4. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის ის შედავება, რომ გ.ბ–ძემ აღნიშნული ჩარიცხვა განახორციელა როგორც ფიზიკურმა პირმა და რომ ეს შესრულება ვერ ჩაეთვლება შპს „ა.ს–ში“-ს ვალდებულების შესრულებად. პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხე შპს „D. B.-მა“ ვერ დაასახელა მიზეზი, რის გამოც გ.ბ–ძე, როგორც ფიზიკური პირი ვალდებული იყო ჩაერიცხა თანხა შპს „D. B.-ის“ საბანკო ანგარიშზე. მოპასუხემ ვერ დაასახელა თუ რა პირადი შესასრულებელი ვალდებულება ჰქონდა უშუალოდ გ.ბ–ძეს შპს „D. B.-ის“ მიმართ. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ ეს ჩარიცხვა ეჭვქვეშ ვერ დააყენა და მიიჩნია, რომ სადავო თანხა, ამავე კომპანიის დირექტორმა გ.ბ–ძემ, როგორც კომპანიის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირმა, განხორციელდა შპს „ა.ს–ში“-ს ვალდებულების შესრულების მიზნებისათვის.
7.5. დაუსაბუთებელად იქნა მიჩნეული ასევე მოპასუხე შპს „D. B.-ის“ შედავება, რომ მათ თავის დროზე არ აუღიათ 17.08.2018წ. ნასყიდობის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული „ბე-ს“ თანხა, რადგან იგი საგადასახადო მიზნებისათვის, გაატანეს უკან გ.ბ–ძეს და ეს თანხა უნდა შემოსული კომპანიის საბანკო ანგარიშზე. სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად და არასარწმუნოდ მიიჩნია მხარის ეს მოსაზრება.
7.6. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დგინდებოდა, რომ მხარეთა შორის 12.02.2019წ. დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება და წარმოიშვა შესაბამისი უფლება-მოვალეობები. თუმცა, ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების (თანხის სრულად გადახდა) დარღვევის გამო, ხელშეკრულებიდან გავიდა გამყიდველი, რაც, სსკ-ის 352-ე და 405-ე მუხლების შესაბამისად, იწვევდა პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას და შესაბამისად, გადახდილი თანხის - 54 224 აშშ დოლარის მყიდველისათვის უკან დაბრუნების ვალდებულებას.
7.7. სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია შპს „ა.ს–ში“ სასარჩელო მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე და განმარტა, რომ ზიანი სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, არის ის დანაკლისი, რომელიც პირის კანონით დაცულ სიკეთეს მეორე მხარის ქმედების შედეგად მიადგა, ქონებრივი სახის ზიანის გამოთვლა ხორციელდება იმ პირის ქონებრივი მდგომარეობის შეფასებით, რომელიც მას მეორე მხარის ქმედების შედეგად მიადგა. სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2) უნდა არსებობდეს დამდგარი ზიანი; 3) მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 12.02.2019წ. მხარეთა შორის დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, გამყიდველის მიერ ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი (მყიდველმა სრულად არ გადაიხადა ნასყიდობის ღირებულება, მიუხედავად გაფრთხილებისა და დამატებითი ვადის მიცემისა) შესრულების გამო, მართლზომიერად შეწყდა გამყიდველის მიერ. აღნიშნული კი იმთავითვე გამორიცხავდა რაიმე სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე მსჯელობას, რაც ამ ნაწილში შპს „ა.ს–ში“ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი იყო.
7.8. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება პირგასამტეხლოს ნაწილში გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობის თაობაზე და აღნიშნა, რომ პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. იგი წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.
7.9. პალატამ განმარტა, რომ პირგასამტეხლოს, როგორც პრევენციული, ისე სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, მისი გავრცელება ხდება სახელშეკრულებო ურთიერთობის იმ ნაწილზე, რა ნაწილშიც მოხდა ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება, ერთი მხრივ, უსაფუძვლოდ ზრდის მის მოცულობას, მეორე მხრივ, მოვალეს აკისრებს პასუხისმგებლობას უკვე შესრულებული ან მომავალში შესასრულებელი ვალდებულების ნაწილშიც. აღნიშნული მიდგომა კი, არ გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლისა და 418-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზნებიდან.
7.10. განსახილველ შემთხვევაში, გამყიდველის მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის დაანგარიშება მოხდა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან და არა შეუსრულებელი ვალდებულებიდან, რომლის შედეგადაც ამოქმედდა აღნიშნული სანქცია, რაც დაუშვებელია. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამატეხლო დაანგარიშდა არა მთლიანი ვალდებულებიდან - არამედ გადაუხდელი თანხიდან (18685 აშშ დოლარი) და განისაზღვრა 2802.75 აშშ დოლარით, გონივრული და სამართლიანი იყო და გამორიცხავდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლებლობას.
7.11. სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა აპელანტის შპს „D. B.-ის“ მოსაზრება უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების ნაწილში გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობის თაობაზე და აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, სწორად დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნები ნაწილობრივ, რაც გამორიცხავდა მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 25 თებერვლის განჩინება საკასაციო საჩივრით ნაწილობრივ გაასაჩივრა შპს „D. B.-მა“ და მოითხოვა შპს „ა.ს–ში“-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში.
9. საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
9.1. კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ 139472.55 ლარი 2019 წლის 21 ოქტომბერს გადახდილ იქნა წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების N207P 12/02/2019 ფარგლებში, სადავო ბინებზე არსებული დავალიანების გადახდის მიზნით.
9.2. კასატორი მიუთითებს, რომ საქმეში არსებული ნასყიდობის ხელშეკრულებით N228 18/08/2019 ნასყიდობის საგნის ღირებულება შეადგენდა 166600 აშშ დოლარს. ხოლო, ნასყიდობის ხელშეკრულებით N191/P 18/08/2018 ნასყიდობის საგნის ღირებულება შეადგენდა სულ 521965 აშშ დოლარს. ორივე ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა სულ 688565 აშშ დოლარის გადახდის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით ლარს. აღნიშნული ხელშეკრულებების ფარგლებში 370704.39 აშშ დოლარი მყიდველმა გადაიხადა ჩინეთში მოქმედ კომპანიებში შპს „მ–ის“ დავალიანების დასაფარად. ხოლო, 2018 წლის 29 აგვისტოს ს.ბ–ის საგადახდო დავალება N11-ის მიხედვით გადახდილი იქნა 698000 ლარი (271468.39 აშშ დოლარი). შესაბამისად, შპს „ა.ს–ში“-ს მიერ შპს „დ.ბ–ისათვის“ გადახდილი იქნა სულ 642172.99 აშშ დოლარი გადახდის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით ლარი. მოგვიანებით ფინანსური ანალიზის დროს აღმოჩნდა, რომ 2018 წლის აგვისტოს ხელშეკრულებების მიხედვით გადასახდელ და საბანკო ანგარიშებზე გადახდილ თანხებს შორის სხვაობიდან გამომდინარე, შპს „ა.ს–ში“-ს დავალიანება შპს „დ.ბ–ის“ მიმართ შეადგენდა 46392.02 აშშ დოლარის გადახდის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით ლარს. სწორედ ხსენებული დავალიანების გასასწორებლად, ვინაიდან შპს „ა.ს–ში“-ს მიერ ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილ თანხებთან დაკავშირებით არ არსებობდა გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, 2019 წლის 21 ოქტომბერს შპს „დ.ბ–მა“ შპს „ა.ს–ში“-ს დირექტორს გ.ბ–ძეს უკან დაუბრუნა ნასყიდობის ხელშეკრულებების ფარგლებში ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი თანხებიდან 46392.01 აშშ დოლარის გადახდის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით 139472.55 ლარი, ხოლო ამ უკანასკნელმა საბანკო გადარიცხვის გზით ხსენებული თანხა შეიტანა შპს „დ.ბ–ის“ საბანკო ანგარიშზე. კასატორის მითითებით აღნიშნული გარემოებები დაადასტურეს მოწმეებმა, თუმცა სასამართლომ არასწორად შეაფასა მოწმეთა ჩვენებები.
9.3. კასატორის პრეტენზია შეეხება შეგებებული სარჩელით მოთხოვნილ პირგასამტეხლოს. შპს „დ.ბ–ი“ აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დათვლის წესი მხარეებს შორის წერილობით იქნა შეთანხმებული და ამ წესის ცვლილება სასამართლოს არ უნდა მოეხდინა. მართალია შპს „ა.ს–ში“ მიიჩნევდა, რომ პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია, თუმცა, აღნიშნული მხარეს სათანადოდ არ დაუსაბუთებია.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 26 ივნისის განჩინებით, სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 03 აგვისტოს განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
12. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი და შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის გამოყენება ან/და განმარტება. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა დასაშვები და ნაწილობრივ დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
14. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ №ს 15-29-1443-2012, 09.12.2013წ.; სუსგ საქმე №ას-973-1208-04). მოსარჩელე შესაძლებელია, ცდებოდეს კიდეც სადავო ურთიერთობის სამართლებრივ შეფასებაში, რაც არამცთუ არ ზღუდავს სასამართლოს, არამედ, პირიქით, სწორედ სასამართლოა ვალდებული, სამართლებრივად სწორად შეაფასოს სადავო ურთიერთობა და მოძებნოს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი.
15. მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან.
16. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
17. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
18. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
19. მტკიცების ტვირთზე მითითებას აკეთებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.
20. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან) (ას-178-167-2017, 14.07.2017წ).
21. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გავმიჯნოთ ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს - ეს უკვე სასამართლის პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან.
22. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა სარჩელის საგანი – მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი, მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ სამართლებრივი ნორმა. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი - მოპასუხემ. ამასთან ერთად, მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64).
23. მოცემულ შემთხვევაში, განსახილველი საკასაციო საჩივრის მოთხოვნა შეეხება შპს „ა.ს“-ს სასარჩელო მოთხოვნის - 12.02.2019წ. ნასყიდობის ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის გამო, გადახდილი თანხის უკან დაბრუნების საფუძვლიანობას. ასევე, პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში შპს „D. B.-ის“ შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილების წინაპირობების არსებობას. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელე შპს „ა.ს“-ს სურს, კერძოდ, 12.02.2019წ. ნასყიდობის ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის გამო, გადახდილი თანხის უკან დაბრუნების თაობაზე მოთხოვნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში), 352.1 (თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ); 405.1 (თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი) მუხლებიდან გამომდინარეობს. პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში კი, სამართლებრივი საფუძველი სსკ-ის 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებია.
24. პალატა პირველ რიგში იმსჯელებს შპს „ა.ს“-ს სასარჩელო მოთხოვნის - 12.02.2019წ. ნასყიდობის ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის გამო, გადახდილი თანხის უკან დაბრუნების საფუძვლიანობაზე. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ამ ნაწილზე წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზიის თანახმად, გ.ბ–ძის მიერ 2019 წლის 21 ოქტომბერს გადახდილი 139472.55 ლარი (46932.01 აშშ დოლარი) წარმოადგენს N191/P და N228 ხელშეკრულებების ანგარიშსწორებას და არა N207/P წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას. რაც განაპირობა კომპანიის სალაროში ნაღდი ანგარიშსწორების გზით შეტანილი თანხის უკან დაბრუნებისა და საბანკო გადარიცხვის გზით თანხის შეტანის საჭიროებამ.
25. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:
25.1. 2018 წლის 17 აგვისტოს, შპს „D. B.-სა“ (გამყიდველი) და შპს „ა.ს–ში“-ს (მყიდველი) შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება N228, რომლითაც გამყიდველმა გაყიდა, ხოლო მყიდველმა იყიდა ქ. ბათუმში, .........ქ. N92-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ ..........) ახალაშენებულ სახლში 490 კვ.მ. უძრავი ქონება. ნასყიდობის საგნის ფასი განისაზღვრა 166 600 აშშ დოლარით, საიდანაც ღირებულების ნაწილი - 20 000 აშშ დოლარი გამყიდველმა მიიღო „ბე-ს“ სახით. დარჩენილი ნაწილი - 146 600 აშშ დოლარი კი მყიდველს უნდა გადაეხადა 2018 წლის 1 სექტემბრამდე.
25.2. 2018 წლის 17 აგვისტოს, შპს „D. B.-ის“ (გამყიდველი) და შპს „ა.ს–ში“-ს (მყიდველი) შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება N191/p, ქ. ბათუმში, ......... და ........... ქ. N7-9-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ ........) ახლადაშენებულ სახლში ამავე ხელშეკრულების დანართი 1-ში მითითებული საცხოვრებელი ბინების ყიდვის თაობაზე. ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 521 965 აშშ დოლარით, საიდანაც ღირებულების ნაწილი - 40 000 აშშ დოლარი გამყიდველმა მიიღო „ბე-ს“ სახით. 146 600 აშშ დოლარი მყიდველს უნდა გადაეხადა: 2018 წლის 22 აგვისტომდე - 30 7704 აშშ დოლარი, ხოლო 2018 წლის პირველ სექტემბრამდე - დარჩენილი ნაწილი.
25.3. ორივე ნასყიდობის ხელშეკრულებიდან ირკვევა, რომ ამ ხელშეკრულებების ფარგლებში, გამყიდველს „ბე-ს“ სახით ჯამში მიღებული აქვს 60 000 (20000+40000=60000) აშშ დოლარი.
25.4. 2018 წლის 17 აგვისტოს ზემოაღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარჩენილი ნაწილის შესრულება, მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა.
25.5. 2019 წლის 12 თებერვალს, შპს „D. B.-ის“ (გამყიდველი) და შპს „ა.ს–ში“-ს (მყიდველი) შორის გაფორმდა წინარე ნასყიდობის ხელშკრულება N207/P, ქ. ბათუმში, ......... N13 და ........... ქ. N7/9-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს.კ .........), ახლადაშენებულ სახლში, მდებარე N7(ს.კ .......), N123 (ს.კ .........) და N124 (ს.კ ..........) ბინების ნასყიდობის შესახებ. ნასყიდობის საგნის ფასი განისაზღვრა 72 909 აშშ დოლარით, რომელიც მყიდველს უნდა გადაეხადა 2019 წლის 28 თებერვლამდე - 26241 აშშ დოლარი, 2019 წლის 31 მარტამდე -23334 აშშ დოლარი, ხოლო, 2019 წლის 30 აპრილამდე - 23334 აშშ დოლარი. იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი არ (ვერ) შეასრულებდა თანხის გადახდის ვალდებულებას, გამყიდველი უფლებამოსილი იყო ცალმხრივად გაეუქმებინა ხელშეკრულება და ამ ბინის შესაძენად გადახდილი თანხიდან პირგასამტეხლოს - ნასყიდობის საგნის ღირებულების 15%-ის გამოკლებით, დარჩენილი თანხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაებრუნებინა მყიდველისათვის წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბინის რეალიზაციის შემდეგ.
25.6. 2019 წლის 16 მაისს, შპს „ა.ს–ში“-მ შპს „D. B.-ს“ საბანკო ანგარიშზე ჩაურიცხა 20 000 ლარი (7 292 აშშ დოლარი), დანიშნულებით - „ბინის საფასურის ნაწილობრივი დაფარვა, ...... ქ.N13, ბინა N123, N124, N7“.
25.7. 2019 წლის 18 ოქტომბერს, მხარეებს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლითაც ცვლილება შევიდა 2019 წლის 12 თებერვლის წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებაში და ნასყიდობის საგნის ფასის დარჩენილი ნაწილის - 65617 აშშ დოლარის გადახდის ვადად განისაზღვრა 2019 წლის 10 დეკემბერი.
15.8. 2019 წლის 21 ოქტომბერს, გ.ბ–ძემ (შპს „ა.ს–ში“ დირექტორი) შპს „D. B.-ს“ საბანკო ანგარიშზე ჩაურიცხა 139 472.55 ლარი (46 932.01 აშშ დოლარი), დანიშნულებით - „დავალიანების დაფარვა“.
26. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ 54 224 აშშ დოლარი მყიდველმა გადაიხადა სწორედ 12.02.2019წ. ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში, ამავე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად.
27. საკასაციო პალატა აღნიშნულს ვერ გაიზიარებს და მიიჩნევს, რომ გადახდილი თანხიდან, 54224 აშშ დოლარიდან, სადავო თანხა - 46932.01 აშშ დოლარი, წარმოადგენს N191/P და N228 ხელშეკრულებების ანგარიშსწორებას და არა N207/P წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას.
28. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ სააპელაციო სასამართლოს დასკვნა სადავო საკითზე, იმ გარემოებას ემყარება, რომ მოპასუხემ/შეგებებული სარჩელის ავტორმა საკმარისი მტკიცებულებები ვერ წარადგინა იმ ფაქტის დასამტკიცებლად, რომელიც 46932.01 აშშ დოლარის მის მიერ მითითებული მიზნით ჩარიცხვას დაადასტურებდა. საკასაციო პალატა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოსაგან განსხვავებით მიიჩნევს, რომ სადავო თანხის ჩარიცხვით ცალსახად არც N207/P წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება დასტურდება. პალატა განმარტავს, რომ მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად არ ადასტურებს ფაქტს, უნდა შეფასდეს სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივად. სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლივად აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგადაც აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. შესაბამისად, აღნიშნული საკითხის შეფასებას საქმის ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობა, საქმეში დაცული მტკიცებულებები და მხარეთა საპროცესო დოკუმენტებში განვითარებული მსჯელობა განაპირობებს.
29. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრულია მტკიცებულებათა ცალკეული სახეები, რომელთა შორისაა მხარეთა ახსნა-განმარტებები, მოწმეთა ჩვენებები (სსსკ-ს 102-ე მუხლი). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 140.1-ე მუხლის თანახმად, მოწმედ შეიძლება იყოს ყოველი პირი, რომლისთვისაც ცნობილია საქმის შესახებ რაიმე გარემოება. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის საფუძველზე, მხარეთა მიერ საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით (სსსკ-ის 105.2-ე მუხლი). მოწმეთა ჩვენებების შეფასებისას, სასამართლო ვალდებულია, ისევე, როგორც სხვა სახის მტკიცებულება, მოწმის ჩვენება შეაფასოს მისი შინაარსისა და იურიდიული დამაჯერებლობის კუთხით, იმ ობიექტური თუ სუბიექტური კრიტერიუმების გათვალისწინებით, რომელიც ამ მტკიცებულებისთვისაა დამახასიათებელი და სწორედ ამ გზით მიიღოს გადაწყვეტილება სადავო ფაქტობრივი გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ (იხ. სუსგ. №ას-1698-1592-2012, 2.06.2014).
30. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია მოწმეების გ.ბ–ძისა და მ.კ–ძის ჩვენებები.
31.1. მოწმე გ.ბ–ძემ, რომელიც სადავო პერიოდისათვის შპს „ა.ს–ში“-ს დირექტორი იყო, 2019 წლის 21 ოქტომბერს, შპს „D. B.-ის“ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხა 139 472.55 ლარი (46 932.01 აშშ დოლარი), დანიშნულებით - „დავალიანების დაფარვა“. სასამართლო სხომაზე მიცემული ჩვენებით აღნიშნულმა მოწმემ განმარტა, რომ „კონკრეტულად ეს თანხა იყო ბეს თანხა, რომელიც ჩვენ ქეშად გადავიხადეთ დ.ბ–ში, როდესაც შეთანხმებას მივაღწიეთ წინასწარ. შემდეგ გავაგრძელეთ სხვადასხვა გადახდები, ეს ბეს თანხა იმიტომ ჩავრიცხეთ მერე კომპანიაში ესე, რომ მე მოვთხოვე კომპანიას ბუღალტრული ანგარიშგება და საბოლოო ჯამში გავასწორეთ ბუღალტერია.“ მოწმემ განმარტა, რომ ხელზე გადახდილი ბეს თანხა კომპანიამ უკან დაუბრუნა და სწორედ აღნიშნული თანხა ჩაურიცხა შპს „D. B.-ს“. ამასთან, მიუთითა, რომ მიუხედავად შეთანხმების (2019 წლის 19 ოქტომბრის შეთანხმება) შემდეგ გადახდისა, სადავო თანხა შეთანხმების ფარგლებში არსებული დავალიანების დასაფარად არ გადაუხდია. იცის, რომ დავალიანება კომპანიის წინაშე ჰქონდათ, რისთვისაც მოითხოვეს ვადის გაგრძელება, თუმცა, 21 ოქტომბერს გადახდილი თანხა დავალიანებასთან კავშირში არ ყოფილა.
31.2. ასევე, წარმოდგენილია მოწმე მ.კ–ძის ჩვენება, რომელმაც განმარტა, რომ შპს „D. B.-ში“ მუშაობდა კურიერად და ძირითადად საბანკო გადარიცხვების საქმეებზე დადიოდა“. აღნიშნული მოწმის განმარტებით, თანხა მას გაატანა შპს „D. B.-ის ხელმძღვანელმა, მიიტანა ბანკში და შეიტანა შპს „D. B.-ის ანგარიშზე გ.ბ–ძის პირადობით, იმის გამო, რომ თანხა ანგარიშზე უნდა დაფიქსირებულიყო გ.ბ–ძის სახელით.
32. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებები, წარმოდგენილი მტკიცებულებები და მხარეთა საპროცესო დოკუმენტებში განვითარებული მსჯელობები აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებთან ერთობლიობაში, ქმნის იმ დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ 2019 წლის 21 ოქტომბერს გ.ბ–ძის მიერ შპს „D. B.-ის“ ანგარიშზე ჩარიცხული თანხა, წარმოადგენდა არა 2019 წლის 21 ოქტომბრის შეთანხმებით გათვალისწინებულ დავალიანებას, არამედ, N191/P და N228 ხელშეკრულებების ანგარიშსწორებას.
33. აღნიშნული დასკვნის სისწორის რწმენას პალატას უმყარებს ასევე ის გარემოება, რომ სს „ს.ბ–ის“ მიერ 2019 წლის 21 ოქტომბერს გაცემულ სალაროს შემოსავლის ორდერში N66681, მითითებული თანხის ოდენობა 139472.55 ლარი (საქართველოს ეროვნული ბანკის კურსით 2.9718 თანხამ შეადგინა 46932.01 აშშ დოლარი), წარმოადგენს N191/P და N228 ნასყიდობის ხელშეკრულებების მიხედვით, საბანკო გზით გადახდილ და გადასახდელ თანხებს შორის სხვაობის ოდენობის თანხას. პალატის მოსაზრებით, მაშინ, როდესაც, 2019 წლის 19 ოქტომბრის შეთანხმებით გათვალისწინებული ნასყიდობის საგნის ღირებულების დარჩენილი ნაწილი შეადგენდა 65617 აშშ დოლარს, ამ დავალიანების ნაწილის დაფარვის სურვილის შემთხვევაში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ერთი მხრივ, ზუსტად იგივე ოდენობის თანხის გადახდა მომხდარიყო, რაც შეესაბამებოდა ზემოაღნიშნულ (N191/P და N228 ნასყიდობის ხელშეკრულებების მიხედვით, საბანკო გზით გადახდილ და გადასახდელ თანხებს შორის სხვაობა) თანხებს შორის სხვაობის ეკვივალენტს ლარში, მეორე მხრივ კი, ადგილი ჰქონოდა 139472.55 ლარის გადახდას, ყოველგვარი დამრგვალების გარეშე.
34. ამდენად, საკასაციო საჩივრით გასაჩივრებულ შპს „ა.ს–ში“-ს სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით, საკასაციო პალატა დასკვნის სახით განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მხარეთა ახსნა-განმარტებები და მოწმეთა ჩვენებები, მათი ურთიერთშეჯერების, ერთობლივად გაანალიზების, გონივრული და ობიექტური განსჯის შედეგად, საკასაციო პალატას უქმნის გამყარებულ შინაგან რწმენას მასზედ, რომ 139472.55 ლარის შეტანის მიზანი, შპს „D. B.-ის“ ანგარიშზე, N191/P და N228 ხელშეკრულებების ანგარიშსწორებას წარმოადგენდა.
35. ვინაიდან, დადგენილია და მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ მოსარჩელემ შეთანხმებით გათვალისწინებულ ვადაში - 2019 წლის 10 დეკემბრამდე სრულად არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხე კანონიერად გავიდა ხელშეკრულებიდან ცალმხრივად, ხოლო, 46932.01 აშშ დოლარის ოდენობით განხორციელებული გადარიცხვა საკასაციო პალატამ მიიჩნია სხვა ხელშეკრულების ფარგლებში ვალდებულების შესრულებად, შპს „ა.ს–ში“-ს სასარჩელო მოთხოვნას 54224 აშშ დოლარის შპს „D. B.-ისათვის“ დაკისრების შესახებ, 46932.01 აშშ დოლარის ნაწილში საფუძველი გამოეცალა. შესაბამისად, არსებობს სარჩელის ნაწილობრივ - 7291.99 აშშ დოლარის ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი (აღნიშნული თანხის ნაწილში, საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ პრეტენზიას).
36. რაც შეეხება შპს „D. B.-ის“ შეგებებულ სარჩელზე წარმოდგენილ საკასაციო პრეტენზიას, კასატორი ითხოვს პირგასამტეხლოს ნაწილში სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას. საკასაციო საჩივრის ავტორის ძირითადი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა დაუსაბუთებლად შეამცირეს. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელი პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ სრულად უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
37. მოცემულ შემთხვევაში, სადავო არა არის მხარეთა შეთანხმებით დადებული ხელშეკრულების პირობები, უფლებები და ვალდებულებები. უდავოა ასევე პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძვლის არსებობა. საკასაციო საჩივრით სადავოა მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა.
38. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ №ას-428-428-2018, 13 ივლისი, 2018 წელი).
39. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, მისი განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ)დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება“ (იხ. სუსგ # ას-816-767-2015, 19.11.2015წ.).
40. სსკ-ის 420-ე მუხლის (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. მართალია, პირგასამტეხლოს განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, აღნიშნული მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე იმსჯელოს და შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა, (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა.
41. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ თუ ეკონომიკურ შედეგებს. შესაბამისად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინება, თუ რამდენად აცნობიერებდა მითითებულ პირობას მხარე ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას.
42. მოცემულ შემთხვევაში, შეგებებული სარჩელის მოპასუხე - შპს „ა.ს–ში“ შეგებებულ სარჩელზე წარმოდგენილ შესაგებელში მიუთითებდა, რომ პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და ითხოვდა შემცირებას. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა პირგასამტეხლოს შემცირების საფუძვლი.
43. რამდენადაც, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია პირგასამტეხლოს შემცირების საფუძვლის არსებობა, საკასაციო პალატა პირველ რიგში შეაფასებს, თუ რამდენად კვალიფიციური შედავება განახორციელა შეგებებული სარჩელის მოპასუხემ მოსარჩელის მიმართ ამ ნაწილში და აღნიშნავს, რომ სასამართლო მხოლოდ კვალიფიციური შედავების არსებობის შემთხვევაშია უფლებამოსილი შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევას სასამართლო მოვალის კვალიფიციური შესაგებლის არსებობის შემთხვევაში ახორციელებს და მის გარეშე შეუძლებელია დადგინდეს რამდენად შეუსაბამო და არაგონივრულია პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან. განსახილველ შემთხვევაში, შეგებებული სარჩელის მოპასუხის მიერ სასამართლოში წარდგენილი შესაგებელი მართალია შეიცავდა მითითებას, პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზე, თუმცა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შეგებებული სარჩელის აღნიშნული შედავება არ წარმოადგენს კვალიფიციურ შედავებას ამ საკითხზე. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგადაც, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, სუბიექტური და ობიექტური ფაქტორების მხედველობაში მიღებით, როგორიცაა: სახელშეკრულებო ურთიერთობათა მხარეები, ხელშეკრულების ღირებულება, ხელშეკრულების მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დამრღვევის ბრალეულობის ხარისხი, დარღვევის სიმძიმე და მოცულობა, კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხე და კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. იმ შემთხვევაში თუ სასამართლო დაკისრებულ პირგასამტეხლოს შეაფასებს როგორც შეუსაბამოდ მაღალს, მან უნდა განსაზღვროს პირგასამტეხლოს ისეთი ოდენობა, რომელიც იქნება დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. რაც შეეხება დარღვევის თანაზომიერი და გონივრული ოდენობის პირგასამტეხლოს განსაზღვრას, აღნიშნულიც ასევე უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ზემოთმითითებული გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად.
44. პალატას მიაჩნია, რომ როდესაც ხელშეკრულების მხარე არის მეწარმე სუბიექტი, მისი პასუხისმგებლობის ხარისხი ბევრად აღემატება ფიზიკური პირის პასუხისმგებლობის ხარისხს, რომელიც შესაძლებელია იყოს ხელშეკრულების სუსტი მხარე, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსს და მის თანმდევ სამართლებრივ შედეგს. ამდენად, როდესაც საკითხი ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის და ის არ უნდა ატარებდეს სიმბოლურ ხასიათს. პალატა აღნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევებში უმნიშვნელოვანესია დარღვევის პროპორციული პირგასამტეხლოს განსაზღვრა, რაც იქნება გარანტი იმისა, რომ პირგასამტეხლომ არ დაკარგოს თავისი ძირითადი ფუნქცია - ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფის პრევენცია და განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურების შესაძლებლობა.
45. განსახილველ შემთხვევაში, პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ხელშეკრულების მხარეს მოპასუხის სახით წარმოადგენს მეწარმე სუბიექტი, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე დათანხმდა პირგასამტეხლოს კონკრეტულ ოდენობას და როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება. პალატა აქვე აღნიშნავს, რომ მოპასუხე, რომელიც არის მეწარმე სუბიექტი და რომელიც მოითხოვს პირგასამტეხლოს შემცირებას იმ მოტივით, რომ ის შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად მიაჩნია, ვალდებულია კვალიფიციური შედავება განახორციელოს იმის შესახებ, თუ რატომ მიაჩნია ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად, რაც მოპასუხეს არ განუხორციელებია. შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხეს კვალიფიციური შედავება პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის დასაბუთების მიზნით არ განუხორციელებია, პალატას მიაჩნია, რომ სახეზე არ არის მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი.
46. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შეგებებული სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა ქვემდგომი სასამართლოების მიერ არამართებულად შემცირდა. შესაბამისად, შპს „ა.ს“-ს, შეგებებული სარჩელის მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 10935.35 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით.
47. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, კერძოდ, პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს; უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და შპს „ა.ს“-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს. შპს „D. B.-ის“ შეგებებული სარჩელი (საკასაციო პრეტენზიის ნაწილში) დაკმაყოფილდეს. შპს „D. B.-ს“ შპს „ა.ს“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 7291.99 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. შპს „ა.ს–ში“-ს, შპს „D. B.-ის“ სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 10935.35 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით.
48. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
49. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რამდენადაც შპს „ა.ს–ში“-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შპს „D. B.-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად, 228.48 ლარის გადახდა, (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა შეადგენდა 426304 ლარს. მოთხოვნა დაკმაყოფილდა 4.48%-ით (7291.99 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი), პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენდა 5100 ლარს (5000+100), რომლის 4.48% არის 228.48 ლარი). რაც შეეხება შპს „ა.ს–ში“ მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილ ბაჟს, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შპს „ა.ს“-ს, შპს „D. B.-ის“ სასარგებლოდ დაკმაყოფილებული შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად, უნდა დაეკისროს 328.09 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით. შპს „D. B.-ის“ სააპელაციო საჩივრის ღირებულება შეადგენდა 62357.62 აშშ დოლარს, რომელიც დაკმაყოფილდა 88.30%-ით (55064,62 აშშ დოლარის ნაწილში). შესაბამისად, შპს „ა.ს–ში“ შპს „D. B.-ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში გადახდილი 7000 ლარიდან 6181 ლარის ანაზღაურება (7000 ლარის 88.30%). საკასაციო სასამართლოში შპს „D. B.-ის“ მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 8000 ლარის ოდენობით. ვინაიდან, საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა 88.30%-ით, შპს „ა.ს–ში“ შპს „D. B.-ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 7064 ლარის გადახდა.
50. რაც შეეხება იურიდიული მომსახურებისათვის გადახდილი თანხის ანაზღაურებას. პირველი ინსტანციის სასამართლოში შპს „ა.ს“-ს მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და შპს „D. B.-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 3000 ლარის გადახდა იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების მიზნით. ვინაიდან, საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით გაუქმდა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული განჩინება/გადაწყვეტილება და შპს „ა.ს“-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ (სასარჩელო მოთხოვნის 4.48%-ით), საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, შპს „D. B.-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 700 ლარის გადახდა, წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების მიზნით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 408.3-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს „D. B.-ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 25 თებერვლის განჩინება და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს „ა.ს“-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. შპს „D. B.-ის“ შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. შპს „D. B.-ს“ შპს „ა.ს“-ის სასარგებლოდ დაეკისროს 7291.99 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა;
5. შპს „ა.ს–ში“ პს „D. B.-ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 10935.35 აშშ დოლარის გადახდა;
6. შპს „D. B.-ს“ (........) შპს „ა.ს“-ის (..........) სასარგებლოდ დაეკისროს პირველი ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის - 700 ლარის ანაზღაურება.
7. შპს „D. B.-ს“ (.........) შპს „ა.ს“-ის (..........) სასარგებლოდ დაეკისროს პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 228.48 ლარის ანაზღაურება.
8. შპს „ა.ს“-ის (..........) შპს „D. B.-ის“ (......) სასარგებლოდ დაეკისროს სამივე ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით 13 245 (6181+7064) ლარისა და 328.09 აშშ დოლარის გადახდა.
9. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე არჩილ კოჭლამაზაშვილი
მოსამართლეები: ლევან ნემსაძე
მიხეილ ჯინჯოლია