დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
22 ივლისი, 2026 წელი,საქმე № ას-703-2026 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან მიქაბერიძე,ბადრი შონია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - შპს „ტ.კ–ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „მ–ო“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 1 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „ტ.კ–მა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა შპს „მ–ოს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) წინააღმდეგ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით, სარჩელი უარყოფილ იქნა.
3. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 1 მაისის განჩინებით, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. სააპელაციო სასამართლომ წარმოდგენილი საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო:
4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 11 მარტის განჩინებით, აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, დაევალა განჩინების ასლის გადაცემიდან 7 დღის ვადის დაცვით, სახელმწიფო ბაჟის, 7 000 ლარის, გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის, დაზუსტებული სააპელაციო საჩივრისა და მისი ელექტრონული ვერსიის სასამართლოში წარდგენა. ამასთან, აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის შემცირების/სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე უარყოფილ იქნა. ამავე განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.
4.2. 2026 წლის 18 მარტს მოსარჩელის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, წარადგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, მისი ელექტრონული ვერსია და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების, შემცირების ან გათავისუფლების თაობაზე იშუამდგომლა.
4.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 19 მარტის განჩინებით, აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების, შემცირების ან სასამართლო ხარჯებისგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელეს/აპელანტს 7 დღით გაუგრძელდა სააპელაციო საჩივარზე 2026 წლის 11 მარტის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის - 7 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის სასამართლოში წარდგენა დაევალა. ამავე განჩინებით აპელანტს კვლავ განემარტა, რომ, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.
4.4. აღნიშნული განჩინება მოსარჩელის წარმომადგენელს კანონით დადგენილი წესით ჩაჰბარდა - 2026 წლის 24 მარტს, საქმეში მითითებულ მისამართზე.
4.5. 2026 წლის 31 მარტს მოსარჩელის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, წარადგინა სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და კვლავ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გათავისუფლების, შემცირების, გადავადების ან ხარვეზის შევსების ვადის 14 დღით გაგრძელების თაობაზე იშუამდგომლა.
4.6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 2 აპრილის განჩინებით, აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების, შემცირების ან სასამართლო ხარჯებისგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელეს/აპელანტს 14 დღით გაუგრძელდა სააპელაციო საჩივარზე 2026 წლის 19 მარტის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის - 6 700 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის სასამართლოში წარდგენა დაევალა. ამავე განჩინებით აპელანტს კვლავ განემარტა, რომ, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.
4.7. აღნიშნული განჩინება მოსარჩელის წარმომადგენელს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა - 2026 წლის 14 აპრილს, საქმეში მითითებულ მისამართზე.
4.8. სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 14 - დღიანი ვადის ათვლა, მოცემულ შემთხვევაში, 2026 წლის 15 აპრილს დაიწყო და იმავე წლის 28 აპრილს დასრულდა. აღნიშნულ ვადაში მოსარჩელეს/აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია და არც ხარვეზის გამოსწორების მიზნით განსაზღვრული ვადის გაგრძელების შუამდგომლობით არ მიუმართავს სასამართლოსთვის.
4.9. 2026 წლის 27 აპრილს სასამართლოში ფოსტის საშუალებით წარდგენილი იქნა არაუფლებამოსილი პირის (საქმეში დაცული მინდობილობა - 2026 წლის 14 აპრილის ჩათვლით მოქმედებდა) განცხადება, სადაც მითითებული იყო, რომ კომპანიის დირექტორი გარდაიცვალა, კომპანიას ახალი დირექტორი არც ჰყავდა და ვერც დაინიშნებოდა, რადგან გარდაცვლილი პირის/კომპანიის დირექტორის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე არანაკლებ 6 თვეში სამკვიდრო მოწმობა არ გაიცემოდა. აღნიშნულ დავაში დირექტორის მიერ გაცემული მინდობილობის/რწმუნებულების საფუძველზე, საწარმოს თ.მ–ი და მ.ს–ძე წარმოადგენენ, შესაბამისად, რადგან დირექტორი გარდაიცვალა, უფლებამოსილება თუ არ წყდებოდა, ჩერდებოდა მაინც, დირექტორის წილზე სამკვიდრო მოწმობის გაცემამდე, პარტნიორთა საერთო კრების მოწვევამდე და საერთო კრების მიერ ახალი დირექტორის დანიშვნამდე.
5. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 374-ე, 368.5-ე და 59-ე, 60-ე, 61-ე, 63-ე, 64-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო, ვინაიდან მოსარჩელემ/აპელანტმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი.
6. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელის/აპელანტის წარმომადგენელმა, მისი გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
6.1. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, სასამართლოს სააპელაციო საჩივარი განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა, ვინაიდან, სააპელაციო სასამართლოსთვის კომპანიის დირექტორის გარდაცვალების შესახებ ცნობილი იყო, შესაბამისად, პალატა ვალდებული იყო შეემოწმებინა რა სტატუსით ჩაიბარა მ.ბ–ძემ/წარმომადგენელმა სასამართლო გზავნილი და თუ თ.მ–ს აღარ ჰქონდა კომპანიის სახელით შუამდგომლობის წარდგენის უფლებამოსილება გზავნილი კომპანიის ადგილსამყოფელის მიხედვით უნდა გაეგზავნა (დეტალურად იხ. კერძო საჩივარი).
6.2. გარდა ამისა, კასატორის მითითებით, ხარვეზის შევსების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 2 აპრილის განჩინება წარმომადგენელს/თ.მ–ს იმ ვადაში გაეგზავნა, როცა თავად სასამართლოსთვის ცნობილი იყო, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის აღმოფხვრას ვერ უზუნველყოფდა; შესაბამისად სასამართლო თავადვე იყო ვალდებული შეემოწმებინა რწმუნებულების ვადა და მას როგორც წარმომადგენელს საქმეში დაცული რწმუნებულების მოქმედების ვადის კონტროლი არ ევალებოდა. აღნიშნული კი, იმის დასტურია, რომ სასამართლო მას მიიჩნევდა პროცესის მონაწილედ, მხარის წარმომადგენლად და, არა მ.ბ–ძეს.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 4 ივნისის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.
8. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე მიღებული განჩინების კანონიერება წარმოადგენს.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
10. გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელემ/აპელანტმა ხარვეზი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო.
11. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 70.1 მუხლით მოწესრიგებულია მხარისთვის უწყების ჩაბარების საკითხი, კერძოდ, ამ ნორმის მიხედვით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს. დადგენილია, რომ ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ 2026 წლის 2 აპრილის განჩინება აპელანტის წარმომადგენელს (იხ. მინდობილობა) კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა 2026 წლის 14 აპრილს (იხ. ხელწერილი) და განემარტა დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის სამართლებრივი შედეგის შესახებ.
12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს. ამავე კოდექსის 60.2 მუხლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე-63-ე მუხლების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება, შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო საჩივარი ან საბუთები, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
13. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებაში მითითებულ ფაქტობრივსამართლებრივ მსჯელობასა და სამართლებრივ დასკვნებს.
კერძოდ, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომლის შესაბამისად აპელანტისათვის ხარვეზის გამოსწორების 14-დღიანი ვადის ათვლა 2026 წლის 15 აპრილს დაიწყო (შეტყობინების ჩაბარების მეორე დღე, სსსკ-ის მე-60 მუხლი) და 2026 წლის 28 აპრილს ამოიწურა (სსსკ-ის 61-ე მუხლის მეორე ნაწილი), ამ დროის განმავლობაში აპელანტს/უფლებამოსილ წარმომადგენელს არც ხარვეზი გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით არ მიუმართავს სასამართლოსათვის, რამაც, სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება განაპირობა.
14. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში უთითებს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული, შესაბამისად, სსსკ-ის 374-ე მუხლი ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებას, რაც სასამართლოს ვალდებულებაა. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი თითოეული პირის უფლებას ემსახურება, განხილულ იქნეს მისი პრეტენზია, საამისოდ კი, საპროცესო კოდექსითვე დადგენილია ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სააპელაციო საჩივარი (იხ. სუსგ-ები: # ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; #ას-851-817-2016, 04.11.2011წ.) ასევე - საჩივარზე ხარვეზის დადგენისა და სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მხარის მიერ მისი აღმოფხვრის წესი და წინაპირობები.
15. ამრიგად, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორს სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში, ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც შესაბამისი შუამდგომლობით არ მიუმართავს სასამართლოსთვის, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე (შდრ. სუსგ-ები: # ას-884-824-2017, 2017 წლის 12 სექტემბრის განჩინება; # ას-558-533-2016, 2016 წლის 15 ივლისის განჩინება; # ას-521-498-2016, 2016 წლის 12 ივლისის განჩინება; # ას-861-811-2015, 2016 წლის 31 მარტის განჩინება).
16. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია იმაშიც გამოიხატება, რომ ვინაიდან, კომპანიის დირექტორის გარდაცვალების შესახებ სასამართლოსთვის ცნობილი იყო, პალატა ვალდებული იყო შეემოწმებინა რა სტატუსით ჩაიბარა მ.ბ–ძემ/წარმომადგენელმა სასამართლო გზავნილი და თუ თ.მ–ს აღარ ჰქონდა კომპანიის სახელით შუამდგომლობის წარდგენის უფლებამოსილება გზავნილი კომპანიის ადგილსამყოფელის მიხედვით უნდა გაეგზავნა. ამასთან, ხარვეზის შევსების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 2 აპრილის განჩინება წარმომადგენელს/თ.მ–ს იმ ვადაში გაეგზავნა, როცა თავად სასამართლოსთვისაც ნათელი იყო, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზი ვერ აღმოიფხვრებოდა.
16.1. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის ამ პრეტენზიას უარყოფს და მის ყურადღებას კიდევ ერთხელ მიაპყრობს სსსკ-ის 70.1 მუხლზე, რომლითაც მოწესრიგებულია მხარისთვის უწყების ჩაბარების საკითხი, კერძოდ, ამ ნორმის მიხედვით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს. ამდენად, სასამართლო გზავნილის იმ პირისთვის ჩაბარება, რომელიც გზავნილის გაგზავნისა და ჩაბარების პერიოდისთვის უფლებამოსილი სუბიექტი იყო უშუალოდ კომპანიისთვის დამატებით გზავნილის გაგზავნის ვალდებულებას არ წარმოშობდა.
16.2. რაც შეეხება თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2026 წლის 27 აპრილს საქმის წარმოების შეჩერების/ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე წარდგენილ განცხადებას, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ იგი შეტანილია არაუფლებამოსილი (საქმეში დაცული მინდობილობა - 2026 წლის 14 აპრილის ჩათვლით მოქმედებდა) პირის მიერ. ამასთან, თ.მ–ი არ წარმოადგენდა კომპანიის ერთადერთ წარმომადგენელს. საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ კომპანიას ჰყავდა მეორე წარმომადგენელი - მ.ბ–ძე, რომლის სახელზეც წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი განუსაზღვრელი ვადით იყო გაცემული. ასევე გასათვალისწინებელია, რომ მოქმედი კანონმდებლობით სამეწარმეო სუბიექტის დირექტორის გარდაცვალების შემთხვევაში მის მიერ საზოგადოების სახელით გაცემული მინდობილობები არ ქარწყლდება და განაგრძობს მოქმედებას. ამდენად, კერძო საჩივრის ეს პრეტენზიაც დაუსაბუთებელია.
17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებული პირის უფლება, თავის უფლებათა დასაცავად, მიმართოს სასამართლოს, სამოქალაქო პროცესში შეზღუდულია სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით (რაც იმაზე მეტყველებს, რომ ერთი პირის მიმართ ამა თუ იმ საპროცესო შეღავათის გაწევისას გასათვალისწინებელია მეორე მხარის ინტერესებიც). ცხადია, რომ ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის“ მე-6 მუხლთან შესაბამისი.
ამასთან, გასათვალისწინებელია რომ „არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, “სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება, დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება ,,თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე’’ (იხ. Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the "Belgian Linguistic" judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5).
18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის მიმართ აყალიბებს გარკვეულ შეზღუდვებს, მათ შორის, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას (სსსკ-ის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი) და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით (სსსკ-ის 372-ე, 177.3-ე და 368.1-ე მუხლები), რომელთა შესრულება სავალდებულოა აპელანტისათვის.
19. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებს მიიღებს უარყოფით საპროცესო შედეგს, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სსსკ-ის 59-ე, 63-ე, 368.5, 374.1 მუხლები).
20. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტს არაერთხელ განესაზღვრა ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ამ შემთხვევაში, ევროკონვენციის მე-6 მუხლით დაცული სიკეთის რეალიზაციისას უნდა გავითვალისწინოთ ამავე კონვენციის პირველი დამატებით ოქმით დაცული აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის ინტერესი; ვინაიდან თავის მხრივ, არ გამოსწორდა სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი, წარმოქმნილი სამარლებრივი შედეგის ლეგიტიმურ საფუძველს სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი წარმოადგენდა (იხ. ასევე, საპროცესო კოდექსის 2.2. მუხლი), შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების შეფასებებსა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის სწორ გამოყენება-განმარტებას ემყარება, რის წინააღმდეგაც კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია ამავე კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული დასაბუთებული პრეტენზია, რაც ამ განჩინების გაუქმებაზე უარის თქმის საფუძველია.
21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად, ამდენად საკასაციო პალატა გაანალიზებს კერძო საჩივრის ავტორის მხოლოდ არსებით არგუმენტებს (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“ # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
22. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ტ.კ–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 1 მაისის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
ბადრი შონია