დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
11 ივნისი 2026 წელი
№ას-360-2026 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ი.გ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე - ა.ღ–ძე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ა.ღ–ძემ (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „მოწინააღმდეგე მხარე“) სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს ი.გ–ძის (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „აპელანტი“, „კასატორი“) მიმართ, 2970 ლარის გადახდის დაკისრების მოთხოვნით.
სარჩელის საფუძვლები:
2.1. გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის გადაწყვეტილებით (საქმე №2/1398-16) ა.ღ–ძის სარჩელი მოპასუხე ი.გ–ძის მიმართ დაკმაყოფილდა, გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და გამოიცა სააღსულებო ფურცელი 2020 წლის 30 ნოემბერს. სააღსრულებო ფურცლის თანახმად, მოპასუხე ი.გ–ძეს დაევალა საკანალიზაციო მილის აღდგენა და მოსარჩელისთვის საკანალიზაციო ჭით სარგებლობის უფლების მიცემა. მოპასუხემ არ შეასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება, რის გამოც აღსრულების ეროვნული ბიუროსგან 2022 წლის 12 ოქტომბრის წერილი №21041777-016/001-ით კრედიტორს მიეცა წინადადება, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მეშვეობით, შეესრულებინა მოვალეზე დაკისრებული მოვალეობა, რომელიც შემდგომ დაეკისრებოდა მოვალეს სასამართლო წესით.
2.2. 2022 წლის ნოემბრის თვეში მოსარჩელემ მიმართა ექსპერტს, რათა შეეფასებინა სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული ვალდებულების შესასრულებლად გასაწევი სამუშაოების ღირებულება. ექსპერტის 2022 წლის 27 ნოემბრის დასკვნის თანახმად, საკანალიზაციო სისტემის აღდგენისა და მოსახმარად ვარგის მდგომარეობაში მოყვანისთავის გასაწევი ხარჯების ოდენობამ შეადგინა 1510.00 ლარი. 2023 წლის აგვისტოს თვემდე აღნიშნული სამუშაოები ვერ განხორციელდა, რადგან მოპასუხე მხარე მუშებს არ აძლევდა მუშაობის საშუალებას. 2023 წლის აგვისტოში, სამუშაოების შესრულების შემდეგ, მოსარჩელემ კვლავ მიმართა ექსპერტს ეზოში მდებარე საკანალიზაციო კვანძის მოსაწყობად გაწეული ხარჯის ოდენობის დადგენის მიზნით. ექსპერტიზის 2023 წლის 31 აგვისტოს დასკვნის თანახმად, მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯის ოდენობამ შეადგინა 2470 ლარი. 2022 წლის 27 ნოემბრისა და 2023 წლის 31 აგვისტოს ექსპერტიზის დასკვნებს შორის სხვაობა განაპირობა ბაზარზე მასალისა და ხელოსნის მომსახურების ღირებულების ზრდამ. უძრავი ქონების შემფასებელთან გაწეული მომსახურების საზღაურმა კი, ჯამში, შეადგინა 500 ლარი. ერთიანობაში, მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯი შეადგენს 2970 ლარს.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხემ სარჩელზე შესაგებელი არ წარადგინა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 29 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო, სარჩელი დაკმაყოფილდა და ი.გ–ძეს ა.ღ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 2970 ლარის გადახდა.
5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა საჩივრის წარდგენის გზით, გორის რაიონულ სასამართლოში, თუმცა ამავე სასამართლოს 2024 წლის 28 ნოემბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
6. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მათი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით ი.გ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 29 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2024 წლის 28 ნოემბრის განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
8.1. 2023 წლის 07 სექტემბერს გორის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ა.ღ–ძემ მოპასუხე ი.გ–ძის მიმართ, თანხის დაკისრების მოთხოვნით. საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ ა.ღ–ძის სარჩელი სასამართლოს მიერ მიღებული იქნა განსახილველად და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით მოპასუხე ი.გ–ძეს სასამართლოს მიერ გაეგზავნა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები სარჩელში მითითებულ მისამართზე - გორი, .......... სასამართლოში დაბრუნებული უკუგზავნილის მიხედვით (ტ. 1, ს.ფ. 91), ადრესატმა ი.გ–ძემ გზავნილის ჩაბარებაზე განაცხადა უარი 2023 წლის 15 სექტემბერს.
8.2. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 75-ე მუხლის პირველ ნაწილზე (თუ ადრესატმა ან ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა სუბიექტმა, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისისა, უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება და სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე) და განმარტა, რომ ამ სამართლებრივი ნორმის მიზანი არის სასამართლო პროცესის სტაბილურობა და მხარეთა თანასწორი პასუხისმგებლობა, რათა არცერთ მხარეს არ ჰქონდეს შესაძლებლობა, ფორმალური მიზეზებით შეაფერხოს საქმის განხილვა. ამდენად, როდესაც მხარე არ უზრუნველყოფს სასამართლოსთან კომუნიკაციას და არ იბარებს მისთვის გაგზავნილ შეტყობინებებს, ასეთ დროს პროცესის მიმდინარეობა შეიძლება წარიმართოს მისი მონაწილეობის გარეშე. დამატებით პალატამ მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული ნორმა ადგენს კანონისმიერ პრეზუმფციას, რომლის მიხედვითაც იგულისხმება, რომ გზავნილის ჩაბარებაზე უარის თქმის შემთხვევაში, საქმისწარმოებაში მონაწილე მხარე/ადრესატი ინფორმირებულია გზავნილის შინაარსის თაობაზე და შესაბამისად დგება გზავნილის ჩაბარებასთან დაკავშირებული საპროცესო შედეგები. პალატის განმარტებით, აღნიშნული პრეზუმფციის გასაქარწყლებლად მხარეს სარწმუნოდ უნდა დაედასტურებინა უკუგზავნილში მოცემული ინფორმაციის სიმცდარე, ან რაიმე სხვა საპატიო მიზეზის არსებობა, რამაც ხელი შეუშალა მას საპროცესო მოქმედების ვადაში შესასრულებლად.
8.3. პალატამ სამართლებრივად შეაფასა აპელანტის განმარტება, რომ 2023 წლის 15 სექტემბერს, როდესაც სასამართლოს კურიერი მივიდა მის მისამართზე, ადრესატი ადგილზე არ დახვდა. აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია აპელანტს მიაწოდა მისმა შვილმა, რომელმაც განუცხადა კურიერს, რომ მას შეეძლო ან თავად დაეტოვებინა გზავნილი, ან საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებისთანავე თავად აპელანტი უზრუნველყოფდა სასამართლოში გამოცხადებას და ჩაბარებას. კურიერმა აპელანტის შვილს განუცხადა, რომ აპელანტს შეეძლო უშუალოდ ჩაებარებინა კორესპონდენცია სასამართლოში. აღნიშნულ განმარტებასთან მიმართებით სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქმეში აპელანტს არ წარუდგენია მის მიერ ზეპირსიტყვიერად გადმოცემული ინფორმაციის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, ხოლო მისი განმარტება რაიმე ხელჩასაჭიდ კონკრეტიკასაც არ შეიცავს, მაგალითად, სად იმყოფებოდა აპელანტი კურიერის ვიზიტისას და ა.შ. საჩივრის ავტორს არც მოწმეთა (მაგ. კურიერის, შვილის...) გამოკითხვა მოუთხოვია. პალატის შეფასებით, ასეთ პირობებში ნებისმიერ მხარეს შეუძლია განაცხადოს, რომ სასამართლოს გზავნილზე კურიერის მიერ გაკეთებული აღნიშვნა გზავნილის ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს, თუმცა შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე, სასამართლო მხოლოდ დაინტერესებული მხარის ზეპირი განცხადების საფუძველზე, ეჭვქვეშ ვერ დააყენებდა სასამართლოს უკუგზავნილში მოცემულ ინფორმაციას.
8.4. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ საჩივრის ავტორს პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი ჰქონდა ამონაბეჭდი განხორციელებული სატელეფონო ზარების შესახებ, საიდანაც არ დგინდებოდა, რომ აპელანტს 2023 წლის 15 სექტემბრიდან შესაგებლის წარსადგენად განსაზღვრულ 10 დღიან ვადაში რაიმე კომუნიკაცია ჰქონდა სასამართლოსთან. სააპელაციო პალატის მითითებით, ზარების ამონაბეჭდი არ შეიცავს ინფორმაციას 11.10.2023 წლამდე განხორციელებული ზარების თაობაზე. ამასთან, საჩივრის ავტორს პირველი ინსტანციის სასამართლოში არ გამოუთხოვია სასამართლოსთან კომუნიკაციის დამადასტურებელი რაიმე ინფორმაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში. პალატამ შენიშნა, რომ საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ მოპასუხე 15.09.2023 წლიდან 29.09.2023 წლამდე (დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების თარიღი) პერიოდში რაიმე ფორმით ეცადა სასამართლო გზავნილის ჩაბარებას და მოსამართლის თანაშემწესთან დაკავშირებას. მტკიცებულებების არარსებობა კი, პალატის განსჯით, გამორიცხავდა აპელანტის იმ პოზიციის გაზიარების შესაძლებლობას, რომ 15.09.2023წ. უკუგზავნილზე არასწორი ინფორმაციაა გადმოცემული და მოპასუხეს სასამართლოს გზავნილი ჩაბარებულად არ უნდა ჩაეთვალოს.
8.5. ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, პირველი ინსტანციის სასამართლომ ი.გ–ძეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 75.1-ე მუხლის საფუძველზე მართებულად ჩაუთვალა სასამართლოს გზავნილი ჩაბარებულად 2023 წლის 15 სექტემბერს, რის გამოც, შესაგებლის წარსადგენად სასამართლოს მიერ განსაზღვრული 10 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2023 წლის 16 სექტემბერს და ამოიწურა 2023 წლის 25 სექტემბერს, რომელიც არ იყო უქმე დღე. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოპასუხეს არც შესაგებელი წარუდგენია სასამართლოში და არც სხვა რაიმე განცხადებით მიუმართავს მისთვის. შესაბამისად, სააპელაციო პალატის შეფასებით, ვლინდებოდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლით დადგენილი შემთხვევა, კერძოდ მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
8.6. სასარჩელო მოთხოვნის იურიდიულ გამართულობასთან მიმართებით პალატამ შენიშნა, რომ მოსარჩელე ა.ღ–ძე ითხოვდა მოპასუხე ი.გ–ძისთვის 2970 ლარის დაკისრებას ითხოვდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 86-ე მუხლიდან, რომლის თანახმად, თუ მოვალე არ ასრულებს ისეთ ვალდებულებას, რომელიც შეიძლება შეასრულოს მესამე პირმა, მაშინ აღსრულების ეროვნული ბიუროს მეშვეობით კრედიტორს უფლება აქვს, თავისი ხარჯით, რომელიც სასამართლო წესით ეკისრება მოვალეს, თვითონ შეასრულოს ეს მოქმედება. მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხემ, რომელსაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დავალებული ჰქონდა გარკვეული მოქმედებების შესრულება, მათ შორის, საკანალიზაციო სისტემის აღდგენა და მოსახმარად ვარგის მდგომარეობაში მოყვანა, არ შეასრულა დაკისრებული ვალდებულება. სააღსრულებო ბიუროსგან მიღებული წინადადების შესაბამისად, სააღსრულებო ბიუროს მეშვეობით, მოსარჩელემ შეასრულა მოპასუხის ვალდებულება, რისთვისაც გასწია ხარჯი 2970 ლარის ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს სარჩელში მითითებული აქვს მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის შემადგენელი ყველა ელემენტი, რაც იურიდიულად ამართლებდა მის სარჩელს, შესაბამისად, ვლინდებოდა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. იმ პირობებში კი, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო, მოპასუხეს უფლება არ ჰქონდა, სადავოდ გაეხადა სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და, მით უფრო, სარჩელზე თანდართული მტკიცებულებები.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 ოქტომბრის განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი დასაბუთებით:
9.1. სასამართლომ საქმე განიხილა და დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანა ისე, რომ მოპასუხისთვის არ ჩაუბარებია სარჩელი დადგენილი წესით, ი.გ–ძის მიერ სარჩელის ჩაბარებაზე უარის თქმის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმეში არ არსებობს და აღნიშნული მტკიცება არ შეესაბამება სინამდვილეს. კასატორის განმარტებით, 2023 წლის 15 სექტემბერს, მის მისამართზე კურიერის გამოცხადებისას, არ იმყოფებოდა საცხოვრებელ მისამართზე, რის შესახებაც კურიერს აცნობა კასატორის შვილმა და განუცხადა, რომ თავად ჩაიბარებდა გზავნილს ან ადრესატი საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებისთანავე თავად უზრუნველყოფდა სასამართლოში გამოცხადებას და გზავნილის ჩაბარებას. 2023 წლის 20 სექტემბერს მოპასუხე დაუკავშირდა მოსამართლის თანაშემწეს და მოითხოვა საქმის მასალების გადმოცემა, რაზედაც მოსამართლის თანაშემწემ განუცხადა, რომ გზავნილს კურიერს გაატანდა. ვინაიდან კურიერი მომდევნო დღეებში მისამართზე არ გამოცხადებულა, 2023 წლის 25 სექტემბერს მოპასუხე პირადად გამოცხადდა გორის რაიონულ სასამართლოში და კვლავ დაუკავშირდა მოსამართლის თანაშემწეს, რომელმაც განუმარტა, რომ უწყება და მასალები გატანებული ჰქონდა კურიერისათვის და დალოდებოდა. ვინაიდან კურიერი კვლავაც არ გამოჩნდა, 2023 წლის 3 ოქტომბერს ხელახლა დაუკავშირდა მოსამართლის თანაშემწეს საქმის მასალების ჩაბარების მოთხოვნით, რომელმაც მოპასუხეს მოულოდნელად განუცხადა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
9.2. სარჩელში მითითებული გარემოებები ვერ ამართლებდნენ სასარჩელო მოთხოვნას, რის გამოც, სარჩელის მოპასუხისთვის ჩაბარებულად მიჩნევის პირობებშიც კი, დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოტანილი არ უნდა ყოფილიყო. სარჩელში და სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითება ხდება იმაზე, რომ მოსარჩელემ განახორციელა საკანალიზაციო მილის აღდგენა და მისი მოწყობა, მოსახმარად ვარგის მდგომარეობაში მოყვანა და სხვა დამატებითი სამუშაოები, რაც გათვალისწინებული არ ყოფილა არც სასამართლოს გადაწყვეტილებით და არც სააღსრულებო ფურცლით. მით უფრო არ ყოფილა სასამართლოს გადაწყვეტილებით გათვალისწინებული სამუშაოები, რომელიც მითითებულია სარჩელზე თანდართულ უძრავი ქონების შემფასებლის - ლ.ფ–ის მიერ შედგენილ შეფასების აქტში, რომელშიც მითითებულია, რომ 2470 ლარად შეფასებული სამუშაოები მოიცავს სხვადასხვა ხარჯებს, მათ შორის ხელოსნის, ტრანსპორტირების, მილის და გადამყვანის დაერთების, გაუთვალისწინებელი ხარჯების, კვების და, რაც მთავარია, მეორე საკანალიზაციო ჭის მოწყობის სამუშაოების ხარჯებს. მსგავსი გადაწყვეტილება სასამართლოს არ მიუღია, წარმოადგენს აშკარა თვითნებობას და სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააღსრულებო ფურცლის გამოყენებით მოვალისთვის ზიანის მომტანი ქმედებების განხორციელებას. სარჩელს თან არ ერთვოდა სხვა რაიმე ხარჯის დამადასტურებელი რაიმე საბუთი, რაც დაადასტურებდა მოსარჩელის მიერ ხსენებული ხარჯების გაღებას. 2022 წლის 22 ნოემბრით დათარიღებულ პირველ დასკვნაში შემფასებელი აცხადებს, რომ აღნიშნული თარიღისათვის სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 1510 ლარს. ამავე შემფასებლის მიერ გაცემულ 2023 წლის 29 აგვისტოთი დათარიღებულ მეორე დასკვნაში მითითებულია, რომ სამუშაოების ღირებულება შეადგენს 2470 ლარს, რაც დასაბუთებულია ფასების ცვალებადობით ისე, რომ რაიმე ახსნა-დასაბუთება ქონების შემფასებელს არ აქვს მითითებული.
9.3. სააპელაციო სასამართლომ აპელანტის საწინააღმდეგოდ სარჩელის ჩაბარებისა და შესაგებელის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის პრეზუმფცია უმართებულოდ აამოქმედა და არასწორად დააკისრა მომჩივანს საკუთარი კეთილსინდისიერებისა და იმის მტკიცების ტვირთი, რომ შესაგებლის წარუდგენლობა საპატიო მიზეზით გამოწვეული. ნორმის ამგვარი განმარტება კასატორს საპროცესო უფლებების არათანაზომიერ ხელყოფად მიაჩნია. კასატორის განსჯით, სასამართლოს მსჯელობა, რომ არასასურველი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ეტაპზე სწორედ მომჩივანს უნდა ეზრუნა გზავნილის ჩაუბარებლობის ფაქტის დამტკიცება და ამ მიზნით კურიერისა და საკუთარი შვილის მოწმედ დაკითხვა, ასევე, სასამართლოსთან კომუნიკაციის არაერთი მცდელობის ამსახველი მტკიცებულების მოპოვება და წარდგენა, წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან მართლმსაჯულების განხორცილებაზე უარის თქმას, ვინაიდან, კასატორის განსჯით, აღნიშნულ საპროცესო მოქმედებათა შესრულება საჩივრის განმხილველი სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენდა.
9.4. კასატორს საპროცესო დარღვევად მიაჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საჩივრის მისი დასწრების გარეშე განხილვა, ვინაიდან, კასატორის მითითებით, ვლინდებოდა სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობის სახით. სასამართლოსთვის წინასწარ ცნობილი იყო აღნიშნული გარემოება, თუმცა არ გადადო საჩივრის განხილვის სხდომა, რითაც მომჩივანს სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობაზე უკანონოდ უთხრა უარი. კასატორის მოსაზრებით, უმართებულო იყო სააპელაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვაც.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
15.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსთვის.
15.2. სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველ ნაწილში მოცემულია იმ შემთხვევების ჩამონათვალი, რომელთა არსებობის დროს დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, კერძოდ, აღნიშნული ნორმის მიხედვით, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები. ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისას.
16. კასატორის პრეტენზიის გათვალისწინებით, უნდა დადგინდეს, ჩაჰბარდა თუ არა მას, როგორც მოპასუხეს, სარჩელისა და თანდართული მასალების ასლები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
17.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილით, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი.
17.2. ამავე კოდექსის 2321 მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
18. სსსკ-ის 2321 მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის საკმარისია იმ პროცესუალური შემადგენლობის ნიშნების არსებობა, როგორიცაა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტაციის მოპასუხისათვის სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარება და სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, არასაპატიო მიზეზით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარმოუდგენლობა. ამ ფაქტობრივი წინაპირობების კუმულატიურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, ხოლო, სარჩელის დაკმაყოფილების მიზნებისათვის კი, უნდა არსებობდეს ერთი დამატებითი პირობაც, როგორიცაა სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული მართებულობა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 17.03.2016 წლის განჩინება საქმეზე №ას-121-117-2016).
19.1. გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია და საკასაციო საჩივრით დასაბუთებულად შედავებული არ არის, რომ სარჩელი და თანდართული საბუთები მოპასუხე ი.გ–ძეს სარჩელში მითითებულ მისამართზე (გორი, ..........) გაეგზავნა. გზავნილზე კურიერის მიერ განხორციელებული მინაწერის თანახმად, 15.09.2023 წელს პიროვნებამ უარი განაცხადა გზავნილის ჩაბარებაზე, რაც დადასტურებულია კურიერის ხელმოწერით (ტ.1, ს.ფ. 91).
19.2. საკასაციო სასამართლოს დადგენილი სტაბილური პრაქტიკის შესაბამისად, კურიერის მიერ შედგენილი აქტის მიმართ მოქმედებს მისი ნამდვილობის პრეზუმფცია, რომლის გაქარწყლების მტკიცების ტვირთი აწევს ამ აქტის ადრესატს (იხ. სუსგ. №ას-785-752-2014, 30.04.2015წ.; №ას-1545-2022, 28.04.2023წ.; №ას-249-2024, 11.06.2024წ.).
19.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1 მუხლიდან გამომდინარე, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მტკიცების მითითებული წესი ვრცელდება დაუსწრებელი გადაწყვეტილების წინააღმდეგ წარმოდგენილ საჩივარში ასახული გარემოებების დადასტურებაზეც. მაშასადამე, არა საჩივრის განმხილველი სასამართლო, არამედ სწორედ მოპასუხე მხარე იყო ვალდებული, სასამართლოს წინაშე დამაჯერებლად დაედასტურებინა, რომ სასამართლოს გზავნილში კურიერის ასახული განმარტება, რომ ადრესატმა სასამართლო გზავნილის ჩაბარებაზე უარი განაცხადა, სინამდვილეს არ შეესაბამებოდა. სასამართლო გზავნილში კურიერის, როგორც საქმის შედეგის მიმართ დაუინტერესებელი პირის, მიერ ასახულ მითითებას გზავნილის მიღებაზე ადრესატის მხრიდან უარის თქმის შესახებ კასატორი უპირისპირებს მარტოოდენ საკუთარ ახსნა-განმარტებას, რაც კანონით დაშვებული პრეზუმფციის გაქარწყლებისათვის საკმარისი არ არის. ამ თვალსაზრისით, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას მასზედ, რომ კასატორს შეეძლო, ეშუამდგომლა სასამართლოს წინაშე როგორც კურიერის, ისე საკუთარი შვილის მოწმედ გამოძახება, რათა დაედასტურებინა, რომ მისამართზე კურიერის გამოცხადებისას ადრესატი მისამართზე მართლაც არ იმყოფებოდა ან უზრუნველეყო სხვა, ნეიტრალური მტკიცებულების წარდგენა, რაც გამოდგებოდა დასკვნისათვის, რომ 2023 წლის 15 სექტემბერს ადრესატი საკუთარ საცხოვრებელ მისამართზე მართლაც არ იმყოფებოდა (მაგალითად, ცნობა სამუშაო ადგილიდან, სამედიცინო დაწესებულებიდან და ა.შ.), მაშასადამე, ვერც გზავნილის ჩაბარებაზე იტყოდა უარს. საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მტკიცების ვალდებულების ხსნებული წესით განაწილება არ წარმოადგენს მომჩივანისათვის არაგონივრულად მძიმე, გადაულახავი ტვირთის დაკისრებას და არც სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების ხელყოფას იწვევს.
19.4. საჩივარში ასახული განმარტების თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე მოპასუხე ორჯერ დაუკავშირდა მოსამართლის თანაშემწეს სამსახურებრივ ტელეფონის ნომერზე სარჩელისა და თანდართული მასალების მისთვის გადაცემის მოთხოვნით (2023 წლის 20 და 26 სექტემბერს). საგულისხმოა, რომ ამგვარი სატელეფონო კომუნიკაციის ამსახველი მტკიცებულება საქმის მასალებში არ არის. დაუსწრებელი გადაწყვეტილების წინააღმდეგ წარდგენილ საჩივარზე თანდართული სატელეფონო კომუნიკაციის დეტალური ამონაწერით არ დგინდება მოპასუხესა და მოსამართლის თანაშემწეს შორის 2023 წლის 29 სექტემბრამდე (დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე) სატელეფონო კომუნიკაციის არსებობა, მაშასადამე, საჩივარზე დართული დეტალური ამონაბეჭდი მოპასუხის სატელეფონო ნომრიდან განხორციელებული ზარების შესახებ არ გამოდგება საჩივრებში (მათ შორის, საკასაციო საჩივარში) ასახული იმ გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად, რომ 2023 წლის 20 სექტემბრიდან მოყოლებული, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე, მოპასუხე მხარე სასამართლოსგან ითხოვდა სარჩელისა და თანდართული მასალების მისთვის გადაცემას, რაზედაც, თითქოსდა, იღებდა უსაფუძვლო დაპირებებს მასზედ, რომ გზავნილს კურიერის მეშვეობით ხელახლა გაუგზავნიდნენ.
19.5. ამრიგად, პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ ზემოაღნიშნულ სასამართლო გზავნილზე კურიერის მიერ განხორციელებული მინაწერის შინაარსის ნამდვილობის პრეზუმფციის გაქარწყლება ვერ შეძლო. რადგან ადრესატმა უარი განაცხადა გზავნილის ჩაბარებაზე, სსსკ-ის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელი და თანდართული მასალები მისთვის ჩაბარებულად ითვლება 15.09.2023 წელს. დადგენილია, რომ მოპასუხეს სასამართლოს მიერ დანიშნულ 10-დღიან ვადაში შესაგებელი არ წარუდგენია და არც შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის, რაც მართებულად დაედო საფუძვლად დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას.
20. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტიან საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სსსკ-ის 2321 მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია). ასეთ შემთხვევაში მტკიცებულებათა გამოკვლევა არ ხდება, არამედ, კანონის ძალით სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევა და თუ მათი ერთობლიობა ქმნის სამართლებრივი შედეგის დადგომის შესაძლებლობას, საქმის განმხილველი მოსამართლე გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 17.03.2016 წლის განჩინება საქმეზე №ას-121-117-2016).
21.1. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის ვერც იმ პრეტენზიას, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენენ და იძლევიან ამა თუ იმ ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმ(ებ)ის მოძიების შემდეგ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმ(ებ)ის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებენ თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია (იხ. სუსგ. №ას-2-2-2017, 14.07.2017წ.). ანუ მოთხოვნის იურიდიული მართებულობა უნდა შემოწმდეს იმის მიხედვით, არის თუ არა იგი კანონიერი, შეიძლება თუ არა სასამართლოში ასეთი სასარჩელო მოთხოვნა წარდგენილ იქნეს და იგი დაკმაყოფილდეს კანონმდებლობის შესაბამისად (იხ: ქურდაძე შ., ხუნაშვილი ნ., საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალი, მეორე გამოცემა (შევსებული და გადამუშავებული), გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი, 2015, გვ. 637).
21.2. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო დამტკიცებულად ჩაითვალა სარჩელში ასახული შემდეგი იურიდიული ფაქტები: 1) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით და მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის 1.1 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილია ი.გ–ძის ვალდებულება საკანალიზაციო მილის აღდგენისა და ა.ღ–ძისთვის საკანალიზაციო ჭით სარგებლობის უფლების მიცემის შესახებ; 2) მოვალემ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ნებაყოფლობით არ აღასრულა; 3) მოვალისთვის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასკირებული ვალდებულება, არაპირადი ხასიათის არის, რომელიც შეიძლება შესრულდეს როგორც მოვალის, ისე მესამე პირის მიერ; 4) მოვალის მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო, კრედიტორ ა.ღ–ძეს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მიეცა წინადადება, საკუთარი ხარჯით (მოვალისგან სასამართლო წესით ანაზღაურების შესაძლებლობით) შეესრულებინა მოვალეზე სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული ვალდებულება; 5) კრედიტორმა უზრუნველყო სამუშაოების ჩასატარებლად საჭირო მასალა და მუშახელი და მის მიერ შესრულდა სამუშაოები, კერძოდ, აღდგა საკანალიზაციო მილი, რითაც კრედიტორს მიეცა შესაძლებლობა, ისარგებლოს საკანალიზაციო ჭით, რაც დადასტურებულია აღმასრულებლის მიერ 2023 წლის 24 აგვისტოს, 11:30 საათიდან 17:15 საათამდე დროის შუალედში ქ. გორში, ............. მიმდინარე სამუშაოების აღწერის შესახებ ოქმით (ტ.1, ს.ფ. 76); 6) კრედიტორის მიერ სააღსრულებო ფურცლის 1.1 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის სისრულეში მოსაყვანად გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 2970 ლარი.
21.3. დასახელებული ფაქტების დადგენილად მიჩნევის შედეგად კი, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ განხორციელებულია მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის - „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 86-ე მუხლის - ყველა წინაპირობა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილების მართებულობას განაპირობებს.
22. მტკიცებულებათა არასაკმარისობის შესახებ წარდგენილი პრეტენზიის საპასუხოდ საკასაციო სასამართლო განუმარტავს კასატორს, რომ დაუსწრებელი გადაეწყვეტილების გამოტანის წინაპირობის გამოვლენისას (მოცემულ შემთხვევაში, შესაგებლის წარუდგენლობა) სასამართლო არ ამოწმებს მტკიცებულებებს და არ აფასებს, სარჩელში მითითებული გარემოებები რამდენად დასტურდება მოსარჩელის მტკიცებულებებით, ვინაიდან გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტები კანონის ძალით უკვე დამტკიცებულად ითვლება მოპასუხის მხრიდან მათ მიმართ შედავების განუხორციელებლობის გამო. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფორმატში სასამართლოს ვალია, იკვლიოს, სარჩელში ასახული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტები რამდენად შეესაბამება მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის ყველა ელემენტს. დადებითი პასუხის შემთხვევაში, ერთადერთი სწორი საპროცესო გადაწყვეტა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების გზით სარჩელის დაკმაყოფილებაა (მრავალთა შორის, იხ. სუსგ. №ას-124-2025, 19.03.2025წ.).
23.1. დაუსწრებელი გადაწყვეტილების წინააღმდეგ წარდგენილი საჩივრის მომჩივნის მონაწილეობის გარეშე გადაწყვეტის გამო მისი საპროცესო უფლებების ხელყოფის პრეტენზიასთან მიმართებით საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივრის განხილვის სხდომა, პირველად დაინიშნა 2024 წლის 14 ნოემბერს, 14:00 საათზე. 2024 წლის 08 ნოემბერსა და 11 ნოემბერს წარდგენილ შუამდგომლობებში ი.გ–ძემ მოითხოვა საჩივრის განხილვის სხვა დროისთვის გადადება, ვინაიდან იტარებდა სამედიცინო კვლევებს (თუმცა შუამდგომლობას არ ერთვოდა სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი), ძლიერ ემოციებს კი, რაც სასამართლო პროცესებს სდევს თან, შესაძლოა, გაეუარესებინა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ხოლო ადვოკატი არ ჰყავდა, ამასთან, სათანადოდ არ იცნობდა საქმის მასალებს (იხ. ტ.1, ს.ფ. 125-127). საჩივრის ავტორის შუამდგომლობა სხდომის გადადებაზე დაკმაყოფილდა საჩივრის განხილვა გადაინიშნა 2024 წლის 28 ნოემბერს, 13:00 საათზე.
23.2. საგულისხმოა, რომ 2024 წლის 28 ნოემბრის სხდომის სხვა დროისთვის გადადების შუამდგომლობა და, მაშასადამე, არც ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების ამსახველი მტკიცებულება, ი.გ–ძის მხრიდან სასამართლოში არ წარდგენილა. ამრიგად, კასატორის აპელირება, რომ საჩივრის მისი დასწრების გარეშე განხილვით მისი უფლებები ხელყოფილია, გაზიარებას არ იმსახურებს. საგულისხმოა ისიც, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240.1 მუხლი დაუსწრებელი გადაწყვეტილების წინააღმდეგ წარდგენილი საჩივრის განხილვის სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობას არ მიიჩნევს საჩივრის განხილვის დამაბრკოლებელ გარემოებად. ამრიგად, საკასაციო პრეტენზია ამ ნაწილშიც უსაფუძვლოა.
24.1. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის მართებულობას, საკასაციო პალატა მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3761 მუხლის მე-3 ნაწილს, რომლის თანახმადაც, თუ სააპელაციო საჩივარი შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, აგრეთვე თუ საქმე შეეხება უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას და საქართველოს საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების − კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების მიერ დადებული (მათ შორის, ელექტრონული ფორმით დადებული) სესხის (კრედიტის) გაცემის შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავებს, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა ეცნობოს მხარეებს. ზემოთ აღნიშნული გარემოებების არსებობის შემთხვევაშიც მოსამართლეს უფლება აქვს, საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენით.
24.2. ამრიგად, დავის სირთულისა და მოცულობის გათვალისწინებით, საქმეზე, რომელიც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის კანონიერებას, სააპელაციო პალატას აქვს მიხედულების თავისუფალი სივრცე, სააპელაციო საჩივარი განიხილოს ზეპირი მოსმენით თუ მის გარეშე. წარმოდგენილი საქმე არ ხასიათდებოდა რა განსაკუთრებული ფაქტობრივი თუ სამართლებრივი სირთულით, სააპელაციო სასამართლომ მის განსახილველად მიზანშეწონილად არ მიიჩნია ზეპირი მოსმენის ჩატარება, რისი უფლებამოსილებაც სასამართლოს გააჩნდა. კანონით დაშვებული შესაძლებლობით სარგებლობა კი, სასამართლოს საპროცესო დარღვევად ვერ შეერაცხება.
25. ამრიგად, კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით (იხ. სუსგ. №ას-624-2023, 27.07.2023წ.; №ას-1491-2020, 25.03.2021წ.; №ას-554-2019, 31.03.2021წ.). ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
26. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, კასატორს უკან დაუბრუნდება მის მიერ საკასაციო სამართალწარმოებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის 70%, რაც შეადგენს 105 ლარს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი.გ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. ი.გ–ძეს (პ/ნ ..........) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის -150 ლარის (საგადახდო დავალება № 46213989522, გადახდის თარიღი: 29.04.2026წ., გადამხდელის ბანკი: ს.ს. „საქართველოს ბანკი“) 70% – 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი