დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-884-2026
28 სექტემბერი, 2026 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ი.პ–ია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება
დავის საგანი – ექსპროპრიაციას დაქვემდებარებული ქონების კომპენსაცია, ქონების ჩამორთმევით მიყენებული ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ი.პ–იამ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, ექსპროპრიაციას დაქვემდებარებული ქონების კომპენსაციისა და ქონების ჩამორთმევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი.პ–იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასააჩივრა მოსარჩელემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით ი.პ–იას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ი.პ–იას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ექსპოპრიაციას დაქვემდებარებული ნიკოლაი პრიჟელუდსკის უძრავი ქონების, მდებარე: ქ.ბათუმი, ადლიის დასახლება, საკადასტრო კოდი ........, 401 კვ.მ მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის ფართით 140.92 კვ.მ სანაცვლოდ, ი.პ–იას საკუთრების უფლებით გადაეცა ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაში არსებული, ქ.ბათუმში, ............ მდებარე, 116 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომლის საკადასტრო კოდია .......... (ნაკვეთის წინა ნომერი .......) და ქ.ბათუმში, ........... მდებარე არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართობით 162.00 კვ.მ, რომლის საკადასტრო კოდია .......... (ნაკვეთის წინა ნომერი .........
); ი.პ–იას დანარჩენი სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი.პ–იამ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 03 ივლისის განჩინებით ი.პ–იას დაევალა მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 6000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
ზემოაღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს გაეგზავნა 2026 წლის 06 ივლისს და ჩაბარდა პირადად 2026 წლის 09 ივლისს.
2026 წლის 14 ივლისს კასატორის წარმომადგენელმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა განცხადება/შუამდგომლობა და აღნიშნავს, რომ კასატორი არის პენსიონერი, პენსიის გარდა სხვა შემოსავალი არ გააჩნია, არა აქვს საცხოვრებელი სახლი, ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში. შესაბამისად მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის საფუძველზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 03 ივლისის განჩინებით ი.პ–იას წარმომადგენლის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ი.პ–იას დაევალა მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები ან სახელმწიფო ბაჟის - 6000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის - ქვითრის დედანი.
2026 წლის 03 აგვისტოს კასატორის წარმომადგენელმა კ.რ–ძემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა განცხადება და „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის საფუძველზე მოითხოვა კასატორის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 10 აგვისტოს განჩინებით ი.პ–იას წარმომადგენლის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ი.პ–იას დაევალა მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები ან სახელმწიფო ბაჟის-6000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის - ქვითრის დედანი.
ზემოაღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს გაეგზავნა 2026 წლის24 აგვისტოს და ჩაბარდა პირადად 2026 წლის 25 აგვისტოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო, მოცემული საქმის მასალების შესწავლის შედეგად განმარტავს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 10 აგვისტოს განჩინებით ი.პ–იას წარმომადგენლის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ი.პ–იას დაევალა მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები ან სახელმწიფო ბაჟის - 6000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის - ქვითრის დედანი. აღნიშნული განჩინებით კასატორს განემარტა, რომ თუ მითითებულ ვადაში ხარვეზი სრულყოფილად არ გამოსწორდება, საკასაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დარჩება განუხილველად.
ზემოაღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს გაეგზავნა 2026 წლის24 აგვისტოს და ჩაბარდა პირადად 2026 წლის 25 აგვისტოს.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, კასატორისთვის ხარვეზის აღმოფხვრის ვადის ათვლა დაიწყო 2026 წლის 26 აგვისტოს და ამოიწურა 2026 წლის 04 სექტემბერს (იხ. სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლები). დადგენილია, რომ კასატორს და არც მის წარმომადგენელს სასამართლოსთვის განსაზღვრულ ვადაში არ წარმოუდგენიათ არც ხარვეზის შევსებისთვის აუცილებელი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები, არც რაიმე სახის შუამდგომლობა.
სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-119-2022, 03.02.2022წ.; №ას-1133-2021, 29.11.2021). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით უზრუნველყოფილი სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება გარკვეულ ლეგიტიმურ შეზღუდვებს ექვემდებარებოდეს. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, განცხადების მიღებასა და საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით. მითითებული ნორმა თანაბრად ვრცელდება როგორც პირველი ინსტანციის, ისე ამ ინსტანციის გადაწყვეტილების ზემდგომი წესით გასაჩივრების უფლებაზე. სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვის ერთ-ერთ მაგალითს საპროცესო ვადა წარმოადგენს, კერძოდ, სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში მხარე ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის. სასამართლოსადმი მიმართვის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას უშვებს საერთაშორისო პრაქტიკაც. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, №. 8225/78, გვ, 20, §57, 28 მაისი, 1985 წელი).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი.პ–იას საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396.3-ე, 408.3-ე, 63-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ი.პ–იას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: მიხეილ ჯინჯოლია