არ დაკმაყოფილდა

სამოქალაქო 09.09.2026
საქმის ნომერი
ას-860-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
09.09.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-860-2025

9 სექტემბერი, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

ლაშა ქოჩიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი - ა(ა)იპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური

განმცხადებლის მოთხოვნა - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 28 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. გურჯაანის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ნ.ნ–ძემ ა(ა)იპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოითხოვა, ბათილად იქნას ცნობილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 12 ნოემბრის №ბ92.92213163 ბრძანება, ა(ა)იპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე; მოპასუხე ა(ა)იპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურს, ნ.ნ–ძის უფლებამონაცვლის - ე.თ–ძის სასარგებლოდ, დაეკისროს: ა/წ გარდაცვლილი ნ.ნ–ძის მიერ მისაღები განაცდური ხელფასის ანაზღაურება, 12.11.2021 წლიდან 01.01.2022 წლამდე, თვეში დარიცხული 770 ლარის ოდენობით გადახდა, ხოლო 01.01.2022 წლიდან ნ.ნ–ძის გარდაცვალების დღემდე (01.11.2022 წ.) - ყოველთვიურად დარიცხული 950 ლარის გადახდა; 2021 წლის ივლისი-ოქტომბრის (ივლისი - ხელზე ასაღები 1893,60 ლარი, აგვისტო - ხელზე ასაღები 5809,60 ლარი, სექტემბერი - ხელზე ასაღები 2769,60 ლარი, ოქტომბერი - ხელზე ასაღები 5596 ლარი), ა/წ გარდაცვლილი ნ.ნ–ძის მიმართ არსებული სახელფასო დავალიანების (სახელწიფო დაფინასებიდან გამომდინარე), ჯამში ხელზე ასაღები - 16068,80 ლარის გადახდა; 2021 წლის ივლისი-ოქტომბრის თვეების, ა/წ გარდაცვლილი ნ.ნ–ძის მიმართ არსებული სახელფასო დავალიანების (სახელწიფო დაფინასებიდან გამომდინარე), ჯამში ხელზე ასაღები 16068,80 ლარის გადახდის დაყოვნებისთვის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,07%-ის (საქართველოს შრომის კოდექსის 41.4. მუხლის თანახმად, „დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურებისა თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის, დასაქმებულს გადაუხადოს დაყოვნებული თანხის 0,07 პროცენტი“) გადახდა, 20.11.2021 წლიდან (საქართველოს შრომის კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად, „დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას, დამსაქმებელი ვალდებულია მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება, მისი შეწყვეტიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა“. ნ.ნ–ძე სამსახურიდან გათავისუფლებული იქნა 12.11.2021 წელს) სასამართლოს მიერ მიღებული და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

2. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით, ნ.ნ–ძის უფლებამონაცვლის - ე.თ–ძის სარჩელი, მოპასუხეების - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის“ მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ბათილად იქნა ცნობილი ლაგოდეხის მუნციპალიტეტის მერის 2021 წლის 12 ნოემბრის ბ92.92213163 ბრძანება, ა(ა)იპ „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის“ დირექტორის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე. მოპასუხე ა(ა)იპ „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურს“ (ს/ნ ........), მოსარჩელე ნ.ნ–ძის უფლებამონაცვლის ე.თ–ძის (პ/ნ .......) სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების სახით დაეკისრა, 2021 წლის 12 ნოემბრიდან 2022 წლის 01 იანვრამდე, თვეში 770 (შვიდას სამოცდაათი) ლარის და 2022 წლის 01 იანვრიდან ნ.ნ–ძის გარდაცვალების დღემდე - 01.11.2022 წლამდე, თვეში 950 (ცხრაას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება. მოპასუხე ა(ა)იპ „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურს“ (ს/ნ ........), მოსარჩელე ნ.ნ–ძის უფლებამონაცვლის - ე.თ–ძის (პ/ნ .......) სასარგებლოდ დაეკისრა, სახელმწიფო დაფინანსებიდან გამომდინარე არსებული დავალიანების - 16068,80 (თექვსმეტი ათას სამოცდარვა ლარი, ოთხმოცი თეთრი) ლარის ანაზღაურება. მოპასუხე ა(ა)იპ „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურს“ (ს/ნ ..........), მოსარჩელე ნ.ნ–ძის უფლებამონაცვლის - ე.თ–ძის (პ/ნ .........) სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო დაფინანსებიდან გამომდინარე არსებული დავალიანების - 16068,80 ლარის დაყოვნებისთვის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,07%-ის გადახდა, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

3. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ და ა(ა)იპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სასამართლოს 2025 წლის 29 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2026 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის და ა(ა)იპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 აპრილის განჩინება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ე.თ–ძის (ნ.ნ–ძის უფლებამონაცვლის) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ა(ა)იპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურს ე.თ–ძის (ნ.ნ–ძის უფლებამონაცვლე) სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო დაფინანსებიდან გამომდინარე არსებული დავალიანების 16 068,80 ლარის გადახდა; დანარჩენ ნაწილში ე.თ–ძის (ნ.ნ–ძის უფლებამონაცვლის) სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

6. საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა ა(ა)იპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურმა, მოითხოვა განმარტება, ე.თ–ძის სასარგებლოდ დაკისრებული თანხა 16 068,80 ლარი წარმოადგენს თუ არა სრულად ხელზე მისაღებ თანხას, თუ 16 068,80 ლარი დარიცხული თანხაა და ექვემდებარება კანონით გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადის დაკავებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო განცხადებას, შეამოწმა მისი საფუძვლიანობა, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ განმცხადებლის მოთხოვნა გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 262-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. დასახელებული საკანონმდებლო დათქმიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ამ საპროცესო ინსტიტუტის გამოყენება ემსახურება აღსრულების პროცესში იმ უფლების ზუსტ რეალიზაციას, რომელიც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე აქვს მოპოვებული უფლებადარღვეულ პირს, ამასთანავე, უმთავრესი პირობაა ის, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ერთმნიშვნელოვან დასკვნას არ უნდა იძლეოდეს აღსასრულებლად მიქცეული უფლების თაობაზე. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მართლმსაჯულების განხორციელებისას დაშვებული ხარვეზის გამოსწორების შესაძლებლობას და ორიენტირებულია მოდავე მხარეთა უფლებების იმგვარ დაცვაზე, როდესაც ერთმნიშვნელოვნად სწორად უნდა განხორციელდეს გადაწყვეტილებით დადგენილი მართლწესრიგის აღსრულება.

8. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ნებისმიერი დავის დასრულების შემდგომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების პროცესი მოქნილობით უნდა ხასიათდებოდეს და უსაფუძვლო დაბრკოლებებს არ უნდა ქმნიდეს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში. თუ ადმინისტრაციული ორგანოები უარს აცხადებენ ან ვერ ახერხებენ ან კიდევ აჭიანურებენ აღნიშნულ ვალდებულებას, მოსარჩელე მხარისათვის სამართალწარმოების პროცესში მე-6 მუხლით მინიჭებულ გარანტიას აზრი ეკარგება (იხ. Antonetto v. Italy, №15918/89, §28, 20 July 2000). ამრიგად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების აღუსრულებლობის გამო შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ადამიანის ისეთი ფუნდამენტური უფლებების დარღვევას, როგორიცაა საქმის სამართლიანი განხილვისა და სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლებები (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 და მე-13 მუხლები).

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 28 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებულია მოპასუხისთვის დაკისრებული თანხა, რომელიც უნდა აუნაზღაურდეს მოსარჩელეს, კერძოდ - ა(ა)იპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურს ე.თ–ძის (ნ.ნ–ძის უფლებამონაცვლე) სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო დაფინანსებიდან გამომდინარე არსებული დავალიანების 16 068,80 ლარის გადახდა;

10. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში/გადაწყვეტილებაში განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები) სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს. ამ ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებით განსაზღვრული შედეგი უნდა აღსრულდეს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ფარგლებში მითითებული პირობების შესაბამისად. ეს კი გულისხმობს იმას, რომ სარეზოლუციო ნაწილში მითითებული პირობები, კერძოდ, მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისათვის დაკისრებული თანხის ოდენობა, არ შეიძლება დაექვემდებაროს რაიმე სახის ცვლილებას და იგი აღმასრულებლის და ასევე, აღმასრულებლის საშუალებით მოვალის მიერ უნდა შესრულდეს სწორედ ისე, როგორც მითითებულია სასამართლოს მიერ. (იხ. სუსგ-ები: №ას-1454-1374-2017, 15.02.2018წ.; №ა-1602-გან-2-2024 25.04.2024წ.; №ა-6880-გან-26-2025 16.01.2026წ.)

11. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების პასუხად დამატებით მოიხმობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლს, რომელიც, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დადგენილი გარემოებების სადავოდ მიჩნევას გამორიცხავს, გარდა ამისა, ამავე კოდექსის 267-ე მუხლისა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, აღსასრულებლად მიექცევა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. მოცემულ შემთხვევაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში რაიმე მითითება დაკისრებული თანხის დაქვითვაზე არ არის, შესაბამისად, გაუმართლებელია განმცხადებლის პოზიცია სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანების თაობაზე. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ სამოქალაქო დავის განხილვისა და გადაწყვეტილების გამოტანის დროს უპირატესი მნიშვნელობა ენიჭება პირის უფლების კერძოსამართლებრივ რეგულირებას, რაც შეეხება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხს, იგი საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ფინანსური ოპერაციაა, რომელიც სცილდება სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებს და შესაძლოა სამოქალაქო საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაში არც კი აისახოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა(ა)იპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის განცხადება, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

ლაშა ქოჩიაშვილი