დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-1407-2025
10 ივნისი, 2026 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს.კ.ა–ი“ (ყოფილი სს „ა.დ–ა“) (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 26 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ სარჩელი აღძრა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სს ,,ა.დ–ის’’ მიმართ და მოპასუხისთვის საგარანტიო თანხის, 27 820.75 ლარის, დაკისრება მოითხოვა.
სარჩელის თანახმად, 2021 წლის 19 ოქტომბერს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას და შპს ,,გ.კ–ს" შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №139 ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელემ აიღო ვალდებულება, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მარტყოფის ადმინისტრაციულ ერთეულში ყოფილი ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაციის შესახებ. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 521 876,56 ლარს. სამუშაოების დასრულების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან (2021 წლის 19 ოქტომბერი) 120 (ასოცი) კალენდარული დღით (2022 წლის 15 თებერვლის ჩათვლით). 2021 წლის 02 ნოემბერს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიერ შპს ,,გ.კ–ის’’ 2021 წლის 25 ოქტომბრის მომართვისა და გარანტორის, სს,,ა.დ–ის’’, (№APB/21-093523; 22/10/2021წ) სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების საავანსო ანგარიშსწორების უზრუნველყოფის უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე, №139 ხელშეკრულების მე-6 მუხლის შესაბამისად, მოხდა საავანსო თანხის 104 375 (ას ოთხი ათას სამას სამოცდათხუთმეტი) ლარის ჩარიცხვა. 2021 წლის 21 დეკემბერს გარდაბნის მუნიციპალიტეტს და შპს ,,გ.კ–ს’’ შორის გაფორმდა პირველი მიღება-ჩაბარების აქტი №93. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის შესრულებული სამუშაოების მიმღებმა ჯგუფმა მიიღო ნაწილობრივ შესრულებული ობიექტი შპს „ს.მ.ჯ–ის“ წარმოდგენილი ინსპექტირების ანგარიშის - დასკვნის საფუძველზე, რომლის ღირებულება შეადგენდა 88 138.90 ლარს. 2022 წლის 12 აპრილს გაფორმდა მეორე მიღება-ჩაბარების აქტი №15. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის შესრულებული სამუშაოების მიმღებმა ჯგუფმა მიიღო ნაწილობრივ შესრულებული ობიექტი შპს „ს.მ.ჯ–ის" წარმოდგენილი ინსპექტირების ანგარიშის - დასკვნის საფუძველზე, რომლის ღირებულება შეადგენდა 152 387.86 ლარს. 2022 წლის 18 აგვისტოს შპს ,,გ.კ–ის’’ მიერ წარდგენილ იქნა ახალი სს „ა.დ–ის“ (№APB/22-093829, 18/08/2022წ) სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების საავანსო ანგარიშსწორების უზრუნველყოფის უპირობო გამოუთხოვადი საბანკო გარანტია, რომლის მიხედვით, გარანტიის თანხამ შეადგინა 56 269.62 ლარი და საბანკო გარანტიის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 23 აგვისტოდან 2022 წლის 23 ოქტომბრის ჩათვლით. შპს ,,გ.კ–ს’’, 2021 წლის 19 ოქტომბერს გაფორმებული N139 ხელშეკრულების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის ვადის დარღვევისათვის დაეკისრა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული კონკრეტული პუნქტის ღირებულების 0.1%-ის ოდენობით და გადასახდელმა თანხამ შეადგინა 80766.29 ლარი. ხოლო, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო, ხელშეკრულების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დაეკისრა პირგასამტეხლო 13 213,13 ლარი (ხელშეკრულების შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 5%). შემსყიდველის მხრიდან, მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-3 პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, ხელშეკრულება ცალმხრივად იქნა შეწყვეტილი, რაც კომპანიას ეცნობა 2022 წლის 23 სექტემბრის №18-182226696 შეტყობინებით.
2022 წლის 29 სექტემბერს, №18-1822272124 კორესპონდენციით, მუნიციპალიტეტის მერიამ მიმართა სს „ა.დ–ას“ და მოითხოვა მათ მიერ გაცემული უპირობო და გამოუთხოვადი №/22-093829 (18/08/2022წ) საავანსო საბანკო გარანტიის პირობებიდან გამომდინარე, გარანტიის თანხის, 56 269.65 ლარის, ჩარიცხვა გარდაბნის მუნიციპალიტეტის ანგარიშზე, რაზეც სადაზღვევო კომპანიამ 2022 წლის 30 ნოემბრის №გ/22-09 კორესპონდენციით აცნობა, რომ მოთხოვნის შესახებ ეცნობა პრინციპალს, რომელმაც წარადგინა შპს „ს.მ.ჯ–ის“ მიერ შედგენილი ინვენტარიზაციის შედეგად დამოწმებული შესრულებული სამუშაოს აქტი (ფორმა 2) - 162 247,83 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულებაზე, ასევე, მიუთითა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №139 ხელშეკრულების მე-6 მუხლის მე-7 პუნქტზე - „ავანსის გაქვითვა მოხდება პროპორციულად, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულების იმ პროცენტის ოდენობით, რა პროცენტული ოდენობითაც, რა პროპორციული ოდენობითაც გაიცა ავანსი. ეტაპობრივი ანგარიშსწორების შემთხვევაში, ანგარიშსწორების ბოლო ეტაპზე წინასწარ გადახდილი თანხის დაქვითვა მოხდება იმ მოცულობით, რა მოცულობაც საჭიროა ავანსის სრულყოფილად გასაქვითად.“ სთხოვეს, დაეზუსტებინათ მოთხოვნა და წარედგინათ პრინციპალის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის მტკიცებულება. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მოპასუხემ ყურადღება გაამახვილა მხოლოდ ხელშეკრულების მე-6 მუხლის მე-7 პუნქტზე, თუმცა ხელშეკრულების ამავე მუხლის მე-4 პუნქტში მითითებულია რომ: - „ავანსის იდენტური ოდენობის საბანკო გარანტია თავისი შინაარსით უნდა იყოს უპირობო გამოუთხოვადი და შემსყიდველს უნდა აძლევდეს უფლებას, ავანსის იდენტური ოდენობის საბანკო გარანტიის გამცემი დაწესებულებისგან პირველივე მოთხოვნისთანავე მიიღოს შესაბამისი თანხა". 2023 წლის 16 მარტს №18-182307587 კორესპონდენციით მუნიციპალიტეტის მერიამ კვლავ მიმართა სს „ა.დ–ას“ იმავე მოთხოვნით, რაც სს „ა.დ–ამ" უპასუხოდ დატოვა. 2023 წლის 18 მაისს გაფორმდა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი №24. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის შესრულებული სამუშაოების მიმღებმა ჯგუფმა მიიღო ნაწილობრივ შესრულებული ობიექტი შპს „ს.მ.ჯ–ის“ წარმოდგენილი ინსპექტირების ანგარიშის - დასკვნის საფუძველზე, რომლის ღირებულება შეადგენდა 142 244.54 ლარს. 2023 წლის 06 ივნისის №18-1823157139 კორესპონდენციით მუნიციპალიტეტის მერიამ კვლავ მიმართა სს „ა.დ–ას“, სადაც აღნიშნა, რომ 2023 წლის 18 მაისის შუალედური №24 მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ შეუსრულებელი ვალდებულების საგარანტიო თანხამ შეადგინა 27 820.75 ლარი და მოითხოვა ამ თანხის მუნიციპალიტეტის ანგარიშზე ჩარიცხვა, თუმცა სს „ა.დ–ის“ 2023 წლის 13 ივნისის საპასუხო წერილის შინაარსი იგივე იყო, რაც 2022 წლის 30 ნოემბრის №ბ/22-0919 წერილით გაიგზავნა მუნიციპალიტეტში. 2023 წლის 14 ივლისს №18-1823195179 გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ კვლავ მიმართა მოპასუხეს, თუმცა სს „ა.დ–ამ" ისევ მუნიციპალიტეტსა და პრინციპალს შორის გაფორმებული ხელშეკრულება მოიმიზეზა და უარი განაცხადა შეუსრულებელი ვალდებულების საგარანტიო თანხის ჩარიცხვაზე.
2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. შესაგებელში განმარტებულია, რომ შპს ,,გ.კ–ს’’ და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას შორის 2021 წლის 19 ოქტომბერს ნამდვილად გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის N139-ე ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მიმწოდებელს უნდა შეესრულებინა გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მარტყოფის ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაციის სამუშაოები. ამ ხელშეკრულების ღირებულებად კი განისაზღვრა 521 876.56 ლარი. სს ,,ა.დ–ის’’ მიერ 2021 წლის 22 ოქტომბერს გაიცა საავანსო უზრუნველყოფის საბანკო გარანტია APB/21-093523. აღნიშნული საბანკო გარანტიის ბენეფიციარი იყო გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია, პრინციპალი შპს ,,გ.კ–ი’’, ხოლო საბანკო გარანტიის საგანი იყო ავანსის სახით გაცემული თანხის უზრუნველყოფა 104 375 ლარის ფარგლებში. გარანტიის ტექსტში ვკითხულობთ, რომ გარანტი უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის ფარგლებში კისრულობს ვალდებულებას ბენეფიციარის წინაშე, მისი პირველივე წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე გადაუხადოს მას საავანსო ანგარიშსწორების წესით პრინციპალისთვის გადახდილი თანხა, მაგრამ არა უმეტეს გარანტიის თანხისა. პრინციპალის მიერ საავანსო ანგარიშსწორებასთან დაკავშირებულ ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში და მისი შეუსრულებლობის ოდენობით. ეს საბანკო გარანტია მოიცავს საავანსო ანგარიშსწორების უზრუნველყოფას, მაგრამ არ მოიცავს პრინციპალზე დაკისრებულ საჯარო ან კერძოსამართლებრივ სანქციას (ჯარიმა, პირგასამტეხლო და სხვა.) ან დამატებით ხარჯებს (ექსპერტიზის საფასური და სხვა). შემსყიდველსა და მიმწოდებელ შორის 2021 წლის 21 დეკემბერს გაფორმებული პირველი N93 მიღება-ჩაბარების აქტით დგინდება, რომ შემსყიდველმა მიმწოდებლისგან მიიღო 88 138.90 ლარის შესრულებული სამუშაო, საიდანაც დაიქვითა ავანსის სახით აღებული თანხის ნაწილი და მიმწოდებელს ჩაერიცხა 66 104 18 ლარი. შემსყიდველსა და მიმოწოდებელს შორის 2022 წლის 12 აპრილს გაფორმდა რიგით მე-2 მიღება-ჩაბარების აქტი N15, რომლითაც შემსყიდველმა მიმწოდებლისგან მიიღო 152 387, 86 ლარის შესრულებული სამუშაო. ამ მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე მოხდა ავანსის თანხის ნაწილის დაკავება და დარჩენილი თანხის ანაზღაურება 114 290.89 ლარის ოდენობით განხორციელდა მიმწოდებლის ანგარიშზე. 2022 წლის 18 აგვისტოს, პრინციპალის მოთხოვნის საფუძველზე, გაიცა ახალი საავანსო უზრუნველყოფის საბანკო გარანტია APB/22-093829, რომლის ბენეფიციარიც იყო ასევე გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია, აღნიშული გარანტია გაცემულ იქნა 2022 წლის 18 აგვისტოს 56 269.62 ლარის ფარგლებში და მოქმედებდა 2022 წლის 23 ოქტომბრის ჩათვლით. გარანტიის თანახმად, გარანტი უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის ფარგლებში კისრულობს ვალდებულებას ბენეფიციარის წინაშე, მისი პირველივე წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, გადაუხადოს მას საავანსო ანგარიშსწორების წესით პრინციპალისთვის გადახდილი თანხა, მაგრამ არა უმეტეს გარანტიის თანხისა. პრინციპალის მიერ საავანსო ანგარიშსწორებასთან დაკავშირებულ ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში და მისი შეუსრულებლობის ოდენობით. ეს საბანკო გარანტია მოიცავს საავანსო ანგარიშსწორების უზრუნველყოფას, მაგრამ არ მოიცავს პრინციპალზე დაკისრებულ საჯარო ან კერძო სამართლებრივ სანქციას (ჯარიმა, პირგასამტეხლო და სხვა) ან დამატებით ხარჯებს (ექსპერტიზის საფასური და სხვა). გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ 2022 წლის 29 სექტემბერს მიმართა სს ,,ა.დ–ას'' და მოითხოვა საგარანტიო თანხა. გარანტმა 2022 წლის 30 ნოემბრის წერილით აცნობა, რომ ბენეფიციარის მოთხოვნა საჭიროებდა დაზუსტებას, ვინაიდან პრინციპალმა წარადგინა დასკვნა, რომლითაც დგინდებოდა, რომ პრინციპალმა ბენეფიციარს სრულად დაუფარა ავანსად აღებული თანხა. აღნიშნულ შეტყობინებით ბენეფიციარს განემარტა, რომ მას ავანსის სახით აღებული თანხა უნდა გაექვითა შესრულებულ სამუშაოებში და მიუთითა ხელშეკრულების შესაბამისი დანაწესზე. სწორედ ამ მიზნით, გარანტმა სთხოვა ბენეფიციარს დაეკორექტირებინა საავანსო უზრუნველყოფის საბანკო გარანტიიდან გამომდინარე მოთხოვნა. 2023 წლის 18 მაისს, შემსყიდველმა (ბენეფიციარმა) მიიღო მიმწოდებლის (პრინციპალის) მიერ 142 244,54 ლარის ღირებულების შესრულებული სამუშაო, ამის მიუხედავად, შემსყიდველმა ისევ მიმართა გარანტს 2023 წლის 6 ივნისს, ამჯერად შემცირებული მოთხოვნით, კერძოდ, იგი APB/22-093829 საავანსო უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის ფარგლებში მოითხოვდა 27 820.75 ლარის ანაზღაურებას, რაზეც გარანტმა 2023 წლის 13 ივნისის წერილით უარი უთხრა, გარანტმა ბენეფიციარს დეტალურად განუმარტა, რომ: ბენეფიციარსა და პრინციპალს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის 139-ე ხელშეკრულების მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად „ანგარიშსწორების ბოლო ეტაპზე წინასწარ გადახდილი თანხის გაქვითვა მოხდება იმ მოცულობით, რა მოცულობაც საჭიროა ავანსის სრულად გასაქვითად." მოსარჩელეს სარჩელზე დართული აქვს 2 მიღება-ჩაბარების აქტი 2021 წლის 21 დეკემბრისა და 2022 წლის 12 აპრილის, თუმცა არ წარმოუდგენია სწორედ სადავო მესამე შესრულების მიღება-ჩაბარების აქტი და საგადახდო მოთხოვნა. თუმცა წერილობით შეტყობინებით აღიარა, რომ მესამე შესრულებიდან მიღებულ იქნა 142 244,54 ლარი, საიდანაც პირველ რიგში სრულად დაქვითა მისაღები პირგასამტეხლო, ხოლო გაცემული გაუქვითავი ავანსის თანხის ოდენობა თადაპირველი მოთხოვნისაგან განსხვავებით შეამცირა 27 820,75 ლარამდე. არადა საგარანტიო პირობიდან გამომდინარე, საავანსო გარანტიის თანხის ოდენობა უნდა შემცირებული თავდაპირველად სრულად, ხოლო შემდგომ დაეკავებინა პირგასატემხლო. ბენეფიციარს, პრინციპალთან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის 139-ე ხელშეკრულების მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, უნდა მოეხდინა დარჩენილი ავანსის გაქვითვა 2023 წლის 18 მაისის ბოლო შესრულებული სამუშაოს აქტიდან. ხელშეკრულების მიხედვით, „ავანსის გაქვითვა მოხდება პროპორციულად, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულების იმ პროცენტის ოდენობით, რა პროცენტული ოდენობითაც გაიცა ავანსი. ეტაპობრივი ანგარიშსწორების შემთხვევაში, ანგარიშსწორების ბოლო ეტაპზე წინასწარ გადახდილი თანხის გაქვითვა მოხდება იმ მოცულობით, რა მოცულობითაც საჭიროა ავანსის სრულყოფილად გასაქვითად." შესაბამისად, საავანსო ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის პირობების საფუძველზე, ბენეფიციარს ჯერ უნდა მოეხდინა ავანსის სრულად გაქვითვა, ხოლო დარჩენილი თანხიდან შეეძლო ჯარიმისა თუ პირგასამტეხლოს დაკავება. შემსყიდველმა მიმწოდებელს დამატებით უღიარა 142 244.54 ლარის შესრულებული სამუშაო, ამ ეტაპისთვის გასაქვით ავანსს შეადგენდა 56 269,65 ლარი. შესაბამისად, ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ, ვერ მოხდებოდა ანაზღაურების გაცემა მიმწოდებლისათვის და ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, უკვე მიღებული შესრულებით უნდა მომხდარიყო მიღებული ავანსის გაქვითვა. მოსარჩელის პოზიცია, რომ საბანკო გარანტია არის უპირობო და გამოუთხოვადი, არ ნიშნავს იმას, რომ გარანტი არ არის უფლებამოსილი იკვლიოს საგარანტიო მოთხოვნის საფუძვლიანობა. მით უმეტეს მაშინ, რომ პრინციპალმა გარანტს წარმოუდგინა შესაბამისი დოკუმენტაცია, რომლითაც დგინდებოდა, რომ გარანტის მოთხოვნა იყო არამართლზომიერი, თუკი გარანტი არამართლზომიერად გამოთხოვილი საბანკო გარანტიის ანაზღაურებას მოახდენს, იგი კარგავს რეგრესული ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას პრინციპალისგან.
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 26 ივნისის განჩინებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება.
6. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას (შემსყიდველი) და შპს "გ.კ–ს" (მიმწოდებელი) შორის 2021 წლის 19 ოქტომბერს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N139 ხელშეკრულება, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ........ ყოფილი ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაციის სამუშაოების შესრულების თაობაზე, რომლის ღირებულება 521 876.56 ლარს შეადგენდა. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2021 წლის 19 ოქტომბრიდან 120 კალენდარული დღე - 2022 წლის 15 თებერვლის ჩათვლით.
6.2. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას (შემსყიდველი) და შპს ,,გ.კ–ს’’ (მიმწოდებელი) შორის 2021 წლის 19 ოქტომბერს დადებული N139 სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, სს ,,ა.დ–ის’’ მიერ (გარანტი), 2021 წლის 15 ოქტომბერს გაიცა სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების საავანსო ანგარიშსწორების უზრუნველყოფის უპირობო, გამოუხმობადი საბანკო გარანტია N APB/21-093523, 104 375 ლარზე, ვადით - 22.10.2021 წლიდან 20.04.2022 წლის ჩათვლით. საბანკო გარანტიის თანახმად, გარანტი უპირობო და გამოუთხოვად კისრულობს ვალდებულებას ბენეფიციარის წინაშე, მისი პირველივე წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე გადაუხადოს მას საავანსო ანგარიშსწორების წესით პრინციპალისათვის გადახდილი თანხა, მაგრამ არაუმეტეს გარანტიის თანხისა, პრინციპალის მიერ საავანსო ანგარიშსწორებასთან დაკავშირებულ ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში და მისი შეუსრულებლობის ოდენობით. საბანკო გარანტია მოიცავს საავანსო ანგარიშსწორების უზრუნველყოფას, მაგრამ არ მოიცავს პრინციპალზე დაკისრებულ საჯარო ან კერძოსამართლებრივ სანქციას (ჯარიმა, პირგასამტეხლო და სხვ) ან დამატებით ხარჯებს (ექსპერტიზის საფასური და სხვა).
6.3. 2021 წლის 2 ნოემბერს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ მიმწოდებელს ჩაურიცხა ავანსი - 104 375 ლარი.
6.4. 2021 წლის 21 დეკემბერს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას და შპს "გ.კ–ს" შორის გაფორმდა N93 მიღება-ჩაბარების აქტი ზემოხსენებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული - 88 138.90 ლარის ღირებულების შესრულებული სამუშაოების ჩაბარების თაობაზე.
6.5. 2022 წლის 12 აპრილს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას და შპს "გ.კ–ს" შორის გაფორმდა N15 მიღება-ჩაბარების აქტი ხელშეკრულებით გათვალისწინებული - 152 387.86 ლარის ღირებულების შესრულებული სამუშაოების ჩაბარების თაობაზე.
6.6. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას (შემსყიდველი) და შპს ,,გ.კ–ს’’ (მიმწოდებელი) შორის 2021 წლის 19 ოქტომბერს დადებული N139 სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, სს ,,ა.დ–ას“ მიერ (გარანტი), 2022 წლის 18 აგვისტოს გაიცა სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების საავანსო ანგარიშსწორების უზრუნველყოფის უპირობო გამოუხმობადი საბანკო გარანტია N APB/22-093829, 56 269.62 ლარზე, ვადით - 23.08.2022 წლიდან 23.10.2022 წლის ჩათვლით. საბანკო გარანტიის თანახმად, გარანტი უპირობო და გამოუთხოვად კისრულობს ვალდებულებას ბენეფიციარის წინაშე, მისი პირველივე წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე გადაუხადოს მას საავანსო ანგარიშსწორების წესით პრინციპალისათვის გადახდილი თანხა, მაგრამ არაუმეტეს გარანტიის თანხისა, პრინციპალის მიერ საავანსო ანგარიშსწორებასთან დაკავშირებულ ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში და მისი შეუსრულებლობის ოდენობით. საბანკო გარანტია მოიცავს საავანსო ანგარიშსწორების უზრუნველყოფას, მაგრამ არ მოიცავს პრინციპალზე დაკისრებულ საჯარო ან კერძოსამართლებრივ სანქციას (ჯარიმა, პირგასამტეხლო და სხვ) ან დამატებით ხარჯებს (ექსპერტიზის საფასური და სხვა).
6.7. შპს "გ.კ–ს", N 139 ხელშეკრულების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, სამუშაოების გეგმა-გრაფიკის ვადის დარღვევისათვის გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაეკისრა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული კონკრეტული პუნქტის ღირებულების 0.1%- ის ოდენობით, 80 766.29 ლარის ოდენობით. ამასთან, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შპს „გ.კ–ს“ დაეკისრა პირგასამტეხლო 13 213.13 ლარის ოდენობით. ასევე, ეცნობა, რომ შემსყიდველის მხრიდან ცალმხრივად იქნა შეწყვეტილი ხელშეკრულება. აღნიშნულის შესახებ მიმწოდებელს ეცნობა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 23 სექტემბრის წერილით.
6.8. 2022 წლის 29 სექტემბერს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ მიმართა სს „ა.დ–ას" საგარანტიო თანხის 56 269.65 ლარის გადახდის მოთხოვნით.
6.9. 2022 წლის 30 ნოემბრის წერილით სს "ა.დ–ამ" გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას აცნობა, რომ მოთხოვნის შესახებ ეცნობა პრინციპალს, რომელმაც წარმოადგინა შპს „ს.მ.ჯ–ის“ მიერ შედგენილი ინვენტარიზაციის შედეგად დამოწმებული შესრულებული სამუშაოს აქტი 162 247.83 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულებაზე. სს „ა.დ–ამ“ მიმართა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას, რომ დაეზუსტებინა მოთხოვნა და წარედგინა პრინციპალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტისა და ოდენობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
6.10. მხარეები არ დავობენ, რომ 2023 წლის 18 მაისს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას და შპს ,,გ.კ–ს’’ შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი N24, ხელშეკრულებით გათვალისწინებული - 142 244.54 ლარის ღირებულების შესრულებული სამუშაოების ჩაბარების თაობაზე (იხ. სარჩელისა და შესაგებლის მე-9 ფაქტობრივი გარემოებები).
6.11. 2023 წლის 6 ივნისს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ მიმართა სს ,,ა.დ–ას“ საგარანტიო თანხის 27 820.75 ლარის გადახდის მოთხოვნით. სს ,,ა.დ–ამ’’ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას წერილით აცნობა, რომ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N139 ხელშეკრულების მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორების ბოლო ეტაპზე წინასწარ გადახდილი თანხის გაქვითა მოხდება იმ მოცულობით, რა მოცულობითაც საჭიროა ავანსის სრულყოფილად გასაქვითად. აღნიშნულის გათვალისწინებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა მოეხდინა N 24 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე საბანკო გარანტიის ფარგლებში დარჩენილი საავანსო ვალდებულების სრულად გაქვითვა და გარანტისთვის წარედგინა დაკორექტირებული მოთხოვნა.
6.12. სს ,,ა.დ–ამ’’ შეიცვალა სახელწოდება და ამჟამად მისი სახელწოდებაა სს ,,ს.კ.ა–ი’’.
7. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საავანსო გარანტიის პირობების თანახმად, საგარანტიო თანხა მცირდებოდა პრინციპალის მიერ ხელშეკრულების შესრულების პროპორციულად. დადგენილია, რომ შემსყიდველმა მიმწოდებლისგან მიიღო, ჯამში 382 771.30 ლარის ღირებულების სამუშაო. ბოლო მიღება-ჩაბარების აქტი, 142 244.54 ლარის სამუშაოების შესრულებაზე, მხარეებს შორის გაფორმდა 2023 წლის 18 მაისს. პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მითითება, რომ ბენეფიციარს მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან უნდა გაექვითა უზრუნველყოფილი ავანსის თანხა სრულად და არა ნაწილობრივ, როგორც გათვალისწინებული იყო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N139 ხელშეკრულების მე-6 მუხლის მე-7 პუნქტით.
8. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის აპელირება მასზე, რომ ვინაიდან თავდაპირველი მოთხოვნა გარანტს წარედგინა ვადის დაცვით, შემცირებული მოთხოვნაც უნდა ჩათვლილიყო ვადაში წარდგენილად და აღნიშნა, რომ მხარეთა შორის სადავო არ იყო ის გარემოება, რომ გარანტს ბენეფიციარის მოთხოვნა თავდაპირველად წარედგინა გარანტიის მოქმედების ვადაში, თუმცა აღნიშნული არ უნდა იქნეს გაგებული იმდაგვარად, რომ მომდევნო, განსხვავებულ თანხაზე წარდგენილი მოთხოვნაც ჩაითვლება ვადაში წარდგენილად. პალატამ განმარტა, რომ ბენეფიციარს შეუძლია, საგარანტიო თანხების ოდენობის ფარგლებში, მოთხოვნის წარდგენა მხოლოდ გარანტიების მოქმედების შეთანხმებულ ვადებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბენეფიციარის მოთხოვნა მიჩნეული იქნება გარანტიით განსაზღვრული ვადის დარღვევით წარდგენილად.
9. სააპელაციო პალატამ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 885-ე, 887-ე და 889-ე მუხლებზე მითითებით, განმარტა, რომ საავანსო საბანკო გარანტიის მოქმედების ვადაში გარანტთან გაგზავნილი ბენეფიციარის მოთხოვნა საჭიროებდა დაზუსტებას, ვინაიდან პრინციპალმა წარადგინა დასკვნა, რომლითაც დგინდებოდა, რომ სამუშაოების ბოლო ეტაპზე მას შემსყიდველისთვის (ბენეფიციარისთვის) შესრულებული ჰქონდა საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილ საავანსო თანხაზე გაცილებით მეტი ღირებულების სამუშაოები. დაზუსტებული მოთხოვნა კი გარანტს წარედგინა გარანტის მოქმედების შეთანხმებული ვადების გასვლის შემდეგ, რაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 887-ე და 889-ე მუხლების შესაბამისად, ბენეფიციარის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე გარანტის მიერ უარის თქმის საფუძველია.
10. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.
11. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
11.1. კასატორის განმარტებით, სასარჩელო მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობა ეწინააღმდეგება ხელშეკრულებით დადგენილ პირობებს და არსებულ სამართლებრივ ნორმებს. აღნიშნული გადაწყვეტილება უკუაგდებს გარანტიის მნიშვნელობას, როგორც წინასწარ გათვლილ, რისკის თავიდან აცილების საშუალებას, რაც ბენეფიციარის დაცვის აუცილებელი ინსტრუმენტია. საკასაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა ტენდერი, გამარჯვებული გახდა შპს „გ.კ–ი“, რომელმაც გარანტორად წარადგინა სს ,,ს.კ.ა–ი“. სახეზე არის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულების შეწყვეტა, რომლის გამოც მუნიციპალიტეტს მიადგა ზიანი, საფრთხე შეექმნა მოსახლეობის წინაშე აღებულ ვალდებულებას, საჭირო გახდა ინფრასტრუქტურული პროექტის დასასარულებლად ახალი ტენდერის გამოცხადებისთვის მომზადება, რაც ზედმეტს ფინანსურ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. გარანტი, რომელმაც ხელშეკრულების საფუძველზე იკისრა პასუხისმგებლობა, ვალდებული იყო, ბენეფიციარის პირველივე მოთხოვნისთანავე დაებრუნებინა საავანსო ფულადი თანხა. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მოთხოვნა შესაბამისი იყო გარანტიის პირობებთან, გარანტს ევალებოდა, დამატებითი მოთხოვნის გარეშე გადაეხადა თანხა. გარანტმა ვადის დაცვით წარდგენილი მოთხოვნის მიუხედავად, საგარანტიო ვადის გასვლის შემდგომ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა. კასატორი აღნიშნავს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ არ უნდა ითვლებოდეს ბენეფიციარის მოთხოვნა ხელშეკრულებითა და კანონმდებლობით დადგენილ ვადაში და პირობებით წარდგენილად.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 12 ნოემბრის განჩინებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
13. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ: 16. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
17. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
18. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი (ბენეფიციარი) ასაჩივრებს სასამართლოს უარს საბანკო გარანტიის ფარგლებში 27 820.75 ლარის ანაზღაურებაზე.
19. კასატორის შეფასებით, გარანტი, რომელმაც ხელშეკრულების საფუძველზე იკისრა პასუხისმგებლობა, ვალდებული იყო ბენეფიციარის პირველივე მოთხოვნისთანავე, დამატებითი მოთხოვნის გარეშე, დაებრუნებინა საავანსო ფულადი თანხა. გარანტმა კი, ვადაში წარდგენილი მოთხოვნის მიუხედავად, საგარანტიო ვადის გასვლის შემდგომ, არ დააკმაყოფილა მოთხოვნა.
20. კასატორის (ბენეფიციარის) მოთხოვნის დამფუძნებელ სამართლებრივ ნორმას გარანტის (მეორე მოპასუხის ) მიმართ წარმოადგენს სსკ-ის 879-ე მუხლი: „საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე“.
21. საბანკო გარანტია წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებას, რომელიც უზრუნველყოფის სხვა საშუალებებისგან განსხვავდება თავისი დამოუკიდებლობით (არააქცესორულობით), რაც გულისხმობს, იმას, რომ ძირითადი ვალდებულება - ხელშეკრულება, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა საბანკო გარანტია გავლენას ვერ ახდენს ამ უკანასკნელზე. საბანკო გარანტია უნდა შესრულდეს გაცემული პირობების ფარგლებში. საბანკო გარანტიასთან დაკავშირებული ურთიერთობის მონაწილეები არიან რა ბენეფიციარი, პრინციპალი და გარანტი, ამ ურთიერთობის ფარგლებში ფაქტობრივად იდება ორი გარიგება, კერძოდ, გარანტსა და პრინციპალს შორის საბანკო გარანტიის გაცემის თაობაზე ორმხრივი, სასყიდლიანი ხელშეკრულება და თვით საბანკო გარანტია, რომელიც ცალმხრივი ხელშეკრულებაა და წარმოადგენს გარანტის ცალმხრივ ვალდებულებას ბენეფიციარის მიმართ. ამდენად, მოცემული ინსტიტუტის სამართლებრივი ანალიზიდან გამომდინარე, გარანტსა და პრინციპალს შორის საბანკო გარანტიის გაცემის თაობაზე ხელშეკრულება და თვით საბანკო გარანტია განხილულ უნდა იყოს, როგორც ორი დამოუკიდებელი გარიგება, რა დროსაც, როგორც წესი, ერთ-ერთი მათგანის პირობები შესაძლოა, განსხვავდებოდეს მეორე გარიგებაში მოცემული პირობებისაგან. საბანკო გარანტიის პირობები შესაძლოა, გავლენას არ ახდენდეს გარანტსა და პრინციპალს შორის საბანკო გარანტიის გაცემაზე შეთანხმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხარეთა ვალდებულებებზე და პირიქით (იხ. სუსგ. №ას-1511-2018 26.03. 2019წ).
22. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ საბანკო გარანტია დამოუკიდებელი ხელშეკრულებაა, იგი პრინციპალის მიერ მოვალეობათა შესრულების საგარანტიო ხელშეკრულებაა და დამოუკიდებულია იმ ძირითადი ხელშეკრულებისაგან (შესაბამისად, მასში გათვალისწინებული პირობებისგან/ვალდებულებისგან), რომლის უზრუნველსაყოფადაც ის გაიცა. ამას იმპერატიულად ადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 881-ე მუხლი და მისი შეცვლა მხარეებს არ შეუძლიათ. უფრო მეტიც, ის ხელშეკრულება, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა საბანკო გარანტია, შესაძლოა სულაც შეწყდეს ან ბათილად იქნეს ცნობილი, თუმცა, საბანკო გარანტიის ხელშეკრულება მაინც ძალაში დარჩება (იხ. სუსგ. Nას-950-886-2017 03.11.2017წ).
23. სსკ-ის 885-ე მუხლით მოწესრიგებულია ბენეფიციარის მოთხოვნის წარდგენის ფორმა და მოთხოვნისა და თანდართული დოკუმენტების გარანტიის პირობებისადმი შესაბამისობის საკითხი, კერძოდ, საბანკო გარანტიით ბენეფიციარის მოთხოვნა ფულადი თანხის გადახდის შესახებ უნდა წარედგინოს გარანტს წერილობითი ფორმით, გარანტიაში მითითებული დოკუმენტების დართვით. მოთხოვნაში ან მის დანართში ბენეფიციარმა უნდა მიუთითოს, თუ რაში გამოიხატება პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევა, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა გარანტია. ბენეფიციარის მოთხოვნა უნდა წარედგინოს გარანტს გარანტიით განსაზღვრული იმ ვადის დამთავრებამდე, რა ვადითაც იგი გაიცა.
24. სსკ-ის 887.I მუხლის თანახმად გარანტი უფლებამოსილი და ვალდებულიცაა, შეამოწმოს, თუ რამდენად შეესაბამება ბენეფიციარის მოთხოვნა გარანტიის პირობებს. ბენეფიციარის მოთხოვნისა და მასზე თანდართული დოკუმენტების შესაბამისობის შემოწმება გარანტიის პირობებთან მოიცავს იმასაც, თუ რამდენად დაიცვა ბენეფიციარმა მოთხოვნის წარდგენისას სსკ-ის 885-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები. უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში განმარტებულია: „სსკ-ის 885-ე მუხლი ავსებს სსკ-ის 887.I მუხლის დანაწესს მოთხოვნისა და თანდართული დოკუმენტების გარანტიის პირობებისადმი შესაბამისობის შესახებ“ (იხ., სუსგ №ას-781-996-08, 17.03.2009წ.). თუ შემოწმების შედეგად გარანტი დაასკვნის, რომ ბენეფიციარის მოთხოვნა ან მასზე თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს ან ისინი გარანტს გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ წარედგინა, იგი უარს ეტყვის ბენეფიციარს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. გარანტს უფლება არა აქვს სხვა საფუძვლით განაცხადოს უარი ბენეფიციარის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. გარანტის უარი არ ნიშნავს, რომ გარანტის ვალდებულება წყდება. ბენეფიციარს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს საბანკო გრანტიის მოქმედების დარჩენილი დროის განმავლობაში ხელმეორედ წარადგინოს მოთხოვნა გარანტის მიმართ და მოსთხოვოს მას საბანკო გარანტიიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება. თუკი, ბენეფიციარის მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე გარანტისთვის ცნობილი გახდა, რომ პრინციპალმა განახორციელა ბენეფიციარის დაკმაყოფილება, ე.ი. ძირითადი ვალდებულება შესრულდა, შეწყდა რაიმე სხვა საფუძვლით, ან ბათილია სსკ-ის 887.II მუხლის შესაბამისად, მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის შესახებ ბენეფიციარსა და პრინციპალს. მხოლოდ ამგვარი შეტყობინება არ წარმოადგენს ვალდებულებისგან გარანტის გათავისუფლების საფუძველს. თუ ბენეფიციარის მოთხოვნა განმეორდა, მაშინ საბანკო გარანტიის არააქცესორული ბუნებიდან გამომდინარე, გარანტი ვალდებულია დააკმაყოფილოს ბენეფიციარის მოთხოვნა. გარანტის შეტყობინება უზრუნველყოფს იმას რომ, გარანტი არ ჩაითვლება ვადის გადამცილებლად ბენეფიციარის წინაშე, ვიდრე იგი ბენეფიციარისგან არ მიიღებს ხელმეორე მოთხოვნას და მისი განხილვის გონივრული ვადა არ ამოიწურება. გარანტს რეგრესული ანაზღაურების უფლება არ წარმოეშობა მაშინ, თუკი საბანკო გარანტიიდან გამომდინარე თანხის ანაზღაურება გარანტიის პირობების საწინააღმდეგოდ განახორციელა.
25. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოდავე მხარეთა შორის წარმოშობილია საბანკო გარანტიის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, კერძოდ, სს ,,ა.დ–ის" მიერ (გარანტი), 2021 წლის 22 ოქტომბერს გაიცა სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების საავანსო ანგარიშსწორების უზრუნველყოფის უპირობო გამოუხმობადი საბანკო გარანტია NAPB/21-093523, 104 375 ლარზე, ვადა - 2.10.2021-წლიდან - 20.04.2022-ის ჩათვლით. საბანკო გარანტიის თანახმად, გარანტი უპირობო და გამოუთხოვად კისრულობს ვალდებულებას ბენეფიციარის წინაშე, მისი პირველივე წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, გადაუხადოს მას საავანსო ანგარიშსწორების წესით პრინციპალისათვის გადახდილი თანხა, მაგრამ არაუმეტეს გარანტიის თანხისა, პრინციპალის მიერ საავანსო ანგარიშსწორებასთან დაკავშირებულ ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში და მისი შეუსრულებლობის ოდენობით. საბანკო გარანტია მოიცავს საავანსო ანგარიშსწორების უზრუნველყოფას, მაგრამ არ მოიცავს პრინციპალზე დაკისრებულ საჯარო ან კერძოსამართლებრივ სანქციას (ჯარიმა, პირგასამტეხლო და სხვ) ან დამატებით ხარჯებს (ექსერტიზის საფასური და სხვ.). სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N 139 ხელშეკრულების 6.5 პუნქტის თანახმად, მიმწოდებლისათვის გადასახდელი ავანსი ჯამში არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების ღირებულების 20%-ს. ამავე ხელშეკრულების 6.7 პუნქტის თანახმად, ავანსის გაქვითვა მოხდება პროპორციულად, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულების იმ პროცენტის ოდენობით, რა პროცენტული ოდენობითაც გაიცა ავანსი. ეტაპობრივი ანგარიშსწორების შემთხვევაში, ანგარიშსწორების ბოლო ეტაპზე წინასწარ გადახდილი თანხის გაქვითვა მოხდება იმ მოცულობით, რა მოცულობაც საჭიროა ავანსის სრულყოფილად გასაქვითად.
26. 2021 წლის 19 ოქტომბერს გაფორმებული N139 ხელშეკრულების შესაბამისად, მიმწოდებელმა რამდენიმე ეტაპად, ნაწილობრივ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რომელთა დასტურადაც გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტები, კერძოდ: 2021 წლის 21 დეკემბერს გაფორმებული პირველი მიღება-ჩაბარების აქტი N93-ით დგინდება, რომ შემსყიდველმა მიმწოდებლისგან მიიღო 88 138.90 ლარის შესრულებული სამუშაო, საიდანაც დაიქვითა ავანსის სახით აღებული თანხის ნაწილი და მიმწოდებელს ჩაერიცხა 66 104 18 ლარი. შემსყიდველსა და მიმოწოდებელს შორის 2022 წლის 12 აპრილს გაფორმდა რიგით მე-2 მიღება ჩაბარების აქტი N15, რომლითაც შემსყიდველმა მიმწოდებლისგან მიიღო 152 387, 86 ლარის შესრულებული სამუშაო. ამ მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე მოხდა ავანსის თანხის ნაწილის დაკავება და დარჩენილი თანხის ანაზღაურება 114 290.89 ლარის ოდენობით განხორციელდა მიმწოდებლის ანგარიშზე.
27. დადგენილია, რომ შპს ,,გ.კ–ის’’ მიერ შემსყიდველისათვის 2022 წლის 18 აგვისტოს წარდგენილ იქნა საავანსო ანგარიშსწორების უზრუნველყოფის ახალი საბანკო გარანტია, რომლის თანახმად, საგარანტიო თანხამ შეადგინა 56 269.62 ლარი. საბანკო გარანტიის მოქმედების ვადად განისაზღვრა 23.08.2022 წლიდან 23.10.2022 წლამდე პერიოდი.
28. დადგენილია, რომ შემსყიდველის მხრიდან ხელშეკრულების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-3 პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ცალმხრივად იქნა შეწყვეტილი ხელშეკრულება, რაც კომპანიას ეცნობა 2022 წლის 23 სექტემბრის №18-182226696 შეტყობინებით.
29. მხარეთა შორის სადავო არ არის, ის ფაქტი, რომ 2023 წლის 18 მაისს (სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N 139 ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ) შემსყიდველმა მიიღო მიმწოდებლის (პრინციპალის) მიერ შესრულებული 142 244.54 ლარის ღირებულების სამუშაო.
30. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ შემსყიდველმა მიმწოდებლისგან (პრინციპალისგან) ჯამურად მიიღო 382 771.30 ლარის ღირებულების სამუშაო, საიდანაც ბოლო მიღება-ჩაბარების აქტი (142 244.54 ლარის სამუშაოების შესრულებაზე) მხარეებს შორის გაფორმდა 2023 წლის 18 მაისს. იმ პირობებში, როდესაც მხარეთა შორის არსებული გარანტიის პირობა გულისხმობდა გარანტიის თანხის შემცირებას პრინციპალის მიერ ბენეფიციარისათვის სამუშაოს შესრულების ღირებულების პროპორციულად, ხოლო ეტაპობრივი ანგარიშსწორების შემთხვევაში, ანგარიშსწორების ბოლო ეტაპზე წინასწარ გადახდილი თანხის გაქვითვა უნდა მომხდარიყო იმ მოცულობით, რა მოცულობაც საჭირო იყო ავანსის სრულყოფილად გასაქვითად (სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N139 ხელშეკრულების მე-6 მუხლის მე-7 პუნქტი). ამასთან, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაზუსტებული მოთხოვნა, საგარანტიო თანხის ანაზღაურებაზე, გარანტისთვის წარდგენილ იქნა საბანკო გარანტიის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, მოპასუხის უარი გარანტიით გათვალისწინებული თანხის გადახდაზე, შეესაბამება საავანსო ანგარიშსწორების შესახებ საბანკო გარანტიის პირობებს. კასატორს ამის საწინააღმდეგო დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
31. რაც შეეხება საკასაციო პრეტენზიას, რომ ბენეფიციარმა თავდაპირველი მოთხოვნა გარანტს წარუდგინა ხელშეკრულებითა და კანონმდებლობით დადგენილი ვადის დაცვით და შემცირებული მოთხოვნაც უნდა ჩათვლილიყო ვადაში წარდგენილად, საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეში წარმოდგენილი უპირობო და გამოუთხოვად N APB/22-093829 საბანკო გარანტიაზე, რომლითაც განისაზღვრა ის წინაპირობები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს ბენეფიციარის მიერ წარდგენილი მოთხოვნა, კერძოდ, 1. გარანტი უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის ფარგლებში კისრულობს ვალდებულებას ბენეფიციარის წინაშე, მისი პირველივე წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე გადაუხადოს მას საავანსო ანგარიშსწორების წესით პრინციპალისთვის გადახდილი თანხა, მაგრამ არა უმეტეს გარანტიის თანხისა, პრინციპალის მიერ საავანსო ანგარიშსწორებასთან დაკავშირებულ ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში და მისი შეუსრულებლობის ოდენობით. ეს საბანკო გარანტია მოიცავს საავანსო ანგარიშსწორების უზრუნველყოფას, მაგრამ არ მოიცავს პრინციპალზე დაკისრებულ საჯარო ან კერძოსამართლებრივ სანქციას (ჯარიმა, პირგასამტეხლო და სხვა.) ან დამატებით ხარჯებს (ექსპერტიზის საფასური და სხვა). 2. ბენეფიციარის მოთხოვნაში უნდა აღინიშნოს პრინციპალის მიერ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ფაქტი და მოთხოვნის (ზარალის) ოდენობა. ბენეფიციარის მოთხოვნა უნდა იყოს წერილობითი ფორმის, ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ და გარანტს უნდა წარედგინოს საგარანტიო ვადაში. მოთხოვნის წარდგენის დღეს ითვლება მოთხოვნის უშუალოდ გარანტთან ჩაბარების დღე. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ბენეფიციარი თავად არის პასუხისმგებელი გარანტისათვის წარდგენილი დოკუმენტების სისწორეზე (შესრულებული სამუშაოების რეალურ (ნამდვილ) ღირებულებაზე), ამასთან, ბენეფიციარს შეუძლია, საგარანტიო თანხების ოდენობის ფარგლებში, მოთხოვნის წარდგენა მხოლოდ გარანტიების მოქმედების შეთანხმებულ ვადებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბენეფიციარის მოთხოვნა მიჩნეული იქნება გარანტიით განსაზღვრული ვადის დარღვევით წარდგენილად. მოცემულ შემთხვევაში კი, დადგენილია, რომ ბენეფიციარის მოთხოვნაზე პრინციპალმა წარადგინა დასკვნა, რომლითაც დგინდებოდა, რომ პრინციპალმა ბენეფიციარს სრულად დაუფარა ავანსის სახით აღებული თანხა და შესაბამისად, სწორედ ამ მიზნით, განემარტა ბენეფიციარს დაეკორექტირებინა საავანსო უზრუნველყოფის საბანკო გარანტიიდან გამომდინარე მოთხოვნა, რომელიც მის მიერ წარდგენილ იქნა საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დაზუსტებული მოთხოვნის, ხელშეკრულებითა და კანონმდებლობით დადგენილ ვადაში წარდგენის შემთხვევაშიც კი, არ არსებობდა მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან უდავოა, რომ შესრულებული სამუშაოს ღირებულება მნიშვნელოვნად აღემატებოდა საგარანტიო თანხას. საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი საავანსო თანხის ღირებულების სამუშაოების შესრულება კი თავისთავად გამორიცხავს გარანტისადმი რაიმე მოთხოვნის წაყენების შესაძლებლობას.
32. საკასაციო სასამართლოს დასკვნით, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
33. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
34. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
35. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
37. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
38. კასატორი, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ბადრი შონია
ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე