დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 25.09.2026
საქმის ნომერი
ას-506-2026
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
25.09.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-506-2026 25 სექტემბერი, 2026 წელი,თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ვ.კ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები – სს ,,ს.ბ–ი" (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 9 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სს ,,ს.ბ–მა" სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ.კ–ძის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე.

2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 26 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სს „ს.ბ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა და სასამართლომ გადაწყვიტა ვ.კ–ძის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას სს „ს.ბ–ის“ კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ.ქუთაისი, .......... (ს/კ ...........) და სს „ს.ბ–ს“ გადაეცეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.

4. მოპასუხემ კანონით დადგენილ ვადაში წარადგინა საჩივარი ზემოაღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე.

5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 26 სექტემბრის განჩინებით, ვ.კ–ძის საჩივარი, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 26 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა; ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 26 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

6. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 26 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, იმავე სასამართლოს 2024 წლის 26 სექტემბრის განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ.კ–ძემ და გასაჩივრებული სასამართლო აქტების გაუქმება მოითხოვა.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 9.02.2026წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, მოპასუხემ განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა (იხ: განჩინება, ს.ფ. 169-172).

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 25 ივნისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულია განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად დარჩეს.

9. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლო ვალდებული იყო გაეგრძელებინა ხარვეზის შევსების ვადა, ამასთან, მას შეეძლო სასამართლო პროცესზეც წარედგინა შესაბამისი ცნობა.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

11. გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში. კერძოდ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 03 თებერვლის განჩინებით: ვ.კ–ძეს დაევალა აღნიშნული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში ხარვეზის შევსების მიზნით: ა) წარედგინა სააპელაციო საჩივრის საფოსტო განყოფილებისათვის გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუკი სააპელაციო საჩივარი საქალაქო სასამართლოში გაგზავნილი იქნა ფოსტის საშუალებით. ბ) სახელმწიფო ბაჟი, 80 (ოთხმოცი) ლარის ოდენობით, ან წარედგინა ახალი ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან. გ) წარმოადგინოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშის შესაბამისი სრულყოფილად შევსებული დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი (სადაც მითითებული იქნება, თუ რაში მდგომარეობს გადაწყვეტილების უსწორობა, ასევე მითითებული იქნება იმ გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს, და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს), იმდენი ასლის დართვით, რამდენი მონაწილეც არის საქმეში. დ) წარედგინა სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია შესრულებული Word-ის ფაილში CD დისკის სახით.

12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის შესახებ განჩინება გაეგზავნა აპელანტს და ჩაჰბარდა პირადად, 2025 წლის 19 მარტს. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის დაცვით, 2025 წლის 31 მარტს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ვ.კ–ძემ და წარადგინა 2025 წლის 27 მარტის ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.

13. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 10 აპრილის განჩინებით ვ.კეჭეხმაძეს გაუგრძელდა, 03.02.2025წ. განჩინებით, ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადა და იგი განისაზღვრა განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 10 დღით.

14. 2025 წლის 28 მაისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ვ.კ–ძემ, წარმოადგინა დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი და მისი ელექტრონული ვერსია შესრულებული Word-ის ფაილში CD დისკის სახით. დადგენილია, რომ აპელანტის მიერ ხარვეზი სრულად არ იქნა შევსებული.

15. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 09 ივნისის განჩინებით: კერძო საჩივრის ავტორს/აპელანტს გაუგრძელდა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 03.02.2025წ. განჩინებით, ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადა და იგი განისაზღვრა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღით და დაევალა, განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში ხარვეზის შევსების მიზნით: ა) წარედგინა სააპელაციო საჩივრის საფოსტო განყოფილებისათვის გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუკი სააპელაციო საჩივარი საქალაქო სასამართლოში გაგზავნილი იქნა ფოსტის საშუალებით.

16. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება გაეგზავნა და ვ.კეჭეხმაძეს ჩაჰბარდა პირადად, 2025 წლის 26 სექტემბერს. 2025 წლის 06 ოქტომბერს, სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ვ.კ–ძემ და ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ მიმართული აქვს საფოსტო განყოფილებისათვის ცნობის აღების მოთხოვნით.

17. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით: ვ.კ–ძეს, გაუგრძელდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 03.02.2025წ. 2025 წლის 3 თებერვლის განჩინებით, ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადა და იგი განისაზღვრა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღით. განჩინება კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა ვ.კ–ძეს და ჩაჰბარდა პირადად, 2026 წლის 27 იანვარს. 2026 წლის 5 თებერვალს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ვ.კ–ძემ და ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ მიმართული აქვს საფოსტო განყოფილებისათვის ცნობის აღების მოთხოვნით. განცხადებას არ ერთვოდა საფოსტო განყოფილებისათვის მიმართვის დამადასტურებელი მტკიცებულება.

18. სსსკ-ის 65-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება, აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად მიიჩნევა ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები. ზემოხსენებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში აღადგენს საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრულ ვადას, თუ ვადა საპატიო მიზეზითაა გაშვებული.

19. სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

20. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კერძო საჩივრის ავტორს/აპელანტს სამჯერ განესაზღვრა ვადა ხარვეზის შესავსებად, და განმარტავს, რომ დაუშვებელია საპროცესო ვადის გაგრძელებამ გამოიწვიოს საქმის განხილვის გაჭიანურება და პროცესის მონაწილე მეორე მხარის ინტერესის შელახვა. მოცემულ საქმეში დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივარზე სასამართლოს მიერ ხარვეზის დადგენიდან (2025 წლის 3 თებერვლის შემდეგ 3-ჯერ გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა, კერძოდ, 2025 წლის 10 აპრილს, 2025 წლის 9 ივნისსა და 2025 წლის 16 ოქტომბერს) გასული იყო 11 თვეზე მეტი, რაც გონივრული ვადაა სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოსწორებისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო შეუძლებლად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მიერ აპელანტისთვის ხარვეზის შევსებისათვის მის მიერ განსაზღვრული დროის გაგრძელებას.

21. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

22. საკასაციო პალატა მითითებულ მტკიცებულებას აფასებს რა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მხრიდან არ არის დაცული კეთილსინდისიერი ქცევის სტანდარტი და წარმოდგენილი არ არის რელევანტური მტკიცებულებები. ამასთან, მხარე, ვერც იმ გარემოებას ადასტურებს, რომ საფოსტო განყოფილებისათვის მიმართვის დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენა შეუძლებელი იყო.

23. საკასაციო სასამართლოს მითითებით, სააპელაციო სასამართლომ, განსახილველ შემთხვევაში, სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაცო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას, სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოპასუხემ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, ამიტომ მისი სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად სსსკ-ის 374-ე მუხლის საფუძველზე.

24. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში უთითებს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოსა და არც მხარეთა მიხედულებაზეა დამოკიდებული, შესაბამისად, სსსკ-ის 374-ე მუხლი ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებას, რაც სასამართლოს ვალდებულებაა. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი თითოეული პირის უფლებას ემსახურება, განხილულ იქნეს მისი პრეტენზია, საამისოდ კი, საპროცესო კოდექსითვე დადგენილია ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სააპელაციო საჩივარი (იხ. სუსგ-ები: №ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; №ას-851-817-2016, 04.11.2011წ.). საპროცესო კოდექსით დადგენილია საჩივარზე ხარვეზის დადგენისა და სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მხარის მიერ მისი აღმოფხვრის წესი და წინაპირობები.

25. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებული პირის უფლება, თავის უფლებათა დასაცავად, მიმართოს სასამართლოს, სამოქალაქო პროცესში შეზღუდულია სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით (რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი პირის მიმართ ამა თუ იმ საპროცესო შეღავათის გაწევისას გასათვალისწინებელია მეორე მხარის ინტერესებიც). ცხადია, რომ ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის“ მე-6 მუხლთან შესაბამისი. ამასთან, გასათვალისწინებელია რომ „არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, “სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება, დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება ,,თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე’’ (იხ. Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the "Belgian Linguistic" judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, მათ შორის, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას (სსსკ-ის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი) და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით (სსსკ-ის 372-ე, 177.3-ე და 368.1-ე მუხლები), რომელთა შესრულება სავალდებულოა აპელანტისათვის. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებსა და სასამართლოს მითითებებს, იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მიიღებს უარყოფით საპროცესო შედეგს, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სსსკ-ის 59-ე, 63-ე, 368.5, 374.1 მუხლები) (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 14 იანვრის საქმე Nას-1615-2019 განჩინება). მოცემულ შემთხვევაში, აპელანტს დაუდგინა ვადა სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობისათვის, თავის მხრივ, მან არ გამოასწორა სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი, შესაბამისად, ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველს სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი წარმოადგენდა (იხ. ასევე, საპროცესო კოდექსის 2.2. მუხლი).

26. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

27. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ.კ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 9.02.2026 წლის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი