ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სასესხო ფასიანი ქაღალდი – ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს უფლებას განსაზღვრული ძირითადი თანხის პროცენტით ან უპროცენტოდ მიღებაზე. იგი მოიცავს სამთავრობო ფასიან ქაღალდებს, თუ შესაბამისი ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
ბ) საჯარო ფასიანი ქაღალდები – იმ კლასის ფასიანი ქაღალდები, რომლებიც დაშვებულია სავაჭროდ საფონდო ბირჟაზე ან/და რომლებსაც ჩანაწერით ფლობს ფასიანი ქაღალდების 100-ზე მეტი მფლობელი;
გ) ემიტენტი – პირი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით უშვებს ფასიან ქაღალდებს;
დ) საფონდო ბირჟა – ფასიანი ქაღალდების ორგანიზებული ბაზარი, რომელიც უზრუნველყოფს ფასიანი ქაღალდებისა და სხვა ფინანსური ინსტრუმენტების ყიდვა-გაყიდვის შესახებ წინადადებების შეგროვებას, ვაჭრობის ორგანიზებას დადგენილი წესებისა და პროცედურების შესაბამისად და ავრცელებს დადებულ გარიგებათა შესახებ და ფასებთან დაკავშირებულ სხვა ინფორმაციას;
ე) ფასიანი ქაღალდების თავისუფალი ბრუნვის კოეფიციენტი _ ემიტენტის მიერ გამოშვებული რომელიმე კლასის ფასიანი ქაღალდების წილი, რომელიც არ განეკუთვნება ქვემოთ ჩამოთვლილ არც ერთ კატეგორიას:
ე.ა) პირის (მათ შორის, ემიტენტის) საკუთრებაში არსებულ 5-პროცენტიან ან უფრო მსხვილ ამ კლასის ფასიანი ქაღალდების პაკეტს;
ე.ბ) სახელმწიფო ან თვითმართველობის ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებულ ფასიან ქაღალდებს;
ე.გ) ემიტენტის მმართველი ორგანოს წევრებისა და თანამშრომლების ბენიფიციურ საკუთრებაში არსებულ ფასიან ქაღალდებს;
ვ) ლისტინგი – საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ ნებადართულ ფასიან ქაღალდთა სია, რომელთა ემიტენტები აკმაყოფილებენ საფონდო ბირჟის წესების მოთხოვნებს და აქვთ გაფორმებული საფონდო ბირჟასთან შესაბამისი ხელშეკრულება;
ზ) ფასიანი ქაღალდის მესაკუთრე – ფასიანი ქაღალდების რეესტრში ან ფასიანი ქაღალდების ნომინალური მფლობელის ჩანაწერებში მესაკუთრედ (და არა ნომინალურ მფლობელად) რეგისტრირებული პირი.
თ) რეგისტრირებული მესაკუთრე – პირი, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდის ნომინალური მფლობელი ან რეგისტრირებული მფლობელის წარმომადგენელი და რომელიც აკმაყოფილებს ნებისმიერ შემდეგ მოთხოვნას:
თ.ა) არის ფასიანი ქაღალდის რეგისტრირებული მფლობელი, გარდა ნომინალური მფლობელისა;
თ.ბ) წერილობითი შეთანხმების საფუძველზე ნებას რთავს ნომინალურ მფლობელს, იმოქმედოს მისი ინტერესებისათვის;
თ.გ) იღებს ფულად მოგებას, როგორც ფასიანი ქაღალდის მესაკუთრე;
თ.დ) აქვს ფასიან ქაღალდთან დაკავშირებული ხმის განკარგვის უფლება;
თ.ე) აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება, გახდეს ფასიანი ქაღალდის რეგისტრირებული მესაკუთრე;
ი) ბენეფიციარი მესაკუთრე – პირი, რომელიც კანონის ან გარიგების საფუძველზე იღებს ფულად ან სხვა სახის სარგებელს და ამ სარგებლის სხვა პირისთვის გადაცემის ვალდებულება არ გააჩნია, ხოლო თუ ბენეფიციარი მესაკუთრე არის იდეალური მიზნებისათვის შექმნილი პირი, ან თუ მესაკუთრე იურიდიულ პირს არ გააჩნია მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრე პირი, მაშინ – მისი მმართველი ორგანოს წევრი;
კ) საბროკერო კომპანია _ „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 26-ე პუნქტით განსაზღვრული საბროკერო კომპანია