„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ" თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 24 ივნისის №6 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს
დადგენილება №27
2010 წლის 28 ოქტომბერი
ქ. ბათუმი
„თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 24 ივნისის №6 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
„თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 24 ივნისის №6 დადგენილებით (გაზეთი „ბათუმური ქრონიკები“ №111, 29.06.2010წ., გვ. 2-4) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) დებულების მე-4 მუხლის „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პ) განსაზღვრავს და საკრებულოს მიერ დასამტკიცებლად საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასისა და სარგებლობის ქირის ოდენობის შესახებ წინადადებებს (შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტებს);“;
ბ) დებულების მე-4 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჟ) თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების საკუთრებაში ან/და სარგებლობაში განკარგვისას, საკრებულოს თავმჯდომარის მინდობილობის (რწმუნებულების) საფუძველზე ხელს აწერს შესაბამის ხელშეკრულებებს, ასევე მათში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე შეთანხმებებს (ხელშეკრულებებს);“;
გ) დებულებას მე-4 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ1“ქვეპუნქტი:
„ჟ1) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების საკუთრებაში ან/და სარგებლობაში განკარგვისას ახორციელებს კონტროლს ხელშეკრულების მხარის მიერ სააუქციონო და სახელშეკრულებო პირობების შესრულებაზე, ამ მიზნით ხელშეკრულების მხარეს უგზავნის ხელშეკრულებიდან (ოქმიდან) გამომდინარე გაფრთხილებებს და სხვა შეტყობინებებს, ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების მიზნით ხელშეკრულების მხარეს უწესებს დამატებით ვადებს, იღებს გადაწყვეტილებებს ხელშეკრულების მხარის მიერ სააუქციონო და სახელშეკრულებო პირობების დარღვევისას პირგასამტეხლოს დაკისრების ან/და მისგან გათავისუფლების თაობაზე, იხილავს თვითმმართველ ქ. ბათუმის მხრიდან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საკითხს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს შესაბამის სამართლებრივი აქტის პროექტს;“;
დ) დებულების მე- 4 მუხლის „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„რ) თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ბიუჯეტით ქ. ბათუმის მერიისათვის მიკუთვნებული გადასახდელების (ასიგნების) ფარგლებში საკრებულოს თავმჯდომარის მინდობილობის (რწმუნებულების) საფუძველზე ხელს აწერს სახელმწიფო შესყიდვის ტენდერის, ფასთა კოტირების ან/და ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელებისას შესაბამის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებს, ასევე მათში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე შეთანხმებებს (ხელშეკრულებებს);
ე) დებულებას მე-4 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ1“ქვეპუნქტი:
„რ1) სახელმწიფო შესყიდვის ტენდერის, ფასთა კოტირების ან/და ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების შემთხვევაში გასცემს აქცეპტს, ითხოვს შესყიდვაში მონაწილე პირისაგან დაზუსტებებს, ახორციელებს კონტროლს ხელშეკრულების მხარის ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე, ამ მიზნით ხელშეკრულების მხარეს უგზავნის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გაფრთხილებებს და სხვა შეტყობინებებს, ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების მიზნით ხელშეკრულების მხარეს უწესებს დამატებით ვადებს, იღებს გადაწყვეტილებებს ხელშეკრულების მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევისას პირგასამტეხლოს დაკისრების ან/და მისგან გათავისუფლების თაობაზე, წარუდგენს ანგარიშებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, იხილავს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ წარმოდგენილ შენიშვნებს და წინადადებებს და ახორციელებს აღნიშნულ სფეროში სხვა უფლებამოსილებებს. იხილავს თვითმმართველი ქ. ბათუმის მხრიდან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საკითხს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტს;“.
ვ) დებულების მე- 4 მუხლის „ფ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ზ) დებულების მე- 4 მუხლის „ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ყ) საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს ქ. ბათუმის მერიის საჯარო მოსამსახურეთა საპრემიო კომისიის შექმნისა და პრემიის დამტკიცების შესახებ სამართლებრივი აქტის პროექტებს, ასევე მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე სამართლებრივი აქტის პროექტებს;“.
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. კირთაძე