1. საკრებულოს სხდომაზე მიღებული სამართლებრივი აქტის პროექტის საბოლოო რედაქტირებულ ვარიანტს საკრებულოს სხდომაზე მიღებული შენიშვნების გათვალისწინებით სხდომის შემდეგ დაუყოვნებლივ (არა უგვიანეს მეორე დღისა) ხელმოსაწერად ამზადებს საკრებულოს აპარატის იურიდიული და საქმისწარმოების განყოფილებები ერთობლივად, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში. მომზადებულ პროექტებს, მათი მომზადებისთანავე საკრებულოს თავმჯდომარეს ხელმოსაწერად წარუდგენს საკრებულოს აპარატის უფროსი. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ხელმოწერილ აქტს იმავე დღესვე დადგენილი წესით აფორმებს (ასვამს სარეგისტრაციო ნომერს და სხვა აუცილებელ რეკვიზიტებს) საკრებულოს აპარატის შესაბამისი საჯარო მოსამსახურე.

2. ნორმატიული აქტი საკრებულოს მიერ მიღებიდან (ხელმოწერიდან) არა უგვიანეს მეორე დღისა სამართლებრივი ექსპერტიზისათვის გადაეცემა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, ხოლო ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შესატანად და გამოსაქვეყნებლად, ამავე ვადაში – „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

3. ნორმატიული აქტი, მის ელექტრონულ ვერსიასთან ერთად, ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ ორგანიზაციებს ეგზავნება თითო ეგზემპლარად, აკინძული, საკრებულოს ბეჭდითა და საკრებულოს თავმჯდომარის ხელმოწერით დამოწმებული.