1. რწმუნების სიგელის გადაცემამდე ელჩი ესტუმრება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის დირექტორს, შემდეგ კი – საგარეო საქმეთა მინისტრს. დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის დირექტორი ელჩს გააცნობს რწმუნების სიგელის გადაცემის ცერემონიას. საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას ელჩი გადასცემს მას რწმუნების სიგელის ასლს, მისი წინამორბედის გამოთხოვის სიგელის ასლსა და რწმუნების სიგელის გადაცემისას წარმოსათქმელი სიტყვის ტექსტს. საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტი უთანხმებს სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურს საქართველოს პრეზიდენტისათვის რწმუნების სიგელის გადაცემის თარიღსა და დროს. შემდეგ ატყობინებს მიღებულ ინფორმაციას შესაბამის საელჩოს.
2. რწმუნების სიგელების გადაცემის ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში
ა) დადგენილ დღეს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის დირექტორი ესტუმრება საელჩოს (ან ელჩის რეზიდენციას) და აცილებს ელჩს საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციამდე, სადაც გაიმართება რწმუნების სიგელების გადაცემის ცერემონია. ელჩის მანქანას აცილებს 3 მოტოციკლეტისა და ერთი საგზაო პოლიციის ავტომობილისაგან შემდგარი ესკორტი. საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის შესასვლელთან დგას სააღლუმო ფორმაში გამოწყობილი საპატიო ყარაული. რეზიდენციის შესასვლელთან ელჩს ხვდებიან საპატიო ყარაულის უფროსი და სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის თანამშრომელი, რომლებიც მიაცილებენ მას დარბაზში, სადაც გაიმართება ცერემონია;
ბ) დარბაზში შებრძანდებიან საელჩოს დიპლომატიური პერსონალი და ოფიციალური პირები საქართველოს მხრიდან. ელჩს მარჯვნივ მიჰყვება საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის დირექტორი;
გ) დარბაზში შებრძანებისას საქართველოს პრეზიდენტს მარჯვნივ მიჰყვება საგარეო საქმეთა მინისტრი, ხოლო მარცხნივ – სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის უფროსი. საქართველოს პრეზიდენტი და ელჩი უახლოვდებიან ერთმანეთს. სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის უფროსი წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს ელჩს. საქართველოს პრეზიდენტი და ელჩი ხელის ჩამორთმევით ესალმებიან ერთმანეთს. ელჩი მიმართავს მოკლე მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პრეზიდენტს. თარჯიმანი თარგმნის ელჩის მისალმებას;
დ) ელჩი გადასცემს რწმუნების სიგელებს საქართველოს პრეზიდენტს. საქართველოს პრეზიდენტი მიმართავს ელჩს მოკლე სიტყვით. თარჯიმანი თარგმნის საქართველოს პრეზიდენტის სიტყვას. თარგმნის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი და ელჩი ართმევენ ერთმანეთს ხელს;
ე) ელჩი წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს საელჩოს მხრიდან ცერემონიის დამსწრე დიპლომატიურ პერსონალს, ხოლო სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის უფროსი წარუდგენს ელჩს საქართველოს მხრიდან ცერემონიაზე მოწვეულ ოფიციალურ პირებს;
ვ) საქართველოს პრეზიდენტსა და ელჩს სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის უფროსი იწვევს საქართველოს სახელმწიფო დროშასთან სამახსოვრო ფოტოსურათის გადასაღებად. ფოტოსურათის გადაღების შემდეგ დამსწრეთ მიართმევენ შამპანურს. ცერემონიის შემდეგ, როგორც წესი, შედგება ხანმოკლე საუბარი საქართველოს პრეზიდენტსა და ელჩს შორის. საუბრის დამსწრეთა შემადგენლობა განისაზღვრება წინასწარ შედგენილი სიით.
3. რწმუნების სიგელების გადაცემის ცერემონია სამთავრობო რეზიდენცია „კრწანისში“. შესაძლებელია საქართველოს პრეზიდენტს რამდენიმე ელჩმა გადასცეს რწმუნების სიგელები დადგენილი თანმიმდევრობის შესაბამისად. აღნიშნულ შემთხვევაში ცერემონია იმართება სამთავრობო რეზიდენცია „კრწანისის“ II სახლის „ბუხრიან“ დარბაზში შემდეგი წესით:
ა) დადგენილ დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის თანამშრომლები ესტუმრებიან საელჩოებს (ან ელჩების რეზიდენციებს) და მიაცილებენ მათ სამთავრობო რეზიდენცია „კრწანისამდე“, სადაც გაიმართება რწმუნების სიგელების გადაცემის ცერემონია. ელჩების მანქანებს აცილებს 3 მოტოციკლეტისა და ერთი საგზაო პოლიციის ავტომობილისაგან შემდგარი ესკორტი. სამთავრობო რეზიდენცია „კრწანისის“ II სახლის შესასვლელთან დგას სააღლუმო ფორმაში გამოწყობილი საპატიო ყარაული. რეზიდენციის შესასვლელთან ელჩს ხვდება სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის თანამშრომელი, რომელიც მიაცილებს ელჩს მე-2 სართულზე “ბუხრიან” დარბაზში, სადაც გაიმართება ცერემონია;
ბ) დარბაზში შებრძანდებიან ოფიციალური პირები საქართველოს მხრიდან და იკავებენ მათთვის განკუთვნილ ადგილებს. ელჩები იკავებენ ადგილებს ფიანდაზის გასწვრივ აგრემანის მოთხოვნის თარიღის შესაბამისად დადგენილი თანამიმდევრობის მიხედვით;
გ) დარბაზში შემობრძანდება საქართველოს პრეზიდენტი. მას მარჯვნივ მიჰყვება საგარეო საქმეთა მინისტრი, ხოლო მარცხნივ – სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის უფროსი. აგრემანის მოთხოვნის თარიღის შესაბამისად დადგენილი თანამიმდევრობის მიხედვით მიკროფონში ცხადდება ელჩების ტიტულები და გვარები. თითოეული გამოცხადების შემდეგ ელჩები მიკროფონში ცალ-ცალკე წარმოთქვამენ მოკლე მისასალმებელ სიტყვას, მიემართებიან პრეზიდენტისაკენ და გადასცემენ რწმუნების სიგელებს. ყველა ელჩის მიერ რწმუნების სიგელების გადაცემის შემდეგ მათ სიტყვით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტი;
დ) სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის უფროსი იწვევს საქართველოს პრეზიდენტსა და ცერემონიის მონაწილე ელჩებს საქართველოს სახელმწიფო დროშასთან სამახსოვრო ფოტოსურათის გადასაღებად. ფოტოსურათის გადაღების შემდეგ დამსწრეთ მიართმევენ შამპანურს.
4. საქართველოს მხრიდან ცერემონიის დამსწრე პირები.
საქართველოს მხრიდან ცერემონიას ესწრებიან:
ა) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი;
ბ) საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი;
გ) საქართველოს სახელმწიფო კაცელარიის სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის უფროსი;
დ) საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსი;
ე) საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის საგარეო პოლიტიკის ანალიზის სამსახურის უფროსი;
ვ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის დირექტორი;
ზ) თარჯიმანი;
თ) პრესის წარმომადგენლებ