1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ევალება:

ა) საზღვარგარეთის ქვეყნის სახელმწიფოს მეთაურისა და მთავრობის მეთაურის დახვედრისას და გაცილებისას სტუმრის ქვეყნისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნების შესრულებისა და საპატიო ყარაულის აღლუმის უზრუნველყოფა;

ბ) საქართველოში საპროტოკოლო ღონისძიებათა მოწყობის წესში მითითებულ ღონისძიებებში საპატიო ყარაულის მონაწილეობის უზრუნველყოფა.

2. პრესისა და ტელევიზიის წარმომადგენელთა მუშაობის ორგანიზაცია მიმდინარეობს შემდეგნაირად:

ა) პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებათა გასაშუქებლად ჟურნალისტები (მთავარი სტუმრის თანმხლები ჟურნალისტების გარდა) დაიშვებიან პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გაცემული სააკრედიტაციო ბარათებით;

ბ) როგორც დამხვედრ, ისე მთავარ სტუმართან ერთად ჩამოსულ ფოტო-ტელე- და კინოოპერატორებს დახვედრისა და გაცილების ცერემონიის გადაღება შეუძლიათ მხოლოდ მათთვის სპეციალურად გამოყოფილი სექტორებიდან. აქვე შეიძლება დაიდგას საფეხურებიანი ბაქანი ან კინოგადამღები ამწე, საიდანაც ტელე- და კინოოპერატორები შეძლებენ ცერემონიის გადაღებას;

გ) პრესისა და ტელევიზიის წარმომადგენლები წინასწარ ეცნობიან მუშაობის ზემოაღნიშნულ პირობებს;

დ) გაცილებისას ჟურნალისტები აეროპორტში მიბრძანდებიან წინასწარ, მთავარი ავტოკოლონის მისვლამდე და იკავებენ თავიანთ ადგილებს;

ე) ამ წესის განხორციელებისათვის ზრუნავენ საქართველოს პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა სამინიტროს პრესსამსახურები.

3. აეროპორტის ადმინისტრაციას ევალება:

ა) მაღალი რანგის სტუმრის ჩამობრძანებამდე და გამგზავრებამდე 3 საათით ადრე საფრენ მოედანზე ზონრების საშუალებით შემოღობოს სექტორი, სადაც განლაგდებიან პრესისა და ტელევიზიის წარმომადგენლები;

ბ) უზრუნველყოს, რომ ჩამოსვლისა და გამგზავრების დროს თვითმფრინავი, რომლითაც მგზავრობს მთავარი სტუმარი, გაჩერდეს ერთსა და იმავე, წინასწარ განსაზღვრულ სადგომზე;

გ) მოამზადოს ფიანდაზით დაფარული ტრაპი, დააფინოს წითელი ფიანდაზი და ხალიჩები;

დ) უზრუნველყოს წესრიგი და სისუფთავე აეროპორტის მთელ ტერიტორიაზე. სტუმრის დახვედრისა და გაცილების დროს მინიმუმამდე შეამციროს საფრენ მინდორზე აეროპორტის თანამშრომელთა რაოდენობა;

ე) მიიღოს ზომები, რათა გამოირიცხოს ყოველგვარი მიზეზი, რითაც შესაძლოა დაგვიანდეს მაღალი რანგის სტუმრის თვითმფრინავის დროზე გამგზავრება, წინასწარ შეადგინოს მოსალოდნელი ხარჯების ნუსხა (სტუმართა მხარესთან ნაცვალგების პრინციპის გათვალისწინებით).

4. ქ. თბილისის მერიას ევალება:

ა) უზრუნველყოს სტუმრის ქვეყნისა და საქართველოს სახელმწიფო დროშების გამოფენა პროგრამით გათვალისწინებულ ყველა ობიექტზე სტუმრის ჩამობრძანებამდე და გამგზავრებამდე არა უგვიანეს 3 საათისა;

ბ) სახელმწიფოს ან მთავრობის მეთაურის ჩამოსვლის შემთხვევაში მოამზადოს პოდიუმი, რომელზეც დადგებიან მთავარი სტუმარი და მთავარი დამხვედრი პირი სახელმწიფო ჰიმნების შესრულებისა და საპატიო ყარაულის მარშის დროს (აეროპორტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით);

გ) მოამზადოს სტუმრობის პროგრამით გათვალისწინებული ყველა ობიექტი. შეუფერხებლად უზრუნველყოს ისინი გათბობით, ელექტროენერგიით, ცივი და ცხელი წყლით;

დ) მოამზადოს საჭირო რაოდენობის ყვავილების თაიგულები.

5. საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს ევალება უზრუნველყოს მაღალი რანგის სტუმრები და ჟურნალისტები საკომუნიკაციო საშუალებებით (ტელეფონი, ფაქსი), ადგილობრივი და უცხოეთის პრესით.

6. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ევალება:

ა) უზრუნველყოს სამედიცინო პუნქტის გახსნა სტუმრების საცხოვრებელ ადგილას, საჭიროების შემთხვევაში მთავარ სტუმარს, დელეგაციის წევრებსა და თანმხლებ პირებს აღმოუჩინოს სამედიცინო დახმარება;

ბ) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს კორტეჟის სასწრაფო დახმარების ავტომობილის თანხლება ვიზიტის განმავლობაში.

7. საქართველოს კულტურის სამინისტროს ევალება:

ა) უზრუნველყოს კონცერტის პროგრამის შედგენა და გამართვა მთავარი სტუმრის პატივსაცემად ოფიციალური სადილის (ვახშმის) დროს;

ბ) ორგანიზება გაუწიოს მთავარი სტუმრის პატივსაცემად თეატრის წარმოდგენას (კონცერტს).

8. საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურს ევალება:

ა) ორგანიზება გაუწიოს ოფიციალურ სადილს (ვახშამს) მთავარი სტუმრის (მეუღლითურთ) პატივსაცემად;

ბ) სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურთან შეთანხმებით ორგანიზება გაუწიოს სადილს (ვახშამს) მთავარი სტუმრის (მეუღლითურთ) პატივსაცემად საქართველოს რაიონებსა და ქალაქებში მოგზაურობის დროს;

გ) უზრუნველყოს უცხოელი სტუმრებისა და დელეგაციების მიღება სამთავრობო რეზიდენციაში, საჭიროების შემთხვევაში – დელეგაციის წევრებისა და თანმხლები პირების ნაწილის დაბინავება სასტუმროში;

დ) უზრუნველყოს სამთავრობო რეზიდენციაში მაღალი რანგის უცხოელი სტუმრების, კერძოდ: სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურის, პარლამენტის თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების (მათი ოჯახის წევრებისა და თანმხლები პირების); სახელმწიფო დელეგაციის წევრების; სამთავრობო დელეგაციის წევრების; საპარლამენტო დელეგაციის წევრების; საგარეო საქმეთა მინისტრის, მისი მოადგილეების და თანმხლები პირების; თავდაცვის მინისტრის, მისი მოადგილისა და თანმხლები პირების; გამოჩენილი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეების დაბინავება;

ე) უზრუნველყოს სტუმრები ავტოტრანსპორტით.

9. სახელმწიფო პროტოკოლის სამსახური სტუმრის ქვეყნის საელჩოსთან ნაცვალგების პრინციპით ათანხმებს ვიზიტთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვის საკითხს, რომლის მოსაგვარებლად სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახური წინასწარ ადგენს საზღვარგარეთის ქვეყნის სახელმწიფოს მეთაურის, მთავრობის თავმჯდომარის საქართველოში მიღებასთან დაკავშირებულ საორიენტაციო ხარჯთა ნუსხას და წყვეტს სათანადო უწყებებთან შეთანხმებით ამ ხარჯების ანაზღაურების წყაროების საკითხს.

10. უცხოეთის ქვეყნების სხვა დანარჩენ დელეგაციებსა და სახელმწიფო მოღვაწეებს ხვდებიან და აცილებენ შესაბამისი სამინისტროების, უწყებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები, რომლებსაც ევალებათ სტუმართა ვიზიტის ორგანიზება.

11. თითოეული სამინისტროს, უწყებისა და დაწესებულების ხელმძღვანელმა, რომელსაც დაევალა ვიზიტის ორგანიზაცია, უნდა შეადგინოს სტუმართა მიღებასთან დაკავშირებული მოსამზადებელი სამუშაოების გეგმა და ვიზიტის პროგრამა, განურჩევლად იმისა, თუ რა არხით ჩამობრძანდება მაღალი რანგის სტუმარი. საჭიროა წინასწარ განისაზღვროს სტუმრის დახვედრასთან დაკავშირებით საკითხები, დეტალები და კონკრეტული დავალების შესრულებისათვის პასუხისმგებელი თანამდებობის პირები, რათა ვიზიტი მოეწყოს შეუფერხებლად, მაღალ ორგანიზაციულ დონეზე.

12. გეგმა უნდა ითვალისწინებდეს შემდეგი საკითხების გადაწყვეტას:

ა) აეროპორტის (ვაგზლის) სათავსების, საფრენი ბილიკის, ტრაპის მომზადება. სტუმრებისათვის თბილისიდან გასამგზავრებელი ბილეთების დაჯავშნა;

ბ) სამთავრობო რეზიდენციაში სახლების მომზადება;

გ) სასტუმროში ოთახების მომზადება;

დ) რეზიდენციასა და სასტუმროში მორიგე თარჯიმნების გამოყოფა;

ე) სტუმრებისა და მასპინძლების ავტომობილებში განაწილების სქემის შედგენა. ავტომობილების მომზადება. მათზე, სქემის შესაბამისად, რიგითი ნომრების დამაგრება;

ვ) სტუმრების სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა;

ზ) დელეგაციის საქართველოში სტუმრობის გაშუქება საქართველოს ტელევიზიით, რადიოთი და პრესით;

თ) სტუმართა საქართველოში მოგზაურობის ამსახველი ფოტოსურათების კომპლექტების მომზადება;

ი) სტუმრობის პროგრამის, ავტომობილებში, რეზიდენციაში, სასტუმროში სტუმართა განთავსების სიის (ტელეფონების ნომრების მითითებით), წვეულებაზე მოსაწვევი და კუვერტული ბარათების, წვეულების მენიუს დაბეჭდვა;

კ) ყვავილების თაიგულებისა და კალათის მომზადება;

ლ) დახვედრა-გაცილებისას სტუმრების ბარგის გადატანის უზრუნველყოფა;

მ) კვების ორგანიზაცია, სტუმართა კვების თავისებურებათა გათვალისწინებით რეზიდენციასა და სასტუმროში მენიუს მომზადება;

ნ) საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირის უზრუნველყოფა რეზიდენციაში, სასტუმროსა და აეროპორტში;

ო) სამახსოვრო სუვენირების მომზადება;

პ) პროგრამით გათვალისწინებულ ობიექტებზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და სტუმრების უშიშროების უზრუნველყოფა;

ჟ) აეროპორტის, რეზიდენციის, სასტუმროს პროგრამით გათვალისწინებული ყველა ობიექტის უზრუნველყოფა ცივი და ცხელი წყლით, ელექტროენერგიით, კონდიცირებით, გათბობით (ცივ ამინდში);

რ) სტუმრების მიღების საორიენტაციო ხარჯთა ნუსხის შედგენა, ხარჯების დაფინანსების წყაროების დადგენა;

ს) საქართველოსა და შესაბამის ქვეყანას შორის ურთიერთობათა განვითარების შესახებ საინფორმაციო მასალების მომზადება; მთავარი სტუმრისა და დელეგაციის მთავარი წევრების შესახებ ცნობების მომზადება; საქართველოსა და შესაბამის ქვეყანას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, პარტნიორული, ჰუმანიტარული და სხვა სახის ურთიერთობათა განვითარების შესახებ სათანადოდ დასაბუთებული წინადადებებისა და მოსაზრებების მომზადება, იმ ხელშეკრულებათა პროექტების მომზადება, რომლებიც შესაძლოა დაიდოს აღნიშნულ ქვეყანასთან;

ტ) პროგრამით გათვალისწინებული ყველა დასათვალიერებელი ობიექტის მზადყოფნის უზრუნველყოფ