1. საქართველოს სამინისტროები, უწყებები და სხვა იურიდიული პირები საქართველოს პრეზიდენტის ან სახელმწიფო მინისტრის მიერ საზღვარგარეთის ქვეყნების დელეგაციებისა და უცხოელი სტუმრების მიღების მიზანშეწონილობის საკითხს წინასწარ, მიღებამდე არა უგვიანეს ხუთი დღისა, უთანხმებენ სახელმწიფო კანცელარიის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურსა და შესაბამის დარგობრივ სტრუქტურებს.

2. სამინისტროებმა, უწყებებმა, სახელმწიფო კანცელარიის შესაბამისმა სტრუქტურებმა და სხვა იურიდიულმა პირებმა მიღებამდე არა უგვიანეს სამი დღისა სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურს უნდა წარუდგინონ ხელმძღვანელი პირის მიერ შემდეგი ვიზირებული მასალები:

ა) უცხოელ სტუმართა საქართველოში ყოფნის პროგრამის პროექტი;

ბ) უცხოელ სტუმართა სია, რომლებიც უნდა დაესწრონ საუბარს;

გ) საქართველოს მხრიდან საუბრის მონაწილეთა სია.

3. სამინისტროებმა, უწყებებმა, სახელმწიფო კანცელარიის შესაბამისმა სტრუქტურებმა და სხვა იურიდიულმა პირებმა მიღებამდე არა უგვიანეს სამი დღისა სახელმწიფო კანცელარიის საგარეო პოლიტიკის ანალიზის სამსახურს უნდა წარუდგინონ ხელმძღვანელი პირის მიერ შემდეგი ვიზირებული მასალები:

ა) უცხოელ სტუმართა მოკლე ბიოგრაფიული ცნობები;

ბ) მასალები დელეგაციისა და უცხოელი სტუმრების საქართველოში ჩამოსვლის მიზნების შესახებ;

გ) სათანადოდ დასაბუთებული წინადადებები შესაბამისი თემატიკის მიხედვით, აგრეთვე მოსაზრებანი იმ საკითხთა გარშემო, რომლებიც შეიძლება წამოჭრან დელეგაციის წევრებმა საუბრებისას;

დ) გარდა ზემოაღნიშნული მასალებისა, სახელმწიფო კანცელარიის საგარეო პოლიტიკის ანალიზის სამსახური და შესაბამისი დარგობრივი სტრუქტურა საჭიროების შემთხვევაში საქართველოს სამინისტროებისა და უწყებებისაგან გამოითხოვს დამატებით ინფორმაციას.

4. საქართველოს პრეზიდენტის ან სახელმწიფო მინისტრის მიერ უცხოელი სტუმრის (ან დელეგაციის) მიღების საკითხს საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე – სახელმწიფო კანცელარიის უფროსი საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურისა და შესაბამისი დარგობრივი სტრუქტურის ხელმძღვანელობის მოსაზრებათა გათვალისწინებით უთანხმებს საქართველოს პრეზიდენტს (ან სახელმწიფო მინისტრს), ხოლო უცხო სახელმწიფოთა სამხედრო, სამართალდაცვისა და სპეციალური სამსახურების წარმომადგენელთა ვიზიტის საკითხს საქართველოს პრეზიდენტს უთანხმებს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი.

5. დელეგაციებისა და უცხოელი სტუმრების სახელმწიფო კანცელარიის შენობაში მიღებისას მთავარი სტუმრისა და მისი თანმხლები პირების ავტომობილები შედიან სახელმწიფო კანცელარიის ეზოში მარცხენა ჭიშკრიდან და ჩერდებიან მეორე შესასვლელთან, სადაც მათ ხვდებიან სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც მიაცილებენ სტუმრებს პრეზიდენტის ან სახელმწიფო მინისტრის მისაღებამდე. აუდიენციის დამთავრების შემდეგ სახელმწიფო პროტოკოლის თანამშრომლები აცილებენ სტუმრებს ავტომობილებამდე. სამინისტრომ, უწყებამ ან ორგანიზაციამ, რომელიც მასპინძლობს სტუმრებს, უნდა უზრუნველყოს მათი მიყვანა სახელმწიფო კანცელარიის შენობის შესაბამის შესასვლელთან შეხვედრის დაწყებამდე 15 წუთით ადრე.

6. სახელმწიფო კანცელარიის საგარეო პოლიტიკის ანალიზის სამსახურს ევალება:

ა) სამინისტროების, უწყებების, სახელმწიფო კანცელარიის შესაბამისი სტრუქტურებისა და სხვა იურიდიული პირების მიერ წარმოდგენილი ანალიტიკური და სარეკომენდაციო მასალების შეჯერებისა და შემდგომი დამუშავების საფუძველზე მოამზადოს საკითხის მკაფიოდ დასმის და წინადადებების დასაბუთების ამსახველი სასაუბრო, სხვა საინფორმაციო-ანალიტიკური დოკუმენტები და გადასცეს საქართველოს პრეზიდენტის (სახელმწიფო მინისტრის) სამდივნოს შეხვედრამდე არა უგვიანეს ერთი დღისა;

ბ) საჭიროების შემთხვევაში სამინისტროების, უწყებებისა და სხვა იურიდიული პირების მიერ წარმოდგენილი მასალები წინასწარი ექსპერტიზისათვის გადასცეს სახელმწიფო კანცელარიის შესაბამის სტრუქტურებს;

გ) გააკეთოს საუბრის ჩანაწერი და შეხვედრიდან არა უგვიანეს ერთ კვირაში სათანადო წესით გაფორმებული და დამოწმებული სახით გადასცეს ოფიციალურ კორესპოდენციებზე მუშაობის განყოფილების საიდუმლო საქმეთა წარმოების ჯგუფს.

7. სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურს ევალება:

ა) აცნობოს დაინტერესებულ სამინისტროებს, უწყებებსა და სხვა იურიდიულ პირებს საქართველოს პრეზიდენტთან (სახელმწიფო მინისტრთან) უცხოელი სტუმრის (ან დელეგაციის) შეხვედრის ზუსტი დრო პროგრამის საბოლოო ვარიანტის შემუშავებისათვის;

ბ) დააზუსტოს შეხვედრებზე როგორც სტუმრების, ისე საქართველოს მხრიდან დამსწრეთა სია;

გ) მიაწოდოს ცნობა შეხვედრის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურს;

დ) მიაწოდოს ცნობა შეხვედრის შესახებ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს;

ე) მიაწოდოს ცნობა სტუმრების მიღების შესახებ ერთი დღით ადრე სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურს.

8. საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს ევალება უზრუნველყოს საქართველოს პრეზიდენტთან (სახელმწიფო მინისტრთან) უცხოელი სტუმრის შეხვედრის მსვლელობის თარგმნა.

9. საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურს ევალება:

ა) მოამზადოს მოლაპარაკების დარბაზი (კაბინეტი) შეხვედრისათვის;

ბ) უზრუნველყოს სტუმრების გამასპინძლება;

გ) მოამზადოს სტუმრებისათვის სამახსოვრო საჩუქრები.

საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 30 ივლისის ბრძანებულება №370-სსმ III, №77, 30.07.2003წ; მუხ.7