1. რეგისტრირებული მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების უფლების მოსაპოვებლად განაცხადის შეტანა ხდება „საქპატენტში“.
2. განაცხადის შეტანის უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომელიც აწარმოებს ადგილწარმოშობის დასახელების მინერალურ წყალს და აკმაყოფილებს „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
3. განაცხადი შედგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე და ეხებოდეს ერთ ადგილწარმოშობის დასახელების მინერალურ წყალს.
4. განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) თხოვნას რეგისტრირებული მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების უფლების მქონე პირის რეგისტრაციის შესახებ;
ბ) განმცხადებლის სრულ სახელსა (სახელწოდებას) და მისამართს;
გ) საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსთან არსებული წყლის სასაქონლო პროდუქციის წარმოებაზე ლიცენზირების საუწყებათშორისო ექსპერტთა საბჭოს თანხმობას მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების შესახებ;
დ) წიაღისეულით სარგებლობისა და სასაქონლო პროდუქციის წარმოების ლიცენზიებს;
ე) კანონმდებლობით დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელ საბუთს;
ვ) განმცხადებლის მიერ წარმომადგენლის სახელზე გაცემულ მინდობილობას, თუ განაცხადი შეაქვს წარმომადგენელს.
5. „საქპატენტი“ 5 დღეში იღებს გადაწყვეტილებას მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების უფლების მქონე პირის რეგისტრაციაზე და შესაბამისი მონაცემები შეაქვს რეესტრში.
6. „საქპატენტი“ მონაცემებს რეგისტრირებული მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების უფლების მქონე პირის შესახებ აქვეყნებს ბიულეტენში