1. ღვინისა და ღვინის ბრენდის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაცია ხორციელდება „საქპატენტის“ მიერ განმცხადებლის განაცხადის საფუძველზე.
2. განაცხადის შეტანის უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ან მეწარმეთა ნებისმიერ გაერთიანებას (კავშირს), მიუხედავად მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა (შემდგომში – განმცხადებელი).
3. განაცხადი შედგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე და უნდა ეხებოდეს ერთ ადგილწარმოშობის დასახელებას.
4. განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) თხოვნას ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციის შესახებ;
ბ) განმცხადებლის სრულ სახელსა (სახელწოდებას) და მისამართს;
გ) ადგილწარმოშობის (მევენახეობის სპეციფიკური ზონის) დასახელებას;
დ) მევენახეობის სპეციფიკური ზონის ნიადაგურ-კლიმატური მახასიათებლების აღწერასა და საზღვრებს;
ე) ღვინის ან ღვინის ბრენდის და შესაბამისი ნედლეულის ზოგად აღწერას;
ვ) ღვინის ან ღვინის ბრენდის წარმოების ტექნოლოგიისა და შესაბამისი გეოგრაფიული ადგილისათვის დამახასიათებელი წარმოების სპეციფიკური პირობებისა და ხერხების აღწერას;
ზ) განმცხადებლის ან მისი წარმომადგენლის ხელმოწერას.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „დ“- „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მონაცემები დადასტურებული უნდა იქნეს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მიერ.
6. განაცხადს თან უნდა დაერთოს:
ა) კანონმდებლობით დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;
ბ) განმცხადებლის მიერ წარმომადგენლის სახელზე გაცემული მინდობილობა, თუ განაცხადი შეაქვს წარმომადგენელს.
7. ღვინისა და ღვინის ბრენდის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციისათვის „საქპატენტი“:
ა) ატარებს ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზას, ამოწმებს წარმოდგენილია თუ არა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები;
ბ) ატარებს მოძიებას სასაქონლო ნიშნების, ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის მონაცემთა ბაზებში იდენტური ან მსგავსი სახელების გამოვლენის მიზნით;
გ) აქვეყნებს ინფორმაციას განაცხადის მასალების შესახებ საქართველოს სამრეწველო საკუთრების ოფიციალურ ბიულეტენში (შემდგომში – ბიულეტენი), ერთ ცენტრალურ და ერთ ადგილობრივ გაზეთში საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების მიზნით.
8. თუ განაცხადის მასალების გამოქვეყნებიდან სამ თვეში „საქპატენტში“ შემოვა დამატებითი ინფორმაცია, შესაბამისი მასალები ეგზავნება საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს დასკვნისათვის.
9. თუ განაცხადის მასალების გამოქვეყნებიდან სამ თვეში „საქპატენტში“ არ შემოვა არანაირი დამატებითი ინფორმაცია, „საქპატენტი“ იღებს გადაწყვეტილებას ღვინის ან ღვინის ბრენდის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციაზე და შესაბამისი მონაცემები შეაქვს ღვინისა და ღვინის ბრენდის ადგილწარმოშობის დასახელების სახელმწიფო რეესტრში (შემდგომში - რეესტრი).
10. ღვინის და ღვინის ბრენდის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციის შემდეგ „საქპატენტი“ რეგისტრაციის მონაცემებს აქვეყნებს ბიულეტენში