„საქართველოს აეროპორტებში საერთაშორისო და ლიტერულ რეისებზე მგზავრთა საბაჟო, სასაზღვრო-საპასპორტო კონტროლის განხორციელებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 16 იანვრის №01 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №465
2002 წლის 5 ნოემბერი
ქ.თბილისი
,,საქართველოს აეროპორტებში საერთაშორისო და ლიტერულ რეისებზე მგზავრთა საბაჟო, სასაზღვრო-საპასპორტო კონტროლის განხორციელებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის შესახებ,, საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 16 იანვრის №01 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
,,საქართველოს აეროპორტებში საერთაშორისო და ლიტერულ რეისებზე მგზავრთა საბაჟო, სასაზღვრო-საპასპორტო კონტროლის განხორციელებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის შესახებ,, საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 16 იანვრის №01 ბრძანებულებით დამტკიცებულ ,,საქართველოს სამოქალაქო აეროპორტებში საერთაშორისო რეისებზე მგზავრთა საბაჟო, სასაზღვრო-საპასპორტო კონტროლის განხორციელებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის წესების შესახებ” დებულებაში შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1.1.3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
” 1.3. საქართველოს საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი აეროპორტების სარეჟიმო-საკონტროლო ტერიტორიები წარმოადგენენ საბაჟო კონტროლის ზონებს, რომლის ფარგლებში შექმნილია შემდეგი სარეჟიმო-საკონტროლო ზონები:
ა) საბაჟო სარეჟიმო-საკონტროლო ზონა – აეროვაგზლის შენობაში გამოყოფილი ტერიტორიის ფარგლები, მგზავრთა საბაჟო კონტროლის განხორციელების ზღურბლიდან სასაზღვრო-საპასპორტო კონტროლის განხორციელების სარეჟიმო-საკონტროლო ზონამდე. (ჩამოფრენის დარბაზში _ სასაზღვრო-საპასპორტო სარეჟიმო-საკონტროლო ზონიდან საბაჟო კონტროლის განხორციელებამდე);
ბ) სასაზღვრო-საიმიგრაციო კონტროლის განხორციელების სარეჟიმო-საკონტროლო ზონა – აეროპორტში გამოყოფილი ტერიტორიის ფარგლები: საბაჟო სარეჟიმო-საკონტროლო ზონიდან მგზავრთა თვითმფრინავამდე გადაადგილების ტექნოლოგიით გათვალისწინებული ტერიტორია და თვითმფრინავის სადგომი, გარდა სტერილური ზონისა (ჩამოფრენის შემთხვევაში თვითმფრინავის სადგომიდან საბაჟო სარეჟიმო-საკონტროლო ზონამდე);
გ) საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის სარეჟიმო-საკონტროლო ზონა – აეროდრომის სარეჟიმო-საკონტროლო ტერიტორია, სტერილური ზონა და გაფრენის დარბაზში არსებული საბარგო განყოფილების ტერიტორია;
დ) სტერილური ზონა – აეროვაგზლის ტერიტორია სადაც იმყოფებიან მგზავრები საბაჟო, სასაზღვრო-საპასპორტო და საავიაციო უშიშროების კონტროლის გავლის შემდეგ;
ე) მოსაცდელი დარბაზი - აეროვაგზლის ტერიტორია სადაც იმყოფებიან მგზავრები საბაჟო და სასაზღვრო-საიმიგრაციო კონტროლის გავლის შემდეგ სტერილურ ზონაში მოხვედრამდე. (ჩამოფრენის შემთხვევაში - ტერიტორია ჩამოფრენის დარბაზში, სადაც იმყოფებიან მგზავრები სასაზღვრო-საიმიგრაციო კონტროლის გავლამდე.)
2. 2.1 და 2.2 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
3. 2.3 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები ,,საბაჟო კონტროლის პროცედურის გავლის შემდეგ” და პირველი წინადადების პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,რეგისტრაციის დაწყების შემდეგ, მგზავრი ყოველგვარი დაბრკოლებისა და შემოწმების გარეშე მიდის ბილეთების, ბარგისა და ხელბარგის სარეგისტრაციოდ”, შემდეგ როგორც ტექსტშია, ხოლო ბოლო აბზაცს დაემატოს შემდეგი სიტყვები: ,,საბაჟო სამსახური, საბარგო განყოფილებაში მიმდინარე ბარგის შემოწმების პროცესზე დაკვირვებას ახდენს საკონტროლო ტექნიკური საშუალებებით. საჭიროების შემთხვევაში საბაჟო სამსახურს უფლება აქვს ბარგი შეამოწმოს საავიაციო უშიშროების სამსახურის კუთვნილი სპეცაპარატურის მეშვეობით”.
4. 2.3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 2.3.1 პუნქტი:
,,2.3.1 ბილეთების, ბარგისა და ხელბარგის რეგისტრირების დამთავრების შემდეგ, მგზავრი შედის საბაჟო სარეჟიმო-საკონტროლო ზონაში.
საბაჟო ორგანოს თანამშრომელი მგზავრის რეისზე არდაშვების ან მგზავრის მიერ შემდგომი პროცედურების გავლისა და თვითმფრინავით მგზავრობის უფლების მიცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას აცნობებს სასაზღვრო-საიმიგრაციო კონტროლის განხორციელებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის სამსახურების მუშაკებს, აგრეთვე შესაბამისი ავიაკომპანიის წარმომადგენლებს.”
5. 2.4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“2.4. რეგისტრაციის და საბაჟო პროცედურების გავლის შემდეგ მგზავრი შედის სასაზღვრო-საიმიგრაციო კონტროლის ზონაში, სადაც სასაზღვრო-საიმიგრაციო კონტროლის თანამშრომელს წარუდგენს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისათვის საჭირო დოკუმენტებს (პასპორტი, საჰაერო ხომალდში ჩასხდომის ნებართვის დამადასტურებელი ბარათი, სამგზავრო დოკუმენტი და სხვ.). თუ სასაზღვრო-საიმიგრაციო კონტროლის თანამშრომელს ეჭვი შეეპარა წარდგენილი დოკუმენტების სისწორეში, იგი გადასცემს დოკუმენტებს მეორად ინსპექტირებაზე და საჭიროების შემთხვევაში დოკუმენტების ღრმად შემოწმების ლაბორატორიას, რომელიც თავის მხრივ ვალდებულია შეატყობინოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე უარის თქმის შემთხვევაში საბაჟოს, საავიაციო, აეროპორტის (ავიაკომპანიის) შესაბამის სამსახურებს.”
6. 2.5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2.5. სასაზღვრო-საიმიგრაციო კონტროლის გავლის შემდეგ მგზავრი ხვდება მოსაცდელ დარბაზში.”
7. 2.6 პუნქტის პირველი წინადადება შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,საქართველოს საჰაერო კოდექსის, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის სტანდარტებისა და მოქმედი ნორმატიული აქტების მოთხოვნების შესაბამისად მგზავრების შემოწმება საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით, ხდება საავიაციო უშიშროების სამსახურის მიერ, რის შემდეგაც ისინი იმყოფებიან სტერილურ ზონაში მანამ, სანამ აეროპორტის (ავიაკომპანიის) გადაზიდვების სამსახურის მორიგე სასაზღვრო-საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად მათ არ მიიწვევს თვითმფრინავში ჩასასხდომად”, შემდგომ როგორც ტექსტშია.
8. 2.7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2.7. მგზავრის, ბარგისა და ტვირთის ტრანსპორტირება საჰაერო ხომალდამდე ხორციელდება სპეცტექნიკით, საავიაციო უშიშროებისა და საბაჟო სამსახურის წარმომადგენლის მეთვალყურეობის ქვეშ. ბარგის ჩატვირთვა საჰაერო ხომალდის საბარგულებში ხორციელდება გადაზიდვების სამსახურის მტვირთავების მიერ, საბაჟო სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ.”
9. 2.9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2.9. თვითმფრინავის გაფრენაზე ნებართვას იძლევა სასაზღვრო-სიამიგრაციო კონტროლის ამისათვის პასუხისგებელი პირი საბაჟო, საავიაციო უშიშროების, გადაზიდვების და აეროპორტის (ავიაკომპანიის) შესაბამისი სამსახურების პასუხისმგებელ პირებთან შეთანხმებით .”
10. 3.1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3.1. საჰაერო ხომალდის ბორტიდან მგზავრების ჩამოყვანის და ბარგის (ტვირთის) ჩამოტვირთვის ტექნოლოგიური ციკლის დამთავრებამდე, თვითმფრინავის სადგომ ტერიტორიაზე უფლება აქვთ იმყოფებოდნენ: სასაზღვრო განწესი, საბაჟო განწესი, აეროპორტის (ავიაკომპანიის) გადაზიდვების სამსახურის ერთი მორიგე (სპეციალური კატეგორიის მგზავრის ჩამოსვლისას მათ ემატებათ VIP-ის ერთი თანამშრომელი) , გადაზიდვების სამსახურის ოთხი მტვირთავი, ავიაკომპანიის და აეროპორტის საავიაციო უშიშროების სამსახურის თითო თანამშრომელი. თუ თვითმფრინავით ჩამოდის დიპლომატიური ან სპეციალური ფოსტა_ დიპკურიერი ან ფელდკავშირის ორი თანამშრომელი, ყველა აღნიშნულ პირს უნდა ქონდეს სპეციალური საშვი”.
11. 3.3 პუნქტში სიტყვები ,,სტერილურ ზონაში,, შეიცვალოს სიტყვებით: ,,მოსაცდელ დარბაზში”.
12. დებულებაში სიტყვები “სასაზღვრო-საპასპორტო” შეიცვალოს სიტყვებით “სასაზღვრო-საიმიგრაციო”.
ედუარდ შევარდნაძე