1. აუქციონში მონაწილე აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, სადაც ტარდება აუქციონი, აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს აუქციონში მონაწილის ბილეთს და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერიც შეესაბამება მის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს.
2. აუქციონატორი ადარებს გაცემული ნომრიანი დაფების რაოდენობას შემოსული განაცხადების რაოდენობასთან, რითაც აზუსტებს აუქციონში მონაწილეთა რაოდენობას.
3. აუქციონს ატარებს აუქციონატორი.
4. თითოეულ ობიექტზე ვაჭრობის დაწყებისას აუქციონატორი აცხადებს ლენტეხის თვითმმართველი ერთეულის ქონების დასახელებას, მისი ქირის საწყის ფასს, ბიჯს (ბიჯის სიდიდეს ყოველი კონკრეტული ქონებისათვის განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე სააუქციონერო კომისიის წარდგინებით).
5. აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება ქირის საწყისი ფასის გამოცხადების მომენტი. ვაჭრობის მიმდინარეობის დროს დაუშვებელია მონაწილეთა დარბაზში გადაადგილება.
6. აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს ქირის საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, სწევს თავის დაფას (რაც ნიშნავს ქირის საწყის ფასზე ბიჯის დამატებას), აუქციონატორი აფიქსირებს მას და სთხოვს აუქციონში მონაწილეებს, გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ რომელიმე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს. ქირის ფასის სამჯერ გამოცხადების და აუქციონატორის მიერ ჩაქუჩის დარტყმის შემდეგ ლენტეხის თვითმმართველი ერთეულის ქონება ითვლება სარგებლობის უფლებით გადაცემულად აუქციონის იმ მონაწილეზე, ვინც აუქციონატორს ქირის ყველაზე მაღალი ფასი შესთავაზა.
7. აუქციონის დამთავრების შემდეგ დგება ოქმი, რომელიც წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებას. ოქმს ხელს აწერს აუქციონში გამარჯვებული, აუქციონატორი, სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე და სააუქციონო კომისიის მდივანი.
8. თუ აუქციონში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს აუქციონის შედეგების ოქმის ხელმოწერაზე, მას ჩამოერთმევა აუქციონში გამარჯვებულის სტატუსი და შეტანილი ბე არ დაუბრუნდება.
9. თუ აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ აუქციონის მონაწილეები, რომლებიც ესწრებიან აუქციონს, არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი აუქციონის შესახებ და აუქციონის მონაწილეებს შეტანილი ბე არ დაუბრუნდებათ.
10. სააუქციონო კომისია აუქციონის ჩატარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში ამზადებს მოხსენებით ბარათს, რომლის საფუძველზეც აუქციონში მონაწილე პირებს, რომლებმაც ვერ გაიმარჯვეს, უბრუნდებათ მათ მიერ გადახდილი ბეს ოდენობა. მოხსენებით ბარათს ხელს აწერს სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი