1. პროგრამის მე–3 მუხლით გათვალისწინებული მედიკამენტების, საკვები დანამატისა და მომსახურების შესყიდვას უზრუნველყოფს სსიპ – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრი.
2. მატერიალიზებული ვაუჩერების ბეჭდვას, პროგრამის მოსარგებლეების აღრიცხვას და მათთვის ვაუჩერების გაცემას უზრუნველყოფს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო საკუთარი ადმინისტრაციული ასიგნებებით ქვემოთ ჩამოთვლილი კომპონენტების ფარგლებში:
ა) დიაბეტით დაავადებულ მოზრდილ ავადმყოფთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტი;
ბ) დიაბეტიან ბავშვთა და მოზარდთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტი;
გ) ჰემოფილიით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტი;
დ) ორგანოგადანერგილთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტი;
ე) უშაქრო დიაბეტით დაავადებულთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტი;
ვ) ფენილკეტონურიით დაავადებულ ბავშვთა სამკურნალო საკვები დანამატით უზრუნველყოფის კომპონენტი;
ზ) მუკოვისციდოზით დაავადებულთა სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტი;
თ) ნარკომანიით დაავადებულთა ჩამანაცვლებელი ნარკოტიკით უზრუნველყოფის კომპონენტი