1. ამ შეთანხმების მიზნებისათვის, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს:

a) ტერმინი „საქართველო“ ნიშნავს მსოფლიო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ სივრცეს მის საზღვრებში, მათ შორის სახმელეთო სივრცეს, შიდა წყლებსა და ტერიტორიულ ზღვას, მათ ზემოთ საჰაერო სივრცეს, რომლებზეც საქართველო ახორციელებს სუვერენიტეტს, ასევე მის ტერიტორიულ ზღვასთან მიმდებარე განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონასა და კონტინენტურ შელფს, რომელთა მიმართაც საქართველოს შეუძლია განახორციელოს თავისი სუვერენული უფლებები საერთაშორისო სამართლის შესაბამისად;

b) ტერმინი „ლატვია“ ნიშნავს ლატვიის რესპუბლიკას და როდესაც იხმარება გეოგრაფიული მნიშვნელობით, ნიშნავს ლატვიის რესპუბლიკის ტერიტორიას და მისი ტერიტორიული წყლების მოსაზღვრე ნებისმიერ სხვა არეალს, სადაც ლატვიის რესპუბლიკის კანონმდებლობით და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად შესაძლოა გავრცელდეს ლატვიის უფლებები ზღვის ფსკერზე, მის წიაღსა და მათ ბუნებრივ რესურსებზე;

c)ტერმინი „ხელშემკვრელი სახელმწიფო“ და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფო ნიშნავს საქართველოს ან ლატვიას, კონტექსტის შესაბამისად;

d)ტერმინი „პირი“ მოიცავს ფიზიკურ პირს, კომპანიას და პირთა ნებისმიერ სხვა გაერთიანებას;

e)ტერმინი „კომპანია“ ნიშნავს ნებისმიერ კორპორაციულ წარმონაქმნს ან ნებისმიერ ერთეულს, რომელიც გადასახადით დაბეგვრის მიზნით განიხილება, როგორც დაბეგვრის სუბიექტი;

f)ტერმინი „ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო“ და „მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო“ შესაბამისად ნიშნავს საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ და საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ;

g)ტერმინი „საერთაშორისო გადაზიდვა“ ნიშნავს ნებისმიერ გადაზიდვას საზღვაო გემებითა და საჰაერო ხომალდებით, რომელთა ექსპლუატაცია ხდება ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საზღვაო გემებისა და საჰაერო ხომალდების ექსპლუატაცია ხდება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განლაგებულ პუნქტებს შორის;

h)ტერმინი „კომპეტენტური ორგანო“ ნიშნავს:

(i) საქართველოს შემთხვევაში, ფინანსთა სამინისტროს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს;

(ii) ლატვიის შემთხვევაში, ფინანსთა სამინისტროს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს;

i) ტერმინი „ნაციონალური პირი“ ნიშნავს:

(i) ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს ხელშემკვრელი სახელმწიფოს ეროვნება;

(ii) ნებისმიერ იურიდიულ პირს, ამხანაგობას ან ასოციაციას, რომელსაც ასეთი სტატუსი მიღებული აქვს ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.

2.ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ ამ შეთანხმების გამოყენების დროს ნებისმიერ ტერმინს, რომელიც არ არის მასში განსაზღვრული, ექნება ის მნიშვნელობა, რაც მას მიენიჭა ამ სახელმწიფოს კანონმდებლობით იმ გადასახადების მიმართ, რომლებზედაც ვრცელდება შეთანხმება, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საგადასახადო კანონმდებლობაში არსებული ტერმინების განსაზღვრებებს უპირატესობა ენიჭებათ იმ განსაზღვრებებთან მიმართებაში, რომლებიც მათ გააჩნიათ ამ სახელმწიფოს სხვა კანონები