(a) თუ ესა თუ ის მხარე-სახელმწიფო თვლის, რომ მეორე მხარე-სახელმწიფო ამ კონვენციის დებულებებს არ ასრულებს, მას შეუძლია, წერილობითი შეტყობინების მეშვეობის, ამ მხარე-სახელმწიფოს ყურადღება მიაპყროს ამ საკითხს. შეტყობინების მიღებიდან სამი თვის განმავლობაში, მისი მიმღები სახელმწიფო შეტყობინების გამგზავნ სახელმწიფოს წარუდგენს წერილობით განმარტებას ან ნებისმიერ სხვა განცხადებას, რომელშიც ახსნილი იქნება საკითხი და რომელიც მოიცავს, რამდენადაც ეს შესაძლებელი და მიზანშეწონილია, მითითებას იმ შიდა პროცედურებსა და მიღებულ ზომებზე, რომლებიც გასატარებელი ან ხელმისაწვდომია მოცემულ საკითხთან მიმართებაში;
(b) თუ ამ საკითხთან დაკავშირებით ვერ მოხერხდა ორივე დაინტერესებული მხარისათვის დამაკმაყოფილებელი გადაწყვეტილების მიღწევა მიმღები სახელმწიფოს მიერ თავდაპირველი შეტყობინების მიღებიდან ექვსი თვის განმავლობაში, თითოეულ სახელმწიფოს უფლება აქვს, საკითხი წარუდგინოს კომიტეტს, კომიტეტისთვისა და მეორე სახელმწიფოსათვის შეტყობინების გაკეთების გზით;
(c) კომიტეტი მისთვის ამ მუხლის თანახმად წარდგენილ საკითხს განიხილავს მხოლოდ მას შემდეგ, რაც იგი დარწმუნდება, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ყველა ხელმისაწვდომი საშინაო ზომა იქნა გამოყენებული და ამოწურული, თანახმად საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა. ეს წესი არ მოქმედებს, როდესაც ამ ზომების გამოყენება გაუმართლებლად ჭიანურდება, ან ნაკლებად სავარაუდოა, რომ იგი ქმედით დახმარებას გაუწევს პირს, რომელიც ამ კონვენციის დარღვევის მსხვერპლია;
(d) ამ მუხლის მიხედვით გათვალისწინებული შეტყობინების შესწავლისას კომიტეტი მართავს დახურულ სხდომებს;
(e) თანახმად (c) პუნქტის დებულებებისა, კომიტეტი საკუთარ სამსახურს სთავაზობს შესაბამის მხარე-სახელმწიფოებს საკითხის მეგობრულად გადასაწყვეტად ამ კონვენციაში გათვალისწინებული ვალდებულებების პატივისცემის საფუძველზე. ამ მიზნით კომიტეტს შეუძლია, როდესაც ეს მიზანშეწონილია, დააარსოს სპეციალური შემთანხმებელი კომისია;
(f) მისთვის ამ მუხლის მიხედვით გადაცემულ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, კომიტეტს შეუძლია მოუწოდოს (b) ქვეპუნქტში მოხსენიებულ შესაბამის მხარე-სახელმწიფოებს, წარმოადგინონ საქმესთან კავშირის მქონე ნებისმიერი ინფორმაცია;
(g) შესაბამის მხარე-სახელმწიფოებს, მოხსენიებულთ (b) ქვეპუნქტში, უფლება აქვთ წარმოდგენილი იყვნენ, როდესაც საკითხი კომიტეტის მიერ განიხილება და გააკეთონ წარდგინებანი ზეპირად და/ან წერილობით;
(h) კომიტეტი, თორმეტი თვის განნმავლობაში (b) ქვეპუნქტში გათვალისწინებული შეტყობინების მიღების თარიღიდან, წარდგენის ანგარიშს:
(i) თუ მიღწეულია გადაწყვეტილება (e) ქვეპუნქტის დებულებათა ფარგლებში, კომიტეტის მიერ წარდგენილი ანგარიში შემოიფარგლება ფაქტებისა და მიღწეული გადაწყვეტილებების მოკლე გადმოცემით;
(j) თუ მიღწეული არ არის გადაწყვეტილება (e) ქვეპუნქტის დებულებათა ფარგლებში, კომიტეტის მიერ წარდგენილი ანგარიში შემოიფარგლება ფაქტების მოკლე გადმოცემით; შესაბამის მხარე-სახელმწიფოთა მიერ გაკეთებული წერილობითი წარდგინებანი და ზეპირ წარდგინებათა ჩანაწერები თან ერთვის ანგარიშს. ყველა საკითხთან დაკავშირებით, ანგარიში ეგზავნება შესაბამის მხარე-სახელმწიფოებს.
2. ამ მუხლის დებულებები ძალაში შედის, როდესაც ამ კონვენციის ხუთ მხარე-სახელმწიფოს გაკეთებული ექნება განცხადებები ამ მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით. ამგვარი განცხადებები მხარე-სახელმწიფოთა მიერ შესანახად ჰბარდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, რომელიც მათს ასლებს სხვა მხარე-სახელმწიფოებს გადაუგზავნის. განცხადება ნებისმიერ დროს შეიძლება იქნეს გაუქმებული გენერალური მდივნისთვის გაკეთებული შეტყობინებით. ამგვარი გაუქმება ზიანს არ აყენებს განხილვას რომელიმე საკითხისა, რომელიც ამ მუხლის მიხედვით უკვე გადაცემული შეტყობინების საგანს წარმოადგენს; რომელიმე მხარე-სახელმწიფოს მიერ გაკეთებული არანაირი შემდგომი შეტყობინება აღარ მიიღება ამ მუხლის მიხედვით მას შემდეგ, რაც გენერალური მდივანი მიიღებს შეტყობინებას განცხადების გაუქმების შესახებ, თუკი შესაბამის მხარე-სახელმწიფოს ახალი განცხადება არ გაუკეთებია