პირობების მიზნები
1. მიწის ნაკვეთ(ებ)ზე შენობათა განთავსების პირობების და მათი მაქსიმალური სიმაღლეების განსაზღვრის მიზანია:
ა) მიწის ნაკვეთ(ებ)ზე შენობათა განთავსების პირობების დადგენა;
ბ) მიწის ნაკვეთ(ებ)ზე შენობების მაქსიმალურ დასაშვებ სიმაღლე(ებ)სა და ამ შენობ(ებ)იდან მომიჯნავე მიწის ნაკვეთების სამეზობლო საზღვრებამდე მანძილებს შორის ურთიერთდამოკიდებულების განსაზღვრა;
გ) მიწის ნაკვეთ(ებ)ზე შენობების მაქსიმალურ დასაშვებ სიმაღლე(ებ)სა და ამ შენობ(ებ)იდან მომიჯნავე ქუჩებთან ან/და სხვა საზოგადოებრივ სივრცეებთან ურთიერთდამოკიდებულების განსაზღვრა.
2. მიწის ნაკვეთ(ებ)ზე შენობათა განთავსების და მათი მაქსიმალური სიმაღლეების განსაზღვრის ამ წესით დადგენილი პირობები მოქმედებს, თუ განაშენიანების რეგულირების გეგმებით კონკრეტული მიწის ნაკვეთებისათვის არ არის დადგენილი სხვაგვარი რეგულირება.
3.  განაშენიანების რეგულირების გეგმით, ამ წესებით განსაზღვრული საცხოვრებელი და საზოგადოებრივ-საქმიანი ზონებისათვის, შესაძლებელია დადგინდეს ამ თავის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული Y-ის განსხვავებული მნიშვნელობები.
4. ამ თავის მოთხოვნები არ ვრცელდება ნაგებობებზე, მათ შორის:
ა) ანძებსა და კოშკებზე;
ბ) აეროპორტის, საზღვაო პორტის და რკინიგზის ნაგებობებზე;
გ) საჰაერო-საბაგირო გზების ნაგებობებზე;
დ)     ჰიდრო, თბო და ატომურ ელექტროსადგურებზე; აგრეთვე ელექტროქვესადგურებზე;
ე) ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და თხევადი აირის საცავებზე, ტერმინალებზე;
ვ) ნაპირსამაგრ, ხაზოვან და სხვა სპეციალური დანიშნულების საინჟინრო ნაგებობებზე;
ზ)      მონუმენტებზე.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ობიექტების განთავსების პირობები და მათი მაქსიმალური სიმაღლეები უნდა განისაზღვროს სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.
6. თუ შენობები აშენებულია წინამდებარე წესის ძალაში შესვლამდე, ამ თავის მოთხოვნების შეუსაბამოდ, მათი რეკონსტრუქციისას დაუშვებელია ამ თავის მოთხოვნათა მიმართ არსებული შეუსაბამობის ხარისხის კიდევ უფრო მეტად გაზრდა. მის შესამცირებლად გამოყენებულ უნდა იქნეს ყველა შესაძლებლობა.
7.      იმ ობიექტებზე, რომელთა მიმართაც წინამდებარე წესების ძალაში შესვლამდე დაწყებულია მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურა ვრცელდება განაცხადის შეტანის მომენტისათვის მოქმედი რეგულირება.
8. მიწის ნაკვეთ(ებ)ზე შენობათა განთავსებისას და მათი მაქსიმალური სიმაღლეების განსაზღვრისას, როდესაც კონკრეტულ საკითხს არეგულირებს რამდენიმე ნორმა, უპირატესად მოქმედებს ის, რომელიც უფრო მკაცრ შეზღუდვებს აწესებს