საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის (სახაზინო დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
10.10.2007 ძალადაკარგული 13.11.2009
ნომერი
№1135
სარეგისტრაციო კოდი
010320010.22.033.010953
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 144, 16/10/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (8)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი010.320.010.22.033.010.953

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №1135

2007 წლის 10 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის (სახაზინო დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების თაობაზე

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის (სახაზინო დეპარტამენტის) დებულება“.

2. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის (სახაზინო დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 1 სექტემბრის №573 ბრძანება.

3. ბრძანება, გარდა ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის (სახაზინო დეპარტამენტის) დებულების“ მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

4. ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის (სახაზინო დეპარტამენტის) დებულების“ მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2008 წლის 1 იანვრიდან.

ნ. გილაური

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის (სახაზინო დეპარტამენტის)

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური (სახაზინო დეპარტამენტი) (შემდგომში – სახელმწიფო ხაზინა) წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას.

2. სახელმწიფო ხაზინა თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, ,,საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

3. სახელმწიფო ხაზინის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.

4. სახელმწიფო ხაზინის იურიდიული მისამართია ქ. თბილისი, ალექსიძის ქ. №1.

    მუხლი 2. სახელმწიფო ხაზინის ძირითადი ფუქციები

სახელმწიფო ხაზინის ძირითადი ფუნქციებია:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა, ანგარიშგება და ანგარიშსწორება;

ბ) ,,საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით (შემდგომში – წლიური საბიუჯეტო კანონი) განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში ბიუჯეტის გადასახდელების შესრულება, აღრიცხვა და ანგარიშგება საქართველოს ფინანსთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) მიერ დადგენილი წესების შესაბამისად;

გ) სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის, სადაც ჩაირიცხება ბიუჯეტის ყველა შემოსულობა და სრულდება ყველა გადასახდელი, მართვა და ოპერირება;

დ) წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებული ასიგნებებისა და მინისტრის მიერ დამტკიცებული კვარტალური განწერისა და განწერის ცვლილებების საფუძველზე, მხარჯავი დაწესებულებებიდან წარმოდგენილი განაწილების შესაბამისად ასიგნებათა დაშვება მხარჯავი დაწესებულებების დაქვემდებარებაში მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების დონეზე. სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი ვალდებულებების მიღება, შემოწმება, დარეგისტრირება;

ე) სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე მიზნობრივი, ფულადი, გრანტის სახით ჩარიცხული თანხების ხარჯვა, აღრიცხვა და ანგარიშგება მინისტრის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად;

ვ) სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფ ორგანიზაციებზე ფულის გაცემის ოპერატიულ ფინანსური გეგმის შედგენა, შესრულება და ანგარიშგება მინისტრის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად;

ზ) სახელმწიფო ხაზინის სავალუტო ანგარიშების მართვა და აღრიცხვა;

თ) კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშგების მომზადება და ფინანსთა სამინისტროში წარდგენა;

ი) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების საერთო მეთოდოლოგიის, დებულებების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებების, პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტების, მათ შორის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ფორმების, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების ფორმების, ნორმებისა და წესების შემუშავება;

კ) სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი მხარჯავი დაწესებულებების კვარტალური და წლიური ნაერთი ბუღალტრული ანგარიშგების (ბალანსი და დანართი ფორმები) მიღება, შემოწმება, ანალიზი და ანგარიშგების შედგენისას დაშვებული არსებითი შეცდომებისა და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში სათანადო რეაგირება;

ლ) ბიუჯეტის შემოსულობის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხების დაბრუნება, აღრიცხვა და ანგარიშგება;

მ) სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე განთავსებული დეპოზიტური თანხების აღრიცხვა, მართვა და ანგარიშგება;

ნ) სახელმწიფო ხაზინის ფუნქციონირების სრულყოფის მიზნით პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით პროექტების შემუშავება და მინისტრთან წარდგენა;

ო) სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით უზრუნველყოფა;

პ) სახელმწიფო ხაზინის საკადრო რესურსების მართვა, ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსების ორგანიზება და ჩატარება, საჯარო მოსამსახურეთა ატესტაციების ორგანიზება;

ჟ) სახელმწიფო ხაზინის ბიუჯეტის პროექტის მომზადება, სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ხარჯვა;

რ) სახელმწიფო ხაზინაში საქმისწარმოების ორგანიზება და წარმართვა დადგენილი წესით;

ს) სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული მასალების მიღება, შესრულება და შენახვა. დაინტერესებულ პირთა უზრუნველყოფა საჯარო ინფორმაციით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად;

ტ) საქართველოს კანონმდებლობით მასზე დაკისრებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

    მუხლი 3. სახელმწიფო ხაზინის უფლებამოსილებები

სახელმწიფო ხაზინა უფლებამოსილია:

ა) ავტონომიურ რესპუბლიკას ან ადგილობრივ ხელისუფლებას, მათთან შეთანახმებით, გაუწიოს ტექნიკური მომსახურება სახაზინო ოპერაციების, აგრეთვე ანგარიშებისა და მოხსენებების მომზადებისათვის;

ბ) გახსნას და დახუროს საბანკო დაწესებულებებში სახელმწიფო ხაზინის ანგარიშები და განსაზღვროს მათი მოქმედების რეჟიმი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;

გ) გასცეს ან გაუუქმოს ნებართვა ცენტრალური ხელისუფლების საბიუჯეტო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების გახსნის თაობაზე;

დ) განახორციელოს მის განკარგულებაში არსებული სახსრების მართვა და გადანაწილება სახელმწიფო ხაზინის ანგარიშებზე;

ე) მოითხოვოს მხარჯავი დაწესებულებებიდან მათდამი დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიხედვით საბიუჯეტო ასიგნებების განაწილებების წარმოდგენა;

ვ) მოითხოვოს ორგანიზაციების მიერ საგადამხდელო და საანგარიშსწორებო საბუთებში მითითებული დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა;

ზ) მოითხოვოს სათანადო დოკუმენტების წარმოდგენა და პროცედურების დაცვა ,,ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 მარტის №45 დადგენილების შესაბამისად;

თ) მხარჯავი დაწესებულებების მიერ დადგენილ ვადებში კვარტალური და წლიური ბუღალტრული ანგარიშგების (ბალანსი და დანართი ფორმები) წარმოუდგენლობის შემთხვევაში შეუჩეროს მათ ამ მოთხოვნის შესრულებამდე ყველა სახის დაფინანსება;

ი) სახელმწიფო ხაზინის კომპეტენციის ფარგლებში შეზღუდოს გადასახდელების გაცემა მის მომსახურებაზე მყოფ ორგანიზაციებზე;

კ) სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებში გამოვიდეს თავისი სახელით, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;

ლ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მასზე მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.

    მუხლი 4. სახელმწიფო ხაზინის სტრუქტურა

1. სახელმწიფო ხაზინა მასზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს ასრულებს ცენტრალური აპარატის და რეგიონალური ხაზინების მეშვეობით, რომლებიც ქმნიან ერთიან ცენტრალიზებულ სისტემას.

2. სახელმწიფო ხაზინის ცენტრალურ აპარატს და რეგიონალურ ხაზინებს აქვთ ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავისი დასახელებით, დებულება და დამოუკიდებელი ბალანსი.

3. სახელმწიფო ხაზინას საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილი აქვს ანგარიშები როგორც ეროვნულ, ასევე უცხოურ ვალუტაში და ანგარიშსწორებისათვის მინიჭებული აქვს საბანკო კოდი.

4. სახელმწიფო ხაზინის ცენტრალური აპარატი მოიცავს შემდეგ დეპარტამენტებს:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების დეპარტამენტი;

ბ) აღრიცხვა-ანგარიშგების დეპარტამენტი;

გ) საოპერაციო დეპარტამენტი;

დ) საანგარიშსწორებო დეპარტამენტი;

ე) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

ვ) ინფორმატიკის დეპარტამენტი.

5. რეგიონალური ხაზინა წარმოადგენს სახელმწიფო ხაზინის ტერიტორიულ ორგანოს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში.

6. რეგიონალური ხაზინებია:

ა) რეგიონალური ხაზინა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში;

ბ) რეგიონალური ხაზინა ცხინვალში;

გ) რეგიონალური ხაზინა შიდა ქართლში;

დ) რეგიონალური ხაზინა ქვემო ქართლში;

ე) რეგიონალური ხაზინა კახეთში;

ვ) რეგიონალური ხაზინა იმერეთში;

ზ) რეგიონალური ხაზინა სამეგრელოსა და ზემო სვანეთში;

თ) რეგიონალური ხაზინა გურიაში;

ი) რეგიონალური ხაზინა მცხეთა-მთიანეთში;

კ) რეგიონალური ხაზინა სამცხე-ჯავახეთში;

ლ) რეგიონალური ხაზინა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში;

მ) ქ. ფოთის ხაზინა.

7. რეგიონალური ხაზინის სტრუქტურა და უფლებამოსილებები განისაზღვრება ტიპური დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.

8. სახელმწიფო ხაზინის ცენტრალური აპარატის დეპარტამენტებისა და რეგიონალური ხაზინების შექმნისა და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი.

    მუხლი 5. სახელმწიფო ხაზინის ცენტრალური აპარატის დეპარტამენტების ძირითადი ფუნქციები

1. სახელმწიფო ხაზინის ცენტრალური აპარატის დეპარტამენტების ძირითადი ფუნქციებია:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების დეპარტამენტი – წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად ბიუჯეტის გადასახდელების ორგანიზაციული, ფუნქციონალური და ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების შესაბამისად დამუშავება და რეგისტრირება სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტიდან მიღებული სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების კვარტალური განწერისა და განწერის ცვლილების თაობაზე მიღებული ხარჯთაღრიცხვების, ასევე მხარჯავი დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი განაწილებების დამუშავება და დაშვება მომსახურე ხაზინებზე; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტიდან მიღებული ხარჯთაღრიცხვის ცვლილებების ცნობების დამუშავება; სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების შესახებ ხარჯთაღრიცხვის ცნობების დამუშავება სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში და დაშვება მომსახურე ხაზინებზე; საქართველოს პრეზიდენტის და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი თანხების აღრიცხვა; სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ქ. თბილისში განლაგებული ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი ვალდებულებების მიღება, შემოწმება, დარეგისტრირება; ვალდებულებათა რეესტრის მომზადება მინისტრთან წარსადგენად; ვალდებულების დამტკიცება და მომსახურე ხაზინებზე დაშვება მინისტრის გადაწყვეტილების შესაბამისად;

ბ) აღრიცხვა-ანგარიშგების დეპარტამენტი – წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშგების მომზადება; წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, ცენტრალიზებული წესით გადახდების განსახორციელებლად სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან თანხების გადარიცხვა; სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფ ორგანიზაციებზე ფულის გაცემის ოპერატიული ფინანსური გეგმის პროექტის მომზადება; მომსახურე ხაზინების მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების მიღება და განხილვა; ორგანიზაციებზე ფულის გაცემის ოპერატიულ – ფინანსური გეგმის შესრულების ანგარიშების მიღება, განხილვა და ნაერთი ანგარიშის მომზადება მინისტრთან წარსადგენად; ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების საერთო მეთოდოლოგიის, დებულებების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებების, პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტების, მათ შორის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ფორმების, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების ფორმების, ნორმებისა და წესების პროექტების შემუშავება; სამინისტროების, სხვა მხარჯავი დაწესებულებების ბუღალტრული აღრიცხვაანგარიშგებისადმი მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობისა და მონიტორინგის საკითხებზე წინადადებების მომზადება; სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი მხარჯავი დაწესებულებების კვარტალური და წლიური ნაერთი ბუღალტრული ანგარიშგებების (ბალანსი და დანართი ფორმები) მიღება, შემოწმება, ანალიზი და ანგარიშგების შედგენისას დაშვებული არსებითი შეცდომებისა და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში სათანადო რეაგირება; სახელმწიფო ხაზინის სავალუტო ანგარიშებზე ოპერაციების განხორციელება, საბანკო ამონაწერების დამუშავებით ანგარიშზე განხორციელებული საბანკო ოპერაციების აღრიცხვა;

გ) საოპერაციო დეპარტამენტი – დეპარტამენტის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი საგადახდო მოთხოვნების მიღება, შემოწმება, დარეგისტრირება, რეესტრის ჩამოყალიბება და გადაგზავნა გასანაღდებლად; წინასწარ გადახდილ სახსრებზე დამოწმების მიღება და ფაქტობრივი ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტის შესახებ ინფორმაციის განთავსება სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში; დეპარტამენტის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი ფულადი სახსრების მოთხოვნების მიღება და დამუშავება; მის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე სახელმწიფო ხაზინის სავალუტო ანგარიშებზე ოპერაციების განხორციელება, საბანკო ამონაწერების დამუშავებით ანგარიშზე განხორციელებული საბანკო ოპერაციების აღრიცხვა; დეპარტამენტის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი სადამფუძნებლო იურიდიული დოკუმენტაციის მიღება და ამ დოკუმენტაციასთან საანგარიშსწორებო საბუთების შესაბამისობის კონტროლი; საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ხარჯვის შესახებ ანგარიშების მომზადება; დეპარტამენტის მომსახურებაზე მყოფ ორგანიზაციებზე ფულის გაცემის ოპერატიული ფინანსური გეგმის შესრულების ანგარიშის მომზადება;

დ) საანგარიშსწორებო დეპარტამენტი – საქართველოს ეროვნულ ბანკთან ანგარიშსწორების განხორციელება ელექტრონული საგადასახადო საბუთების მეშვეობით; მომსახურე ხაზინების მიერ დღის განმავლობაში დარეგისტრირებული საგადახდო მოთხოვნების რეესტრის მიღება, დამუშავება, შესაბამისი ელექტრონული საგადახდო დავალებების მომზადება და წარდგენა საქართველოს ეროვნულ ბანკში გასანაღდებლად; საქართველოს ეროვნული ბანკიდან მიღებული განაღდებული საგადახდო დავალებათა ამონაწერების დამუშავება და დაშვება მომსახურე ხაზინებზე; მომსახურე ხაზინების მიხედვით დამტკიცებული ფულის გაცემის ოპერატიულ – ფინანსური გეგმის ყოველკვირეული მაჩვენებლების ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების ყოველდღიური ზღვრული მოცულობების დამტკიცება და კონტროლი; სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯის მობრუნებული თანხების აღრიცხვა და განთავსება სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში; სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე ჩარიცხული გაურკვეველი თანხების აღრიცხვა და დამუშავება შემდგომი სათანადო პროცედურებისათვის; სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე მიზნობრივი, ფულადი, გრანტის სახით ჩარიცხული თანხებისა და მიზნობრივი გრანტების ფარგლებში განხორციელებული გადარიცხვების აღრიცხვა და ყოველთვიური ანგარიშების მომზადება; სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა, ანგარიშგება და ანგარიშსწორება; ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების შესახებ ყოველთვიური და წლიური ანგარიშების მომზადება საპროგნოზო მოცულობებთან მიმართებაში; ბიუჯეტის შემოსულობის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხების დაბრუნება, აღრიცხვა და ანგარიშგება; სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე განთავსებული დეპოზიტური თანხების აღრიცხვა, მართვა და ანგარიშგება;

ე) ადმინისტრაციული დეპარტამენტი – სახელმწიფო ხაზინის სისტემის ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით წლიური ბიუჯეტის პროექტის მომზადება, სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში სახელმწიფო ხაზინის საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფა; სახელმწიფო შესყიდვების შესახებ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გადაუდებელი შესყიდვების განხორციელება; სახელმწიფო ხაზინის საკადრო რესურსების მართვა, ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსების ორგანიზება და ჩატარება, საჯარო მოსამსახურეთა ატესტაციების ორგანიზება, მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება, სახელმწიფო ხაზინის საჯარო მოსამსახურეთა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების შეგროვება, შესაბამის ორგანოებში ჩაბარების ორგანიზება; სახელმწიფო ხაზინაში საქმისწარმოების ორგანიზება და წარმართვა დადგენილი წესით; სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული მასალების საქმისწარმოება; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, დაიტერესებულ პირთა უზრუნველყოფა საჯარო ინფორმაციით; სახელმწიფო ხაზინის მოხელეთა დისციპლინის პერიოდულად შემოწმება; სახელმწიფო ხაზინის ცენტრალურ აპარატში შინაგანაწესის დაცვის კონტროლი; საარქივო საქმიანობის წარმართვა;

ვ) ინფორმატიკის დეპარტამენტი – სახელმწიფო ხაზინის ერთიანი მონაცემთა ბაზის და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა, მისი საიმედო და ეფექტური ფუნქციონირება და მონაცემთა დაცვა; სახელმწიფო ხაზინის დეპარტამენტებისა და მომსახურე ხაზინების საინფორმაციო სისტემებითა და კომპიუტერული პროგრამებით უზრუნველყოფა; სახელმწიფო ხაზინის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ახალი ამოცანების გამოკველვა და მათი დამუშავების მეთოდებისა და ალგორითმების დადგენა, მათ საფუძველზე კომპიუტერიზაციის, ტექნიკური პროექტებისა და ტექნიკური დავალებების შემუშავება; ახალი პროგრამული სისტემების შექმნა და არსებულ პროგრამულ პროდუქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა; ერთიანი მონაცემთა ბაზიდან გამომავალი ინფორმაციის შინაარსისა და ფორმების შემუშავება; კომპიუტერული, სისტემური და მონაცემთა შიდა სამსახურებრივი სტანდარტების შემუშავება; სახელმწიფო ხაზინის ვებსერვერის ფუნქციონირების უზრუნველყოფა; მომსახურე ხაზინების კომპიუტერული სისტემების ინტეგრაცია საერთო ინფორმაციულ ინფრასტრუქტურაში; სახელმწიფო ხაზინის უზრუნველყოფა კომუნიკაციური სისტემებითა და ქსელური კავშირით.

2. სახელმწიფო ხაზინის ცენტრალური აპარატის დეპარტამენტების ფუნქციები და ამოცანები განისაზღვრება შესაბამისი დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.

    მუხლი 6. სახელმწიფო ხაზინის ხელმძღვანელობა და პერსონალი

1. სახელმწიფო ხაზინას ხელმძღვანელობს სახაზინო სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი ფინანსთა მინისტრის წარდგინებით.

2. სახაზინო სამსახურის უფროსი:

ა) ორგანიზებას უწევს სახელმწიფო ხაზინის მუშაობას, პასუხისმგებელია სახელმწიფო ხაზინის საქმიანობაზე და დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე. ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს მოადგილეებს შორის და ახდენს მათი მუშაობის კოორდინაციას;

გ) წარმოადგენს სახელმწიფო ხაზინის ინტერესებს სახელმწიფო ორგანოებსა და სასამართლოში;

დ) განკარგავს სახელმწიფო ხაზინისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილ ასიგნებებს, ხელს აწერს მინდობილობებს, საგადამხდელო, საანგარიშსწორებო და სხვა დოკუმენტებს;

ე) სახელწიფო ხაზინის კომპეტენციაში შემავალი საკითხების რეგულირების მიზნით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

ვ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით ნიშნავს და ათავისუფლებს სახელმწიფო ხაზინის საჯარო მოსამსახურეებს.

3. სახაზინო სამსახურის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი სახაზინო სამსახურის უფროსის წარდგინებით.

4. სახაზინო სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

5. სახელმწიფო ხაზინის თანამდებობის პირები არიან სახელმწიფო ხაზინის ცენტრალური აპარატის დეპარტამენტების უფროსები და მათი მოადგილეები, რეგიონალური ხაზინების უფროსები და მათი მოადგილეები, რომელთაც სახაზინო სამსახურის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.

6. სახელმწიფო ხაზინის სხვა საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სახაზინო სამსახურის უფროსი.

7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო ხაზინის თანამდებობის პირები:

ა) ანაწილებენ მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურეებს შორის და აძლევენ მათ მითითებებსა და განკარგულებებს;

ბ) აკონტროლებენ სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას;

გ) ხელს აწერენ საანგარიშსწორებო საბუთებს კომპეტენციის ფარგლებში, ასევე სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ სხვა დოკუმენტებს;

დ) წარმოადგენენ სტრუქტურულ ქვედანაყოფს საკუთარი მოვალეობების შესრულებისას და სტრუქტურული ქვედანაყოფის სახელით წარუდგენენ დასკვნებს სახელმწიფო ხაზინის ხელმძღვანელობას;

ე) შუამდგომლობენ დეპარტამენტის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების, მატერიალური წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ვ) ასრულებენ ამ დებულებით, სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, უფროსის ან უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს.

    მუხლი 7. ხაზინის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია

სახელმწიფო ხაზინის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.