,,საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2004 წლის 10 ნოემბრის №32 ბრძანების ძალადაკარგულად ცნობისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
04.04.2005 ძალადაკარგული 27.04.2006
ნომერი
№19
სარეგისტრაციო კოდი
300280010.22.025.007210
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 19, 06/04/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.280.010.22.025.007.210

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის

ბრძანება №19

2005 წლის 4 აპრილი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2004 წლის   10 ნოემბრის №32 ბრძანების ძალადაკარგულად ცნობისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №49 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ტ” ქვეპუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

1. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2004 წლის 10 ნოემბრის №32 ბრძანება ,,საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ (სსმ III, 2004 წ., №131, მუხ. 1156).

2. დამტკიცდეს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების თანდართული დებულება.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გილაური

 

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების

დებულება

თავი I

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. სამინისტროს სტრუქტურა

1. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურაში შედიან შემდეგი დეპარტამენტები:

ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

ბ) ენერგეტიკული პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;

გ) ენერგოსისტემის კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტი;

დ) ეკონომიკური დეპარტამენტი;

ე) იურიდიული დეპარტამენტი.

2. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სტრუქტურაში შედიან მრჩევლები, რომლებიც სამინისტროს დებულებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას ახორციელებენ ენერგეტიკის მინისტრის მიერ დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში.

3. წინამდებარე დებულება აწესრიგებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, კომპეტენციას, ანგარიშვალდებულებასა და მასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.

    მუხლი 2. დეპარტამენტის უფლებამოსილება

1. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს სამინისტროს დებულების, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ბრძანებებისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.

2. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინაშე.

3. თავისი ფუნქციების განხორციელებისას დეპარტამენტი წარმოადგენს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს.

4. დეპარტამენტის ყოველდღიურ საქმიანობას მეთვალყურეობს ენერგეტიკის მინისტრი ან მინისტრის მოადგილე.

    მუხლი 3. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

1. სამინისტროს დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი.

2. დეპარტამენტის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

3. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.

4. დეპარტამენტის უფროსის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ან მის სტრუქტურაში შემავალი ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი.

5. დეპარტამენტის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;

გ) აკონტროლებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

დ) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების პრემიის, მათი წახალისების, მათზე დისციპლინუ რ ი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ვ) შუამდგომლობს დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად საჭირო სახსრებისა და მატერიალური საშუალებების გამოყოფის თაობაზე;

ზ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოსამსახურეების კვალიფიკაციის ამაღლების თაობაზე;

თ) ასრულებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით, მინისტრის ან მინისტრის მოადგილის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს.

    მუხლი 4. დეპარტამენტების სტრუქტურა

სამინისტროს დეპარტამენტების სტრუქტურაში შედიან შემდეგი სამმართველოები:

ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი:

ა.ა) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო;

ა.ბ) კადრებისა და საქმის წარმოების სამმართველო;

ა.გ) ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ანალიზის სამმართველო;

ა.დ) მატერიალური უზრუნველყოფის სამმართველო.

ბ) ენერგეტიკული პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი:

ბ.ა) ენერგეტიკული პოლიტიკის სამმართველო;

ბ.ბ) საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო.

გ) ენერგოსისტემის კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტი:

გ.ა) ენერგოსისტემის მართვისა და ტექნიკური მონიტორინგის სამმართველო;

გ.ბ) ენერგობალანსების სამმართველო;

გ.დ) ენერგორესურსების და სათბობის სამმართველო.

დ) ეკონომიკური დეპარტამენტი:

დ.ა) საბიუჯეტო და ფინანსური ანალიზის სამმართველო;

დ.ბ) ინვესტიციური პროექტის დაფინანსების სამმართველო;

დ.გ) ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სამმართველო;

დ.დ) სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო.

ე) იურიდიული დეპარტამენტი:

ე.ა) კანონშემოქმედებისა და პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველო;

ე.ბ) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო.

    მუხლი 5. სამმართველოს ხელმძღვანელობა

1. სამმართველოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. სამმართველოს უფროსი დაკისრებული ფუნქციების შესრულებისას ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.

3. სამმართველოს უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;

გ) აკონტროლებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

დ) ხელს აწერს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს სამმართველოს მუშაობის ანგარიშს;

ვ) ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის მიერ დაკისრებულ სხვა დავალებებს.

თავი II

დეპარტამენტების ფუნქციები

    მუხლი 6. ადმინისტრაციული დეპარტამენტი

ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითად ფუნქციებს ახორციელებენ შემდეგი სამმართველოები:

ა) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო:

ა.ა) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან მინისტრისა და სამინისტროს ურთიერთობების უზრუნველყოფა და ხელშეწყობა;

ა.ბ) სამინისტროში პრესკონფერენციებისა და პრეზენტაციების ორგანიზება;

ა.გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მინისტრის მოხსენებების, საჯარო გამოსვლებისა და ანგარიშების მომზადება;

ა.დ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ა.ე) მოქალაქეთა მიღების კოორდინაცია და ორგანიზაციული უზრუნველყოფა.

ბ) კადრებისა და საქმის წარმოების სამმართველო:

ბ.ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმის წარმოების ორგანიზაცია;

ბ.ბ) სამინისტროს მიერ მიღებული საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა;

ბ.გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს მოხელეთა და მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ ბრძანების მომზადება;

ბ.დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოხელეთა და მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა, შრომის წიგნაკების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოება;

ბ.ე) მოხელეთა პროფესიული მომზადების, გადამზადების და ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის ორგანიზება, მოხელეთა რეზერვის მიზნობრივი გამოყენება, სტაჟირებისა და შრომის დისციპლინის კონტროლი;

ბ.ვ) საიდუმლო საქმის წარმოების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასთან და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა.

გ) ამ მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის ,,ბ.ა“ და ,,ბ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ფუნქციებს ახორციელებს კადრებისა და საქმის წარმოების სამმართველოს უფროსის მოადგილე.

დ) ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ანალიზის სამმართველო:

დ.ა) ენერგეტიკული სექტორის ერთიანი საინფორმაციო ბაზის დანერგვა და მისი ანალიზი;

დ.ბ) სამინისტროს ინფორმაციული ბაზის შექმნა და მისი მუდმივი განახლება, სამინისტროს აპარატის შიდა კომპიუტერული ქსელის გამართული მუშაობისა და განვითარების უზრუნველყოფა, აგრეთვე სამინისტროს მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებისა და სხვადასხვა სახის ინფორმაციის შიდა კომპიუტერულ ქსელში განთავსება;

 დ.გ) სამინისტროს ელექტრონული ვებგვერდის შედგენა, დამუშავება და მისი მუდმივი განახლება. სამინისტროს ნორმატიული აქტების, შესაბამისი საოქმო ჩანაწერების, წლიური ანგარიშების, ენერგეტიკის სექტორის სხვადასხვა სახის სტატისტიკური ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისა და სამინისტროში არსებული სხვა სახის საჯარო ინფორმაციის სამინისტროს ელექტრონულ ვებგვერდზე განთავსება.

ე) მატერიალური უზრუნველყოფის სამმართველო:

ე.ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური პირობების შექმნა, კაპიტალური მშენებლობის, სარემონტო-სამშენებლო სამუშაოთა ორგანიზება კანონმდებლობით დადგენილი წესით, აგრეთვე, სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჭიროებისთვის სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება.

    მუხლი 7. ენერგეტიკული პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

ენერგეტიკული პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ძირითად ფუნქციებს ახორციელებენ შემდეგი სამმართველოები და დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

ა) ენერგეტიკული პოლიტიკის სამმართველო:

ა.ა) ენერგეტიკულ კომპლექსში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება და მისი განხორციელების ხელშეწყობა;

ა.ბ) ენერგეტიკული კომპლექსის განვითარების მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი პრიორიტეტული პროგრამების, ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების ხელშეწყობა;

ა.გ) ენერგიის განახლებადი წყაროების ათვისებისა და გამოყენების ძირითად მიმართულებათა განსაზღვრა და ამ კუთხით ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება;

ა.დ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ენერგეტიკის სექტორში პრივატიზების გეგმის შემუშავებასა და საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება;

ა.ე) ენერგეტიკულ სექტორში ენერგოდაზოგვისა და ენერგოეფექტურობის ამაღლების, ასევე გარემოსდაცვითი პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და მისი განხორციელების ხელშეწყობა;

ა.ვ) ენერგეტიკულ სექტორში დარგობრივი და დარგთაშორისი სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების კოორდინაცია;

ა.ზ) ენერგეტიკული ობიექტების განთავსების ნებართვების გაცემის თაობაზე დასკვნებისა და სათანადო ნებართვის გაცემის მიზნით შესაბამისი დუკუმენტაციის მომზადება;

ა.თ) ქვეყანაში ენერგომატარებლების ტრანსპორტირებისა და ტრანზიტის მიმდინარე და პერსპექტიული განვითარების პოლიტიკის შემუშავება და კოორდინაცია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.

ბ) საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო:

ბ.ა) სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების წარმართვა და კოორდინაცია;

ბ.ბ) ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მოთხოვნებიდან გამომდინარე, დაგეგმილი ღონისძიებებისა და პროგრამების განხორციელების კოორდინაცია სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში;

ბ.გ) საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მონაწილეობისა და საერთაშორისო ინვესტორებთან ურთიერთობების კოორდინაცია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ენერგეტიკის დარგში საინვესტიციო პოლიტიკის წახალისების მიზნით მიმზიდველი პროექტების შემუშავება და მათი საერთაშორისო ფორუმებზე პრეზენტაცია;

გ) დეპარტამენტის უფროსის მოადგილე წარმართავს ენერგეტიკული პოლიტიკის სამმართველოსა და საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს საქმიანობას.

    მუხლი 8. ენერგოსისტემის კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტი

 ენერგოსისტემის კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ძირითად ფუნქციებს ახორციელებენ შემდეგი სამმართველოები:

ა) ენერგოსისტემის მართვისა და ტექნიკური მონიტორინგის სამმართველო:

ა.ა) ენერგეტიკულ კომპლექსში შემავალ ორგანიზაციებთან მუშაობის კოორდინაცია და თანამშრომლობა;

ა.ბ) ენერგოგენერაციის, ელექტროგადაცემა-დისპეტჩერიზაციის, ენერგოდისტრიბუციის და მომპოვებელი საწარმოების და ორგანიზაციების (ქვანახშირი, ნავთობი, ბუნებრივი გაზი და ა.შ.) ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი;

ა.გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ელექტროდანადგარებისა და მოწყობილობების უსაფრთხო ექსპლუატაციის ზედამხედველობა;

ა.დ) წინადადებების მომზადება ენერგოსექტორში მართვისა და ტექნოლოგიური პროცესების სრულყოფის, ენერგო და თბური დანაკარგების შემცირების თაობაზე;

ა.ე) ენერგოკომპლექსის ძირითადი რგოლების ტექნიკური და ტექნოლოგიური მოდერნიზაციის ღონისძიებების თაობაზე პროექტების შემუშავება, პროგრამებისა და ტექნიკური მონაცემების მომზადება გენერაციის, ელექტროგადაცემის და დისტრიბუციის ობიექტებზე სარეაბილიტაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით.

 ბ) ენერგობალანსების სამმართველო:

 ბ.ა) ენერგობალანსების შედგენის ორგანიზაცია ენერგომატარებლებზე ქვეყნის მოთხოვნილებების ზრდის პროგნოზირება, საოჯახო ენერგეტიკული კალათისა და ეროვნული ეკონომიკის განვითარების მაჩვენებლების გათვალისწინებით;

ბ.ბ) საქართველოს ელექტროსისტემისა და ენერგოდისტრიბუციის ობიექტების საიმედო ფუნქციონირების მიზნით, მოსახლეობისა და ეროვნული ეკონომიკის მოხმარების სტაბილური ენერგომომარაგების უზრუნველყოფისათვის დარგობრივი ენერგეტიკული ბალანსების შედგენის ორგანიზება და მისი შესრულების მონიტორინგი.

გ) ენერგორესურსებისა და სათბობის სამმართველო:

გ.ა) ენერგიაშემცველი რესურსების მოპოვების, წარმოების და რეალიზაციის, აგრეთვე ენერგომატარებლების იმპორტ-ექსპორტის მოცულობის მონიტორინგი;

გ.ბ) ელექტროენერგიის გენერაციის, ნავთობის, ბუნებრივი გაზის, ქვანახშირის მოპოვების, აგრეთვე განახლებადი ენერგიის ეფექტიანად გამოყენების საკითხებში შეიმუშაოს სექტორის საწარმოთა და ორგანიზაციებისათვის სარეკომენდაციო წინადადებები;

გ.გ) სათბობის რაციონალური მოხმარების პარამეტრების თაობაზე წინადადებების შემუშავება და მათი ეფექტიანობის მაჩვენებლების თაობაზე რეკომენდაციების მომზადება;

გ.დ) ელექტროენერგიის წარმოების, ქვანახშირის, ნავთობისა და გაზის მოპოვების, განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისებისა და გამოყენების სფეროებში პროგრესული ტექნოლოგიების შესწავლა და ანალიზი;

გ.ე) ენერგორესურსების მარაგების პროგნოზირება და მიმდინარე ხარჯების ანალიზი;

გ.ვ) ენერგოდამზოგავი და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის ორგანიზაცია.

    მუხლი 9. ეკონომიკური დეპარტამენტი

1. ეკონომიკური დეპარტამენტის ძირითად ფუნქციებს ახორციელებენ შემდეგი სამმართველოები და დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

ა) საბიუჯეტო და ფინანსური ანალიზის სამმართველო:

ა.ა) საბიუჯეტო პროცესების ორგანიზაცია, სამინისტროს სისტემაში ძირითადი მიმართულებების მიხედვით საბიუჯეტო პარამეტრების განსაზღვრა და მის ბაზაზე სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;

ა.ბ) ბიუჯეტის შესრულების მონაცემების შედგენა და ანალიზი, ბიუჯეტის შესრულების დაგეგმვა და მისი შესრულების მიმდინარეობის თაობაზე პერიოდული ინფორმაციის მომზადება;

ა.გ) საგადასახადო და საბიუჯეტო პოლიტიკის საკითხზე წინადადებებისა და დასკვნების მომზადება.

ბ) ინვესტიციური პროექტის დაფინანსების სამმართველო:

ბ.ა) ენერგეტიკის სექტორში რესტრუქტურიზაციისა და ეკონომიკური რეფორმის განხორციელების შესაბამისად საქართველოს ენერგორესურსების ათვისებისა და ეფექტურად გამოყენების სფეროში საბაზრო ურთიერთობის განვითარება და ხელშეწყობა;

ბ.ბ) ინვესტირებისა და დონორი ორგანიზაციებიდან ფინანსური ურთიერთობისა და დადებული ხელშეკრულების განხორციელების მონიტორინგი;

ბ.გ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ეკონომიკური რეფორმების გატარებისა და სექტორში განხორციელებული პრივატიზების პროცესების მიმდინარეობის ხელშეწყობა.

გ) ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სამმართველო:

გ.ა) ფინანსური და საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების წარმართვა და ანალიზი. სახელმწიფო ხაზინის სამსახურთან ურთიერთობა და საბიუჯეტო სახსრების მოძრაობისა და დაფინანსების ოპერატიული აღრიცხვა;

გ.ბ) კაპიტალური მშენებლობისა და კაპიტალური რემონტის დაფინანსების საპროგნოზო მონაცემების თაობაზე წინადადებების შემუშავება, სამინისტროს დაწესებულებათა ფინანსური მდგომარეობის და სახელმწიფო ბიუჯეტთან ურთიერთობის მონიტორინგი და ამ საკითხზე პერიოდული ინფორმაციების მომზადება.

დ) სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო:

დ.ა) ენერგეტიკული სექტორის რეაბილიტაციისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვების უზრუნველყოფა და მისი მონიტორინგი თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

დ.ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს საქმიანობის კოორდინაცია სახელმწიფო შესყიდვების სფეროში. სახელმწიფო შესყიდვების გეგმებისა და შესრულების თაობაზე ანგარიშების მომზადება;

დ.გ) სახელმწიფო შესყიდვების ეფექტურობის ანალიზი და წინადადებების შემუშავება.

ე) ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

ე.ა) წარმართავს ინვესტიციური პროექტების დაფინანსების სამმართველოსა და სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს საქმიანობას;

ე.ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს დასკვნას ენერგეტიკის სექტორში სახელმწიფო საინვესტიციო პოლიტიკის და მოზიდული საერთაშორისო დახმარებისა და კრედიტების გამოყენების მიმართულებებზე და მათი ათვისების მიმდინარეობის თაობაზე.

    მუხლი 10. იურიდიული დეპარტამენტი

იურიდიული დეპარტამენტის ძირითად ფუნქციებს ახორციელებენ შემდეგი სამმართველოები:

ა) კანონშემოქმედებისა და პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველო:

ა.ა) ენერგეტიკის სექტორის ფუნქციონირების, რესტრუქტურიზაციისა და განვითარებისათვის საკანონმდებლო აქტების პროექტების შემუშავება;

ა.ბ) საქართველოს პარლამენტთან სამართლებრივი ურთიერთობების კოორდინაცია;

ა.გ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან და მთავრობიდან (სამინისტროებიდან) შემოსული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება.

ბ) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო:

ბ.ა) ინვესტორებთან და დონორ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებების წარმოება, ხელშეკრულებების პროექტის მომზადება-ექსპერტიზა და დადებული ხელშეკრულებების მონიტორინგი;

ბ.ბ) მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში უცხო ქვეყნებთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და კერძო ინვესტორებთან სამართლებრივი თანამშრომლობა;

ბ.გ) სამინისტროს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, აგრეთვე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება და მათ განსახილველად საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, მთავრობასთან და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან სამართლებრივი ურთიერთობების კოორდინაცია;

ბ.დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სასამართლოსა და არბიტრაჟში;

ბ.ე) სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანიზაციების იურიდიული სამსახურების მუშაობის კოორდინირება.

თავი III

დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 11. ცვლილებები და დამატებები

წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით.