1. ამ შეთანხმების მე-16, მე-18, მე-19 და მე-20 მუხლების დებულებათა გათვალისწინებით, ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ დაქირავებული შრომით მიღებული ხელფასი, გასამრჯელო და სხვა მსგავსი ანაზღაურება დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, თუ დაქირავებული შრომა არ განხორციელებულა მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში. თუ დაქირავებული შრომა ხორციელდება ამგვარი სახით, მაშინ ასეთი ანაზღაურება შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებათა მიუხედავად, ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული დაქირავებული შრომით მიღებული ანაზღაურება იბეგრება მხოლოდ პირველად ხსენებულ სახელმწიფოში, თუ:
(a) ანაზღაურების მიმღები იმყოფება მეორე სახელმწიფოში პერიოდით, ან პერიოდებით, რომელთა საერთო ხანგრძლივობა არ აღემატება 183 (ას ოთხმოცდასამი) დღეს ნებისმიერი თორმეტთვიანი პერიოდის განმავლობაში, რომელიც იწყება ან მთავრდება მოცემულ ფისკალურ წელს, და
(b) ანაზღაურება გაიცემა დამქირავებლის მიერ, ან მისი სახელით, რომელიც არ წარმოადგენს მეორე სახელმწიფოს რეზიდენტს, და
( c) ანაზღაურების ხარჯის მატარებელი არ არის მუდმივი დაწესებულება ან ფიქსირებული ბაზა, რომელიც დამქირავებელს გააჩნია მეორე სახელმწიფოში.
3. ამ მუხლის წინა დებულებების მიუხედავად, საერთაშორისო გადაზიდვებში გამოყენებულ საზღვაო გემებზე ან საჰაერო ხომალდებზე დაქირავებული შრომით მიღებული ანაზღაურება შეიძლება დაიბეგროს იმ სახელმწიფოში, რომელშიც მდებარეობს საწარმოს ფაქტობრივი მართვის ადგილი.
4. ამ მუხლის წინა დებულებების მიუხედავად, ხელფასები, გასამრჯელოები, შეღავათები და სხვა ანაზღაურება, რომელსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს საჰაერო ან საზღვაო საწარმოში ტოპ-მენეჯერულ პოზიციაზე მყოფი პირი, რომელიც საქმიანობას ახორციელებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, დაიბეგრება მხოლოდ იმ სახელმწიფოში, რომელშიც მდებარეობს საწარმოს ფაქტობრივი მართვის ადგილი