1. ამ კანონის შესაბამისად სააგენტოს ფუნქციებია:

ა) კომპეტენციის/კვალიფიკაციის და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა სერტიფიკატების გაცემა, აღიარება ან/და დადასტურება;

ბ) მეზღვაურთა სწავლებისა და წვრთნის სისტემის მონიტორინგი;

გ) საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების აღიარება და სისტემატური მონიტორინგი;

დ) საწვრთნელი პროგრამების კონვენციითა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ მეზღვაურთა წვრთნისა და სერტიფიცირების მოთხოვნებთან შესაბამისობის აღიარება;

ე) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან (შემდგომ − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი) ერთად საზღვაო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციისა და მისი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესში, აგრეთვე პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების/პროგრამების ავტორიზაციის პროცესში მონაწილეობა;

ვ) ამ პუნქტი
ს „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად ავტორიზებული სასწავლებლების მონიტორინგი ამ კანონით განსაზღვრულ ფარგლებში;

ზ) კომპეტენციის/კვალიფიკაციის და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა სერტიფიკატების ნამდვილობის დამოწმება და მათი გაყალბების თავიდან აცილების ღონისძიებების გატარება;

თ) კომპეტენციის/კვალიფიკაციის და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა სერტიფიკატების ფორმისა და გაცემის წესის, ასევე გაცემული სერტიფიკატების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცება;

ი) კომპეტენციის/კვალიფიკაციის და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა სერტიფიკატების მიღებისათვის საჭირო გამოცდების ჩატარების წესის განსაზღვრა, გამოცდების ორგანიზება და ჩატარება;

კ) სამედიცინო დაწესებულების შერჩევისა და შერჩევის პირობების მონიტორინგის განხორციელება;

ლ) ამ კანონის შესასრულებლად აუცილებელი ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება და მათი მიღება (გამოცემა);

მ) საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციისთვის (შემდგომ − IMO), სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვა სახელმწიფოებისთვის საქართველოში მეზღვაურთა წვრთნისა და სერტიფიცირების სისტემის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;

ნ) ამ კანონის დარღვევისათვის დაწესებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა;

ო) ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით სააგენტოსთვის დაკისრებული ფუნქციების შესრულება.

2. კომპეტენტური სახელმწიფო ორგანო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს.

საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.

საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3107 - ვებგვერდი, 11.07.2018წ.

საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3447 – ვებგვერდი, 09.10.2018წ.

საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №369 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.

საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3855 – ვებგვერდი, 15.12.2023წ.

თავი II. სერტიფიკატების გაცემასთან და აღიარებასთან დაკავშირებული ზოგადი წესე