1. ყოველ საწარმოში (ჰიდროელექტროსადგური, თბოელექტროსადგური, ჰიდროელექტროსადგურების კასკადი, ჰიდრომააკუმულირებელი ელექტროსადგური და ა.შ.) ადმინისტრაციულ-ტექნიკურმა პერსონალმა უნდა შეიმუშაოს ავარიის ლიკვიდაციისა და ევაკუაციის გეგმა და უზრუნველყოს მისი გაცნობა და შესაბამისი ინსტრუქტაჟის პერიოდული ჩატარება მომსახურე პერსონალისათვის.
2. ყოველ ენერგომომმარაგებელ საწარმოში (ჰიდროელექტროსადგური, თბოელექტროსადგური, ჰიდროელექტროსადგურების კასკადი, ჰიდრომააკუმულირებელი ელექტროსადგური და ა.შ.) ხელმძღვანელობამ უნდა შეიმუშაოს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმები; საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების და ამ სიტუაციით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციის მიზნით შექმნან საჭირო ძალები და საშუალებები, ხოლო საგანგებო სიტუაციების დროს უზრუნველყონ მათი მზადყოფნა; შეატყობინონ საგანგებო სიტუაციების საფრთხის შესახებ საგანგებო სიტუაციების ლიკვიდაციის ამოცანების გადასაწყვეტად შესაბამის სპეციალურ უფლებამოსილ ორგანოს; აწარმოონ საგანგებო სიტუაციებში უსაფრთხოების დეკლარაცია და უზრუნველყონ საწარმოს ფუნქციონირება ამ დეკლარაციით გათვალისწინებული ამოცანების გადასაჭრელად. უზრუნველყონ პერსონალისათვის გეგმური ტრენინგების ჩატარება შესაძლო საგანგებო სიტუაციებზე მზადყოფნისა და მათი შედეგების ლიკვიდაციის საკითხებზე. ასევე უზრუნველყონ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმის გაცნობა და შესაბამისი ინსტრუქტაჟის პერიოდული ჩატარება მომსახურე პერსონალისათვის.
3. საწარმოების ხელმძღვანელებმა უნდა უზრუნველყონ მოწყობილობების უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობის, პერსონალის მიერ შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის და პერსონალის მიერ დამცავი სამარჯვების, სპეცტანსაცმლის, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების და სხვა კოლექტიური დაცვის საშუალებების გამოყენების სისტემატური კონტროლი.
4. გზები, ყველა შესასვლელი და გამოსასვლელი როგორც საწარმოს შენობებში, ასევე მის გარეთ, მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა იყოს განათებული, თავისუფალი და უსაფრთხო მოსიარულეთათვის და სატრანსპორტო საშუალებებისათვის. საავტომობილო გზებზე დაყენებული უნდა იყოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი სტანდარტის გოსტ 10708-78 „საგზაო ნიშნები. საერთო ტექნიკური პირობები“ შესაბამისად.
5. გადახურვები სართულებს შორის, იატაკები, არხები და ლიუკები უნდა იყოს გამართულ მდგომარეობაში. იატაკზე ყველა ჭრილი უნდა იყოს შემოღობილი. ჭის სახურავები, კამერებისა და არხების გადახურვები შესრულებული უნდა იყოს მტკიცე და გადაადგილებისათვის უსაფრთხო ფოლადისაგან, იატაკის ან მიწის პირზე და მყარად უნდა იქნეს დამაგრებული.
6. გადახურვების ჭრილები, ლუქებახდილი ჭები, თავღია არხები, ქვაბულები, თბური კამერები და სხვა სახიფათო ზონები შემოღობილი უნდა იქნეს მთლიანად პერიმეტრის გარშემო. დროებითი შემოღობვის ელემენტები მჭიდროდ უნდა იქნეს დამაგრებული. ღობეები უნდა იყოს მყარი და უძლებდეს ადამიანის მასის ზემოქმედებას. კარგად უნდა ჩანდეს დღე-ღამის ნებისმიერ დროს. შემოღობვებზე გაკრული უნდა იყოს გამაფრთხილებელი ნიშნები.
7. სიღრმეში განთავსებული სათავსოების (დროსელური საკეტების, ამოსატუმბი ტუმბოების შენობები და სხვა) იატაკის ზედაპირიდან წყლის მოსაცილებელი საწრეტები და არხები უნდა იყოს გამართულ მდგომარეობაში და უზრუნველყოფდეს წყლის სრულ გაყვანას.
8. კლდეებში გაჭრილი გზის მონაკვეთები, ან ადგილები, სადაც შესაძლებელია ქანების ჩამოშლა, დაცული უნდა იქნეს სპეციალური შემოღობვებით. სატრანსპორტო გვირაბები უნდა იყოს საკმაოდ განათებული, აღჭურვილი საგზაო ნიშნებით სატრანსპორტო საშუალებათა დასაშვები გაბარიტების მითითებით და აუცილებლობის შემთხვევაში უზრუნველყოფილი ხელოვნური ვენტილაციით.
9. სათავო კვანძის ყველა შემტბორ ნაგებობებზე, ელექტროსადგურის ტერიტორიის ფარგლებში წყალსაცავის ციცაბო ნაპირების, სალექარებისა და სადაწნეო აუზების გასწვრივ, ღია წყალსაგდების სათავე ნაგებობების უბნებზე, გვირაბების შესასვლელ და გამოსასვლელ პორტალებსა და ჰიდროტექნიკური ნაგებობების სხვა უბნებზე, ასევე ტრანშეები და ქვაბულები, სადაც მუშაობს მორიგე ან სარემონტო პერსონალი, მოწყობილი უნდა იქნეს შემოღობვა. შემოღობვა აუცილებლად უნდა აღიჭურვოს გამაფრთხილებელი წარწერებით, უსაფრთხოების ნიშნებით, ასევე სასიგნალო განათებებით, რომელიც უზრუნველყოფს დღე-ღამის ბნელ პერიოდში შემოღობვის კარგ ხილვადობას ავტოტრანსპორტისა და ადამიანების შესაძლო გადაადგილების მხრიდან.
10. ყველა ჰიდროტექნიკური ნაგებობის უბანზე (სადაც ეს მოითხოვება სამუშაო პირობებიდან გამომდინარე) მანქანებსა და მექანიზმებთან და სხვა სახიფათო ადგილებში გამოკიდებული უნდა იქნეს კარგად ხილვადი, ხოლო დღე-ღამის ბნელ პერიოდში განათებული გამაფრთხილებელი წარწერები, უსაფრთხოების ნიშნები და პლაკატები.
11. ნესტიან შენობებსა და სათავსებში – პატერნებში, შახტებში, კამერებში, ჭებში და სხვა, ელექტროგანათება უნდა შესრულდეს ელექტროდანადგარების მოწყობის წესების შესაბამისად. შენობის გასანათებლად, რომელშიც შესაძლებელია წვადი გაზების მოხვედრა, გამოყენებული უნდა იქნეს აფეთქებასაშიში ზონის შესაბამისი აფეთქებადაცვითი დონის სანათი ხელსაწყოები.
12. სავენტილაციო სისტემები, ჰაერის კონდიცირება, ვენტილაცია, კონდიცირებისა და გათბობის სისტემების მონტაჟი და ექსპლუატაცია უნდა შეესაბამებოდეს ქარხანა-დამამზადებლის ინსტრუქციების მოთხოვნებს.
13. ქიმიური მასალები, რომლებიც შეიცავს ადვილადაალებად, ფეთქებადსაშიშ და ტოქსიკურ კომპონენტებს უნდა ინახებოდეს სხვა შენობებისაგან იზოლირებულ, სპეციალურ, შესაბამისი საპროექტო გადაწყვეტილებით განსაზღვრულ საწყობებში.
14. საწარმოო შენობებში აკრძალულია ბენზინის, ნავთის, სპირტის, საღებავების, გამხსნელების და სხვა ადვილადაალებადი მასალების შენახვა. მასალები უნდა ინახებოდეს სპეციალურ საწყობებში, რომელთა კარებზე უნდა იყოს თამბაქოს მოწევისა და ღია ცეცხლის გამოყენების ამკრძალავი უსაფრთხოების ნიშნები.
15. მცირე რაოდენობის (2-3 ლიტრამდე) ტუტეები და მჟავები, (ფლუორმჟავას გარდა) აუცილებლად უნდა ინახებოდეს ვენტილირებულ ცალკე შენობებში, ფლუორმჟავა უნდა ინახებოდეს დაზიანებისაგან დაცულ ჭურჭელში.
16. ელექტროსადგურების საამქროებში გათვალისწინებული უნდა იყოს ელექტროშედუღების დანადგარების დადგმისათვის ადგილები, ასევე უნდა იყოს განშტოებები ცენტრალიზებელი აირშედუღებითი სამუშაოების ჩასატარებლად.
17. საწარმო შენობებში მავნე ნივთიერებების კონცენტრაცია არ უნდა აჭარბებდეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ზღვრულ ნორმებს.
18. საკომპრესორო დანადგარებისა და ჰაერის მილსადენების ექსპლუატაცია და შეკეთება უნდა წარმოებდეს შესაბამისი წესების შესაბამისად.
19.საწარმოებში სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებები უნდა შეესაბამებოდეს სახანძრო უსაფრთხოების შესაბამისი წესების მოთხოვნებს.
20. საწარმოს უნდა გააჩნდეს პირველადი დახმარების საშუალებები
ენერგომომმარაგებელი საწარმოების ჰიდროტექნიკური ნაგებობებისა და ჰიდრომექანიკური მოწყობილობების მომსახურებისას უსაფრთხოების ზოგადი წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 05.01.2012
მუხლი 5. ტერიტორია, აკვატორია, შენობები და სამუშაო ადგილები
თავი II — უსაფრთხოების საერთო წესები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. რეგულირების სფერო
- მუხლი 2. გამოყენების სფერო
- მუხლი 3. ტერმინთა განმარტებები
- მუხლი 4. ზოგადი მოთხოვნები პერსონალის მიმართ
- მუხლი 6. მოწყობილობათა მომსახურება
- მუხლი 7. მოწყობილობათა დეფექტოსკოპია
- მუხლი 8. სამუშაოები მიწისქვეშა ნაგებობებში, რეზერვუარებში, შურფებში და მილსადენებში. გაზსაშიში სამუშაოები
- მუხლი 10. საიზოლაციო სამუშაოები
- მუხლი 11. ზედაპირების გაწმენდა და სამღებრო სამუშაოები
- მუხლი 12. უსაფრთხოების ზომები წყლის გადასასვლელებზე გადასვლისას და მასალების ტრანსპორტირებისას
- მუხლი 13. ტივტივა ნაგებობების მომსახურება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ენერგომომმარაგებელი საწარმოების ჰიდროტექნიკური ნაგებობებისა და ჰიდრომექანიკური მოწყობილობების მომსახურებისას უსაფრთხოების ზოგადი წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 5, №09, 05.01.2012, სარეგისტრაციო კოდი 300280020.22.025.016053 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.01.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1560229/muxli-5/