1. მოსამართლე ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების შესახებ სააგენტოს შუამდგომლობის საფუძველზე შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს (ბრძანებას გამოსცემს) ამ შუამდგომლობის წარდგენიდან 72 საათის განმავლობაში.

2. მოსამართლე ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების შესახებ სააგენტოს შუამდგომლობას განიხილავს ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე, იმ ეკონომიკური აგენტისათვის/ეკონომიკური აგენტებისათვის შეუტყობინებლად, რომლის/რომელთა ადგილზე შემოწმებასაც ითხოვს სააგენტო.

3. ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების შესახებ მოსამართლის ბრძანებაში აღინიშნება:

ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი;

ბ) განკარგულება ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების შესახებ, შესაბამისი დასაბუთება და იმ ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების თაობაზე ინფორმაცია, რომელიც/რომლებიც შემოწმდება/შემოწმდებიან;

გ) ბრძანების მოქმედებისა და ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების ვადა;

დ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.

4. თუ მოსამართლე არ ეთანხმება ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმებას, ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმებაზე უარის თქმის შესახებ ბრძანებაში აღინიშნება:

ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი;

ბ) განკარგულება ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმებაზე უარის თქმის შესახებ, შესაბამისი დასაბუთება და იმ ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების თაობაზე ინფორმაცია, რომლის/რომელთა ადგილზე შემოწმებაზედაც უარი ითქვა;

გ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.

5. ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების შესახებ მოსამართლის ბრძანება დგება 3 ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი რჩება სასამართლოში, ხოლო ორი გადაეცემა (ეგზავნება) სააგენტოს. სააგენტო ერთ ეგზემპლარს წარუდგენს (გადასცემს) ეკონომიკურ აგენტს/ეკონომიკურ აგენტებს ადგილზე შემოწმების დაწყებამდე.

6. ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის ბრძანება დგება 3 ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი გადაეცემა (ეგზავნება) სააგენტოს, მეორე – ეკონომიკურ აგენტს/ეკონომიკურ აგენტებს, ხოლო მესამე რჩება სასამართლოში.

7. ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების შესახებ მოსამართლის ბრძანების მოქმედების ვადაა არაუმეტეს 1 კვირისა. თუ ეს ვადა აღნიშნული შემოწმებისთვის საკმარისი არ იქნება, დასაშვებია, იგი ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების ვადის გაგრძელების შესახებ სააგენტოს მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე არაუმეტეს 1 თვით გაგრძელდეს. სააგენტოს შუამდგომლობაში მიეთითება ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების შედეგად მოპოვებული მონაცემები და მიზეზი, რომლის გამოც ვერ მოხერხდა საქმის მოკვლევისათვის საკმარისი მონაცემების მოპოვება. სააგენტოს შუამდგომლობა განიხილება ამ მუხლით დადგენილი წესით.

8. ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების შესახებ/ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის ბრძანება საჯაროდ არ ცხადდება.

საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7127 – ვებგვერდი, 21.09.2020