1. სააგენტოს წინასწარ წერილობით, სრულყოფილად უნდა წარედგინოს შეტყობინება იმ კონცენტრაციის თაობაზე, რომლის მონაწილე მხარეების როგორც ინდივიდუალური, ისე ჯამური ერთობლივი შემოსავალი კონცენტრაციის განხორციელების წინა ფინანსური წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე აღემატება კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესით დადგენილ ზღვრულ ოდენობას.
2. კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესი მტკიცდება სააგენტოს სამართლებრივი აქტით.
3. სააგენტოს მიერ კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების განხილვისთვის დაწესებული საფასური შეადგენს 5 000 ლარს, რომელიც შეიტანება სააგენტოს ბიუჯეტში.
4. სააგენტო კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს, ექცევა თუ არა დაგეგმილი კონცენტრაცია ამ კანონის რეგულირების სფეროში, და ამის შესახებ აცნობებს აღნიშნული შეტყობინების წარმდგენ პირს/პირებს.
5. თუ დაგეგმილი კონცენტრაცია ექცევა ამ კანონის რეგულირების სფეროში, სააგენტო კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების განხილვას იწყებს კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების განხილვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია აღნიშნული შეტყობინება კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების განხილვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენიდან არაუგვიანეს 25 სამუშაო დღისა განიხილოს და მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:
ა) დაგეგმილი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესახებ;
ბ) კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ, თუ არსებობს გონივრული ეჭვი, რომ შესაძლებელია დაგეგმილი კონცენტრაცია კონკურენტულ გარემოსთან თავსებადი არ იყოს ან თუ, საქმის სირთულიდან გამომდინარე, საჭიროა შესაბამისი საკითხის დამატებით შესწავლა.
7. სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ერთ-ერთი გადაწყვეტილების მიუღებლობა დადებით პასუხად მიიჩნევა.
8. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს ინფორმაციას მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების თაობაზე და დაინტერესებულ პირს საკუთარი მოსაზრებების სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარმოდგენის შესაძლებლობას აძლევს. აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნებისას დაცული უნდა იქნეს კონცენტრაციის მონაწილე პირთა შესახებ მონაცემების კონფიდენციალურობა. ამასთანავე, ეს ინფორმაცია უნდა შეიცავდეს მონაცემებს მხარეთა ვინაობის/დასახელების, კონცენტრაციის საგნისა და ეკონომიკის სფეროს/ბაზრის თაობაზე, რომელსაც ეხება დაგეგმილი კონცენტრაცია.
9. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინება განიხილოს კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 90 კალენდარული დღისა. ამ ვადაში სააგენტოს მიერ აღნიშნულ შეტყობინებაზე პასუხის გაუცემლობა დადებით პასუხად მიიჩნევა.
10. სააგენტოს უფლება აქვს, კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარმდგენ პირს/პირებს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარდგენა და განუსაზღვროს მისი წარდგენის ახალი ვადა, რაც ამ მუხლის მე-6 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული ვადების შეჩერების საფუძველია.
11. ამ მუხლის მე-6 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული ვადების ამოწურვამდე ან სააგენტოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე კონცენტრაციის განხორციელება აკრძალულია.
12. სააგენტოს მიერ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კონცენტრაციის განხორციელება აკრძალულია.
13. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარუდგენლობის შემთხვევაში ჯარიმის დაკისრება კონცენტრაციის მხარეს/მხარეებს არ ათავისუფლებს სააგენტოსთვის აღნიშნული შეტყობინების წარდგენის ვალდებულებისგან. სააგენტო, კონცენტრაციის მხარისთვის/მხარეებისთვის ჯარიმის დაკისრებასთან ერთად, განსაზღვრავს ამ შეტყობინების წარდგენის ვადას, რომელიც არ უნდა იყოს 14 კალენდარულ დღეზე ნაკლები.
14. სააგენტოს მიერ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების მიუხედავად, კონცენტრაციის მხარის/მხარეების მიერ კონცენტრაციის განხორციელებისას ან/და ამ მუხლის მე-11 ან მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტოს მიერ კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების განხილვის შედეგად უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისას სააგენტო, კონცენტრაციის მხარისთვის/მხარეებისთვის ჯარიმის დაკისრებასთან ერთად, სასამართლოს წარუდგენს შუამდგომლობას თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების შესახებ. ამ მიზნის მისაღწევად კონცენტრაციის მხარეს/მხარეებს შეიძლება დაეკისროს/დაეკისროთ სხვადასხვა ვალდებულება, მათ შორის, საწარმოს, წილის, აქტივების, ფასიანი ქაღალდების ან მათი ნაწილის გასხვისების, რეორგანიზაციის განხორციელების, კონკრეტული ხელშეკრულების შეწყვეტის ვალდებულებები. ამასთანავე, კონცენტრაციის მხარეს/მხარეებს განესაზღვრება/განესაზღვრებათ ვადა დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად.
საქართველოს 2014
წლის 21
მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ.
საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.
საქართველოს 2023 წლის 29 ნოემბრის კანონი №3754 – ვებგვერდი, 11.12.2023