1. საზედამხედველო მიზნებისათვის პრუდენციული ზედამხედველობის ფარგლებში კონცენტრაციის შეფასების გარდა, აუცილებელია ამ თავით განსაზღვრული კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შეფასება. ეროვნული ბანკი, გარდა ამ თავში მოყვანილი პარამეტრებისა და კრიტერიუმებისა, კონცენტრაციის შეფასებისას იყენებს ამ წესში მოცემულ სხვა პარამეტრებსა და კრიტერიუმებსაც.

2. ეროვნული ბანკი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობას აფასებს, თუ მისი მონაწილე პირების ერთობლივი (ჯამური) წლიური შემოსავალი საქართველოს ტერიტორიაზე, კონცენტრაციის განხორციელების წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, აღემატება 40 მილიონ ლარს და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან  ერთის წლიური შემოსავალი კონცენტრაციის განხორციელების წინა ფინანსური წლის მდგომარეობით აღემატება 20 მილიონ ლარს. იმ პირის მონაწილეობით კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში, რომელიც რეგისტრირებულია კონცენტრაციის განხორციელების წელს, მხედველობაში მიიღება მიმდინარე კალენდარული წლის განმავლობაში, კონცენტრაციის განხორციელების მომენტისათვის არსებული წლიური შემოსავალი.

3. ამ წესის მიზნებისთვის, მთლიანი შემოსავალი მოიცავს თანხებს, რომლებიც წინა ფინანსურ წელს მიღებულია ეკონომიკური აგენტის მიერ პროდუქტის/მომსახურების რეალიზაციიდან და ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებში პროდუქციის რეალიზაციდან და მომსახურების მიწოდებიდანმომსახურების მიწოდებიდან, რეალიზაციასთან დაკავშირებული ფასდაკლებების, დამატებითი ღირებულების გადასახადისა და სხვა გადასახადების დაქვითვის შემდეგ, რომლებიც პირდაპირ კავშირშია შემოსავალთან.

4. თუ კონცენტრაცია ერთი ან რამდენიმე საწარმოს აქტივის, ნაწილის ან ნაწილების შეძენას ეხება, მიუხედავად იმისა არიან თუ არა ისინი დამოუკიდებელი ერთეულები, კონცენტრაციის მონაწილეთა ერთობლივი წლიური შემოსავლის გამოთვლისას გაითვალისწინება მხოლოდ ამ საწარმოთა კონცენტრაციას დაქვემდებარებული ნაწილის/ნაწილების/აქტივის პროპორციული შემოსავალი, ამ წესის შესაბამისად.

5. კონცენტრაციის მონაწილეთა ერთობლივი (ჯამური) წლიური შემოსავლის გამოთვლისას მხედველობაში მიიღება შემდეგი ერთეულების ჯამური წლიური შემოსავალი:

ა) კონცენტრაციაში მონაწილე პირების ერთობლივი (ჯამური) შემოსავალი საქართველოს ტერიტორიაზე;

ბ) კონცენტრაციაში მონაწილე პირთა მიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ კონტროლირებადი ან პირდაპირ ან არაპირდაპირ მაკონტროლებელი საწარმოების ერთობლივი (ჯამური) შემოსავალი საქართველოს ტერიტორიაზე;

გ) იმ საწარმოების, ერთობლივი (ჯამური) შემოსავალი საქართველოს ტერიტორიაზე, რომლებიც იმყოფებიან კონცენტრაციის მონაწილე პირთა ერთობლივი კონტროლის ქვეშ;

6. უცხოური კომპანიის მონაწილეობით განსახორციელებელი კონცენტრაციის მონაწილეთა ჯამური წლიური შემოსავლის გამოთვლისას გაითვალისწინება ამ კომპანიის ან მის მიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ კონტროლირებადი ან პირდაპირ ან არაპირდაპირ მაკონტროლებელი საწარმოების, მიერ მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე მიღებული წლიური შემოსავალი. შემოსავალში არ ითვლება უცხოური დედა კომპანიიის ან შვილობილი კომპანიის შემოსავლები, თუ ისინი ბიზნესს არ აწარმოებენ საქართველოში.

7. ერთობლივი (ჯამური) წლიური შემოსავლის ნაცვლად, დამატებითი ღირებულების გადასახადისა და სხვა დაკავშირებული გადასახადების დაქვითვის შემდეგ, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენოს შემდეგი მონაცემების ჯამი:

ა) საპროცენტო ან მსგავსი შემოსავლები;

ბ) შემოსავალი ფასიანი ქაღალდებიდან:

ბ.ა) შემოსავალი აქციებიდან და სხვა ცვალებადი სარგებლის მქონე ფასიანი ქაღალდებიდან;

ბ.ბ) შემოსავალი მნიშვნელოვანი წილის ფლობიდან;

ბ.გ) შემოსავალი დაკავშირებული საწარმოების წილებიდან;

გ) მოთხოვნები საკომისიო შემოსავლების მიხედვით;

დ) წმინდა მოგება ფინანსურ ოპერაციებზე;

ე) სხვა საოპერაციო შემოსავალი.

8. კონცენტრაციის მონაწილეებს შეტყობინების ვალდებულება წარმოეშობათ შესაბამისი შეთანხმების ძალაში შესვლამდე ან/და კონცენტრაციის ფაქტობრივ განხორციელებამდე, მათ შორის, მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციამდე.

9. თუ კონცენტრაციის მიზნებისთვის კონტროლის მოპოვება ხდება ერთზე მეტი ტრანზაქციის საშუალებით, უწყვეტი სამი კალენდარული წლის განმავლობაში, კონტროლის მომპოვებელ პირს შეტყობინების ვალდებულება წარმოეშობა იმ ტრანზაქციის უშუალო განხორციელებამდე, რომლითაც ხდება კონტროლის მოპოვება.

10. იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებულ ეკონომიკურ აგენტებს შორის (გარდა საინვესტიციო ფონდებისა) კონცენტრაცია ხდება საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული აქციების ან სხვა ფასიანი ქაღალდების შეძენის ფორმით, რომლის შედეგადაც ერთი ეკონომიკური აგენტი მეორე ეკონომიკურ აგენტზე მოიპოვებს კონტროლს და ამასთან კმაყოფილდება ამ წესის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ზღვრები და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 112 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები, კონცენტრაციაში მონაწილე მხარეები უფლებამოსილნი არიან, შეძენიდან არაუმეტეს 14 დღის ვადაში წარუდგინონ ეროვნულ ბანკს კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინებ