1. თუ შეტყობინება შეესაბამება ამ წესის მე-14 მუხლის მოთხოვნებს, ეროვნული ბანკი ვალდებულია, არაუმეტეს 25 სამუშაო დღის ვადაში განიხილოს შეტყობინება და შეამოწმოს დაგეგმილი კონცენტრაციის შესაბამისობა კანონმდებლობის მოთხოვნებთან.
2. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მოსთხოვოს დაგეგმილი კონცენტრაციის მხარეს დამატებითი ინფორმაციის ან/და მტკიცებულების წარმოდგენა ან ახსნა-განმარტებაზე გამოცხადება.
3. კონცენტრაციის მხარის მიერ დამატებითი ინფორმაციის ან/და მტკიცებულებების წარმოდგენამდე, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება შეჩერებულად ითვლება, ხოლო ინფორმაციის ან/და მტკიცებულების წარმოდგენა ხსენებული ვადის დინების განახლების საფუძველია.
4. ეროვნული ბანკი თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს ინფორმაციას მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების თაობაზე და დაინტერესებულ პირებს აძლევს შესაძლებლობას, დაგეგმილი კონცენტრაციის თაობაზე წარმოადგინონ მოსაზრებები ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადაში. გამოქვეყნებული ინფორმაცია, კონცენტრაციაში მონაწილე პირთა კონფიდენციალური მონაცემების დაცვით, უნდა შეიცავდეს მონაცემებს მხარეთა ვინაობის/დასახელების, კონცენტრაციის საგნისა და იმ ეკონომიკური დარგების/ბაზრების თაობაზე, რომლებსაც ეხება დაგეგმილი კონცენტრაცია.
5. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, შეტყობინების განხილვის პროცესში გაეცნოს დაინტერესებული პირების, კონცენტრაციის მხარეების კონკურენტი ეკონომიკური აგენტებისა და დარგის ექსპერტების პოზიციებს დაგეგმილ კონცენტრაციასთან დაკავშირებით.
6. მიღებული ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის შემდგომ, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „კონკურენციის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებული საქმის მოკვლევის, საჩივრის/განცხადების წარდგენისა და განხილვის წესით“ განსაზღვრული ეროვნული ბანკის კონკურენციის კომიტეტი იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) დაგეგმილი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესახებ;
ბ) შეტყობინების განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ, როდესაც არსებობს გონივრული ეჭვი, რომ დაგეგმილი კონცენტრაცია, შესაძლოა, არ იყოს თავსებადი კონკურენტულ გარემოსთან ან საქმის სირთულიდან გამომდინარე, საჭიროა საკითხის დამატებითი შესწავლა.
7. კონკურენციის კომიტეტი გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, ხოლო ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწვეტია კონკურენციის კომიტეტის თავმჯდომარის ხმა. კონკურენციის კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განკარგულებით.
8. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ეროვნული ბანკი ვალდებულია, განიხილოს შეტყობინება ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუმეტეს 90 კალენდარული დღის ვადაში.
9. ამ მუხლის პირველი ან/და მე-8 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში პასუხის გაუცემლობა დადებით პასუხად ჩაითვლება.
10. თუ ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ დაგეგმილი კონცენტრაცია არსებითად არ ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას შესაბამის ბაზარზე, იგი მიიღებს გადაწყვეტილებას დაგეგმილი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესახებ, მათ შორის, ამ წესის მე-20 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების გათვალისწინებით.
11. თუ ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ დაგეგმილი კონცენტრაცია არსებითად ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას შესაბამის ბაზარზე, იგი მიიღებს გადაწყვეტილებას კონცენტრაციის დაუშვებლობის შესახებ.
12. კონცენტრაციის შეფასების პროცესში, მათ შორის, ამ წესის მე-20 მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, გადაწყვეტილების მიღებამდე ეროვნული ბანკი ვალდებულია კონცენტრაციის მხარეებს მისცეს დაცვის უფლების გამოყენების შესაძლებლობა, რისთვისაც ეროვნულ ბანკი შეტყობინების წარმომდგენ პირებს უგზავნის გადაწყვეტილების პროექტს და აძლევს საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობას, ზეპირი ან წერილობითი ფორმით ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში. შეტყობინების წარმომდგენ მხარეებს, კონფიდენციალურობის მოთხოვნების შესაბამისად, აქვთ საქმის მასალებთან წვდომის უფლება.
13. ამ მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, შეტყობინების წარმომდგენი პირის მიერ პოზიციის ზეპირად დაფიქსირების შემთხვევაში, დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს ეროვნული ბანკის უფლებამოსილი თანამშრომელი და ეროვნული ბანკში შეტყობინების წარმომდგენი პირი.
14. ეროვნული ბანკი მარეგისტრირებელ ორგანოს უგზავნის იმ განკარგულების ასლს, რომლის შესაბამისადაც მტკიცდება ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება კონცენტრაციის თაობაზე, მისი მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაშ