1. თუ კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინება ექცევა კანონის, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და ამ წესების რეგულირების სფეროში, ასევე, კომისიის კომპეტენციის ფარგლებში და წარმოდგენილია №1.3 დანართის შესაბამისად, კომისია იწყებს მის განხილვას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია ვებგვერდზე აქვეყნებს ინფორმაციას კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების შესწავლის დაწყების შესახებ და დაინტერესებულ პირს აძლევს საკუთარი მოსაზრებების კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში წარმოდგენის შესაძლებლობას. აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნებისას დაცული უნდა იყოს კონცენტრაციის მონაწილე პირთა შესახებ მონაცემების კონფიდენციალურობა. ამასთანავე, ეს ინფორმაცია უნდა შეიცავდეს მონაცემებს მხარეთა ვინაობის/დასახელების, კონცენტრაციის საგნისა და ეკონომიკის სფეროს/ბაზრის თაობაზე, რომელსაც ეხება დაგეგმილი კონცენტრაცია.
3. კომისია უფლებამოსილია, შეტყობინების განხილვის პროცესში გაეცნოს დაინტერესებული პირების, კონცენტრაციაში მონაწილე საწარმოების/წყალმომარაგების ლიცენზიატების და დარგის ექსპერტების პოზიციებს დაგეგმილ კონცენტრაციასთან დაკავშირებით.
4. კომისია კონცენტრაციის შესახებ შეტყობინებას განიხილავს ამ წესების შესაბამისად სრულყოფილი ინფორმაციის წარდგენიდან არაუგვიანეს 25 სამუშაო დღისა და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) დაგეგმილი კონცენტრაციის ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესახებ;
ბ) კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ, თუ არსებობს გონივრული ეჭვი, რომ შესაძლებელია დაგეგმილი კონცენტრაცია კონკურენტულ გარემოსთან თავსებადი არ იყოს ან თუ, საქმის სირთულიდან გამომდინარე, საჭიროა შესაბამისი საკითხის დამატებით შესწავლა.
5. კომისიის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ 25 დღიან ვადაში გადაწყვეტილების მიუღებლობა მიიჩნევა დადებით პასუხად.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კომისია კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინებას განიხილავს კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 90 კალენდარული დღისა. ამ ვადაში კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიუღებლობა დადებით პასუხად მიიჩნევა.
7. კომისიას უფლება აქვს, კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარმდგენ საწარმოს/წყალმომარაგების ლიცენზიატს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარდგენა და განუსაზღვროს მისი წარმოდგენის ვადა, რაც ამ მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული ვადების შეჩერების საფუძველია.
8. ამ მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული ვადების ამოწურვამდე ან კომისიის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე კონცენტრაციის განხორციელება აკრძალულია.
9. იმ კონცენტრაციის რეგისტრაციისათვის, რომელთაც ამ წესების შესაბამისად ეკისრებათ შეტყობინების ვალდებულება, აუცილებელია დაგეგმილი კონცენტრაციის კონკურენციული ეფექტის თაობაზე კომისიის დადებითი დასკვნა. კომისიის მიერ უარყოფითი დასკვნის გაცემა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგულირებული საწარმოების შერწყმის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია.
10. თუ კომისია მიიჩნევს, რომ დაგეგმილი კონცენტრაცია არ ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას შესაბამის ბაზარზე, მიიღებს გადაწყვეტილებას დაგეგმილი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესახებ.
11. თუ კომისია მიიჩნევს, რომ დაგეგმილი კონცენტრაცია ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას შესაბამის ბაზარზე, მიიღებს გადაწყვეტილებას კონცენტრაციის დაუშვებლობის შესახებ.
12. თუ კონცენტრაცია იწვევს დომინანტური მდგომარეობის წარმოქმნას ან გაძლიერებას, ივარაუდება, რომ ასეთი კონცენტრაცია ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას შესაბამის ბაზარზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ კონცენტრაციაში მონაწილე საწარმო/წყალმომარაგების ლიცენზიატი დაასაბუთებს საწინააღმდეგოს.
13. თუ ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კონცენტრაციაში მონაწილე საწარმო/წყალმომარაგების ლიცენზიატი კომისიას დაუსაბუთებს, რომ დომინანტური მდგომარეობის წარმოქმნის ან გაძლიერების მიუხედავად, დაგეგმილი კონცენტრაცია არ შეზღუდავს ეფექტიან კონკურენციას და მოჰყვება მნიშვნელოვანი დადებითი ეფექტები, კომისია უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება დაგეგმილი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესახებ.
14. დაგეგმილი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის ან დაგეგმილი კონცენტრაციის დაუშვებლობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში აღნიშნული გადაწყვეტილება ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირს – „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს