1. თუ ამ წესების 46-ე მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრულ რომელიმე ეტაპზე, კომისიას გაუჩნდა გონივრული ეჭვი, რომ დაგეგმილი კონცენტრაცია, შესაძლოა, არ იყოს თავსებადი კონკურენტულ გარემოსთან და შედეგად, მოსალოდნელია ეფექტიანი კონკურენციის შეზღუდვა, ამის შესახებ წერილობით აცნობებს კონცენტრაციაში მონაწილე საწარმოებს/წყალმომარაგების ლიცენზიატებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, კონცენტრაციაში მონაწილე საწარმოებს/წყალმომარაგების ლიცენზიატებს ეცნობებათ ყველა ის გარემოება, რაც აჩენს ეფექტიანი კონკურენციის შეზღუდვის გონივრულ ეჭვს. საწარმოს/წყალმომარაგების ლიცენზიატს ასევე განემარტება მისი უფლება-მოვალეობების შესახებ, მათ შორის, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული სტრუქტურული ან/და ქცევით ხასიათის ღონისძიების სახით ტრანზაქციის ცვლილების შეთავაზების უფლების შესახებ. ამასთან, საწარმოს/წყალმომარაგების ლიცენზიატს განესაზღვრება ვადა მოსაზრების და დამატებითი ინფორმაციის წარსადგენად, რაც ამ წესების 46-ე მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული ვადის შეჩერების საფუძველია.
3. „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კონცენტრაციაში მონაწილე საწარმოს/წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ შესაძლოა კომისიისთვის შეთავაზებულ იქნეს ტრანზაქციის ცვლილება სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიების სახით:
ა) სტრუქტურული ხასიათის ღონისძიება წარმოადგენს საწარმოს/წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ ნაკისრ ვალდებულებას, რომლის განხორციელების შედეგად, იცვლება ბაზრის სტრუქტურა და ამ ბაზარზე შესაბამისი საწარმოს მდგომარეობა. სტრუქტურული ხასიათის ცვლილება შესაძლებელია განხორციელდეს აქტივების ან წილის/აქციების გაყიდვის გზით, ასევე, სხვა იმგვარი საშუალებით, რომელიც გავლენას ახდენს ბაზრის სტრუქტურაზე.
ბ) ქცევითი ხასიათის ღონისძიება წარმოადგენს საწარმოს/წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ ნაკისრ ვალდებულებას, რომელიც გულისხმობს მათ მიერ კონკრეტული ქმედების განხორციელებას ან კონკრეტული ქმედების განხორციელებისგან თავის შეკავებას, ბაზარზე ეფექტიანი კონკურენციის შენარჩუნების მიზნით.
4. კომისია საწარმოს/წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ წარმოდგენილი სტრუქტურული და ქცევითი ხასიათის ღონისძიებების განხილვისას სხვა საკითხებთან ერთად აანალიზებს, თუ რამდენად არის შეთავაზებული ღონისძიებები პროპორციული და საკმარისი იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კონცენტრაციის განხორციელების შედეგად ენერგეტიკულ ბაზარზე ეფექტიანი კონკურენციის შეზღუდვა. გარდა ამისა, კომისია აანალიზებს, თუ რამდენად განხორციელებადია შემოთავაზებული ღონისძიებები.
5. კომისია უფლებამოსილია, სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიებებთან დაკავშირებით, საწარმოს/წყალმომარაგების ლიცენზიატის მოთხოვნის შემთხვევაში ან საკუთარი ინიციატივით, ზეპირი ახსნა-განმარტების მისაღებად მოიწვიოს კონცენტრაციაში მონაწილეები.
6. თუ კომისია მიიჩნევს, რომ სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიებების განხორციელების შედეგად, კონცენტრაცია არ შეზღუდავს ეფექტიან კონკურენციას ენერგეტიკულ ბაზარზე, იღებს გადაწყვეტილებას კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესახებ.
7. თუ კომისია მიიჩნევს, რომ საწარმოს/წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ შემოთავაზებული სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიებების მიუხედავად, დაგეგმილი კონცენტრაცია შეზღუდავს ეფექტიან კონკურენციას ენერგეტიკულ ბაზარზე, იღებს გადაწყვეტილებას დაგეგმილი კონცენტრაციის დაუშვებლობის შესახებ.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას საწარმოს/წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ განსახორციელებელი კონკრეტული ღონისძიების თაობაზე, შესაბამისი ვადის მითითებით.
9. კომისია უფლებამოსილია, კონცენტრაციაში მონაწილე საწარმოს/წყალმომარაგების ლიცენზიატს მოსთხოვოს ინფორმაციის მიწოდება განხორციელებული სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიებების თაობაზე, გარკვეული პერიოდულობი