1. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა გაცვალონ ისეთი ინფორმაცია, რომელიც სავარაუდოდ საჭირო იქნება ამ შეთანხმების დებულებათა შესასრულებლად ან შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ადმინისტრირების ან გატარების მიზნით, ხელშემკვრელი სახელმწიფოების, მათი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ დაწესებულ ნებისმიერი სახისა და აღწერილობის გადასახადებთან მიმართებაში, რომლებით დაბეგვრა არ ეწინააღმდეგება ამ შეთანხმებას. ინფორმაციის გაცვლა არ არის შეზღუდული პირველი და მე-2 მუხლებით.
2. ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია ითვლება საიდუმლოდ, ისევე, როგორც ამ სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია და მათზე წვდომა შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს ან უწყებებს (სასამართლოებისა და ადმინისტრაციული ორგანოების ჩათვლით), რომელთა კომპეტენციას წარმოადგენს იმ გადასახადების შეფასება ან შეგროვება, იძულებითი წესით ამოღება ან სასამართლო წარმოება ან იმ გადასახადებთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა, რომლებსაც ეხება ამ მუხლის პირველი პუნქტი ან ზემოაღნიშნულის ზედამხედველობა. ეს პირები ან უწყებები ამ ინფორმაციას გამოიყენებენ მხოლოდ ამგვარი მიზნებისათვის. მათ შეუძლიათ ამ ინფორმაციის გამოყენება სასამართლოს ღია სხდომაზე ან სამართლებრივი გადაწყვეტილებების მიღების დროს.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დებულებები არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ხელშემკვრელ სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება:
a) გაატაროს ადმინისტრაციული ღონისძიებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ერთ-ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობას ან ადმინისტრაციულ პრაქტიკას;
b) მიაწოდოს ინფორმაცია, რომლის მოპოვება არ არის ნებადართული ერთი ან მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით ან ჩვეულებრივი ადმინისტრაციული პრაქტიკით;
c) მიაწოდოს ინფორმაცია, რომელმაც შესაძლოა გაამჟღავნოს ნებისმიერი სავაჭრო, სამეწარმეო, სამრეწველო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოება ან სავაჭრო პროცესი, ან ისეთი ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებაც ეწინააღმდეგება სახელმწიფო პოლიტიკის უსაფრთხოებას (საზოგადოებრივ წესრიგს).
4. თუ ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო ინფორმაციას მოითხოვს ამ მუხლის დებულებათა შესაბამისად, მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების გატარება მოთხოვნილი ინფორმაციის მოსაძიებლად, მიუხედავად იმისა, ესაჭიროება თუ არა ამგვარი ინფორმაცია ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოს თავისი საგადასახადო მიზნებისათვის. წინა წინადადებაში აღნიშნული ვალდებულება ექვემდებარება მე-3 მუხლით განსაზღვრულ შეზღუდვებს, მაგრამ ეს შეზღუდვები არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ხელშემკვრელ სახელმწიფოს ენიჭება უფლება უარი განაცხადოს ინფორმაციის მიწოდებაზე მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ამგვარი ინფორმაცია მას არ ესაჭიროება შიდასახელმწიფოებრივი ინტერესებისათვის.
5. მე-3 პუნქტის დებულებები არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ხელშემკვრელ სახელმწიფოს ენიჭება უფლება უარი განაცხადოს ინფორმაციის მიწოდებაზე მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ინფორმაცია ბანკის, სხვა ფინანსური ინსტიტუტის, ნდობით აღჭურვილი პირის, აგენტის ან უფლებამოსილი წარმომადგენლის სტატუსის მქონე პირის განკარგულებაშია ან უკავშირდება პირის საკუთრების უფლების ინტერესებ