საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
27.10.2000 ბოლო ცვლილება 16.04.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№576
სარეგისტრაციო კოდი
400.010.010.05.001.000.830
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 40, 15/11/2000
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (7)

შემდგომი ცვლილებები (7)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ზღვისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ

თავი I.

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო

ეს კანონი ადგენს საქართველოს ზღვისა და მდინარეთა სანაპირო ზონის კომპლექსური და რაციონალური გამოყენების სამართლებრივ სტატუსს და უზრუნველყოფს სანაპირო ზონის მდგრადობას; აწესრიგებს სამართლებრივ ურთიერთობებს ამ სფეროში მონაწილე სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის; აწესებს სახელმწიფო კონტროლისა და პასუხისმგებლობის ფორმებს სანაპირო ზონაში ეროზიული და აბრაზიული პროცესების გამომწვევ საქმიანობაზე.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) გეომორფოლოგია – მეცნიერება დედამიწის რელიეფის შესახებ;

ბ) ზღვისა და მდინარის ნაპირის რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის გენერალური სქემა - დაპროექტების წინა სტადია, რომელშიც გათვალისწინებულია ზღვისა და მდინარის ნაპირის დაცვის მეცნიერულად დასაბუთებული ღონისძიებების გეგმის შედგენა და მკაცრი ზედამხედველობის ზოლისა და მუდმივი მეთვალყურეობის უბანთა საზღვრების დადგენა. სანაპირო ზონაში მოქცეული ტერიტორიების რაციონალური ათვისება რაიონული დაგეგმარების პერსპექტიული გეგმის შესაბამისად;

გ) ზღვის კიდის ხაზი – წყნარი ზღვის პირობებში ხმელეთისა და წყლის გამმიჯნავი ხაზი;

დ) ზღვის სანაპირო ზონა – ზღვისა და ხმელეთის შეხების ზონა, რომლის საზღვრებშიც მიმდინარეობს ტალღების ტრანსფორმაცია, მათი ენერგიის სრული დახარჯვა, სანაპირო-ზღვიური რელიეფის სისტემური სახეცვლილება და ნაშალი მასალის გადაადგილება;

ე) იზობათები – წყალსატევების (ზღვების, მდინარეების, ტბების) თანაბარ სიღრმეთა წერტილების შემაერთებელი ხაზები რუკაზე ან გეგმაზე;

ვ) ლითოლოგია – გეოლოგიის დარგი, რომელიც სწავლობს დანალექ ქანებს მათი შემადგენლობის, ქიმიურ-ფიზიკური თვისებების, წარმოშობისა და სხვათა მიხედვით;

ზ) მდინარის კალაპოტი – ხეობის უდაბლესი ნაწილი, რომელიც წყლის საშუალო წლიური მაქსიმალური ხარჯების დროს წყლით იფარება;

თ) მდინარის სანაპირო ზონა – მდინარის კალაპოტი და მისი მიმდებარე ჭალა, რომლის გეოლოგიური სტრუქტურის ჩამოყალიბებას მდინარე განაპირობებს;

ი) მდინარის ხეობა – მდინარის ეროზიული მოქმედების შედეგად გამომუშავებული რელიეფის წაგრძელებულ-ჩაღრმავებული ფორმა;

კ) მკაცრი ზედამხედველობის ზოლი: ზღვის ნაპირისათვის – სანაპირო ზონის ის ნაწილი, რომელიც განიცდის ზღვის ტალღების ზემოქმედებას. იგი შედგება საზღვაო ნაწილისაგან, რომელიც მოქცეულია ზღვის კიდის ხაზსა და 20 მეტრი სიღრმის იზობათს შორის და სახმელეთო ნაწილისაგან, რომელიც კონკრეტული უბნებისათვის განისაზღვრება ნაპირდაცვის გენერალური სქემით; მდინარის ნაპირისათვის – სანაპირო ზონის ნაწილი, რომელიც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განისაზღვრება შესაბამისი გენერალური სქემით, სანაპიროს რელიეფის პირობებისა და მდინარის მაქსიმალური ხარჯის გათვალისწინებით;

ლ) მუდმივი მეთვალყურეობის უბანი – სანაპირო ზონის ის ნაწილი, რომელიც მოქცეულია მკაცრი ზედამხედველობის ზოლის სახმელეთო საზღვარსა და ზღვის ან მდინარის დონის პროგნოზირებული აწევით გამოწვეული ხმელეთზე ზემოქმედების არეალის გარე საზღვარს შორის;

მ) ნაპირის აბრაზია – ძირითადი (კლდოვანი) ქანებით აგებული ნაპირის ზვირთცემითა და დინებით გამოწვეული მექანიკური ნგრევისა და დაშლის პროცესი;

ნ) ნაპირის ეროზია: ზღვის ნაპირისათვის – თანამედროვე ფხვიერი ნალექებით (ნატანით) აგებული სანაპირო ზონის ზვირთცემითა და დინებით გამოწვეული მექანიკური წარეცხვის პროცესი; მდინარის ნაპირისათვის – სანაპირო ზონის წყლის ნაკადით გამოწვეული მექანიკური ნგრევისა და წარეცხვის პროცესი.

ო) ნაპირფორმირების პროცესების კვლევისა და მართვის სამეცნიერო-საწარმოო ცენტრი (შემდგომში საქნაპირდაცვა) – საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო და რომელიც ემსახურება საქართველოს ზღვისა და მდინარეთა ნაპირების დაცვის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას;

პ) ოკეანოლოგია – მეცნიერება ოკეანეებსა და ზღვებში მიმდინარე ფიზიკური, ქიმიური, გეოლოგიური, ბიოლოგიური პროცესებისა და მოვლენების შესახებ;

ჟ) პლაჟი – ტალღების მსხვრევისა და ზვირთცემის ზონაში დაგროვილი მუდმივად დეფორმირებადი ზღვიური ნატანის ზოლი;

რ) სანაპირო ზონის კადასტრი – ნაპირის რაოდენობრივ და თვისობრივ მაჩვენებელთა ერთობლიობა, რომელიც იძლევა მისი მდგრადობის დამახასიათებელ შეფასებას;

ს) სანაპირო ზონის მდგრადობა – ხანგრძლივი დროის განმავლობაში ბუნებრივად ჩამოყალიბებული მორფოდინამიკური რეჟიმის სტაციონარული პირობების შენარჩუნება;

ტ) სანაპირო ზონის მონიტორინგი – სანაპიროს მდგრადობაზე მუდმივი მეთვალყურეობა, სანაპირო ზონაში ბუნებრივი და ტექნოგენური მიზეზებით გამოწვეული ცვლილებების დროული გამოვლინება და ზონის მართვის სისტემა;

უ) სანაპიროს მორფოდინამიკა – სანაპირო ზონის წყალქვეშა და წყალზედა რელიეფის წარმომქმნელი პროცესების განვითარება დროსა და სივრცეში;

ფ) სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტი – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო კომპლექსურ ექსპერტიზას დაქვემდებარებული ობიექტი;

ქ) ტექნოგენური პროცესები – სანაპირო ზონაში ადამიანის საქმიანობით გამოწვეული ცვლილებები;

ღ) ჰიდროლოგია – მეცნიერება, რომელიც სწავლობს წყლის სივრცეებსა და წყლის მიმოქცევას დედამიწის ზედაპირზე;

ყ) ჰიდროტექნიკური ნაგებობების ზედა ბიეფი – კალაპოტის ის ნაწილი, რომელიც მდინარის ნაგებობით გადაკეტვისას შეტბორილი წყლით იფარება და სადაც ხდება მყარი ნატანის დაგროვება.

    მუხლი 3. კანონის მიზანი

1. კანონის მიზანია უზრუნველყოს სანაპირო ზონაში:

ა) მშენებლობასა და რელიეფწარმომქმნელი ბუნებრივი რესურსების (ინერტული მასალა, ტორფი, კლდოვანი ქანები) მოპოვებაზე სახელმწიფო ზედამხედველობა, ბუნებრივი, მორფოდინამიკური და ტექნოგენური პროცესების მართვა, ტერიტორიული რესურსების მდგრადი განვითარება;

ბ) საჯარო, კერძო სამართლის იურიდიულ და ფიზიკურ პირთა საქმიანობის შესაბამისობა ნაპირდაცვით ღონისძიებათა მოთხოვნებთან;

გ) საინჟინრო დაცვას დაქვემდებარებული სანაპირო ზონის საზღვრების დადგენა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

თავი II.

 სანაპირო ზონის რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის საფუძვლები

    მუხლი 4. სანაპირო ზონის რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის სამართლებრივი საფუძველი

სანაპირო ზონის გამოყენებისა და მისი ბუნებრივი რესურსების დაცვისას წარმოქმნილი ურთიერთობანი რეგულირდება ამ კანონით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.

    მუხლი 5. სანაპირო ზონის რეგულირებასა და საინჟინრო დაცვას დაქვემდებარებული ტერიტორიები და მათი საზღვრები

1. ზღვისა და მდინარეთა სანაპირო ზონების რეგულირებასა და საინჟინრო დაცვას დაქვემდებარებული ტერიტორიების საზღვრები დგინდება ჰიდროლოგიური, ოკეანოგრაფიული, ლითოლოგიური, გეომორფოლოგიური პირობებით, ზღვის კიდის ხაზისა და კლიმატური ცვლილებების გათვალისწინებით, საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ნორმატივებით.

2. ზღვისა და მდინარეთა სანაპირო ზონების საინჟინრო დაცვას დაქვემდებარებულ ტერიტორიებს მიეკუთვნება:

ა) მკაცრი ზედამხედველობის ზოლი;

ბ) საზღვაო პორტების აკვატორიები და მათი შემომსაზღვრელი საინჟინრო ნაგებობები;

გ) მუდმივი მეთვალყურეობის უბნები.

3. ზღვისა და მდინარეთა სანაპირო ზონების საინჟინრო დაცვას დაქვემდებარებული ტერიტორიების საზღვრები დგინდება ნაპირთა დაცვის გენერალური სქემით.

4. ზღვისა და მდინარეთა საინჟინრო დაცვას დაქვემდებარებული სანაპირო ზონების საზღვრებს ტერიტორიათა გეგმების სახით ადგენს საქნაპირდაცვა და შესათანხმებლად წარუდგენს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს.

თავი III.

 სანაპირო ზონის სახელმწიფო მართვა

    მუხლი 6. სანაპირო ზონის ტერიტორიების საკუთრებასთან დაკავშირებული ურთიერთობები

მკაცრი ზედამხედველობის ზოლში მოქცეული ტერიტორიების გაცემა და გასხვისება კერძო საკუთრებაში აკრძალულია, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე ზოლში კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიები რჩება საკუთრებაში და მათი ჩამორთმევა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

    მუხლი 7. სანაპირო ზონის სახელმწიფო მართვა

1. სანაპირო ზონის სახელმწიფო მართვის მიზანია:

ა) სანაპირო ზონის სტაბილური და დაბალანსებული განვითარება, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისას გარემოს დაცვისა და ეკონომიკური ინტერესების ოპტიმალური შერწყმა;

ბ) სანაპირო-ეროზიული და აბრაზიული პროცესების დროული პროგნოზირება, მათი ოპერატიული ლიკვიდაცია ან ხელსაყრელი მიმართულებით წარმართვა.

2. საქართველოს სანაპირო ზონის გამოყენებასა და იქ მიმდინარე სანაპირო-ეროზიულ და აბრაზიულ პროცესებზე მეთვალყურეობას ახორციელებს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო (აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის უწყებებთან ერთად), რომელიც უფლებამოსილია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების, ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის, იუსტიციის სამინისტროს და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტთან შეთანხმებით:

ა) შეიმუშაოს სანაპირო ზონის კადასტრი სამეურნეო პროცესებზე კონტროლის მიზნით;

ბ) დაადგინოს მკაცრი ზედამხედველობის ზოლისა და მუდმივი მეთვალყურეობის უბნების საზღვრები და შეიტანოს მათში სათანადო ცვლილებები;

გ) დაამტკიცოს მოსალოდნელი საშიში ბუნებრივი პროცესებით გამოწვეული შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები;

დ) წარუდგინოს საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად სანაპირო ზონის საზღვრები და მისი პერსპექტიული განვითარების გეგმები.

    მუხლი 8. სანაპირო ზონის სახელმწიფო კადასტრი და მონიტორინგი

1. სანაპირო ზონის სახელმწიფო კადასტრი წარმოებს სანაპიროს მდგომარეობის შეფასების, სამოქალაქო, სამრეწველო, აგრარული, კულტურისა და დასვენების ობიექტების მშენებლობის მიზანშეწონილობის დასადგენად და გარემოს დაცვის ოპტიმალურ ღონისძიებათა გასატარებლად.

2. სანაპირო ზონის მონიტორინგი ხორციელდება სანაპიროზე მოსალოდნელი ეროზიული და აბრაზიული პროცესების სალიკვიდაციო რეკომენდაციების შესამუშავებლად და ნაპირდაცვის ეფექტიანი ღონისძიებების გასატარებლად.

    მუხლი 9. სანაპირო ზონით სარგებლობის წესები

1. სანაპირო ზონით სარგებლობის წესებია:

ა) სანაპირო ზონის მუდმივი მეთვალყურეობის უბნებში ტერიტორიის ათვისება და მშენებლობები უნდა შეთანხმდეს საქნაპირდაცვასთან მისი ტერიტორიული სამსახურების მონაწილეობით. ამასთან, დაუშვებელია ისეთი ღონისძიებების გატარება, რომლებიც გამოიწვევს სანაპირო-ეროზიული და აბრაზიული პროცესების გააქტიურებას;

ბ) სანაპირო ზონის მკაცრი ზედამხედველობის ზოლში აკრძალულია ახალი მშენებლობა, გარდა სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტებისა, რომელთა ჩამონათვალს გენერალური სქემის საფუძველზე ამტკიცებს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრი;

გ) სანაპირო ზოლში ყველა ნაგებობის პროექტში აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული სანაპირო ზოლის მოსალოდნელი დაზიანების საკომპენსაციო ხარჯები;

დ) სანაპირო ზონაში პლაჟის გამოყენება სამკურნალო და რეკრეაციული მიზნით არ იზღუდება;

ე) სანაპირო ზონის მკაცრი ზედამხედველობის ზოლში ნაპირდაცვითი ნაგებობების მშენებლობა, ტექნიკური დანადგარებისა და მოწყობილობების განთავსება დაიშვება მხოლოდ საქნაპირდაცვასთან შეთანხმებით;

ვ) სანაპირო ზონის მკაცრი ზედამხედველობის ზოლში ნებადართულია ტერიტორიით სარგებლობა რაიმე ნაგებობის, მექანიზმის ან დანადგარის განთავსების გარეშე.

2. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აკრძალულია ზღვის სანაპირო ზონაში და საქართველოს მდინარეთა კალაპოტებიდან ინერტული მასალის მოპოვება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იგი ხორციელდება მდინარეთა რეგულირების, ნაპირფორმირების მართვის მიზნით, აგრეთვე გაუწყლოებული კალაპოტებიდან და წყალსაცავიანი ჰიდროტექნიკური ნაგებობების ზედა ბიეფიდან.

თავი IV.

 საქნაპირდაცვა და ნაპირდაცვის ღონისძიებათა დაფინანსება

    მუხლი 10. საქნაპირდაცვა

1. საქნაპირდაცვა არის ამ კანონისა და საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს ადმინისტრაციული აქტის შესაბამისად დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, ამ კანონით და დებულებით.

2. საქნაპირდაცვა ვალდებულია:

ა) შეიმუშაოს ნაპირფორმირების პროცესების მართვისა და ნაპირდაცვის ნორმები და წესები ჩატარებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისა და სტაციონარულ დაკვირვებათა შედეგების საფუძველზე;

ბ) დაამუშაოს ნაპირდაცვის პერსპექტიული გეგმები;

გ) საჭიროებისამებრ განსაზღვროს ნაპირდაცვით ნაგებობათა მშენებლობის რიგითობა და შეადგინოს მათი პროექტები.

    მუხლი 11. საქნაპირდაცვის საქმიანობის დაფინანსების წყაროები

საქნაპირდაცვის დაფინანსება ხორციელდება:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით;

ბ) პროგრამული დაფინანსების სახსრებით;

გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებით.

    მუხლი 12. სანაპირო ზონაში საქმიანობის განხორციელებისას მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ფიზიკური და იურიდიული პირი, რომელთა საქმიანობა ან რომელთა ბალანსზე რიცხული ნაგებობები იწვევენ სანაპირო ზონაში სანაპირო-ეროზიულ პროცესებს, ვალდებულნი არიან აანაზღაურონ მიყენებული ზიანი საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად, საქნაპირდაცვის შეფასების საფუძველზე.

    მუხლი 13. საქნაპირდაცვის ეკონომიკური სტიმულირება

საქნაპირდაცვის მცურავი ტექნიკური საშუალებანი საქართველოს პორტებში დგომისას და მუშაობისას მომსახურების საფასურს იხდიან როგორც სასამსახურო და სამეცნიერო-კვლევითი გემები.

თავი V.

 გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 14. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებები

ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსთან, საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების, ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის, იუსტიციის სამინისტროს და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტთან შეთანხმებით:

ა) ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში შეიმუშაოს და დაამტკიცოს საქართველოს ზღვისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის წესები;

ბ) 2005 წლამდე დაამუშაოს ზღვისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის გენერალური სქემები.

    მუხლი 15. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2000 წლის 27 ოქტომბერი.

№576-Iს