„სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის სამედიცინო პერსონალის საქმიანობის წესების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 21 აგვისტოს N245/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01-66/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.035.016183
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/10/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-66/ნ

2012 წლის 15 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის სამედიცინო პერსონალის საქმიანობის წესების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 21 აგვისტოს №245/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის სამედიცინო პერსონალის საქმიანობის წესების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 21 აგვისტოს №245/ნ ბრძანებაში (სსმ, 23.08.2007, №119, მუხ. 1308) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების წესის“ (დანართი №1):
ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. სასამართლო სამედიცინო ექსპერტი არის სპეციალური ცოდნის, ჩვევებისა და გამოცდილების მქონე ფიზიკური პირი, რომელიც დადგენილი წესით,  საქმეზე საჭირო გამოკვლევის ჩასატარებლად და დასკვნის შესადგენად მიწვეულია მხარის ან მხარის შუამდგომლობით სასამართლოს მიერ. სასამართლო სამედიცინო ექსპერტი გარდა ამისა, მხარეებსა და სასამართლოს დახმარებას უწევს მტკიცებულებათა აღმოჩენაში, გამოკვლევასა და დემონსტრირებაში. ამასთან, ექსპერტს ენიჭება მოწმის ყველა უფლება და ეკისრება მისი ყველა მოვალეობა.“.

ბ) მე-11 მუხლის ,,ა‘‘ და „ბ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
გ) მე-12 მუხლი ამოღებულ იქნეს.
დ) მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 13. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების შესახებ გამომძიებლის, პროკურორის დადგენილება და დაცვის მხარის მიმართვა სავალდებულოა სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულებისათვის, ექსპერტისათვის და იმ პირისათვის, რომელიც საექსპერტო კვლევის ობიექტია. ექსპერტიზის ჩატარების შესახებ დადგენილებაში და დაცვის მხარის მიმართვაში აღინიშნება ექსპერტიზის დანიშვნის საფუძველი, ექსპერტის წინაშე დასმული კითხვები, საექსპერტო დაწესებულების დასახელება ან იმ პირის გვარი, რომელსაც დაევალა ექსპერტიზის ჩატარება. ჩატარებული გამოკვლევის საფუძველზე მზადდება ექსპერტის დასკვნა ან აქტი დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ.“.

ე) მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„მუხლი 16. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა ტარდება იმ შემთხვევაში თუ ექსპერტთა მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დადგენა, ასევე თუ სხეულს ან ინფორმაციის შემცველ ობიექტს აჩნევია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე კვალი, ნიშანი ან თავისებურება, რომლის სწორად გაგება და აღქმა სპეციალური ცოდნის გარეშე შეუძლებელია.“.

ვ) მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

 „მუხლი 17. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის შედეგები საქართველოს სისხლის, სამოქალაქო, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსების, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად ფორმდება ექსპერტის დასკვნის სახით, რომელსაც სასამართლო სამედიცინო ექსპერტი ადასტურებს თავისი ხელმოწერით.“.

ზ) მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

 „მუხლი 18.

 1. ,,ექსპერტის დასკვნა‘‘ შედგება პირობითად სამი ნაწილისაგან:

 ა) შესავალი ნაწილისაგან;

 ბ) აღწერილობითი ნაწილისაგან;

 გ) დასკვნითი ანუ სარეზოლუციო ნაწილისაგან.‘‘.

თ) მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„მუხლი 19. შესავალ ნაწილში მითითებული უნდა იყოს შემდეგი რეკვიზიტები:

ა)  ექსპერტიზის ჩატარების ადგილი, თარიღი და დრო (წელი, თვე, რიცხვი და საათი); ექსპერტიზის ჩატარების პირობები, რაც მნიშვნელოვანია საექსპერტო გამოკვლევისათვის;

ბ) ექსპერტიზის ჩატარების საფუძველი, ვისი დადგენილებით ტარდება ექსპერტიზა;

გ)  ექსპერტის ვინაობა (სახელი, გვარი, განათლება, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატით მინიჭებული სპეციალობა, სპეციალობით მუშაობის სტაჟი, სამეცნიერო ხარისხი და სამეცნიერო წოდება, სამუშაო ადგილი და თანამდებობა) ის რომ ექსპერტი გააფრთხილეს განზრახ არასწორი დასკვნის მიცემისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ, ექსპერტიზის ჩატარების საფუძველი, ვინ ესწრებოდა მას (თუ ექსპერტიზა კომისიურია უნდა იყოს ჩამოთვლილი თითოეული ექსპერტის მონაცემები);

დ) გვამების ექსპერტიზისას – გარდაცვლილის სახელი, გვარი, ასაკი;

 ე) ცოცხალი პირების ექსპერტიზისას – სახელი, გვარი, ასაკი, საცხოვრებელი ადგილი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მონაცემები;

 ვ) საქმის მასალებით ან ნივთმტკიცებების ექსპერტიზების ჩატარებისას – სამოქალაქო, სისხლის, ადმინისტრაციული სამართლის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის დასახელება და ნომერი, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ობიექტების ჩამონათვალი. სამედიცინო დაწესებულების დასახელება, დოკუმენტების დასახელება და რიგითი ნომერი.

ზ)  დამსწრე პირების გვარი, სახელი, თანამდებობა;

 თ) ექსპერტის ხელის მოწერა, რომელიც გაფრთხილებულია განზრახ არასწორი დასკვნის მიცემისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ;

ი) წინასწარი ცნობები (საქმის გარემოებანი, მოკლედ);

კ) ექსპერტიზის წინაშე დასმული შეკითხვები.“.

ი) მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

მუხლი 20. აღწერილობით (გამოკვლევითი) ნაწილში  მოცემული უნდა იყოს:

ა) გამოსაკვლევი ობიექტის სრული და დეტალური აღწერა მიმდინარე გამოკვლევის თანმიმდევრობის მიხედვით, ქართულ ენაზე უცხო სიტყვებისა და სამედიცინო ტერმინების გარეშე, უნდა აღინიშნოს კვლევისათვის გამოყენებული ყველა მეთოდი, დაწვრილებით უნდა აისახოს საექსპერტო კვლევის პროცესი და ამ დროს ნანახი ყველა ფაქტობრივი მონაცემი, მოხდეს ნანახი ობიექტური მონაცემების ასახვა სქემატური გამოსახულებებით ან/და ფოტოსურათებით.

ბ) გვამის ექსპერტიზისას აღწერილობითი ნაწილი უნდა მოიცავდეს გვამის გარეგან და შინაგან გამოკვლევას შემდეგი თანმიმდევრობით:  ტანსაცმლის აღწერა და გვამის გარეგანი გამოკვლევის მონაცემები; სხეულის ღრუების, ორგანოებისა და ქსოვილების გამოკვლევა გვამის გამოკვლევის წესებით დადგენილი თანმიმდევრობით; სხეულიდან ამოღებული ობიექტების აღწერა, რომლებიც გადასაცემია გამოძიებისათვის სხვა სახის ექსპერტიზების ჩასატარებლად; ლაბორატორიული გამოკვლევისათვის გასაგზავნი ობიექტების ჩამონათვალი.

გ) ცოცხალი პირების ექსპერტიზებისას აღწერილობით ნაწილში უნდა აისახოს საექსპერტო გამოკვლევებით მიღებული ყველა ობიექტური მონაცემი, აღიწეროს ლაბორატორიულ გამოკვლევაზე გასაგზავნი ობიექტები (ნაცხი და სხვ.), დაფიქსირდეს  დამატებითი გამოკვლევის შედეგების მონაცემები, აღინიშნოს დამატებითი გამოკვლევის ჩატარებისა და შედეგების მიღების თარიღი. აისახოს ექიმ-სპეციალისტთა მიერ ჩატარებული გამოკვლევების შედეგები.

დ)      ნივთმტკიცებების ექსპერტიზებისას აღწერილობით ნაწილში უნდა მოხდეს ობიექტის დეტალური აღწერა, დაფიქსირდეს თითოეული გამოკვლევისათვის გამოყენებული მეთოდები, გამოყენებული რეაგენტები, აპარატურა და მოწყობილობა, შედარებისათვის გამოყენებული რეაგენტები, აპარატურა, შესადარებლად გამოყენებული ნიმუშების აღწერილობა.

ე)       სამოქალაქო, სისხლის, ადმინისტრაციული სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებით ექსპერტიზების ჩატარებისას აღწერილობით ნაწილში უნდა მოხდეს ფაქტობრივი მონაცემების დეტალური აღწერა, რაც აუცილებელია შემდგომი საექსპერტო დასკვნებისათვის; საექიმო საქმიანობასთან დაკავშირებული ექსპერტიზებისას მონაცემები, როგორც წესი, მოყვანილი უნდა იყოს სამედიცინო და სხვა ხასიათის დოკუმენტების დედნებიდან ან სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტების ასლებიდან.

ვ) რა გამოკვლევა ჩაატარა  სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა და რა მეთოდები იყო მის მიერ გამოყენებული. პასუხები დასმულ კითხვებზე უნდა იყოს დასაბუთებული. დასკვნაში უნდა აისახოს ექსპერტის ინიციატივით დადგენილი და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებანი.“.

2. ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის სამედიცინო პერსონალის საქმიანობის წესის“ (დანართი №2):
ა) მე-3 მუხლის მე-9 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„9. თუ საექსპერტო კვლევით დადგინდა გარემოება, რომლის შესახებაც ექსპერტიზის ჩატარების ინიციატორს ან/და პროცესის სხვა უფლებამოსილ მონაწილეს კითხვა არ დაუსვამს ექსპერტი ვალდებულია იგი ასახოს დასკვნაში“.

ბ) ამოღებულ იქნეს მე-3 მუხლის მე-15 პუნქტი.
გ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„მუხლი 5. სასამართლო სამედიცინო ექსპერტს პასუხისმგებლობა ეკისრება:

1. წინასწარ შეცნობით ყალბი დასკვნის ან ჩვენების მიცემისათვის.

       2. არასაპატიო მიზეზის გარეშე გამოცხადებაზე და მოვალეობის შესრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში.“.

3. ამოღებულ იქნეს  „სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის სამედიცინო პერსონალის საქმიანობის წესების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 21 აგვისტოს №245/ნ ბრძანებით დამტკიცებული ფორმა №1 და ფორმა №2.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიზურაბ ჭიაბერაშვილი