1. ამ კანონით განსაზღვრულ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამოცანათა შესრულებისას საამისოდ უფლებამოსილი ორგანოები ვალდებულნი არიან:

ა) თავიანთი კომპეტენციის შესაბამისად მიიღონ ყველა საჭირო ზომა, რათა დაიცვან ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, საკუთრება, საზოგადოებრივი უშიშროება;

ბ) შეასრულონ პროკურორისა და გამომძიებლის წერილობითი დავალებები და სასამართლოს გადაწყვეტილებები;

გ) შეასრულონ სამართლებრივი დახმარების შესახებ ხელშეკრულებათა (შეთანხმებათა) საფუძველზე შესაბამისი საერთაშორისო სპეციალური ორგანიზაციებისა და უცხო ქვეყნების სპეციალური ორგანოების თხოვნა-შეკითხვები;

დ) მიაწოდონ ინფორმაცია საქართველოს ტერიტორიაზე ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებს და გაუწიონ მათ საჭირო დახმარება;

ე) ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებისას დაიცვან კონსპირაციის წესები;

ვ) ხელი შეუწყონ დანაშაულებრივი და სხვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან თავიანთ თანამშრომელთა, მათი ოჯახის წევრთა, ახლობელთა, აგრეთვე სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა, მათი ოჯახის წევრთა, ახლობელთა პირადი უშიშროების უზრუნველყოფას, მათი ქონების დაცვა-შენახვას.

2. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების თანამდებობის პირთა მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა სათანადოდ შესასრულებლად მათთვის უზრუნველყოფილ უნდა იქნეს სპეციალური პროფესიული მომზადების მიღების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სამედიცინო მომსახურების პირობები.

3.
ოპერატიულ-სასამსახურო დოკუმენტები უკლებლივ უნდა წარედგინოს პროკურორს საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელებისას ან ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების სანქციონირებისას, გარდა „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1370-სსმI, №19, 28.04.2005წ., მუხ.140

საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №482-სსმI, №30, 07.11.2008წ., მუხ.198

საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3799 -ვებგვერდი, 13.12.2018