1. პროგრამა ,,ცოდნის კარი“ ხელს უწყობს:

ა) ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის საჭირო მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას;

ბ) საქართველოს მოქალაქეთა ან პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელთა მიერ უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების მიღებას;

გ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ან აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყების სპეციალური საკონკურსო კომისიისათვის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის,  დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, დოქტორანტურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლას.

2. პროგრამა ცოდნის კარი მოიცავს სამ ქვეპროგრამას:

ა) ,,სამაგისტრო და სადოქტორო ქვეპროგრამა“ − ითვალისწინებს სპეციალური საკონკურსო კომისიის მიერ პრიორიტეტულად გამოცხადებულ უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხულ იმ პირთა დაფინანსებას და სწავლის ხელშეწყობას, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ დანართისა და სპეციალური საკონკურსო კომისიის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო პრინციპების მოთხოვნებს;

ბ) ,,ნიჭიერი, გამორჩეული უნარ-ჩვევებისა და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე პირთა საგანმანათლებლო ქვეპროგრამა“ - ითვალისწინებს ქვეყნისათვის საჭირო მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას და იმ პირთა დაფინანსებას, რომელთაც ჩაბარებული აქვთ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე, არიან სხვადასხვა საერთაშორისო თუ ეროვნული სასწავლო ღონისძიებებისა თუ კონკურსების გამარჯვებულები, რაც სამომავლოდ ხელს უწყობს სხვადასხვა სფეროთა განვითარებასა და წინსვლას და აკმაყოფილებენ ამ დანართისა და სპეციალური საკონკურსო კომისიის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო პრინციპების მოთხოვნებს;

გ) „საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის სწავლების ხელშეწყობის ქვეპროგრამა“ - ითვალისწინებს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ან აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყების მიერ სპეციალური საკონკურსო კომისიისათვის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის,  დიპლომირებული  მედიკოსის/სტომატოლოგის, დოქტორანტურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის ხელშეწყობა